მუსიკა | ცა

QUEMMEKH - ამერიკული ცხოვრების სტილი

Tsa.Music

ნოემბერი 22, 2022

ქართული მუსიკალური ინდუსტრია საკმაოდ კომპლექსური და საინტერესო გარემოა, Სხვადასხვა მუსიკალური დაჯგუფება თავის პატარა განშტოებებს, ე.წ “სექტას” ქმნის და თავისი რეალობის და ფენის შესაბამის პროტესტს გვთავაზობს.


დღეს ამ ერთ-ერთი ასეთი დაჯგუფების, “QUEMMEKH”-ის შესახებ მინდა ვისაუბრო. 


ქვემეხის კონკრეტული დაარსების წელი და პერიოდი მნიშვნელოვანი არაა, ეს ადამიანები მუდმივად ჩვენს გარშემო იყვნენ და მუსიკით თუ მუსიკის გარეშე თავიან სათქმელს გადმოსცემდნენ.

Რა არის “QUEMMEKH”? 

ქვემეხი არის მუსიკოსებისა და ხელოვანების დაჯგუფება, ვისაც აქვთ ამბიციური მიზნები, შეაღწიონ ადამიანების გონებაში და იქ მყოფი აზრები შეარყიონ:


"როდემდე უნდა დაკეტო ფანჯრები,

გაექცე ყველაფერს

როდემდე უნდა გმართავდნენ ცარები,

როდემდე უნდა დახუჭო თვალები".

Როცა პირველად ქვემეხის ლაივზე მოვხვდი, ძალიან სინემატოგრაფიული მომენტი იყო. გამახსენდა კადრი ფილმებიდან, როცა მთავარი პერსონაჟი შედის ჩვეულებრივი მოკვდავისთვის მიუგნებელ ანდერგრაუნდ კლუბში, სადაც სიმართლეს თვალებში ჩახედავს. Ჩემთვის Ზუსტად ეს არის ქვემეხის ესთეტიკა, გლამურული ანდერგრაუნდი რომელიც თავს გაგრძნობინებს მთავარ პერსონაჟად, QUEMMEKH ტექსტებითაც კი გელაპარაკება შენ და უშუალოდ შენ, ამ სამყაროში არ იგრძნობა იერარქია და პირიქით, ინტიმურ გარემოში ქვემეხი გეძახის რომ გახდე მისი ამბიციური იდეების და მიზნების მონაწილე, QUEMMEKH ყიდის იმიჯს, “cool” იმიჯს და ყველა მსურველს ეპატიჟება ამ იმიჯის ნაწილი გახდეს. 


ის იყენებს მუსიკას, როგორც მესიჯის გამავრცელებელ ყველაზე სწრაფ საშუალებას. Მისი მიზანი არაა შექმნას უნიკალური კომპოზიციები, ან ისეთი ხმოვანებები, რომლებიც აქამდე არ მოგისმენიათ, ალბომების მოსმენისას მუსიკალური ბგერები მოგცემთ საბრძოლო განწყობას, ხოლო ტექსტი არის ის რაც ყველაზე მეტად ითხოვს თქვენს ყურადღებას: 


"თავისუფლება ვიპოვე ჩემში,

არც კოდექსებში არც მამის სხვენში

თავისუფლება ვიპოვნე ჩემში

მეთვითონ ავიღე, ავიღე ხელში"


განსაკუთრებულად ფავორიტია სიმღერის მანერა, რომელშიც ისმის სინაგლე, ირონია და ბრაზი. ჟღერადობით კომპოზიციები გაგახსენებთ 90-იანების და 2000-იანების დასაწყისის როკს, აუცილებლად ხაზგასასმელია Მათი სურვილი და შესაძლებლობა შექმნან ხარისხიანი პერფორმანსი, რომელიც საკმაოდ იშვიათობაა ჩვენს რეალობაში.


ბევრ დადებით თუ უარყოფით ასპექტებზე შემიძლია საუბარი, როცა ვსაუბრობ QUEMMEKH-ზე და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც არაერთ მიზეზს იპოვით თუ რატომ შეიძლება მოგეწონოთ ან არ მოგეწონოთ ზემოხსენებული, მაგრამ ყველაზე მეტად ქვემეხი ჩემგან პატივისცემას იღებს დამცინავი, ირონიული მიდგომისთვის დღევანდელი სიტუაციისადმი, რაც ყველაზე კარგად ჩანს და გამოიხატება ალბომში “AMERIKULI”.

მაშინ, როცა საქართველოში მილენიალებმა და ჩვენს შემდეგმა თაობაცამ “ვჭამეთ” ამერიკული ესთეტიკა, ეს ჩვენი გონებისთვის გახდა გაქცევის საშუალება იმ რეალობიდან, რომელშიც ვცხოვრობთ და ხშირად აუტანელიცაა, რამაც თავისებურად წარმოშვა მუსიკოსები, რომლებიც მღერიან უცხო ენაზე და ხშირად ქართულად სიმღერა მათთვის შეუძლებელია, Რადგან ალბათ რთულია იმღერო “მზიან სამყაროზე” მაშინ, როცა "აქ მნიშვნელობა აღარ აქვს არაფერს" .


ჩემი სუბიექტური აზრით, ზუსტად ამაზეა კომპოზიცია “ამერიკული”. 

QUEMMEKH ამ ამერიკული ცხოვრების სტილის სურვილს არ მალავს, რადგან ისიც ზუსტად ამ თაობის ნაწილია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ამერიკული სტილის გლამურული როკის სურვილს და ესთეტიკას აბავს ქართულ აუტანელ რეალობას და ქმნის საინტერესო ანომალიას.

ხმა მინდა ამერიკული

სული ამერიკული

გზა მინდა ამერიკული

დედა და მამა ამერიკული

მზე მინდა ამერიკული

სახლი ამერიკული

ფული ამერიკული

გული ამერიკული

წითელი მინდა ამერიკული

დროშა მინდა ამერიკული

მიწა მინდა ამერიკული

სახლი მინდა ამერიკული "us"


ალბათ, ძალიან ირონიულიცაა, რომ ამის წერის დროს ამერიკული სტილის საუზმეს ვჭამ. 


ჩემი პირადი რეკომენდაციაა QUEMMEKH-ის მოსმენა დაიწყოთ ალბომით “Amerikuli” და შემდეგ გადახვიდეთ არანაკლებ საინტერესო ალბომზე “Isev shen khar”.


ამასობაში, დიდი ინტერესით დავაკვირდები რა გეზს აიღებს QUEMMEKH, რადგან ვთვლი რომ 1-1 საინტერესო და ლოგიკური წარმონაქმნია ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და რაც მთავარია, დაველოდები ხმაურს.

"რაც არ იბრძვის, არ ამართლებს

ძირს მშვიდობა, ცეცხლოვან ცაში ვდგავარ!"

ავტორი: გვანცა უთურა