მუსიკა | ცა

RIHA - Glance Into My Visions | ექსპერიმენტული ოდა ბას გიტარაზე

Tsa.Music

თებერვალი 17, 2022

რთულად მახსენდება ის ალბომები, სადაც ბასი არის წამყვანი ინსტრუმენტი, ან ბასს პარტიებს მთავარი როლი ენიჭებათ მუსიკაში. რაც გამახსენდა, Victor Wooten-ის Show of Hands და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მუსიკოსი Manou Gallo-ია, თუმცა, ქართულ მუსიკაშიც გამოჩნდა არტისტი, რომლისთვისაც ბასი ასეთივე უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და მუსიკალურად ეს პროექტი ზემოთ ჩამოთვლილებისგან ძალიან განსხვავდება.

ეს არის RIHA - მუსიკოსის და ბას გიტარისტის, რატი ონიანის პროექტი. მისი პირველი ალბომი  “When The Tree Saw Me” 2020 წელს გამოვიდა, ამ სტატიაში კი საუბარი მის მეორე ალბომზე, “Glance Into My Visions” -ზე იქნება.

“Glance Into My Visions”-ში ბას გიტარა არის წამყვანი ინსტრუმენტი. ზუსტად ამ ინსტრუმრნტს და ყველა ბასისტისტს ეძღვნება ეს ალბომი.

"სიღრმეების ძიებამ მიმიყვანა ბას-გიტარამდეც, რომელიც ჩემთვის უმთავრესი, სულიერად ყველაზე ღრმა ინსტრუმენტია და ნამდვილად ბოლომდე მისი ლოიალური ვიქნები. როგორც ბასისტისთვის, დიდი გავლენები ჯაკო პასტორიუსი, Simon Gallup, გიზერ ბატლერი, სტივ ჰარისი, Adam Yauch და სტივ დი ჯორჯო გახლავთ. "

- რატი ონიანი

სანამ ალბომის მოსმენას დავიწყებდი, ვიცოდი, რომ ბერვ მუსიკალურ ექსპერიმენტს შევხვდებოდი, თუმცა, ეს ასეთი საინტერესო და სიურპრიზებით სავსე მუსიკალური მოგზაურობა თუ აღმოჩნდებოდა, არ მეგონა. ყოველ მოსმენაზე ახალ შრეს ან ახალ დეტალს ვპოულობდი, თან ისეთი დეტალის, რომელიც მუსიკას დამატებით შეფერილობას აძლევს, რის შემდეგაც, თითქოს უკვე ასჯერ მოსმენილი კომპოზიციის სხვანაირად აღქმას იწყებ. Როგორც თავად რატი ამბობს, საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ჟანრის ბენდით და მუსიკოსებეთ არის შთაგონებული, რაც მისი მუსიკის მდიდარ საუნდზე აისახა.

“ძალიან ბევრი ბენდია, რომელსაც ვუსმენ არამხოლოდ მეტალში, არამედ სხვა ჟანრებში: Black Sabbath, Pink Floyd, Cynic, Bad Brains, Dissection, Weather Report, Jamiroquai, Beastie Boys, Mayhem, ჰამლეტ გონაშვილი, Depeche Mode, Type O Negative, Bathory, Death, Miles Davis (უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი კომპოზიციის Amber Sand Mystery-ის ბასის პარტია იმ დღეს ჩავწერე, როდესაც მაილსის პერკუსიონისტი Mino Cinelu გავიცანი, ამ შეხვედრამ ისე იმოქმედა, რომ იმ დღესვე ჩავწერე ბასის პარტია, რომელიც მოგვიანებით გამოვიყენე)."

"

თითოეული ეს შემსრულებელი გავლენაა გარკვეულწილად, მაგრამ თან მგონია, რომ ბევრი რამ ჩემს მუსიკაში არ ჰგავს მათ.

ალბომი კომპოზიციით Warm Visions (Space Wind Eagle) იწყება, რომელიც Saphileaum-თან (ანდრო გოგიბედაშვილი) ერთად შეიქმნა და მომღერლის, თემურ წიკლაურის ხსოვნას ეძღვნება.

ინსტრუმენტალური მელოდიური, ემბიენტთან მიახლოებული კომპოზიცია, რომელიც მრავალი ჟანრის ელემენტს მოიცავს და მისი წამყვანი ინსტუმენტი, რა თქმა უნდა, ბას გიტარაა. რამდენიმე კომპოზიციაში კი ბასი ერთადერთი გამოყენებული ინსტრუმენტია, როგორც ამ კომპოზიციებში: Sun Moon Inside Me (To Time From Time), We were Wolfs, ან Intuitive Mountains (თუმცა, აქ სინთეზატორის ჟღერადობაცაა დამატებული).

ყოველი სიმღერით ალბომი ახალ-ახალ ელემენტებს იძენს, ფოლკის ელემენტებისგან ნოიზამდე და დრონამდე (მაგალითად, როგორც Amiran’s Firesword-ში ან თუნდაც, Snake Eater Anger-ის ნაწილი ძალიან დაბალ ტონალობამდე დაყვანილი გიტარა, რომელზეც drone ჟანრი მახსენდება). ალბომი ყველაზე ნაკლებად ასოციირდება მეტალთან, თუმცა, ეს ჟანრი რატისთვის ერთ-ერთ მთავარ ინსპირაციად და საყვარელ ჟანრად რჩება.

“14 წლის ასაკში მძიმე მეტალი აღმოვაჩინე და პირველი ალბომი, რომელსაც მოვუსმინე, Dimmu Borgir-ის Abrahadabra იყო. სხვათაშორის, პირველ ქართულ მეტალ გადაცემასაც Abrahadabra დავარქვი ამ ალბომის საპატივცემულოდ. ამ ინსტრუმენტალებმა და შესრულებამ ნამდვილად გონება გამიხსნა და მას შემდეგ დავიწყე მძიმე მეტალის შესწავლა: ბლექ საბათიდან თანამედროვე მეტალამდე. ჩემთვის ყველაზე თავისუფალი, ხმამაღალი და გულწრფელი მუსიკალური მიმდინარეობაა.“ 

“მუსიკის წერის პროცესი საკმაოდ უცნაური მომენტია ჩემთვის იმიტომ, რომ ეს ყოველთვის უეცრად ხდება და არასდროს ვიცი რა მელის.მგონი, აქ არის ჩემი მეტალისტის სული, რომელიც ცოტა პრიმიტიულობისკენ მიბიძგებს, მაგრამ თან უფრო მეტს მასწავლის მუსიკის ფორმებზე, რომლების ჩემს კომპოზიციებში გამოყენებას ვცდილობ. როგორც პირველ ალბომში "When The Tree Saw Me", აქაც ბევრი რამ მოულოდნელად და მისტიურად მოხდა. მთავარი ინსპირაცი სულის მოძრაობაა, იმ ღრმა სულის, რომელსაც ბას-გიტარა ქმნის და ეს უფრო მეტად მაყვარებს შრომას.”

ალბომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ფოლკ ელემენტებიც, რომლებიც ალბომის მეორე ნახევარში უფრო ნათლად იჩენს თავს.აქ იწყება მონღოლური ყელისმიერი სიმღერა (რომელიც ზოგადად, არც ისე ხშირად გვხდება ხოლმე), ის We Were Wolves-ის ბოლოში ისმის და შემდეგ Mourning of the Devils-ში გრძელდება და საქსაფონთან ერთად მონაცვლეობით ჟღერს. ეს კომპოზიცია კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს ალბომი უჩვეული და წარმატებული ექსპერიმენტების შედეგია - პრინციპში, ასე უცბად არც მახსენდება რომელიმე სიმღერა, სადაც საქსოფონი ან სხვა სასულე ინსტრუმენტი ნებისმიერი სახის ყელისმიერ სიმღერას ერწყმებოდეს, რაც, ამ შემთხვევაში, ძალიან ჰარმონიული გამოვიდა. 

მსგავსი “ბგერითი” ექსპერიმენტები გრძელდება და კომპოზიცია Pranithana-შიც , სადაც ინდური გაიატრი მანტრა (რომელიც ინდოელი მსახიობის VRITRA კითხულობს), ფანდურის ხმაში ერევა და ერთ-ერთ ნაწილიში ქართული ხალხური სიმღერა “ოროველა” ისმის. აღსანიშნავია ისიც, რომ Pranithana არის რიჰას და ვრიტრას საერთო ხედვაა ზეციურ ძალებზე. საინტერესოა ისიც, თუ როგორ გადაიკვეთა ერთმანეთში თითქოს ორი ძალიან განსხვავებული კულტურის მატარებელი ადამიანი და აზრების ეს გადაკვეთა მუსიკალური ენით აგვიხსნეს. 

ძალიან ბევრი სხვადასხვა ჟანრის, ინსტრუმენტის და საუნდის შერწყმის მიუხედავად, ალბომი არ ტოვებს ქაოსის და დაუსრულებელი ნიმუშის შთაბეჭდილებას . პირიქით, ის საკმაოდ კარგად დალაგეულია და თითო ბგერა თავის ადგილასაა. ყველა ჩატარებული ექსპერიმენტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. ამავედროულად, როგორც რატი ამბობს, ამ ალბომის უკან არსებული კონცეფცია კი ცოტა ქაოტურია.

“ალბომი საკმაოდ ქაოტურია იდეურად, მაგრამ ოთხი ელემენტის იდეა კრავს. ყდა მამაჩემმა, ჯაბა ონიანმა შეასრულა. მგონი, მან დაინახა ალბომის სული და მოძრაობა. ცეცხლი (Amiran's Firesword) თითქოს მწველი და უხეშია, მაგრამ სიძლიერეს გაგრძნობინებს, ჰაერი (Warm Visions (Space Wind Eagle) ) რბილი, მოძრავი და თბილია, მიწა (Earth Le Gateau) სტაბილური და დედამიწურია (ამ კომპოზიციაში სხვათაშორის კალიმბას ხმასაც გაიგებთ) და წყალი (Sea Horses Which I've Seen) იდუმალი და ღრმა არის (სხვათაშორის მოგვიანებით გავიაზრე, რომ ოთხი ელემენტი ბასის ოთხი სიმია).” 

ალბომი ბევრ მუსიკოსთან კოლაბორიაციასაც მოიცავს და თითო არტისტმა თავისი შემოქმედების რაღაც ნაწილი შეიტანა, რაც, რა თქმა უნდა, ჟღერადობის მრავალფეროვნებაზეც აისახა.

“რამდენიმე არაჩვეულებრივი მუსიკოსი უკრავს ამ ალბომში: ვიოლინისტი ლიჩა გვარლიანი, რომლის პარტიაც, ჩემი აზრით, კომპოზიცია Amiran's Firesword-ს ძალიან მოუხდა. ამ კომპოზიციის მთავარი ინსპირაცია ბაბუაჩემის: მოქანდაკის და მხატვრის ვახტანგ ონიანის ნახატია, სადაც მითიური ამირანის ხმალს მჭედლები უზარმაზარ ცეცხლის ალში ქმნიან. ალბომში რამდენიმე კომპოზიციაში ანანო კანკიაც უკრავს, რომელიც წინა ალბომშიც რამდენიმე კომპოზიციაში იყო კოლაბორატორი. მე და ანანოს ძალიან მარტივად გამოგვდის მუსიკალური ურთიერთობა.ორ კომპოზიციაში Jano უკრავს დიჯერიდუზე. ერთ-ერთს Mourning of the devil ჰქვია. აქ ისევ შემომიერთდა საქსოფონისტი Kamerde და მან თითქოს, ცივ და ცოტათი მეტალურ კომპოზიციას ფიუჟენური ელფერი შემატა.”

ეს ალბომი ნათელი მაგალითი იმისა, რომ კარგი იქნება, თუ არტისტები უფრო თამამად დაიწყებენ ჟანრების მიღმა ექსპერიმენტებს და თამაშს და პირველი შეხედვით, “შეურწყმელი” მუსიკალური ელემენტების გამოყენებას. ჩემი სუბიექტური აზრით, სამომავლოდ ასეთი მიდგომა ძალიან საინტერესო შედეგს გამოიღებს. 

ავტორი: ეკატერინა ხარბედია