მუსიკა | ცა

Psychonaut 4

Tsa.Music

დეკემბერი 12, 2020

„საქართველოში მეტალ მუსიკა არასოდეს არ იყო მასობრივი კულტურა“ - გვიყვება Graf, Suicidal Black Metal ბენდ Psychonaut 4-ის სოლისტი - რაც სიმართლეა - მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის/მოძრაობის ამ მიმართულების სხვადასხვა ფორმას, თითქმის 30 წლიანი ისტორია გააჩნია საქართველოში, დაწყებული 90-იანი წლების „რკინის რაინდით“, გაგრძელებული 2000-იანების საკმაოდ საინტერესო პროექტებით „Angel of Disease“, „Bohema“, „Hymera“ და სხვა - გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ორი საკითხი - ბენდების სტაბილური ფუნქციონირება და ამის შედეგად მეტალ მოძრაობის/მსმენელის მასშტაბის ზრდა. რამაც საბოლოოდ უსიცოცხლოდ დატოვა ადგილობრივი სცენა, გამოფიტა ყველა პოტენციალისგან და ვერ ნახა ხელჩასაჭიდი მიმართულება.

მთელი ამ პერიოდის ისტორიიდან თითქოს ამოვარდნილად ჩანს Psychonaut 4-ის ფენომენი. მეტალ ბენდი თერაპიული მუსიკით - თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მთელ მათ მოღვაწეობას სწორედ ეს მიმართება გასდევს. პანდემიამ საზღვარგარეთ ტურის დაგეგმვაში ხელი შეუშალათ, თუმცა გაიხსნა უფრო დიდი შესაძლებლობა ჯგუფის მეოთხე სტუდიურ ალბომზე მუშაობისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლოს “Talheim Records”-ზე დარელიზდა. „სულდაცემა“ ჯგუფის ისტორიის მნიშვნელოვან მომენტად აუცილებლად იქცევა - მანამდე კი Graf-ს უფრო დეტალურად ვესაუბრეთ მუსიკის მნიშვნელობაზე, ახალი ალბომის იდეაზე და სხვა.

როგორ ფიქრობ რამ განაპირობა, რომ უკვე 10 წელზე მეტი არსებობთ და ჯერ დაშლას არ აპირებთ?


ჩვენი ბენდის თემატიკა და ზოგადად ხედვა არის ის, რომ ერთმანეთს საკუთარი ნეგატიური გამოცდილება და ტკივილები გავუზიაროთ, შესაბამისად ამ ყველაფერს გადმოვცემთ მუსიკაში. ეს პროცესი იმდენად საინტერესო, მნიშვნელოვანი და პოზიტივის მომტანი გახდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ეს გაცდა უბრალოდ მუსიკის ფარგლებს და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ჩვენ თავად ვართ ჩვენი მუსიკისა და ისტორიების მსმენელები. 

თქვენი ბენდი საქართველოში შეიქმნა და დღემდე აქ მოღვაწეობთ -ამ პერიოდის განმავლობაში თავად ბენდმა საკმაოდ ბევრი ცვლილება გამოიარა, რა იყო ყველაზე რთულად გადასალახი ეტაპი ჯგუფის ისტორიაში?


ასეთი ორი ეტაპი მახსენდება: პირველი: 2014 წელს ბენდის და ანდრეს გზები გაიყო. ბენდის არცერთი წევრისათვის არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება. მეორე: 2020 წლის თებერვალში, როცა GLIXXX აღმოჩმნდა ციხეში. ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ატქიურად ვმუშაობდით ალბომზე „Beautyfall\ სულდაცემა“.

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ რომ თქვენი მუსიკა უფრო თერაპიაა, ვიდრე თვითგანადგურებისკენ მოწოდება - გაამართლა ამ მიდგომმა და გზანვინლმა მსმენელისკენ?


საკუთარ თავზე თუ ვიმსჯელებ, პირველ რიგში, მუსიკის შექმნა ყოველთვის მეხმარება რთული მდგომრეობიდან თავის დაღწევაში და მუსიკა ყოველთვის არის ჩემთვის ერთგვარი თერაპია. თუ ვიმსჯელებ იმ გზავნილებითა და საუბრებით, რაც ამ წლების განმავლობაში მსმენელისგან მიმიღია, სწორედ ასეთი ეფექტი აქვს მათთვისაც ჩვენს მუსიკას - ეს მათთვისაც თერაპიაა. 

დღეს როდესაც პანდემიის დროს მენტალური პრობლემები კიდევ უფრო მძაფრდება - რამდენად შეუძლია თუნდაც თქვენს მუსიკას დაეხმაროს ადამიანს, რათა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა მის ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებზე?


ზოგადად პანდემიამ ჩემ ფსიქიკას სერიოზული ზიანი მიაყენა, მაგრამ ამ ყველაფერსაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარე: მეტი დრო მომეცა საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად და Psychonaut 4-ის ახალ ალბომზე სამუშაოდ. 

როგორია თქვენი მუსიკის ჩაწერის პროცესი, ინდივიდუალურად იქნება სამუშაო იდეები თუ ყველანი ერთიანად ცდილობთ ამ მიმართულებით წინსვლას?


ჩვენთვის არ არსებობს უნვერსალური ჩაწერის უნივერსალური მოდელი. ყველა სიმღერას თავისი შექმნის ისტორია აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფის ყველა წევრი საკმაოდ არასტაბილური პიროვნებაა, ცოტა რთულია წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება, ან წესების დადგენა. 

თქვენ ალბათ მუსიკაში ერთ-ერთ პირველები ხართ ვინც ტერმინი Post-Soviet გამოიყენა და საკუთარი თავი მასთან ასოციაციაში მოიყვანა - შეგიძლიათ გვითხრათ რას ნიშნავს და რა ჟღერადობით, იდეითა თუ ტექსტით ამოიცნობა Post Soviet მუსიკა? თქვენს გარდა თუ ჰპოვა გაგრძელება სხვა ბენდებშიც?


Post Soviet- ჩვენს ხედვაში არ არის ჟღერადობა, არამედ ეს არის უნივერსალური ხელსაწყო თითქმის ყველა პოსტ საბჭოთა სივრცისთვის. პოსტ საბჭოთა სივრცეში ჩვენ დაგვიკრავს შემდეგ ქვეყნებში: სომხეთში, ბელარუსიაში, უკრაინაში, ლიეტუაში, ლატვიაში, ესტონეთსა და რუსეთში - მეტ ნაკლებად ყველა ქვეყანამ მიგვიღო არა როგორც უცხოური ჯგუფი, არამედ როგორც მონათესავე სულები, რადგან ჩვენ გვაკავშირებს საერთო სოციალური ფონი. თუმცა სრულებით შესაძლებელია არ ვიყო პირველი ვინც ეს ტერმინი გამოიყენა.


ჩვენამდე Post Soviet, როგორც ქვე-ჟანრის აღმნიშვნელი ტერმინი მე პირადად არსად შემხვედრია.


დღემდე უცნაურია რომ უცხოელ მსმენელში უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია თქვენმა მუსიკამ ვიდრე ადგილობრივად - რა არის ამის მიზეზი? ზოგადად მეტალი არ არის „ქართველების მუსიკა“? 


არ მინდა ხუმრობაში ჩამითვალოთ, მაგრამ კითხვაშივე გაეცა ყველაფერს პასუხი. შეგიძლიათ კომპლიმენტად ჩათვალოთ, რომ საკმაოდ კარგად ერკვევით ქართული მეტალის მდგომარეობაში. საქართველოში მეტალ მუსიკა არასოდეს არ იყო მასობრივი კულტურა. ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მიწისქვეშა მიმდინარეობა ხდება და აქედან გამომდინარე საზღვარგარეთ, სადაც მეტალ კულტურა უფრო განვითარებულია, მსმენელიც მეტი ჰყავს. 

ალბათ თქვენი სტილი უკეთესად იგრძნობა მსმენელშიც და თქვენშიც - როცა იგი ცოცხლად სრულდება - მრავალი ქვეყნის სცენაზე გიმოგზაურიათ, რა გამოარჩევს ამ შოუებს თუ მსმენელს ერთმანეთისგან?


ყველა მსმენელი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამას ემატება ისიც, რომ ტურებში გვიწევს ყოველდღე დაკვრა სხვადასხვა ქვეყანაში, ანუ სხვადასხვა მენტალობისა და კულტურის მქონე მსმენელთან. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მსმენელს აქვს რაიმე საერთო მახასიათებლები. ყველა ადამიანი უნიკალურია და აქვს თავისი შინაგანი ტკივილი და ჩვენ როგორც ბენდმა უნდა შევძლოთ თიოთეულ მსმენელთან ენერგიების გაცვლა, სწორედ ეს ხდის ჩვენს ყველა კონცერტს თვითმყოფადს - ყოველი ლაივი ტოვებს ძალიან დიდ გამოცდილებას. 

თქვენი ახალი ალბომი „სულდაცემა“ გამორჩეულია იმით რომ აქ პირველადაა ტექსტი ქართულად - როგორი და რატომ მიიღეთ ამ ალბომის ჩაწერის გადაწყვეტილება? ექსპერიმენტის სახეს ატარებს თუ ფიქრობთ რომ მომავალშიც გააგრძელებთ ქართული ტექსტების გამოყენებას?


სიმართლე გითხრათ, პირველად ქართული ტექსტი გამოვიყენეთ ალბომში „Dipsomania“ (2015) სიმღერაში - „Moldy“. ძალიან ბუნებრივად გამომივიდა ქართულ ტექსტებზე გადასვლა. წინასწარ არც იყო დაგეგმილი. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ალბომი ყოფილიყო ინგლისურ ენოვანი. ჩემთვის ქართულად ლირიკის დაწერა საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. ვფიქრობ რომ შემდეგი ალბომები ძირითადად ქართულ ენოვანი იქნება. 

ახალი ალბომის ტექსტებში ყველა სიმღერაში თითქოს ცხოვრების ტრაგიკული მოცემულობის აღწერით იწყებთ და ბოლო ყოველთვის იმედიანი და მამოტივირებელია - ვინაიდან ტექსტი ქართულია, მიემართება თუ არა ეს თუნდაც იმ ახალგაზრდების ცხოვრებას, რომლებიც თქვენი ლოკალური მსმენელი შეიძლება იყოს?


ზუსტად ეს არის იდეა - ამ ალბომზე მუშაობისას, მე წამითაც არ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ მიიღებს ამ ალბომს უცხოელი მსმენელი. ეს ალბომი არის ძირითადად ჩემზე და თბილისურ რეალობაზე დაწერილი, რა რეალობაშიც მე მომიწია ცხოვრება. ამ მესიჯს ძირითადად ჩემ თავს ვუგზავნიდი - აგრეთვე ჩემს გარშემო იმ ადამიანებს, რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 

მინდა გავამახვილო ყურადღება სიმღერაზე „თბილისური ტრაგედია“ („სიმარტოვე ჩემი ბედია, ამ ქალაქს რაც სჭირს - ტრაგედიაა…“) - შეგიძლია უფრო გაგვიშალო ამ კომპოზიციის უკან მდგარი იდეა? რა არი თქვენთვის ამ ქალაქში ყველაზე ტრაგიკული?


ყველა ეპოქას აქვს თავისი ტრაგედია. ჩემს აღქმაში მოცემულ პერიოდში თბილისურ ტრაგედიად იქცა სინთეტიკურ ნარკოტიკზე მასობრივი დამოკიდებულება. კერძოდ ფრაზა “სიმარტოვე ჩემი ბედია“ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ კონკრეტული ნივთიერების მოხმარებისას ადამიანები ხდებიან ძალიან ჩაკეტილები, რაც ასევე მეც გამოვცადე. არა მარტო ეს სიმღერა, მთლიანად ეს ალბომი არის მიძღვნილი ამფის (ALPHA PVP,CK,FLAKKA) მოხმარებისა და დამოკიდებულების თემაზე, დაწყებული ყდიდან, დამთავრებული თითოეული სიმღერის სტრიქონებითა და ემბლემებით. ეს ალბომი არის მიძღვნილი მსგავსი პრობელემების მქონე ადამიანებისამდი, ვინც შეძლო თავის დაღწევა ან ჯერ კიდევ გადის დამოკიდებულების ჯოჯოხეთს.

პანდემიის მიუხედავად ალბომი ჩაწერეთ, თუმცა ლაივ შესრულებებს, ალბათ, დროებით თქვენც გამოეთიშეთ - როგორია თქვენი ამჟამინდელი ცხოვრებისეული რუტინა კონცერტების გარეშე და როგორ ხედავთ სამომავლო გეგმებს?


ამ მომენტში, მიუხედავად საკმაოდ ბევრი შემოთავაზებისა, რთულია კონკრეტული გეგმების დალაგება. ჩვენი მუშაობა არის კონცენტრირებული ტურების დაგეგმვაზე, თუმცა კონკრეტულ თარიღებზე რთულია საუბარი. ჯგუფი მუშაობას განაგრძობს და იმედს არ კარგავს, რომ არსებული მდგომარეობა მალე გამოსწორდება. ვმუშაობთ ახალ საკონცერტო სეტებზე და იმედი გვაქვს მალე დავუბრუნდებით აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას. მადლობა რომ მოგვეცით საშუალება ჩვენს შემოქმედებასა და გეგმებზე გვესაუბრა. 

Psychonaut 4 - ზღვარზე მყოფ პიროვნებათა არაანონიმური კლუბი.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტოები: Tbilisi Underground