ლიტერატურა

რამდენიმე ქალი პერსონაჟის შესახებ

"საბა"

მარტი 01, 2020

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ლიტერატურას ქალის ხედვა, ქალი-პერსონაჟი, ქალის წაკითხული სამყარო, ქალის აღქმული რეალობა აკლია. რომ ლიტერატურა ცალმხრივად დანახული ჭეშმარიტებების მოედანია, რომ ლიტერატურის ხელახლა წაკითხვა და გააზრებაა საჭირო, იმ მსოფლიო შედევრებისაც კი, რომელიც გვგონია, რომ ისე კარგად ვიცით, სიზმრებადაც გვესიზმრება.


კაცის თვალით დანახული ქალი პერსონაჟი უკვე ლიტერატურის პირველივე ძეგლში გვხვდება, შამხათი, რომელიც რეალურად ერთ-ერთ გარდამტეხ როლს თამაშობს ნახევრადველური ენქიდუს ცხოვრებაში და მისი ადამიანად ქცევის მთავარი მიზეზია. მიუხედავად ამისა, ტექსტის ავტორი მის მიმართ არ იშურებს უარყოფით განსაზღვრებებს, იმიტომ რომ ქალია და მაცდურია.

განსხვავდებიან ერთმანეთისგან ქალი მწერლების ქალი პერსონაჟები და მამაკაცი მწერლების ქალი პერსონაჟები? გიფიქრიათ, „მარიტას“ ავტორი ქალი რომ ყოფილიყო, როგორი იქნებოდა მისი პერსონაჟი? ასეთივე უმოქმედო, უსუსური და მშვენიერი თუ სხვაგვარი? ან ელი როგორ დაასრულებდა ცხოვრებას? ან მარგო ანდა სულაც თავადის ქალი მაია? ჩვენ ამას ვერასდროს მივხვდებით, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ ქართული ლიტერატურის რამდენიმე ქალი პერსონაჟი გავიხსენოთ და ვიფიქროთ, სრულია თუ არა მათი სახე, შეიძლებოდა თუ არა ქალური გამოცდილების გათვალისწინებით კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო მათი ლიტერატურული პორტრეტები?




თქვენ რომელი ქალი პერსონაჟი გახსენდებათ?





2.   ვაჟა-ფშაველა, აღაზა


ვაჟას განსაკუთრებული ქალი-პერსონაჟები ჰყავს, მას ძალიან უყვარს ქალები, განსაკუთრებით მთის ქალები- გამოკვეთილი ხასიათით, მებრძოლი, გმირი, უშიშარი, სიყვარულითა და ტოლერანტობით სავსე. მათ შორის აღაზა საოცარია, სინათლითა და სილამაზით სავსე, ღირსეული და განსაკუთრებული. 


რუსუდან კიკნაძე აღაზას როლში ფილმში "ვედრება", რეჟისორი: თენგიზ აბულაძე



3.   რეზო ინანიშვილი, „ძველი ქართველი ქალი“


ქართულ ლიტერატურას რამდენიმე უსახელო პერსონაჟი ქალი ჰყავს, ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცი, ილიას ოთარაანთ ქვრივი და, მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი, რეზო ინანიშვილის „ძველი ქართველი ქალი“, დათრგუნული, წესებს დამორჩილებული, საკუთარ თავზე უარის მთქმელი ქალი, რომელიც სულ ერთი საოცარი ფრაზით გამახსოვრდება:


„გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც, ერთ ისეთ კოცნად არა ღირს კინოში რომ კოცნიან ქალი და კაცი ერთმანეთს!“ 


რევაზ ინანიშვილი მეუღლესთან ერთად, უჯარმა,1987




4.   თავადის ქალი მაია, ლეო ქიაჩელი


ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიერი, ვიზუალური და მრავალფეროვანი ტექსტია და პერსონაჟიც შესაბამისი ჰყავს, მაია თითქოს თავადაა ის ზღვის ტალღა, რომელსაც ბოლოს ეწირება კიდეც. „გუნდა–ლახოსტაკით შეფერილ წარბ–წამწამებით შავმა თვალებმა გამოანათეს და ხანდაზმულობის უმარილით შეფერფლილ სახეზე მოუთმენლობის ლანდები მიმოაბნიეს“ - წარმოუდგენელია უფრო ზუსტი აღწერა, ან ეს “ მისმა ხმამ ჟრუანტელივით დაუარა მთელ ტანში დაფინოს: – მაიას ხმა ლბილად ისმოდა, ალერსიანად, მაგრამ რაღაც ფარული კილო ახლდა გამოუცნობი, როგორც სიკვდილის დაუნდობელი მოალერსება.“ შეყვარებული და გაბრაზებული ქალის საოცარი ფსიქოლოგიური პორტრეტი, ოსტატური ტექსტი და მოულოდნელი ფინალი - „თავადის ქალი მაია“ ნამდვილად ქართული პროზის შედევრებს შორისაა.


ლიანა ასათიანი ფილმში "თავადის ქალი მაია"



5.   ელი, „შელოცვა რადიოთი“, ნიკო ლორთქიფანიძე


როცა ელი დაიბადა, "იმ წელს მეტი არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას"... სიყვარულის ძებნა, იმედგაცრუება.. თავშესაფრის ძებნა - იმედგაცრუება. საკუთარი ადგილის ძებნა - იმედგაცრუება, სიმშვიდის ძებნა - აქაც იმედგაცრუება. ეს მოთხრობა იმედგაცრუებაზეა და სილამაზის ტრაგიკულ ბედზე სამყაროში, სადაც ფული და ძალაუფლება ბატონობს...


განსაცვიფრებელი სილამაზის ქალი თავის ბოლო, სახიფათო ცეკვას გველებთან იმ იმედით ასრულებს, რომ სამშობლოში დაბრუნებას დაიმსახურებს... თუმცა, გველის ნაკბენი კლავს..

იქნებ სწორედ ესაა სამშობლოში დაბრუნება?


წაიკითხეთ ქართული ლიტერატურის ეს განსაკუთრებული ტექსტი და თავად გაეცით პასუხი კითხვას - მაინც სად არის ჩვენი სამშობლო? იქნებ თავად ელია ქვეყანა, რომლის ნახვასაც ასე მიელტვის?


ავტორი: saba.com.ge