ივლისი 31, 2020
ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე
„თიბისის“ და „ხელოვნების სასახლის“ თანამშრომლობით ახალი მასშტაბური პროექტი იწყება, რომლის მიზანიც ქართული ქსოვილის ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაცია და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცევაა
რამდენიმე თვის წინ „თიბისის“ და ხელოვნების სასახლის „ფეისბუქ“ გვერდებზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ისტორიულ და ჩვენთვის აქამდე უცნობ ქართულ ქსოვილს ვხედავთ და ვიგებთ, რომ ეს უძველესი ორნამენტები არაერთხელ გვინახავს, თუმცა მხოლოდ ახლა დავინახეთ.
საიდან გვეცნობა ეს ნაირგვარი პატერნები?
რას ნიშნავს მათი ჩვენს ყოველდღიურობაში გაჩენა?
როგორი იქნება ქართული ქსოვილის ახალი სიცოხლე?
ყველაფერი ასე დაიწყო:
2018 წელს, ოფისის ტრადიციული დალაგებისას „თიბისის“ მარკეტინგის გუნდის წევრებმა წიგნი აღმოაჩინეს. „ქსოვილი საქართველოდან“ - ხელოვნების სასახლის გუნდის მიერ მომზადებული 400 გვერდიანი ენციკლოპედიური გამოცემაა, რომელიც ქართული ქსოვილის ისტორიის და მისი ევოლუციის შესახებ გვიამბობს. წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, როგორი იყო მასალის შესწავლის პროცესი:
მკვლევარებმა ქართულ ფრესკებზე გამოსახულ ქტიტორთა ჩაცმულობიდან ორნამენტაცია და ნაქარგობა ქსოვილებზე გადაიტანეს და ამით ისტორიული სურათის მეტ-ნაკლები რეკონსტუქცია მოხდა.
ქტიტორთა სამოსის გამოფმება, XVII საუკუნე.
მარტვილი, ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.
ქართული ქსოვილის ისტორია, გეოგრაფია და შინაარსი ისეთივე ჭრელია, როგორც მისი ორნამენტები.
უძველესი ცნობა მის შესახებ ზედა პალეოლითის პერიოდს მიეკუთვნება და 30 000 წლის წინანდელი სელის ძაფის ბოჭკოს უკავშირდება, უახლესი კი ციფრულ ფორმატებში გადაყვანილი უნიკალური პატერნებია, სწორედ ისინი, რომელსაც თქვენ დღეს სოციალურ ქსელებში ხვდებით.
ქტიტორთა სამოსის გამოფმება, XVII საუკუნე.
მარტვილი. ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.
წიგნის „ქსოვილები საქართველოდან“ წინასიტყვაობაში ქსოვილის ბუნების აღწერას ვხვდებით:
„ქსოვილი, ანუ ყველაფერი, რაც იქსოვება სელის, ბამბის, მატყლის, აბრეშუმისგან, საქსოვი მასალის სპეციფიკური თვისებების გამო ცუდად ინახება და ხშირად ჟამთა სვლას ვერ უძლებს“.
გიორგი XII
გრიგორი გაგარინის ასლი
წიგნში ძირითადად საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ქსოვილისა და კოსტიუმების კოლექციის ნიმუშებია თავმოყრილი, თუმცა ასევე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, აკაკის წერეთლის სხვიტორის სახლ-მუზეუმის, ნუცა ერისთავის და მერი ლეჟავას კოლექციებში დაცული ეგზემპლარები.
ცოდნა ქართული ქსოვილის შესახებ უმეტესად ბარელიეფებსა და ფრესკებზე ჩვენამდე მოღწეული ქსოვილით არის შესაძლებელი, შესაბამისად ქართულ ეკლესია-მონასტრებში მოხვედრილებს, ზოგიერთი მათგანი ალბათ გვინახავს კიდეც.
„ქსოვილი ყველაზე კარგად გადმოსცემს ისტორიული პირის ხასიათს, გემოვნებას, მათი გაერთიანება ერის გემოვნებას, მის ხასიათს და იმ თვითმყოფადობას, რომელიც გაგვაჩნდა.“
- გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი.
თამარ მეფე. XIII საუკუნე.
ბურთუნაბი
ქართული ქსოვილი ერთი მხრივ ძალიან აუთენტიკურია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ევროპის და აზიის გასაყარზე მდებარეობს და ისტორიულად მულტიკულტურულია, ბუნებრივია, ეს მის ვიზუალურ მხარეზეც აისახება:
„ქართულ ქსოვილში შეიძლება დაინახოთ ვენეციელი დოჟების ქსოვილისათვის დამახასიათებელი ორნამენტი, ასევე სპარსეთის შაჰების გარდერობში არსებული სამოსის და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ორნამენტი. ეს ყველაფერი ქმნის იმ განუმეორებელ ეფექტს, რომელიც მხოლოდ საქართველოშია.“
- გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი
ბექა ჯაყელი მანდატურთუხუცესი.
XIV საუკუნე.
საფარა, წმინდა საბას ტაძარი
ის, რაც ჩვენს ცნობიერებაში საქართველოს წარსულზე, იმ ისტორიულ ფიგურებზე, რომელთაც ის შექმნეს, მეფეებსა და დედოფლებზე, საეკლესიო და საერო პირებზე ვიცით, ცხადია არ არის სრულყოფილი ინფორმაცია, მაგალითად გიფიქრიათ როგორ ეცვათ მათ?
„ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ „შავი შუა საუკუნეები“, რომელიც ამ სახელით არის ისტორიაში ცნობილი, თურმე ვიზუალურად ძალიან ფერადი ყოფილა. დღეს რაც ერთი შეხედვით ცნობილი თანამედროვე დიზაინერის ქსოვილი შეიძლება გეგონოს, თურმე ჩვენს წინაპარს უკვე ეცვა, თანაც ათი საუკუნის წინ. აღმოჩენაზე მეტად შეიძლება მიხვედრა დავარქვათ ამას, მივხვდით, რომ ქართულ ქსოვილს შეუძლია ცხოვრება გააგრძელოს და ის იყოს ძალიან თანამედროვე.“
- კოკა ქამუშაძე, „თიბისის“ შემოქმედებითი ლიდერი.
ქართული ქსოვილის ხანგრძლივ ისტორიაში დღეს ახალი ეტაპი დადგა. „თიბისის“ და „ხელოვნების სასახლის“ თანამშრომლობით მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც ქართული ქსოვილის ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაცია და მისი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცევაა.
ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ საახალწლოდ შეძენილ საჩუქრებს ჩვენთვის უჩვეულო მაგრამ ძალიან ლამაზ ქაღალდებში გვიფუთავდნენ, ქალაქის ქუჩებში გამოსულები კი გაჩერებებზე ფრესკებს და სხვადასხვა პატერნებს ვხვდებოდით, ამით ყველაფერი მხოლოდ დაიწყო.
პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე ორგანიზატორები დაინტერესდნენ რამდენად მიმზიდველი იქნებოდა უძველეს ქართულ ქსოვილზე მუშაობა თანამედროვე დიზაინერებისთვის, ამ დრომდე პროცესში ჩაერთო და კოლექციაზე უკვე იმუშავა რამდენიმე კომპანიამ და სტარტაპმა, მათ შორისაა: დარაია, მუზარადი, Side Size, კერამიკ სტუდია, ლაკოიაჟ, Spilow, Why not gallery.
შექმნილი პროდუქცია და Ready to wear კოლექციები, ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და მათი შეძენა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე QSOVILI.GE -ზე იქნება შესაძლებელი.
თქვენ შეგიძლიათ, სიახლეებს „თიბისის“ და „ხელოვნების სასახლის“ სოციალურ ქსელებში ადევნოთ თვალი და იმ ნივთების შემქმნელები ან მფლობელები გახდეთ, რომელიც საუკუნეების ისტორიას, ცოდნას და იმ გამოცდილებას ატარებს, რომელმაც თანამედროვე ადამიანებად გვაქცია.
ავტორი: მაშო სამადაშვილი