მუსიკა | ცა

ქვემეხის ნოსტალგიური ქუხილი

Tsa.Music

მარტი 29, 2023

რამოდენიმე დღის წინ გამოსულ „ქვემეხის“ უახლეს ალბომზე „ნოსტალგია“ ზუსტი რეაგირება რომ მომეხდინა, ალბათ უპრიანი იქნებოდა მათი ყველა წინა ჩანაწერის ზედმიწევნით ათვისება. მეორეს მხრივ, მიმდინარე გამოწვევა სწორედ ისაა, თუ რას აკეთებენ მუსიკოსები დღეს, შესაბამისად „ნოსტალგია“ თამამად შეგვიძლია მოვწყვიტოთ იმ რეალობას, რასაც აკეთებდა „ქვემეხი“ „გუშინ“. ასეთი მიდგომა, საშუალობას მოგვცემს უახლესი ნამუშევარი აღვიქვათ როგორც თვითკმარი, ორიგინალური მუსიკალური ერთეული, წინა შლეიფების გარეშე. 

როკ თუ პოპ კულტურაში ეს ძნელია, რადგანაც ბმა, მემკვიდრეობითობა, თუნდაც საკუთარ წინამორბედ ნამუშევრებთან თითქმის ყოველთვის მტკიცეა და ბოლომდე ვერასდროს ჩაჭრი, მაგრამ მე ასე თუ ისე „ქვემეხის“ მუსიკას ვიცნობ და ვიცი, რა არის მათი ჟანრული პრიორიტეტები, არტისტული მსოფლშეგრძნება, მათი ხედვა და სათქმელი, ისიც ვიცი, რომ „ქვემეხმა“ კარგად იცის- ამ ქვეყანაში საჭირბოროტო თემები სულ იქნება, ვნებები სულ იბობოქრებს, სულ იქნება კონტროვერსია და ცდილობენ ეს ყველაფერი მაქსიმალურად მჭერმეტყველურად დააპროეცირონ თავიანთ სიმღერებში, უკომპრომისოდ, მძიმედ და დამაჯერებლად. 

ჩემი ცოდნა „ქვემეხზე“ საკმარისად ჩავთვალე და შევუდექი საქმეს. მთავარი „ნოსტალგიაში“ მუსიკაა და არა ბექგრაუნდი, თუმცა ცხადია ნერვიულ- სოციალური ფონი მაქსიმალურად კვებავს ამ ალბომის მუსიკალურ შემადგენელსაც. მთავარი გამოწვევა რაც მუსიკოსების წინაშე დგას, არის თუ როგორ უნდა გამოხატო საკუთარი ვნებათღელვა და შინაგანი მდგომარეობა იმ მუსიკალურ იდიომში, რომელიც აირჩია „ქვემეხმა“, საუბარი მაქვს მძიმე როკზე თავისი ქვეჟანრებით, მუსიკალურ ტერიტორიაზე, რომელიც იმდენჯერ და იმდენნაირად არის გადაღეჭილ-გადმოღეჭილი, რომ ძნელია კიდევ რამე თქვა დამაჯერებლად ახალი. თუმცა „ქვემეხს“ აქვს კოზირი, ის ქართული მძიმე როკ ბენდია, ქართული რეალობა კი სხვაა, სხვანაირად გწნეხავს, არ გასვენებს და გიტევს, ხოლო ის განწყობა, რაც აგრესიულ მძიმე საგიტარო როკს მოაქვს, „ქვემეხის“ შემთხვევაში ისე კი აღარ აღიქმება როგორც არტისტული არჩევანი, არამედ როგორც კონტრშეტევის ქმედითი, ეფექტური იარაღი.

მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ნოსტალგიაში“ მაქსიმალურადაა დაწმენდილი ის უზარმაზარი მუსიკალური ტეროტორია, რასაც წარმოადგენს მძიმე როკი. სახეზეა პოსტ -მეტალში შენიღბული კლასიკური „ჰარდ ენდ ჰევი“ შესაბამისი ატრიბუტიკით. ზოგადად ასეთ დროს, დიდია ხიფათი  გადაეშვა ანაქრონიზმში, პირადად მე ვფიქრობ, რომ ბოლომდე თავის დაძვრენა ამ  ხიფათიდან შეუძელებლიც კია და  ეს ქვემეხის ნოსტალგიამაც გამოაჩინა.

ტექსტებზე არ მინდა დიდი ყურადღება გავამახვილო, თუმცა სავარაუდოდ სწორედ ნარატივად აკინძული სიმღერის ტექსტებია იმპულსის მიმცემი ალბომის მუსიკისთვის. „ნოსტალგიაში“ ავტორები ნაკლებად აპელირებენ მიმდინარე სიტუაციაზე, მიმდინარე პრობლემის მოგვარებაში, საბაზისო პრობლემების მოგვარების რესურსს ვერ ხედავენ და იმიტომ. პრობლემებიდან ხსნა, იმის გაცნობნიერებაშია, რომ ხსნა ილუზიაა, აი ეს ამოვიკითხე მე მათ ნარატივში და აქ უკვე „ქვემეხი„ გადადის სხვა შინაარსობრივ, ე.წ. ეგზისტენციალურ ტერიტორიაზე, ადამიანი რომ ვერასდროს აღწევს თავს აი ისეთზე. 

 საინტერესო მომენტია, ერთი მხრივ დაუნდობელი მზერაა მიმართული „გარეთ“, სადაც გარშემომყოფთ სავალალო დამოკიდებულება აქვთ საკუთარი არსის და ეგოს მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, მზერის მთავარი ვექტორი მაინც საკუთარი თავისკენ აქვთ მიმართული. ეს აპათია, სიკვდილ-სიცოცხლის დამთრგუნველი აჩრდილები, გამოუვალი დილემები, ხან დაკონკრეტებული და პირადულია, ხანაც აბსტრაგირებული. და რა არის გამოსავალი აქედან? ამაზე პასუხი მათ არ აქვთ, არც არავის აქვს, ეს კი ტკივილია, რასაც ვერ იტევს გული-სული- გონება და ამოხეთქვას ლამობს „ნოსტალგიაში“ , აკუსტიკურ დოკუმენტში, რომელშიც ნოსტალგიურ კლასიკას საპატიო ადგილი აქვს მიჩენილი.

გამხსნელი ტრეკი „მთაწმინდა“ -ალბომის ალბათ საუკეთესო ტრეკია, რაღაც ნაზავია, კლასიკ-ჰევის, პროგის და ალტ-როკის. მუსიკოსები ცდილობენ დაიცვან ბალანსი თემატიკას და მუსიკალურ შემადგენელს შორის, ნაკლებია დეკლამაცია, მეტია მუსიკალობა. საგიტარო ფრაზა, რომელიც სხვადასვხა ფორმატით სულ გასდევს ტრეკს, რაღაც თრილერის ეფექტს აძლევს მუსიკას, სინემატოგრაფიულად ჟღერს აშკარად ტრეკი. ჟღერადობა, ფრაზეოლოგია იცვლება, თითქოს გამოუკვლევში შეტოპა მუსიკამ, არადა ბევრი ნაცნობი როკ ელემნტი გხვდება და გახსენდება, თუ რა ფუნქცია ჰქონდა როკს ერთ დროს. „ნოსტალგიის“ კარიბჭეა ეს ტრეკი, ყველაფერი კარგი რაც ამ ალბომში გვხვდება, „მთაწმინდაში“ უკვე სახეზეა. ვოკალი საინტერესოა, თავს რომ იკავებს აფეთქებისკენ, მაგრამ მაინც ნევროზულია. 

შემდეგი როკ რჩევა - „გაიარე ჩემი გზით“, მძიმე ჰარდ როკ მელოდიური რიფით, მკაფიოდ ნოსტალგიურია, თითქოს ფუნქციონალობას უბრუნებენ მივიწყებულს, მაგრამ სავარაუდო აჟიტირება - ექსპანსიურობის გარეშე, ვოკალი, როგორც დინჯი ნარატორი აზღვევს ამ მომენტისგან სიმღერას. ისეთი ჰარდ როკია, არა „მძიმე“ მუსიკოსები რომ აკეთებენ ხოლმე. უფრო სწორედ ესაა პოსტ ჰარდ როკი, არქაულობის დიდი დოზით, მუსიკალურად საკმაოდ გამართული ტრეკია.

„აგონია“- პანკ ჰარდქორი ავთენტური სახით, მაგრამ დეფინიცია „პოსტ“ მაინც სწრაფად ტივტივდება თავში. მალე ლირიული გრანჟიც ჩნდება, თუმცა ვოკალისტს უჭირს ემოციური აგონიის შეკავება. ხასიათის ასეთი ცვლილებები, უფრო იმპულსიურიობის, ინტუიტიური მიდგომის შთაბეჭდილებს ტოვებს, მაგრამ ცხადია ეს ასე არ არის, ნათლად ჩანს, სერიოზული ძალისხმევა აქვთ ჩადებული მუსიკოსებს ტრეკის დაფორმატების დროს. ზოგადად სიმღერების ამოსავალი მასალა და სტილი, შეიძლება იყოს საკამათო, აი პროდუსინგ არანჟირება ნაკლებად, ყველაფერი ხარისხიანადაა გაკეთებული.

„ნოსტალგია“ - ცოტა ანაქრონისტული ბალადა, ალბათ ასე უფრო მოსახერხებელია სათქმელის გაზიარება. მელოდია არის, კომპოზიციურად ოსტატურადაა აწყობილი, კარგად მღერიან. ნოსტალგია, როგორც ასეთი, სხვადასხვაგვარად შეგვიძლია მოვიაზროთ, გავშალოთ, ამის უფლება მუსიკოსებსაც აქვთ და მსმენელსაც, თუმცა მე ასეთი მუსიკა დიდად არ მომწონს, დამწყები იდეალისტი როკ გოგონების მოსახიბლად როა თითქოს მოფიქრებული. 

„როინი ქარდავა“- საინტერესოა საუნდი, გიტარის თემა უზადოა, რითმ სექციაც მოქნილია, ვოკალები არეული, ქაოტური, ქართული, მაგრამ არა დეფოკუსირებული. სწორედ ვოკალები და ელექტრო გიტარის მელოდია უზრუნველყოფს მუსიკალური თემის განვითარებას. ვოკალები მაინც განსაკუთრებულია, როგორ ირევა ერთმანეთში, თუ როგორ ჟღერს ერთმანეთზე დადებული, ხანდახან უნისონშიც, მაგრამ კომუნიკაცია არ იგრძნობა, ეს კი ეფექტურია, აზრიანიც. 

„აჯანყდი“-აი ასეთი პოსტ მეტალური ხერხები ძალიან კარგად აქვთ ათვისებული. ინტენსიურობის გამძაფრება, დამძიმება და შემსუბუქება. ვოკალი კვლავ უმნიშვნელოვანესია. გამომდინარე იქიდან თუ რა ფრაზეოლოგიაა, სასიმღერო მანერაც იცვლება. ეს არაა ტრადიციული ჟანრული ვოკალი, საკმაოდ მოულოდნელია ეს ხაზები, ინტონაციები, „ფლოუ“. თუ დააკვირდებით, ყველა ტრეკში ვოკალის კეთების მეთოდი ერთნაირია და ყველგან წარმატებული. ამ ტრეკში, საგიტარო ფრაზები არანჟირების შემადგენელი ნაწილიცაა, რაც საკმაოდ კარგადაა მოფიქრებული. გიტარები მობილურია, ლაკონური, ზედმეტი ექო რეზონანსების გარეშე, ეს დამახასიათებელია მთელი ალბომისთვის და კარგადაც მუშაობს.

„ინტერლუდია“ - იგივე "წითელი" რთულად გასაკეთებელია ასეთი ინსტრუმენტალური ტრეკი, ვერ დაგაზღვევს ვერც რითმ სექციის დინამიზმი, ვერ როკ ინტენსივობა, ყველაფერი ზუსტად უნდა მოძებნო, ჟღერადობა, მელოდია და მისი განვითარება. ორი ლამის კონტრაპუნქტული გიტარის ხარჯზე ეს ხერხდება, დრამატულ გარემოსაც ქმნის, ემოციურად მოთოკილია, რაც უკეთესია ამ შემთხვევაში. შეიძლება ბევრს მელოდია ასეთი ხასიათის ტრეკისთვის ნაკლებად დახვეწილი მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობ, მუსიკოსებს კარგად აქვთ გაცნობიერებული რა სიმაღლეზე უნდა დადონ თამასა, რათა დაძლიონ საავტორო გამოწვევები.

„ნუში“- აქ ბაროკო-როკ გიტარა ძალიან კარგია, თუმცა რითმ სექცია და ვოკალი სათანადოდ ვერ უბამს მხარს. კომპოზიცია მრავალმნიშვნელოვნად იწყება და ამ მომენტში ცოტა მოვიწყინე, არადა არ არის ცუდი ტრეკი. გიტარის გარდა კლავიშებიც კარგად ჟღერს, მაგრამ აი ის ზომიერება რაც ხაზგასმული იყო წინა ტრეკებში, აქ ვერაა შენარჩუნებული. ვიღებთ პომპეზურობას, ხასგასმულ ამბიციურობას და ლამის ნარცისიზმსაც კი. ისე ასეთი ეფექტი, ადრე თუ გვიან გარდაუვალია, როცა ჰარდ-მეტალ მძიმე როკს მიმართავ.

„ნიჭს“- თავდაჯერებულობაში გადავარდნენ მუსიკოსები, ვოკალიც, ინსტრუმენტალიც, სოლოებიც კი. არანაირი ეჭვი აღარ ღრღნის ავტორებს და ეს ცუდია. წვრილმანი დეტალები უფრო საინტერესოა, მინიმალური, მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანი. მთავარი მაშველი რგოლი მაინც ვოკალების განვითართებაა. ორი ვოკალი, სხვადასხვა მანერაში, სიმაღლეშია შესრულებული, რომანტიული და დრამატული, ცინიკური და აპათიური, ორი სხვადასხვა პერსონაჟი, რომელიც ავსებს ერთმანეთს, ეს საკმაოდ ძლიერი კოზირია „ქვემეხის“ ბენდის, რომელიც ორი წევრისგან შედგება დღეს, სანდრო ქერაული - ვოკალი, დაჩი დოდაშვილი-ბას გიტარა. ამ ვექტორის ავანტურისტულად გაღრმავება, ალბათ კარგი იქნებოდა, ამან შეიძლება დეფოკუსირება გამოიწვიოს, მონოლოთურობაც დაიკარგოს, მაგრამ რისკად ღირს, აშკარად.  

„არანაირებს“- ფაქტიურად ფინალური ტრეკია. ალბომის სმენის პროცესში ეგუები, რომ მუსიკა გამართულია, თემატურად, შინაარსობრივად წესრიგშია, თითქმის სტაბილურიცაა, მაგრამ იმასაც ხვდები, რომ ეს არაა საკმარისი, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას მაინც გიჩენს ორიგინალურობის დეფიციტი. არის გამონათებები და გაელვევბი, მაგრამ მეტი გინდა, გამომდინარე იქიდან რომ ხვდები, მუსიკოსებს აშკარად აქვთ მეტი რესურსი, უბრალოდ მეტი აკუსტიკური გაბედულება, მეტი თავგადასავალია საჭირო. პერიოდულად იქმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც მნიშვნელოვანის თქმას ცდილობენ არტისტები, მაგრამ მუსიკა ვერ მიყვება სათანადოდ. აი ამ ტრეკშიც, ბოლოში პრო-როკული სიმებიენი ინსტრუმენტებიც(ანდაც სუროგატი) ვერ შველის საქმეს, მე თუ მკითხავთ პირიქიდაც არის.

ჩემი ვერდიქტი ურთიერთსაწინააღმდეგოა - დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა, არტისტი რა ჟანრს, რა საუნდს, რა ფორმატს ირჩევს მუსიკის შექმნა-ჩაწერისთვის. მთავარია ის, თუ რატომ აკეტებს ამა თუ იმ არჩევანს და არა სხვანაირს, რა არის მისი მოტივაცია, იმპულსი და ასეთ დროს, თუ გაქვს გააზრებული არგუმენტები, ძველმოდურობა და ნოსტალგიურობაც გამართლებულია. დღეს არაფერს და აღარავის აქვს მონოპოლია აქტუალურობაზე. ვფიქრობ ეს „ქვემეხმა“ კარგად იცის, მეორე საკითხია- როგორ დააქუხა მან? რთულად, მძიმედ და გარდამავალი წარმატებით. ვფიქრობ ეს მაინც მათი ჟანრული ერთგულების ბრალია, ერთგვარი ხარკის გადახდა „ჰარდ &ჰევის“ მიმართ, იმ მუსიკის მიმართ, რომელმაც როგორც არცერთმა სხვამ, ცხოვრება და მენტალობა შეუცვალა უამრავ ადამიანს. ასეთი მუსიკა უაღრესად ამბიციურია, ხოლო ის რესურსები, რომელიც შემორჩა სერიოზული შემოქმედებითი მიზნების განსახორციელებლად, უკვე მაქსიმალურად მწირია, ამიტომაც დომინირებს ამ მუსიკალურ ტერიტორიაზე კლიშეები დღეს. 

აქედან თავის დაძვრენა, ძალიან გართულდა და მოითხოვს არაორდინალურ, მე ვიტყოდი პოსტ მოდერნულ(თუ კიდევ იმის შემდგომ) ავანტურისტულ ქმედებებს, რათა რეზულტატი დაიდოს ისეთი მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი, როგორიც ამბიციურ არტისტს-მუსიკოსებს უნდათ, როგორიც „ქვემეხს“ უნდა, ან უნდა უნდოდეს. ასეთ დროს, შეიძლება დესტაბილირდეს ეს სტაბილური მძიმე როკ ტერიტორია, მაგრამ მერე რა, ცდად ღირს, თუნდაც შედარებით წარუმატებელი რეზულტატის ხარჯზეც. მეორეს მხრივ...ვინ იცის დღეს რა არის კარგი რეზულტატი და რა არა? მით უმეტეს როცა მოღვაწეობ საქართველოში, სადაც არცერთი ისტორიული მუსიკალური ჟანრი ამოწურული და ბოლომდე მიყვანილი არ არის? და აი ასეთ დროს, თუ გამოჩნდა მსმენლთა თუნდაც მცირე მასა, რომელიც ზუსტად ისე გაგიგებს, როგორც გქონდა ჩაფიქრებული და შენი თანამზრახველიც გახდება, ესე იგი იდეამ, არგუმენტებმა იმუშავა, მიზანი მიღწეულია. ჰოდა ასეთ შემთვევაში უკვე მე ვცდები და ძალიანც კარგი, ახალგაზრდული როკ კულტურა, სწორედ უარყოფის კულტურაა, ჩიხებში შესვლის და შეცდომების კულტურა, ხოლო ვინც ყველაფერი იცის და არაფერი ეშლება, ის სხვაგან არის, სხვა მუსიკალურ ტერიტორიაზე, მე რომ დიდად მე არ მიზიდავს ისეთზე, თუმცა შეიძლება უკეთესიც კია ის ტერიტორია.

პ.ს. ალბომის ბონუს ტრეკები შეგნებულად არ განვიხილე, „მამას“ არის ნოსტალგიური, თუმცა ალბომის პათოსიდან მაინც ამოვარდნილი. „პარანოიდი“ კი არასდროს მომწონდა.

ავტორი: გია ხადური