მუსიკა | ცა

წრე - პოეზიისა და მუსიკის ჰარმონიული ნაზავი

Tsa.Music

მაისი 08, 2022

მიუხედავად იმისა თუ რა სტაჟისა და წარსულის მელომანები ვართ, ყველას გვყავს რჩეული მუსიკოსების მცირე სია, რომელთაგანაც უმნიშვნელო სიახლესაც გულმოდგინებით ველით ხოლმე.


სამყაროში არსებული რაღაც მანქანებით, ხშირად ისე ხდება რომ სწორედ ისინი გვალოდინებენ ყველაზე მეტს, თუმცა შედეგით მალევე ვრწმუნდებით რომ ეს ნამდვილად ღირდა.

ჩვენამდე მოღწეულ გოგი ძოძუაშვილის ისედაც იშვიათ ინტერვიუებში, ავტორი აღნიშნავს რომ მისთვის არც ისე ადვილია ტექსტობრივ მედიუმთან მუშაობა, ამიტომაც ხშირად ირჩევს ისეთ კოლაბორაციებს, სადაც მუსიკაში ამ ნაწილს საკუთარი მოამაგე ეყოლება. სწორედ მსგავსი თანამოქმედებით შეიქმნა დღეს უკვე ბევრისთვის მნიშვნელოვანი კომპოზიციები 2000-იანი წლებიდან, მაია სუმბაძის, ირაკლი კაკაბაძის თუ რატი ამაღლობელის ტექსტებზე.

პოეზიისა და მუსიკის გაერთიანება ახალი სულაც არ არის - ფაქტობრივად მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, შტატებში სრულიად ახალი და ცალკე ჟანრიც კი ჩამოყალიბდა ამის საფუძველზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. თუმცა ის ალბომი რომელზეც დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო, სრულიად განსხვავებული ამბების მოყოლას, უფრო სახასიათო მელოდიურობით ცდილობს.  


გოგი ძოძუაშვილისა და რატი ამაღლობელის შემოქმედებითი მეგობრობა 90-იანი წლების ბოლოდან იწყება, როდესაც თამაზ რემერმა დადგა თანამედროვე ბალეტი “დილის საარი” და P.I.B. ის პირველ ალბომში კომპოზიცია „დამშვიდდი“ შევიდა, რომელიც ამაღლობელის ლექსს ეფუძნება.


მას შემდეგ, 2000-იან წლებში იმ პერიოდისთვის აქტიურ ხელოვნებასთან დაკავშირებულ ბეჭდვით გამოცემებთან ერთად, რომლებსაც ქართული თანამედროვე მუსიკის კომპილაციური CD დისკებიც თან მოჰყვებოდა, პერიოდულად რამდენიმე საერთო კომპოზიცია ისევ ამოტივტივდა. თუმცა ყოველთვის იგრძნობოდა რომ ფარდებს მიღმა კიდევ ბევრი საინტერესო ისტორია იმალებოდა, რომელმაც საბოლოოდ 2022 წლის დასაწყისში CES Records-ზე ამოჰყვეს თავი.

„წრე“ ეს არის 12 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი, რომელი დასახელებითაც პოეტური კრებული ჯერ კიდევ 2006 წელს გამოვიდა.

საკუთრივ ალბომი 17 წლის მანძილზე, სხვადასხვა გარემოებაში და შესაბამისად ავტორების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იწერებოდა და 2 განსხვავებული ტიპის კომპოზიციებისგან შედგება - პირველ ნაწილში რატის ტექსტები გამოყენებულია როგორც სიმღერის ტექსტი, რომელსაც გოგი კითხულობს, მეორე ნაწილში კი თავად რატი კითხულობს ლექსებს მუსიკის თანხლებით.

ალბომის პირველი კომპოზიცია „მოდის გზა“ ქართული ხასიათისაა და ამავდროულად ტრიბალური პერკუსიული ელემენტით იხსენება, ლექსს თავად ავტორი კითხულობს მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული თხობის სტილით, რასაც კომპოზიციის შუა ნაწილში ძოძუაშვილის ელექტრონიკა ახალი სივრცეებით ავსებს.


მეორე კომპოზიცია წვიმა ერთ-ერთია, რომელიც 2000-იან წლებში ჟურნალ „ანაბეჭდის“ ნომერში აღმოვაჩინე. ეს მელანქოლიის ბურუსში გახვეული ადამიანის ფიქრებია, რომლისთვისაც შესაბამისი ხმოვანი ბგერებიც გამოუჭედია ავტორს.


როჯერ მოუზლი რატი ამაღლობელის ერთ-ერთი ცნობილი ლექსია, რომელის მუსიკალური ვერსიაც პირველად “Artarea“-ს სივრცეში მოვისმინე 6 წლის წინ. აქ საინტერესოა რომ ტექსტის კითხვა და და მელოდიური ნაწილი თითქოს მთლიანად ცალკე დინებას მიჰყვებიან, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთიან, ემოციურ ჯაჭვს ქმნიან.


გოგი ძოძუაშვილისგან აქამდე ძირითადად ინგლისურენოვან ტექსტებს ვიყავით შეჩვეულნი, როგორც ის ამბობს, ეს მისთვის უფრო საერთაშორისო კომინიკაციის ენაა, ვიდრე მხოლოდ ბრიტანული ტექსტი. თუმცა განსხვავებულ სიტუაციას ვაწყდებით სიმღერაში ეს სიყვარული სადაც რატი ამაღლობელს, უკვე ძოძუაშვილის ქართული თხრობა ენაცვლება, სიმღერას როგორც ამ სიყვარულს მსმენელთან მედიტაციური განწყობა მოაქვს.

სიყვარული ცივ წყაროს გავდა,

პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,

რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდი

სულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან“

ბევრჯერ მითქვამს რომ Goslab-ის ფარგლებში გამოსულ მუსიკას თავისებური, თბილისური ჟღერადობა ჰქონდა, სწორედ ამ ქალაქზეა ალბომის შემდეგი სიმღერაც, რომელიც თბილისის დამახასიათებელ სიუჟეტს აღწერს.


ანბანი შემდეგი კომპოზიციაა, რომლის განსხვავებული ვერსია, ნატალია ბერიძის შესრულებით ადრეც ხელმისაწვდომი იყო. პოეზია პაუზაა...“ ჰიპნოტურად, შამანის ხმასავით ჩაგვესმის შემდეგ სიმღერაში - პაუზა და შეჩერება, რომელიც ხშირად ცხოვრებაში მოქმედებაზეც მნიშვნელოვანია.


ალბომის სახელობითი კომპოზიცია ალბათ ჩემი ფავორიტია - ჰაეროვანი და ამავდროულად მარტივი ბგერითი გაშლა, ბასრი რითმებისთვის სივრცეს ათავისუფლებს და მსმენელიც უერთდება სულიერების ნაკადს, რომელიც წრეს კრავს და ასე უხვად რომ გადმოედინება ავტორის ბაგეთაგან“


„შემოიხედე ჩემს თვალებში, შემოდი, ნახე

ის, რაც ვერასდროს ვერ იხილეს სხვისმა თვალებმა,

მოვძებნოთ სხვენში ხელთუქმნელი მაცხოვრის სახე,

როგორც ჭრილობა, სიყვარული და შებრალება.“

აქვეა ალბომის მეორე პერსონალური ფავორიტი უთო“, რომელიც აქამდე ნინო ქათამაძის შესრულებით თუ მოუსმენია მსმენელს - გოგის ვერსია კიდევ უფრო განსხვავებულ ემოციურ ტალღას წარმოშობს მსმენელში, ისეთს იშვიათად ცოცხლად რომ გაგრძნობინებს თავს.

ბაღიდა დაფნარში მუსიკა უფრო ფონურ ხასიათს ატარებს და რითმებს უთმობენ გზა-სავალს. ბოლო კომპოზიცია დამშვიდდი კი ჩვენს ცხოვრებაში „სიმშვიდის მომშვილდვისკენ“ მოგვიწოდებს.


საბოლოო ჯამში ალბომს ეტყობა რომ სრულიად განსხვავებულ პერიოდებში იწერებოდა და რაიმე ერთიან ისტორიას ნაკლებად თუ გვიყვება, თუმცა მუსიკალურად მსმენელი პირველივე შეხებისას ადვილად შეამჩნევს გოგი ძოძუაშვილის ხელწერას. რატის და გოგის მსგავსმა თანამოქმედებამ ვფიქრობ კიდევ უნდა დააფიქროს თანამედროვე ქართველი პოეტებიცა და მუსიკოსებიც იმაზე, თუ რამხელა თავისუფალი სივრცე არსებობს მსგავსი ექსპერიმენტებისთვის, სივრცე რომელსაც გამოყენება ჭირდება.


ავტორი: ჯაბა შავიშვილი