მუსიკა | ცა

პანკი, როგორც (კონტრ) რევოლუცია

Tsa.Music

მარტი 07, 2023

პანკი არ არის მხოლოდ მუსიკალური ჟანრი, არც მხოლოდ სუბკულტურა, არც კონკრეტული იდეოლოგია, პანკი შეიძლება სრულიად არათანმიმდევრული იყოს, საკუთარ თავსაც დაუპირისპირდეს, მაგრამ მაინც პანკ-იდენტობის ერთგული დარჩეს. მთავარი პანკში მსოფლშეგრძნებაა - შინაგანი მდგომარეობა, მენტალური პოზიცია, რომელიც მარტივად შეიძლება გავშიფროთ ასე - ნებისმიერი კონიუნქტურის იგნორირება. პანკი უფრო შორსაც მიდის და ხშირად დემონსტრაციულად აპელირებს უხამსობასა თუ ნეგატივზე და განა იმიტომ, რომ გარჩევა არ იცის, უბრალოდ „ვალდებულია“ საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებები ეჭქვეშ დააყენოს - რა არის კარგი ან ცუდი, ხარისხიანი ან უხარისხო, ვულგარული ან გემოვნებიანი და სრულიად შეგნებულად ”ტრეშის“ ლეგიტიმაციაც კი მოახდინოს, რამეთუ პანკისთვის „სიმახინჯეც“ ისეთივე ესთეტიკურია, როგორც სილამაზე.

პანკს შეიძლება უყვარდეს „პინქ ფლოიდი“, მაგრამ ჩაიცვას მაისური წარწერით I hate Pink Floyd, პანკი ყოველთვის გამსჭვალული უნდა იყოს წინააღმდეგობის სულისკვეთებით და წავიდეს დინების საწინააღმდეგოდ, პანკისთვის ცინიზმი და ღვარძლიც იარაღია. ის, რაც სხვისთვის წარუმატებლობაა, პანკისთვის შეიძლება წარმატება იყოს, ხოლო საკუთარი ვიზუალის ან ქცევის გამო შარში მოხვედრა, შინაარსიანად გატარებული დრო. პანკისთვის ციხეში მოხვედრაც წარმატებული აქტია, თუ მან შეგნებულად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი ან „სულელური“ კანონი. პანკაქტივობა არ არის თვითმიზანი, ის ყოველთვის რეაგირებს არსებულ სიტუაციაზე და შემდეგ სახავს მოქმედების დესტრუქციულ გეგმას.

აი, სწორედ აქედან მოდის ის ეპატაჟი, პროვოკაცია და კონტრკულტურული პათოსი, რომელიც პანკის განუყოფელი ნაწილია. იმ ყველაფრის გარეშე, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, შეუძლებელია გაიგო ის მიზეზები, თუ რატომ შეინარჩუნა პანკმა ასეთი სიცოცხლისუნარიანობა ათეული წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად, ალბათ, პოპმუსიკის ყველაზე სწორხაზოვანი და ველური ფორმაა. ითვლება, რომ თავის ამოფრქვევისთანავე, პანკროკმა იმ ნონკომფორმისტული ახალგაზრდული იდეის კრისტალიზაცია-რადიკალიზაცია მოახდინა, რომელსაც როკენროლი საკუთარ თავში, ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან, გაუცნობიერებლად ატარებდა.

თუ როკენროლი იქამდე სხვა ამაღლებულ მუსიკასთან (კლასიკა, ჯაზი) დაპირისპირებულ მუსიკად აღიქმებოდა, პანკმა ძირგამომთხრელი საქმიანობა, სწორედ როკიდიომის შიგნით გააჩაღა. დღევანდელი გადმოსახედიდან ფაქტია, რომ პანკამბოხი, ვერანაირად მოხდებოდა სხვა დროს - ეს იყო მძაფრი სოციალურ-აკუსტიკური რეაქცია იმ პროცესებზე, რომელიც 1970-იანი წლების პირველ ნახევარში მუსიკალურ სამყაროში და მის მიღმა მიმდინარეობდა. იმ პერიოდში, როკმუსიკა გახდა უაღრესად ამბიციური და პრეტენზიული. ერთი მხრივ მონუმენტური და მედიდური პროგ თუ ჰარდროკი, რომელშიც ვირტუოზობის თუ წმინდა მუსიკალური უნარების დემონსტრირება თანდათანობით თვითმიზნად იქცა, მეორე მხრივ, თვითკმაყოფილი, ნარცისიზმით შეპყრობილი გლემროკი და ანგარებიანი მეინსტრიმ პოპ-როკი და რა თქმა უნდა ფუქსავატური, უკიდურესად კომერციული დისკო, რომელსაც მაშინ უკვე აქტიურად ჰქონდა ფეხი მოკიდებული.

მუსიკალური ბიზნესი გადაიქცა მსხვილ კორპორაციულ ინდუსტრიად, ყველაფერი ეს კი გამოიყურებოდა პომპეზურად, კომფორმისტულად და კარიკატურულადაც. როკ თუ პოპვარსკვლავები თითქოს სხვა განზომილებაში ცხოვრობდნენ და ნაკლებად აინტერესებდათ რეალური პრობლემები, ხოლო თუ ვინმე ცდილობდა შეხებოდა სიმღერაში მსგავს თემატიკას, მისი მუსიკალური ხორცშესხმა არადამაჯერებელი და შესბამისად ყალბი გამოდიოდა. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ როკმუსიკა განიცდიდა იდენტობის კრიზისს და კარგავდა მთავარს - ვეღარ გრძნობდა დროის პულსაციას.

სწორედ ამ როკდინოზავრულ ბატონობას შეებრძოლა პანკი, როგორც იდეოლოგიურად, ისე აკუსტიკურად. პანკსცენა თავიდანვე შეგნებულად არ დაპირისპირებია როკმონსტრებს, მათ უბრალოდ განაგრძეს ის იდეები, რომელსაც ამკვიდრებდნენ ალტერნატივაში მყოფი ადრეული კოლექტივები თუ არტისტები. Velvet Underground, The Stooges, MC-5 - მათი ორიენტირი ამ ბენდების შემოქმედება იყო, დამაკავშირებელ რგოლად წინაპრებს და შთამომავლებს შორის იქცა New York Dolls ქაოტური, „ფეხებზე მკიდია“ ბენდი რითმენდბლუზით, ნიჰილისტური პათოსით და უაღრესად პროვოკაციული ტრანსვესტიტული იმიჯით

ეს ბენდი შთაგონების წყარო გახდა როგორც ამერიკელი, ისე ბრიტანელი პანკებისთვის. საინტერესოა, რომ ბრიტანული და ამერიკული პანკი მთელი რიგი პარამეტრებით განსხვავდება. პანკი დაიბადა ნიუ იორკში, უფრო სწორედ მის ერთ-ერთ უბანში, მანჰეტენის „ქვემო აღმოსავლეთით“ (lower east side). ეს იყო ღვთისგან და მუნიციპალიტეტისგან მიტოვებული რაიონი, რომელშიც ძალიან იაფი ღირდა ბინის ქირაობა და ათასი ჯურის კრიმინალები, ნარკო დილერები, მეძავები და ახალბედა არტისტები ცხოვრობდნენ.

ასეთი მანკიერი გარემო, თავისთავად იძლეოდა კონტროვერსიულ სოციალურ იმპულსებს, ყოველგვარი შელამაზების, დახვეწილობის და კომპრომისების გარეშე. 1974 წელს, ისტ ვილიჯში იხსნება კლუბი CBGB. კლუბის მეპატრონე ჰილი კრისტალი მწირი ბიუჯეტის გამო იქ მოღვაწე ბენდებს აიძულებდა მხოლოდ საკუთარი სიმღერები შეესრულებინათ, რათა კლუბს საავტორო უფლებების გადასახადები არ გადაეხადა, ახალბედა მუსკოსებიც დიდი ენთუზიაზმით ადიოდნენ სცენაზე და ფაქტობრივად, უფასოდ ასრულებდნენ საკუთარ რეპერტუარს. მათთვის მთავარი იყო სივრცე, რომელშიც შეუძლებელი იყო ე.წ. მეინსთრიმ მუსიკა გაჟღერებულიყო.

გარემო, სიტუაცია, აუდიტორია წმინდა წყლის ანდერგრაუნდული იყო.  ასეთ გარემოში აუცილებლად უნდა დაბადებულიყო რამე ახალი და სწორედ ეს ახალი გახდა ამერიკული პანკი.  კლუბის ერთ ერთი პირველი რეზიდენტი პატი სმითი, დღემდე ითვლება პანკის ნათლიად, ალბათ ესთეტიკურ-იდეოლოგიურ-პოეტური  კუთხით.  იგივე შეიძლება ითქვას ბენდზე  Richard Hell & The Voidoids,  რომლის სიმღერა Blank Generation (წაშლილი თაობა),  როგორც  ნიჰილისტურ-ფრუსტრაციული  პანკმანიფესიტი, ისე გაჟღერდა.

CBGB-ს ყველა ბენდი, იქნება ეს Television, Blondie თუ Talking Heads, დღეს უკვე აღარ მოიაზX/TO00რება პანკბენდებად, მაგრამ მაშინდელი ამერიკული დისკურსით, სწორედ პანკკულტურის ნიმუში იყო. ნიუ იორკელი ჟურნალისტი ლეგს მაკნილი, რომელმაც ჟურნალისტიკაში ტერმინი „პანკი“ დანერგა, მოგვიანებით აღნიშნავდა: „ჩვენთვის პანკი იყო არა კონკრეტული ჟანრი, არამედ გზა სახიფათო ზონისკენ, სადაც თვალს უსწორებ საკუთარ ფობიებს, კომპლექსებს, მანკიერებებს და კი არ შენიღბავ მათ, არამედ ზედაპირზე ამოატივტივებ და შემოქმედებით იარაღადაც კი აქცევ. პანკი, ეს არის ტერიტორია, რომელზეც შეიძლება იყო არაკომპეტენტური და მაინც შექმნა ისეთი ფასეული რამ, რომელიც არანაირად ჩამოუვარდება დახვეწილი პროფესიონალის ნამუშევარს“.

რაც შეეხება ე.წ. სუფთა პანკს, მისი პიონერი უდავოდ არის ბენდი Ramones. 1974 წელს, CBGB-ში მათმა დებიუტმა ნამდვილი სენსაცია მოახდინა - სცენაზე გამოვიდა დახეულ ჯინსებში და ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ოთხეული. 30 წუთში, უკიდურესად სწრაფ ტემპში გადატვირთული ბინძური გიტარული საუნდით და დამცინავი მანერით შეასრულეს ოციოდე სამაკორდიანი სიმღერა და სცენა დატოვეს. გაოცებული პუბლიკისთვის ნათელი გახდა, რომ მუსიკა განვითარების ახლა ციკლს იწყებდა და იწყებდა პანკით.

Ramones-ის პირველივე კონცერტმა ლონდონში ნამდვილი ფურორი გამოიწვია, თუმცა ბრიტანეთში მოვლენები განსხვავებულად განვითარდა. თუ ამერიკელი პანკები იყვნე შედარებით ასაკოვანნი, განათლებულნი და არტისტული პრეტენზიის მქონენი, ინგლისელი პანკები იყვნენ ნორჩები, უტიფრები, აგრესიულნი ცინიკური მაქსიმალისტები და ამას ჰქონდა მაშინ ობიექტური მიზეზები.

ბრიტანეთი მაშინ განიცდიდა მძიმე ეკონომიურ კრიზისს, რაც პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებს დააწვათ მხრებზე, ყოველი მეორე რომ უმუშევარი იყო თითქმის, პლუს ეს ქუჩური, მემარცხენე-მემარჯვენე დაპირისპირებები და ხელჩართული ბრძოლა პოლიციასთან, ასეთი სოციალური ფონი იძლეოდა მძლავ იმპულსს, იწვედა მოზარდების ბრაზს და მძვინვარებას, „მძვინვრება კი ენერგიაა“(ჯონი როტენი) აი სწორედ ეს აკუმულირებული, ახალგაზრდული ენერგია დაატყდა თავს საზოგადოებას, ისტებლიშმენტს და მასობრივ მსმენელს პანკ როკის სახით.

Sex Pistols-ის „ანარქია გაერიანებულ სამეფოში“(Anarchy in U.K.) სწორედ ამ განწყობებს ადოკუმენტებს. სკანდალურ ბენდს, საზოგადოების ნომერ პირველ მტრებად შერაცხავენ კონტრაქტებს გაუუქმებენ, მაგრამ მაინც ვერ გააჩერებენ, მათი პანკ პასკვილი მონარქიაზე, God Save The Queen, როგორც ბომბი ისე აფეთქდა, აიკრძალა კიდეც, მაგრამ ჩარტებში მაინც პირველ ადგილზე გავიდა.

ამერიკისგან განსხვავებით, ბრიტანეთში პანკი იატაკქვეშეთში ვერ დაეტია, ზედაპიზე ამოვიდა და წალეკა ყველაფერი, რაც მანამდე დომინირებდა ბრიტანულ სცენაზე. ყველაფერი არსებული, მუსიკა, საუნდი, პროდუსინგი, როკ მესიანიზმი, ჰიპური ვიზუალი და მოდაც კი, უკვე ძველ მოდურად და გოიმურად ჩანდა. პანკმა თაღლითობაშიც კი ამხილა პოპ ვარსკვლავები და იდეის მოღალატეებად შერაცხა თითქმის ყველა (სიმღერა The Great Rock n Rolls Swindel). ამერიკისგან განსხვავებით, პანკს დიდი მხარდაჭერა ქონდა მემარცხენე ბრიტანული პრესისიგან, პანკი აღიქმებოდა როგორც ბურჟუაზიული სისტემის, რასიზმის და მიზოგენიის წინააღმდეგ უშეღავათოდ მებრძოლ ფენომენად, და ეს მართლაც ასე იყო, მარტო The Clash-ის ადუღებული შემოქმედება რად ღირს, ბოლომდე რომაა გაჟღენთილია უპოვართა და ჩაგრულთა უფლებების დაცვის პათოსით.

შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ პანკ რევოლუციის დროს დაიწყო ქალების მასობრივი ჩართვა როკ მუსიკაში, პანკის დაკვრას ვირტუოზობა არ სჭირდებოდა, დეკლამაცია და ვოკალური ისტერიები კი კაცებზე უკეთ გამოსდიოდათ, სწორედ პანკ მუსიკა გახდა იდეალური არტ ტერიტორია ქალთა თვითდამკვიდრება და თვითრეალიზაციისთვის.

მთავარი პრეტენზიები პანკის მიმართ იყო მუსიკალური რესურსების სიმწირე, მაგრამ საქმეც სწორედ იმაში იყო, რომ ვირტუოზობა, სირთულე და ნოტების კორიანტელი, პრინციპულად უცხო იყო პანკისთვის. Ramones-ს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს: ”როგორ შეიძლება თქვენი მუსიკა ხარისხიანი იყოს, როცა ვერცერთ სიმღერაში სამ აკორდს ვერ სცდებითო“, რაზეც ბენდის წევრებმა ერთხმად მიუგეს: „სამგიეროდ ეს არის ყველაზე სწორი აკორდებიო.“

მეორე საკითხია თუ როგორ ჟღერდა ეს სამი აკორდი. ფრენკ ზაპა ამბობდა: ”პანკი რე მაჟორია, მაგრამ ისე დაკრული რე მაჟორი, რომელიც, უკვე განსაკუთრებული თვისებებს იძენსო.“

საკუთარი სათქმელის ლაკონურად და ხისტად, არცთუისე ყურის საამებლად მიწოდება, რადგანაც სათქმელი შეიძლება იყოს უსიამოვნო და დისკომფორტის გამომწვევი. აი, ესაა სამი პანკ აკორდის ძალა.

მეორე მხრივ, სწორხაზოვანი პანკი, როგორც წმინდა მუსკალური მოვლენა, პირვანდელი ფორმით ცხადია დიდხანს ვერ გასტანდა. როგორც კრისი ჰაინდი ამბობდა: „პანკი მშვენიერი იყო თავისი ხანმოკლეობით.“

 იცვლებოდა განწყობები, დამოკიდებულებები, მოვლენების აღქმა, პანკარტისტებიც იზრდებოდნენ როგორც მუსკალურად, ისე პიროვნულად და ეძებდნენ გამოხატვის ახალ ხერხებს, ატარებდნენ ექსპერიმენტებს. ბევრმა მათგანმა უკვე პოსტ პანკ ეპოქაში შთამბეჭდავ შედეგებსაც მიაღწია, თუმცა ეს სხვა ტექსტის თემაა. რაც შეეხება აუთენტიკურ პანკს, თავისი პირველი ფორმით, ის უკვე 1979 წელს დაძველდა.

მისი განშტოებები ინერციით შემდეგაც განაგრძობდა არსებობას, იქნებოდა ეს სკინჰედურ-პროლეტარული Oi-Punk, ლოს ანჯელესური Roxy კლუბის პანკ ტალღა, თუ საოცრად ეფეტური ფრანგულ-სოციალისტური ელექტროპანკი, მაგრამ ჟანრის საწყისი მისია, უკვე შესრულებული იყო. ანარქიული პანკბენდის Crass სიმღერა Punk Is Dead, სწორედ ამას ამბობდა. ისე, ინტელეტუალურმა ე.წ. ანარქოპანკმა, შემოქმედებითი თვალსაზრისით ყველაზე დიდხანს გასტანა (ჰოლანდიური The Ex, ბრიტანული Cumbawamba) ალბათ, იმიტომ რომ ანარქიზმი, ანუ ნებისმიერი სისტემური უარყოფა, პანკიდეოლოგიის გენეტიკური კოდია.

1980-იან წლებში ამერიკულმა ჰარდქორპანკმა კი დააბრუნა ლოზუნგი, Punk Is NotDead და საკმაოდ მოულოდნელად, სერიოზული აღიარებაც მოიპოვა, მაგრამ ეს ფრაგმენტული გაელვებები იყო. მთავარი, რაც მოახერხა პანკმა იყო განხეთქილება როკსამყაროში, რომელიც გაიყო მეინსთრიმად, ანუ მუსიკად, რომელიც აგრძელებდა კლასიკურ ხაზს და მის ალტერნატივად, რომლის ათვლის წერტილი სწორედ პანკ როკიდან იწყება. ვერც ერთი ახალი როკმიმართულება, რომელიც 1980-იანი წლებიდან მოდის, პანკის ინექციას ვერ აცდა.

როკი კი არა, მის გარეშე ზოგადად მუსიკა და კულტურაც კი წარმოუდგენელია დღეს, ცოტა პანკ სულისკვეთება ყველგან საჭიროა, თუ მუსკალურად არა, იდეურად მაინც. პანკი იარსებებს მანამ, სანამ პროტესტი იარსებებს; პროტესტი კი სულ იარსებებს, რადგან სულ იქნება პროტესტის გამომწვევი მიზეზები, ხოლო იქ, სადაც ცხოვრება ისეთი საამურია, რომ ძნელია რამის გაპროტესტება, სწორედ „ტკბილი ცხოვრება“ იქნება გასაპროტესტებელი, რათა კომფორმიზმის ჭაობში არ ჩაეშვა. აი, სწორედ ამას ქადაგებდა ავსტრალიური პანკ პიონერ ბენდი The Saints.

 რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა წარმოქმნა გარკვეული პანკსტერეოტიპი, მხოლოდ ეს 1990-იანების ნეოპანკ აღორძინება და მისი უზარმაზარი კომერციული წარმატება რად ღირს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს უკვე პანკკიტჩია, რომელიც აუთენტიკური გახდება მხოლოდ მაშინ, თუ ამ სტერეოტიპს დაანგრევს, ეს კი დღევანდელი პოლიტკორექტურული კლიშეებით გადატენილ სამყაროში ძალიან ძნელია. ჟანრულად კი ბატონო, არსებობს და ალბათ კიდევ იარსებებს, როგორც ნონკომფორმიზმის და უკომპრომისო პროტესტის აკუსტიკური გამოვლინება, მაგრამ როგორც ერთმა ჟურნალისტმა მარჯვედ შენიშნა „თანამედროვე პანკპროტესტი, ესაა პროტესტი ცუდი ამინდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ სერფინგს უშლის ხელსო.“ ძნელია შეეწინააღმდეგო ამ კაცს.

ავტორი: გია ხადური