ბიზნესი

Plastic Watcher - ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებული

21-ე საუკუნის კომპანიის საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებასა და მის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, ისევე, როგორც საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას დიდი ადგილი უკავიათ.

ოქტომბერი 16, 2020

თუმცა კარგი CSR სტრატეგიის დაგეგმვა არც ისეთი ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უპირველესად, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ინტერესებსა და საჭიროებებზე დაფიქრება, ბრენდის ღირებულებების გადაფასება და პროექტების მორგება მათზე. ასეთივე ფრთხილ მიდგომას მოითხოვს თანამშრომლებზე ზრუნვაც, რადგან, ერთი მხრივ, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე აისახება დასაქმებულის მოტივაცია, მეორე მხრივ კი, საჭიროა, კავშირი არ დაიკარგოს კორპორაციის ინტერესებთან. 



გასულ წელს ამერიკელმა პროფესორმა, მაიკლ ჰოპკინსმა, თბილისში სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობასა და სტრატეგიის დახვეწაზე ისაუბრა. მან CSR-ის ფარგლებში შექმნილი პროექტები სამ ტიპად დაყო და მათ პოტენციურ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი მდგრადობას მიანიჭა — რამდენად შეძლებს პროექტი გაზრდასა და განვითარებას საწყისი ინვესტიციის შემდეგ. ამასთან, ჰოპკინსის აზრით, აუცილებელია საქმიანობის გამჭვირვალობა, მომხმარებლისგან მიღებულ უკურეაქციაზე მუშაობა და სხვადასხვაგვარი ინდიკატორების გამოყენებით, როგორც პროექტის, ასევე მათი კომპანიის რეპუტაციაზე გავლენის შეფასება. 


"CSR კომპლექსური ცნებაა, რომელიც ბიზნესის პასუხისმგებლობაზე აისახება ყოველდღიური საქმიანობით. ბევრ კომპანიას მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ ქველმოქმედება არის CSR — თუმცა, მიუხედავად ამისა, ქველმოქმედება კარგი CSR სტრატეგიის შექმნის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს", — განაცხადა ჰოპკინსმა.

როგორ იქცევა სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმატების საიდუმლოდ


ინოვაციური იდეით შექმნილ ქართულ კომპანიას, Plastic Watcher-ს, ნამდვილად აქვს გააზრებული სოციალური პასუხისმგებლობის და სიახლეების მუდმივად შეთავაზების პარალელურად საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მნიშვნელობა. ამასთან, კომპანიისთვის პრიორიტეტულია ზრუნვა, როგორც ადამიანებზე, ასევე მათ საცხოვრებელ გარემოზე. 


Plastic Watcher გასულ წელს თიბისის ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში. კომპანია პირადი ინიციატივით შეიქმნა და ერთგვარ ეკოლოგიურ აქტივიზმს წარმოადგენს — ისინი ცდილობენ, გადამუშავებული ნარჩენებით შექმნან სხვადასხვაგვარი პროდუქტები: ჩანთები, ქუდები, საწვიმრები, ფანქრის ჩასადებები და სხვა. ამგვარად ბრენდი მდგრადი ეკოლოგიური განვითარების ხელშეწყობასა და გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.


რადგან კომპანიის მიზანი "ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანაა", Plastic Watcher-ს ჯილდო, მეტწილად, სწორედ ადამიანებისადმი ხმის მისაწვდენად, გარემოს დაბინძურების პრობლემებზე სასაუბროდ და ორიგინალური ალტერნატივის შეთავაზებისათვის სჭირდებოდა. 


ბიზნესდაჯილდოების ხუთივე ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, სამიდან ერთ-ერთი სასურველი პრიზი აირჩიოს საკუთარი ბრენდის საჭიროებებიდან გამომდინარე: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია ან პროგრამული უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში, Plastic Watcher-მა პირველ მათგანზე შეაჩერა არჩევანი, თუმცა მასზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან, როგორც ეკატერინე აღნიშნავს, მეტად მნიშვნელოვანი პლატფორმა იქმნება.


"Plastic Watcher-სთვის მთავარი არ არის, რომ შეიქმნას უბრალოდ ონლაინმაღაზია. ჩვენ გვსურს, ეს იყოს ერთგვარი შემეცნებითი პორტალი, სადაც გარდა ჩვენი პროდუქციის შეძენისა, ადამიანები დამატებითი ინფორმაციით დაინტერესების შემთხვევაში შეძლებენ უფრო მეტი შეიტყონ, მაგალითად, ცირკულარულ ეკონომიკაზე, მდგრად მოდაზე, გარემოზე, ნეგატიური კვალის შემცირების შესაძლებლობებზე და ამასთან ისეთი საინტერესო ადგილების შესახებ, რომელთა საქართველოში არსებობა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია", — ამბობს ეკატერინე. 


იგი ასევე აღნიშნავს, რომ განახლებულ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია სხვადასხვა კოლაბორაციებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. 


"ამ დამატებითი ფუნქციების გამო, ვებგვერდის შექმნას, შედარებით, დიდი დრო დასჭირდა, თუმცა, დაახლოებით, ორ კვირაში იგი მზად იქნება და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ჩართულობა დიდი იქნება და ისინი მიწოდებული ინფორმაციისგან გარკვეულ შთაგონებას მიიღებენ. ვფიქრობ, ეს მათ ქმედებასა და ხედვაზე, განსაკუთრებით, საოჯახო საქმიანობისას მიღებულ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე გავლენას იქონიებს", — ხაზს უსვამს კომპანიის დამფუძნებელი პასუხისმგებლობის გააზრებას პლასტმასას მოხმარებისას.



"ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, გზა გაგვეკვლია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბაზარზე შექმნილი სხვადასხვა ბიზნესმოდელის არსებობა საჭიროა — რომ ეს მხოლოდ დიდი კორპორაციების CSR-ის ნაწილად კი არ დარჩეს, არამედ იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ეკონომიკურ საქმიანობას წამოიწყებს", — აცხადებს ბიზნესდაჯილდოების პრიზიორი,"

"ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ცირკულარულ ეკონიმიკაზე საუბარი — ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებით და გამარჯვებით, გაგვეხსნა ახალი პლატფორმები, სადაც ამ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს შევძლებდით".

“ყველას ვურჩევდი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღებას. გარდა იმისა, რომ მასში გამარჯვება და ჯილდოს მიღება ჩვენთვის ბევრისმომცემი იყო, მონაწილეობაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან არაერთი საინტერესო ადამიანი გავიცანით და ასევე, შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო მეტი ადამიანისათვის მიგვეწვდინა ხმა”.

—   ეკატერინე ასათიანი, Plastic Watcher-ის დამფუძნებელი

სამომავლო გეგმებზე საუბრისას Plastic Watcher-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანიის ყოველდღიურობაში სიახლეები მუდმივადაა და ისინი მუდმივად უკავშირდება გარემოზე ნეგატიური კვალის შემცირებას.


"მაქვს საინტერესო იდეები, კიდევ როგორაა შესაძლებელი ნარჩენების გადამუშავებით ახალი პროდუქტების დამზადება. არ ვაპირებთ გაჩერებას — ყოველდღიურად ვმუშაობთ, ვფიქრობთ, ვეცნობით საერთაშორისო გამოცდილებასა და სიახლეებს და ვცდილობთ, ჩვენთან დავნერგოთ ისინი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როცა მოწყენილობაა და გვსურს, ადამიანებს ხალისი და გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვის შესაძლებლობა დავუბრუნოთ", — დასძენს ეკატერინე. 


შეგახსენებთ, რომ ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. როგორც წინა წლის გამარჯვებულები აღნიშნავენ, თქვენი კომპანიის განვითარებისა და დახვეწისათვის ეს უნიკალური შესაძლებლობაა. რეგისტრაცია ვებგვერდზე ნოემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებული ბრენდები კი დეკემბერში გამოვლინდებიან.