ლიტერატურა სიახლეები

პოეზიის ორი წიგნის ამბავი

„საბა"

ოქტომბერი 26, 2023

პრემია „საბას“ პოეზიის ნომინაციის წლევანდელი სია საუკეთესო ილუსტრაცია იყო იმისა, თუ როგორი მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ესთეტიკისა და კონცეფციის, ენის, ხედვისა და ფორმის პოეტური პროცესებით ხასიათდება თანამედროვე ქართული ლიტერატურა. რამდენნაირი და როგორ სხვადასხვაგვარად საინტერესო პოეტები ჰყავს თანამედროვე ქართულ პოეზიას.

ჟიურის მიერ დასახელებულმა ორმა ლაურეატმა კი ერთგვარად თანამედროვე პოეზიის ორი ხაზი, ორი განშტოება გამოკვეთა - ქართული პოეტური ტრადიციის გაგრძელება თუ მოდერნიზაცია და ქართული ვერლიბრის ახალი გზა.


ჟიურიმ წელს ორი გამარჯვებული დაასახელა- ნინი ელიაშვილი პოეტური კრებულით „სხვა სახელი მოუხდებოდა“ და დათო ქარდავას, იგივე ჯიმშერ რეხვიაშვილის „მეორადი ჰომეროსი“.

ნინი ელიაშვილი

„სხვა სახელი მოუხდებოდა“

(კალმოსანი)

ნინი ელიაშვილი ქართულ პოეტურ ხაზს, ქართული პოეზიის ტრადიციულ ხერხემალს ეყრდნობა და ამ საძირკველზე აშენებს თავის ხმას. მის პოეზიაში ერთდროულად ქართული პოეზიის ცენტრალური, კანონიკური ხაზი იკითხება და ამავე დროს, არაკანონიკური, ხალხური - აშუღური პოეზია, რომელიც თანამედროვე ლექსში იკავებს თავის ადგილს, სრულიად მოულოდნელად და, ამავე დროს, ძალიან ოსტატურად. 


ნინი ელიაშვილის პოეზიის ჰანგი ერთდროულად ლექსთწყობის ცოდნას და ამავე დროს, პოეზიის იმ ინტუიციურ, მაგიურ შეგრძნებას აერთიანებს, რომლის საშუალებითაც, ერთმანეთში არასდროს აგერევა ლექსი და არალექსი. ნინი ელიაშვილი ქართული პოეტური გამოცდილების ნაყოფია, იქნება ეს რუსთველის, გალაკტიონის თუ უფრო გვიანდელი ხანის პოეზია. ეს გამოცდილება კი ყოველდღიურად ახალ და ახალ ფორმებსა და ექსპერიმენტებს შობს. როგორც წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: 

„ამ წიგნით აშკარა ხდება, რომ ნინი ელიაშვილი არ კმაყოფილდება მიღწეულით და საკუთარ, ახალ გზებს ეძებს. ის არ შედის კონვენციური ფორმების ხიბლში, აღარც წინამორბედების ინტონაციას ყვება და ენისა და საზომების ტეხვით აგრძელებს განსხვავებული ხმის ძიებას.“

დათო ქარდავა

„მეორადი ჰომეროსი“

(ზიარი)

დათო ქარდავა ჟურნალისტისა და მწერლის, ჯიმშერ რეხვიაშვილის ლიტერატურული ფსევდონიმია. მას, როგორც თბილისის „მითოსისა“ და რეალობის უზადო მცოდნესა და მთხრობელს კარგად იცნობს მკითხველი. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი დათო ქარდავა -პოეტი გავიცანით, ხოლო მოგვიანებით მისი კრებული „მეორადი ჰომეროსი“ პოეზიის ნომინაციაში გამარჯვებულ წიგნადაც ვიხილეთ.

რაზეა ეს წიგნი და როგორია დათო ქარდავას პოეზია? 

ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად პირველი გასაღები წიგნის სათაურია. რატომ „მეორადი ჰომეროსი“? 


ლიტერატურა ამბების თხრობით დაიწყო, თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამბების პოეტური თხრობით, გმირებისა და ომების თავგადასავლებით. თანამედროვე პოეტი ასეთივე მთხრობელია, ამბების დამმღერებელი, რომელიც ქალაქის, ამ ურბანული ჰადესის ამბებს გვიზიარებს. წიგნში ეს თანამედროვე, მეორადი ჰომეროსი ქალაქის რუტინის შვიდ დღეს გვიყვება, შვიდ დღეს მოგვითხრობს. შვიდიც მითური რიცხვია, მერე რა, რომ ქალაქი, სადაც გმირი დახეტიალობს, თბილისია და არა ვთქვათ, ილიონი ან შვიდჭიშკრიანი თებე. ამ ქალაქის მეორად მითოსსაც ჰგავს თავისი მეორადი გმირები - ბოშა ქალი სისხლიანი ბროწეულებით, სანტექნიკოსი, მეეზოვე, მუშა თუ მალიარი, ეს უნაყოფო ხეების მითოლოგიაა, მხოლოდ შაშვები რომ აცოცხლებენ და, რაც მთავარია, თავად მთხრობლის ამბავი, მთხრობლისა, რომელსაც თავი ათი წლის ასაკში, სწორედ ამ ქალაქში მოუკვდა. 


ვინ არის ამ მითოსური და თან რეალური, ყოფითი და სოციალური პრობლემებით გატენილი ქალაქის მთავარი გმირი? იქნებ აქილევსი, რომელსაც წინდა გამოხევია?  

დათო ქარდავამ ამ ქალაქის შესახებ ბევრი მოგვითხრო თავისი პროზაული

ტექსტების საშუალებით, თუმცა, პოეზიით კიდევ უფრო მეტი გაგვიმხილა.




ავტორი: "საბა"

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა