ლიტერატურა

პორტნოის სინდრომი

„საბა"

მარტი 19, 2021

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომის“ პერსონაჟი, ალექს პორტნოი ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გულახდილი პერსონაჟია, სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან წიგნში ერთი ფსიქოთერაპიის ამბავია მოყოლილი, უფრო სწორად, მთელი ტექსტი ერთი ფსიქოთერაპიის სეანსია, პაციენტის მონოლოგი.

„ყველგანმყოფი დედაჩემი და კუჭში შეკრული მამაჩემი“ - ეს ერთგვარი მეტაფორა, სტრუქტურული არქეტიპი, რისგან გათავისუფლებაც ალექს პორტნოის ცხოვრების მთავარი მიზანია. თავისუფლება სხვადასხვანაირია, ზოგჯერ სოსისისა და ბურგერის ჭამა, სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება და, ბოლოს და ბოლოს, ევროპაში გაქცევა.


„ვინ არის ეს „ყველგანმყოფი დედა“? ქვეყანა, რომელიც გკეტავს, მშობელი, რომელიც ვერფრით ეგუება შენს გაზრდას? ტრადიციები, ყოფითი სინამდვილე თუ რაღაც უფრო ფართო და ზოგადი? დედა, რომელიც ერთდროულად შენი კერპია და მეორე მხრივ, ყველაზე დიდი გალია:

„წარმოიდგინეთ, ცნობიერებაში ისე ღრმად მყავდა ჩაბეჭდილი, რომ სკოლაში სწავლის პირველ წელს, მგონი, მჯეროდა: ყოველი მასწავლებელი დედაჩემი იყო, ოღონდ გადაცმულ-შენიღბული. გაისმებოდა თუ არა ბოლო ზარი, სახლში გამოვრბოდი და ენაგადმოგდებულს ყოველ ჯერზე ეს მაინტერესებდა: დედას მანამდე თუ მივუსწრებდი, სანამ გარდასახვას დაასრულებდა. შინ დაბრუნებულს მუდამ სამზარეულოში მხვდებოდა და მაგიდაზე რძესა და ფხვიერ ნამცხვარს მიდგამდა. მე კი იმის მაგივრად, რომ ეს წარმოდგენები გამფანტვოდა, მისი ჯადოსნობის მიმართ მოწიწება მემატებოდა.“ - ასე იწყება რომანი.

ალექს პორტოის ზრდის, განვითარების საფეხურები ერთი მთავარი ნიშნითა აღბეჭდილი - როგორ დაემალოს და გათავისუფლდეს თავისი ოჯახისგან.


აქ ტრადიციული პატრიარქალური კულტურის ხაზი ოდნავ შეცვლილია, ყოველისშემძლე და მრისხანე დედაა. მამა, ჩვეულებრივი, საწყალი კაცია, დაზღვევაში მუშაობს

 „აი, ასე, თავისი თაობის სხვა ებრაელი მამაკაცების მსგავსად, მრისხანებითა და თვითგვემით ემსახურებოდა მამაჩემი დედაჩემს, ჩემს დას, ჰანას, ყველაზე მეტად კი - თქვენს მონა-მორჩილს. რაკი თავად ცხოვრება დილეგში გაატარა, მე უნდა მეფრინა - აი, რაზე ოცნებობდა მამაჩემი.“


მთავარი, რაც ამ ორ განსხვავებულ პერსონაჟს აერთიანებს ალექსია- სურვილი, ალექსი იყოს იდეალური ანუ ზუსტად ისეთი, როგორიც დედას და მამას სურთ.

„ცუდად რომ მოვიქცეოდი, რამეს რომ დავაშავებდი, სახლიდან მაგდებდნენ და კარს მიკეტავდნენ. ვიდექი ასე, ზღურბლთან ატუზული, ვაბრახუნებდი და ვაბრახუნებდი, მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყავდა, სანამ არ დავიფიცებდი, რომ იმ დღიდან ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დავიწყებდი.“ - სინამდვილეში, ეს გარეთ დატოვებაც ფიქციაა, მას არასდროს ტოვებენ მარტო, ტუალეტშიც კი.''



დედას არაფერი მოსწონს- არც მისი წონა, არც ქცევა, არც ის, როგორ იხეხავს კბილებს, რაც არ მოსწონს დედას, როგორ მოეწონება ღმერთს?


„ერთი ჭიქა რძე და ძეხვიანი ბუტერბროდი არ შემრგებია, სულ იმის მეშინოდა, სანამ ჩემთვის, წყნარად ვილუკმები, მამაზეციერს დიდ შეურაცხყოფას ხომ არ ვაყენებ-მეთქი! ახლა წარმოიდგინეთ, როგორი დანაშაულის გრძნობა უნდა მქონოდა ამ დაუსრულებელი ნძრევის გამო? სინდისის ქენჯნა, დანაშაულის განცდა და შიშები! შიში ხომ ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი! ან კი რა იყო უფროსების სამყაროში ისეთი, რასაც საფრთხე არ ახლდა - ყველგან ეს სახიფათო ბაქტერიები და განსაცდელი იყო ჩასაფრებული“.

გაქცევა გამოსავალია, მაგრამ შესაძლებელია კი? შეიძლება გაექცე საკუთარ თავს, ბავშვობას, სიზმრებს? იქნებ ყველაფერი იქაც ისეთია, როგორც მშობლიურ ქალაქში?

„ჩემი სიზმარი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე იწყება. ვდგავარ აეროპორტში, რომელშიც აქამდე არასდროს ვყოფილვარ და თითოეული ადამიანი, რომელსაც ვხედავ - მგზავრები, ბორტგამცილებლები, ბილეთების გამყიდველები, მებარგულები, მფრინავები, ტაქსის მძღოლები - ებრაელია. ძალიან განსხვავდება ეს სიზმარი იმათგან, თქვენი პაციენტები რომ გიყვებიან? ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ნორმალურ ადამიანს შეიძლება დაესიზმროს? მაგრამ სად გაგონილა, ასეთი რამ ცხადში ხდებოდეს? კედლებზეც კი სულ ებრაული წარწერებია - ებრაული გრაფიტი! დროშა ებრაულია. ხალხს ისეთი სახეები აქვს, როგორიც ჩენსელორ ავენიუზე.“

ნამდვილი ლიტერატურა რომ ყოველთვის და ყველგან აქტუალურია, ეს ეჭვმიუტანელი ჭეშმარიტებაა, ამის დასტურია „პორტნოის სინდრომი“, ამერიკელი ავტორის წიგნი, რომელიც თითქოს ქართული აღზრდის სტერეოტიპებსა და შეცდომებზე გვიყვება.


ავტორი: „საბა"