ლიტერატურა

პროტოტიპები

„საბა"

ივლისი 15, 2021

ლიტერატურა წარმოსახვის სფერო, ადამიანის ფანტაზიის საუკეთესო ილუსტრაციაა, თუმცა ხშირად, წარმოსახვასა და მეტაფორასთან ერთად იქ კონკრეტული, ხშირად ნაცნობი ან უცნობი ადამიანები არიან - პროტოტიპები, ადამიანები, რომელთაც რეალობიდან ლიტერატურაში გადაინაცვლეს და ჩვენთვის საყვარელ პერსონაჟებად მოგვევლინენ.

ქართული ლიტერატურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროტოტიპი ალბათ თამარ მეფეა, ის, ვისაც შოთა რუსთაველმა თავისი „ვეფხისტყაოსანი“ მიუძღვნა და საოცარი ქალი-პერსონაჟების საშუალებით გამოხატა. ბრძენი, მშვიდი, გაწონასწორებული, გონიერი თინათინი და ემოციური, ძლიერი, გამბედავი, მგრძნობიარე ნესტან-დარეჯანი, ეს ორი მშვენიერი ასული თამარ მეფის სახის ინტერპრეტაციაა. რუსთაველი ხომ წიგნის შესავალში თავად ამბობს:

 „მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია“.

პროტოტიპი ჰყავს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანსაც“, ტყვეობაში ჩავარდნილი ილია ორბელიანის სახე ავტორს ლექსის ლირიკულ სუბიექტად გამოუხატავს, სხვა ვერსიით, „მერანის“ შთაგონება ალექსანდრე ბატონიშვილი ყოფილა.


გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად პროტოტიპები ჰყავთ ვაჟა-ფშაველას პოემის გმირებსაც, ვაჟა იგონებს ხევსურ ვაჟკაცს, ზვიადაურს, რომელიც არ შეეწირა ქისტების მკვდარს. სწორედ მისი გმირობის ამბავი გახდა საბაბი პოემის შექმნისა.


სავარაუდო პროტოტიპი ჰყავს გიორგი ლეონიძის უნაზეს „მარიტას“. საქმე ისაა, რომ ავტორს თავადაც ჰყოლია შეყვარებული, რომელიც მშობლებს უფროს და მდიდარ მამაკაცზე გაუთხოვებიათ, გოგონამ თავი მოიკლა, ხოლო გიორგი ლეონიძემ თავისი პირველი სიყვარულის ტრაგიკული სახე შესაძლოა სწორედ „მარიტაში“ უკვდავყო.


მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილ გაიძვერა პერსონაჟს, „კვაჭი კვაჭანტირაძესაც“ ჰყავს პროტოტიპი, გერონტი ქიქოძის მოგონენებებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ პერსონაჟ კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი არის დიპლომატი ვასილ დუმბაძე. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, კვაჭის პროტოტიპი შესაძლებელია მიხეილ ანდრონიკოვი, იგივე მიხეილ ანდრონიკაშვილი ყოფილიყო.


ცნობილია კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ სავარაუდო პროტოტიპებიც. რომანის პერსონაჟების პროტოტიპების შესახებ კონსტანტინე გამსახურდია იშვიათად საუბრობდა. იგი ერთგან აღნიშნავს:

„საერთოდ, როდესაც მხატვრული ნაწარმოები გამოვა, ავტორს უწინარეს ყოვლისა მართებს დუმილი, მართებს იმიტომ, რომ მხატვრულ ნაწარმოებს არც განმარტება უნდა სჭირდებოდეს და არც დამატება“.

იგი მხოლოდ პირად წერილში ამჟღავნებს „მთვარის მოტაცების“ ერთ–ერთი გმირის – თარაშ ემხვარის პროტოტიპის ვინაობას, თუმცა, ადრესატს თხოვს, მის სიკვდილამდე არ გაამჟღავნოს საიდუმლო. ამ წერილიდან, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ თარაშ ემხვარის პროტოტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი, რომელიც რომანის წერის პერიოდში ჩეხოსლოვაკიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა. წერილის ადრესატი ემხვარის ვაჟია, რომელსაც კონსტანტინე პატიებას თხოვს, რომ მამამისი ენგურის ზვირთებთან ბრძოლაში დაამარცხა, „ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალუძდა, გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მისი იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა“. მეორე ვერსიით კი, თარაშ ემხვარის პროტოტიპი იყო ბოდღო ემხვარი, მთვარის მოტაცების რუსულად მთარგმნელი.


ხშირად მწერლის პერსონაჟთა პროტოტიპები მათი ტრფობის ობიექტები ხდებოდნენ, გრიგოლ რობაქიძის მეუღლე, ნინა დომენსკაია ჰამადანში განთავსებული რუსული წითელი ჯვრის ჰოსპიტალის ექთანი გახლდათ. საფიქრებელია, რომ სწორედ იგია „გველის პერანგში“ არჩიბალდ მეკეშის სატრფოს – ოლგა ბალაშოვას პროტოტიპი.


პროტოტიპი ჰყავდა ნოდარ დუმბაძის პერსონაჟთა უმრავლესობასაც. ლიტერატორი ნორა კოტინოვი იგონებს:

„ბებიას კარის მეზობლები – ილიკო და ილარიონი, სინამდვილეში დუმბაძეები იყვნენ. ისინი ბაბუაჩემ ქიშვარდი დუმბაძის ღვიძლი ბიძაშვილები გახლდნენ. ნოდარმა მათ ნაწარმოებში სახელები დაუტოვა მხოლოდ, გვარები კი შეუცვალა. ეს, ასე ვთქვათ, მისი მწერლური მანერა იყო. მთელ თავის შემოქმედებაში ერთადერთ პროტოტიპს დაუტოვა საკუთარი გვარი ნოდარმა. ეს გახლდათ მამაჩემი – ვანიჩკა კოტინოვი. რაც შეეხება ილიკოსა და ილარიონს, ისინი სოფლის კოლორიტები გახლდნენ. ორივე მართლა ცალთვალა იყო. ილიკომ ცალი თვალი დაკარგა ომში, ხოლო ილარიონმა მზის დარტყმის შედეგად. ხასიათებით ისინი ერთმანეთის ანტიპოდები იყვნენ. ილიკო სოფელში განთქმული გახლდათ თავისი ანეკდოტებითა და ხუმრობებით. ილარიონი კი პირქუში, უხეში, უსალმო ადამიანი იყო, ძალიან უყვარდა კითხვა, მე ის გაზეთის გარეშე არ მახსოვს. სხვათა შორის, მისი ხასიათის ეს შტრიხი ნოდარს რომანშიც აქვს ხაზგასმული. იქვე ნოდარის მეზობლად, ცხოვრობდა ქიშვარდი ბაბუას კიდევ ერთი ბიძაშვილი კოწია დუმბაძე. ნოდარმა ის ორ ნაწარმოებში გამოიყენა. კოწია სინამდვილეშიც ფოსტალიონი იყო. სხვათა შორის, კოწიას შვილიშვილი იყო ზურიკელა, ვისი სახელიც ნოდარმა ამ რომანში დაირქვა. დიდი მაკვარანცხი ბავშვი იყო ზურიკელა. გაწამებული ჰყავდა კოწია ბაბუა.“

შეგვიძლია ვისმჯელოთ ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბას“ პროტოტიპებზე, ნოველის მთავარი გმირების პროტოტიპები ნიკოლოზ ემუხვარი (უჯუშ ემხა) და სმელ ბადია (ჰაკი აძბა) აფხაზეთის მკვიდრები იყვნენ, გემს კი, რომელიც მოთხრობაში კრეისერი შმიდტის სახელითაა ცნობილი, სინამდვილეში „დაკია“ ერქვა. ამბავი, რომლის ლიტერატურულ ვერსიასაც ნოველაში ვკითხულობთ, 1918 წელს, სოხუმში განვითარდა.

როგორ შეიცვალა რეალური ადამიანების სახე ლიტერატურულ პერსონაჟად ქცევისას, რა არის ფანტაზიის ნაყოფი და რა რეალობა, ამ ყველაფერზე დაკვირვება ლიტერატურის კიდევ ერთ თავსატეხს წარმოადგენს, რომლის ამოხსნაც ასე უყვარს მის უდიდებულესობა მკითხველს.


ავტორი: „საბა"