ნოემბერი 29, 2019
საქართველო პოეზიის ქვეყანაა - ეს ბანალური ფრაზა ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას პოეზიასთან. რთული და ხშირად პარადოქსული ყოფის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი კონტრასტების, ისტორიული სირთულეების ფონზე ქართველი მკითხველის გვერდით ყოველთვის იყო პოეზია, როგორც ქორწინების ფიცშია - სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს და მეტიც, ეს ის სიყვარულია, რომელიც სიკვდილის მერეც გრძელდება.
პრემია „საბას“ ისტორიის მანძილზე პოეზიის ნომინაციის თარო ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. პოეზიის ქვეყანაში პოეზიის ნომინაციის გამარჯვებულებს ყოველთვის განსაკუთრებულად ელიან. ეს ნომინაცია თითქმის არასდროს რჩება ყურადღების გარეშე.
გადავხედოთ პოეზიის ლაურეატებს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციას:
ნომინაციის ისტორია გაგა ნახუცრიშვილის გულწრფელი, სადა და გულში ჩამწვდომი პოეზიით დაიწყო, პირველი წიგნი, რომელმაც პრემია მოიპოვა სწორედ მისი „გამგზავრება და მოლოდინია“.
„გაგა ნახუცრიშვილის ლექსებში კონტრასტული შტრიხები, პარადოქსები, ნაღველით და ირონიით შეფერილი სტრიქონები, სინათლე და წყვდიადი ერთმანეთშია გადაქსოვილი. თავისებური სიმბიოზი უჩვეულო შთაბეჭდილებას ქმნის.“
-წერდა ამ კრებულის შესახებ პოეტი ანდრო ბუაჩიძე, რომელიც 2005 წელს თავად გახდა პრემიის ლაურეატი წიგნით“ ელნათურები“.
2004 წელს ლაურეატი გახდა წიგნი, რომელიც საეტაპო მნიშვნელობისაა ქართული პოეზიისათვის, პოეზიის ამბა ბესარიონმა - ბესიკ ხარანაულმა თავისი განსაკუთრებული წიგნი დაწერა:
„მე მინდოდა დამეწერა დემოკრატიული ნაწარმოები, სადაც მკითხველი თავს ავტორადაც იგრძნობდა”
„ღმერთო ჩემო, რა მკვდარია ლიტერატურა“ - აღმოხდა ამბა ბესარიონს და დაწერა ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი წიგნი.
2006 წელს პრემიის ლაურეატი რატი ამაღლობელი გახდა პოეზიის კრებულით „წრე“, რომლის შესახებ დაწერილ რეცენზიაში ვკითხულობთ: „რატი ამაღლობელის პოეტური კრებული “წრე” ორი თითქოს და შეურიგებელი კომპონენტის შერიგებით ქმნის განსხვავებულ შთაბეჭდილებას და სწორედ ამით არის საინტერესო.“ (ანდრო ბუაჩიძე)
მომდევნო წელს სულ სხვა ესთეტიკისა და სტილის პოეტმა, შოთა იათაშვილმა მიიღო პრემია წიგნისთვის „სანამ დროა“.
2008 წელს მაია სარიშვილის განსაკუთრებული, სრულიად განსხვავებული კრებული „მიკროსკოპი“ დაჯილდოვდა.
„მიკროსკოპით ნანახი მუნჯი კინო.
თითქოს,
ღმერთი თვალისაკენ რაღაცას ამოგძახის,
მაგრამ მთავარს მაინც არ გეუბნება…“ - სწორედ ასეთია ეს კრებული.
„ნეგატივი“ -ზვიად რატიანი
2009 წელს ლაურეატი გახდა ბათუ დანელიას MIRABILIS VITA, ხოლო 2010 წელს ზვიად რატიანის „ნეგატივი“, წიგნი, რომელიც დღემდე აქტუალურია, ერთგვარ მანიფესტად იქცა ლექსი „ნეგატივი ანუ 20 წლის შემდეგ“ და ყოველ ჯერზე, როდესაც იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, ვიმეორებთ : „ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ“...
2011 წელს პოეზიის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა გივი ალხაზიშვილი კრებულით „ჩაბრუნებული მზერა“, რომლის პოეტიკაც, საბას ლაურეატ, კრიტიკოს ნანა ტრაპაიძის თქმით „ერთსა და იმავე დროს გამოხატავს ბმასა და წყვეტას ტრადიციასთან, რელიგიასთან, ექსისტენციასთან, ყველაფერთან, რაც სულ ცოტა ხნის წინათ გენეალოგიურ მოცემულობად წარმოგვიდგებოდა”.
2012 წელს ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია პაატა შამუგიას ექსპერიმენტული, გაბედული სოციალური პოეზია, კრებული „დაუჯდომელი“, აღსანიშნავია, რომ პაატა ნომინაციის გამარჯვებული კიდევ ერთხელ, 2015 წელს გახდა.
2013 წელს გამარჯვებული გახდა მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის უმნიშვნელოვანესი სახელი, პოეტი ლია სტურუა კრებულით „დავიწყების დღე“, ხოლო ლაურეატი ქალების რიცხი 2014 წელს კიდევ ერთხელ გაიზარდა, ამჯერად საუკეთესოდ დასახელდა ახალი თაობის გამორჩეული სახე, ეკა ქევანიშვილი , კრებულით „სახლის გაყიდვა“.
პოეზიის ნომინაცია განსაკუთრებით თავისი მრავალფეროვნებით, განსხვავებული სახელებით არის გამორჩეული, თუ ბოლო სამი წლის პოეზიის ლაურეატებს შევხედავთ, ეს მრავალფეროვნება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, 2016 წელს ქართული პოეზიის კლასიკოსი, ბესიკ ხარანაული კრებულით „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“, 2017 წელს ახალგაზდა, ძალიან საინტერესო ავტორის, ბექა ახალაიას წიგნი „ ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“, ხოლო 2018 წელს, ფრანკფურტში, ლიტერატურული პრემია საბას ნომინაციაში ზურაბ რთველიაშვილის „პოეზიის დიქტატურა“ დამყარდა.
ვნახოთ, რა მოხდება წელს, მითუმეტეს, ნომინაცია, როგორც ყოველთვის, გამორჩეული წიგნებითაა წარმოდგენილი.
გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".
ავტორი: https://saba.com.ge/