აგვისტო 03, 2022
“მას შემდეგ, რაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლებლად წავედით, მძაფრად აღვიქვით ფაქტი, რომ საქართველოს განათლების სისტემა ნაკლებადაა ორიენტირებული საერთაშორისო ბაზრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე. ეს ეხება როგორც აკადემიურ, ისე ცხოვრებისეულ უნარებს”,
— ამბობს ძერასა სანაკოევა, Propagate Education-ის თანადამფუძნებელი.
ამ აღმოჩენამ ძერასა სანაკოევა, ნატა ხატიაშვილი და ანა კერვალიშვილი ერთი მიზნისთვის გააერთიანა — დაეხმარონ ახალგაზრდებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში და ხელი შეუწყონ არაფორმალური განათლების გავრცელებას საქართველოში. ამ იდეით ისინი ქმნიან სოციალურ საწარმო Propagate Education-ს და ამავე იდეამ მიიყვანა გუნდი Social Impact Award-მდე.
რა არის Propagate Education?
Propagate Education არაფორმალური და ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი ყოვლისმომცველი პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდებს საგანმანათლებლო, კარიერულ და პერსონალურ განვითარებაზე ორიენტირებულ რესურსებს სთავაზობს. პლატფორმა, რესურსების გარდა, პერსონალურ კონსულტაციებსაც მოიცავს. კონსულტაცია კი უნივერსიტეტის აპლიკაციების შევსებასა და საზღვარგარეთ სტუდენტური ცხოვრების პერიოდში დახმარების გაწევას გულისხმობს.
“ჩვენს თავზე გამოვცადეთ პრობლემა, რომელიც დღესდღეობით ბევრ ახალგაზრდას ექმნება. მათ აქვთ სურვილი, რომ უცხოეთში გააგრძელონ სწავლა, მაგრამ უფასოდ ინფორმაციის მიღება და მისი გაფილტვრა მხოლოდ საკუთარი ძალებით უწევთ. ამ პროცესში კი მათთვის დახმარების გაწევა, ინფორმაციის სტრუქტურირება და სწორი კუთხით მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”
— აღნიშნავს ნატა ხატიაშვილი.
იმისათვის, რომ სწავლისა და დასაქმების მაძიებლებისთვის საჭირო ყველანაირი ინფორმაცია ერთ სივრცეში მოაქციონ, გუნდი ვებსაიტს ქმნის, ამასთან, სოციალური მედიის მეშვეობით ცნობადობის ამაღლებაზე და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნაზე აქტიურად მუშაობს.
“ახლა პლატფორმაზე განსათავსებელ მონაცემთა ბაზებს და რესურსებს ვამუშავებთ, ამას გარდა, პოტენციურ პარტნიორობებზეც ვფიქრობთ. გვინდა, აქტიურად დავიწყოთ თანამშრომლობა სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან თუ ინდივიდუალურ პირებთან”,
— ამბობს ანა კერვალიშვილი.
Social Impact Award, როგორც გზა წარმატებისკენ
Propagate Education-ში თვლიან, რომ Social Impact Award სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ყველაზე მასშტაბური ინიციატივაა, მისი ხედვა და მიზნები კი სტარტაპის საქმიანობასთან სრულ თანხვედრაშია.
“რადგან ჩვენი სტარტაპი სულ 2 თვის დაარსებულია, ჩავთვალეთ, რომ SIA ყველაზე სწორი არჩევანი იქნებოდა საქართველოს ბაზარზე გასვლისთვის”,
— აღნიშნავს ძერასა სანაკოევა.
პროგრამის ფინალისტები ახლა ორთვიან ინკუბაციას გადიან გამოცდილ მენტორთან, რაც იდეისა და ბიზნეს მოდელის დახვეწაში ეხმარებათ. გარდა ამისა, ისინი ესწრებიან სხვადასხვა ლექციასა და ვორქშოფს სოციალური მეწარმეობის კუთხით. როგორც Propagate Education -ში ამბობენ, ეს ყველაფერი გუნდს განვითარებასა და მომავლის გეგმების შესრულებაში ეხმარება. მათი თქმით, პროექტი საინტერესო კონტაქტების შეძენისა და პლატფორმის შექმნის საშუალებას აძლევთ, რაც ახალი კლიენტების მოზიდვაში და ბრენდის პოპულარიზაციაში შეუწყობთ ხელს.
“საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, რეალურად, ახლა ყალიბდება და აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ განვითარებისთვის კი აუცილებელია ისეთი პირობები, სადაც ინოვატორებს საკუთარი იდეების რეალობად ქცევის საშუალება ეძლევათ. Social Impact Award თავისი საქმიანობით ზუსტად ამ პირობების შექმნას უწყობს ხელს”,
— აღნიშნავენ გუნდში.
ინკუბაცია და სამომავლო გეგმები
Propagate Education-ს ინკუბაციის ეტაპზე მენტორინგს თორნიკე ცირამუა, სტარტაპ “ბილიკის” დამფუძნებელი უწევს. მისი თქმით, ამ დროში გუნდმა ისწავლა, როგორ გააანალიზონ ახალი იდეები, ამოარჩიონ მათგან საუკეთესო და მოარგონ საკუთარ პროდუქტს.
“თავდაპირველად გუნდი ბევრი პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებდა და შესაბამისად, ბევრ სხვადასხვა ბიზნესმოდელზე მუშაობდნენ, რაც, საწყის ეტაპზე რთულად მართვადი, ხოლო მომხმარებლებისთვის — რთულად აღსაქმელი იქნებოდა. ინკუბაციის პერიოდში გუნდმა დაავიწროვა იდეები, იპოვეს საკუთარი ნიშა და ორ ძირითად მიმართულებაზე კონცენტრირდნენ — საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებზე”,
— აღნიშნავს თორნიკე ცირამუა.
მისი თქმით, გუნდთან მუშაობა სასიამოვნოა, მისი წევრები ძალიან მოტივირებულები არიან და რაც მთავარია, სწორ დროს შემოდიან ბაზარზე.
“მჯერა, რომ ეს პროექტი გამარჯვებას მოიპოვებს”, — აღნიშნავს თორნიკე და ამატებს, რომ პლატფორმა უალტერნატივო იქნება საერთაშორისო სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების მსურველებისთვის. “ეს პროდუქტი ქართული ბაზრისთვის სიახლეა და რაც მთავარია, ემსახურება განათლების სფეროს გაძლიერებას. განათლებაში ჩადებული ნებისმიერი ინვესტიცია კი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის”.
სამომავლო გეგმები
“ჩვენ გვჯერა, რომ გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა მხოლოდ ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების გზით არის შესაძლებელი. საჯარო სკოლებთან აქტიური თანამშრომლობით ვაპირებთ აღმოვფვხრათ უთანასწორობა შესაძლებლობებზე წვდომის კუთხით და ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში არაფორმალური განათლების ხარისხის ამაღლებას. საბოლოო მიზანი კი საქართველოს თითოეულ რეგიონში ცალკეული ჰაბის შექმნაა, სადაც ახალგაზრდებს რეგიონის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა შეეძლებათ”
— აღნიშნავენ გუნდში.
რაც მთავარია, გუნდი გეგმავს, შექმნას იმ ადამიანების ქსელი, ვინც განათლება საზღვარგარეთ მიიღო. მისი წევრები სამომავლოდ ახალგაზრდებს გამოცდილებას გაუზიარებენ და კარიერის დაგეგმვაში დაეხმარებიან.
“ეს ქსელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაეხმარება ახალგაზრდებს, გამოიყენონ ყველა აკადემიური თუ კარიერული შესაძლებლობა და ამავდროულად იზრუნონ საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე”,
— ამბობენ Propagate Education-ში.
Social Impact Award ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროგრამაა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის. იგი ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოში კი 2017 წლიდან Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით იმართება.
ფოტო: საბა შენგელია