ბიზნესი

PROFY | რა შეცვალა ბიზნესდაჯილდოებამ ქართული ბრენდის საქმიანობაში

ქართული კომპანია თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულია. Profy-მ ჯილდო საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის მიიღო.

ოქტომბერი 22, 2020

ინოვაციების ეპოქაში ცხოვრებამ ბაზარზე სიახლეების მუდმივი მოლოდინი ბიზნესსექტორის ყოველდღიურობად აქცია. სერვისების დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების ინტეგრირება, მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილების გაუმჯობესება — ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომლის წინაშეც არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, არამედ დიდი კორპორაციებიც დგანან. ერთი შეხედვით, სწორედ კომპანიის მასშტაბი და მისი გამოცდილება განაპირობებს წარმატებას, ქართული ბრენდი — Profy  ამტკიცებს, რომ ხერხი ღონეს ნამდვილად სჯობს.


როგორი იყო კომპანიების განვითარების გავლილი გზა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა როლი შეასრულა ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებამ სამომავლო წარმატების განსაზღვრაში და რა სიახლეებზე მიმდინარეობს მუშაობა ამჟამად — ამ თემებზე კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ. 

"არნახული კომფორტი" როგორც მომხმარებლისთვის, ასევე — დასაქმებულისთვის


მაშინ, როცა Profy-მ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა გადაწყვიტა, კომპანიას მუშაობა სულ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა. 2019 წლის მარტიდან Profy მომხმარებელს "სახლისთვის საჭირო სერვისების მისაღებად არნახული კომფორტის" შექმნაში ეხმარება, თუმცა ბრენდის შექმნილი სერვისი მოსახერხებელი და სარგებლიანი არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ დასაქმებულისთვისაც არის, რომელსაც მასზე მორგებულ პირობებში უხდება მუშაობა და შესაბამისი ანაზღაურების გამომუშავება. Profy-ის როგორც ვებპლატფორმა, ასევე აპლიკაცია, მომხმარებელს სთავაზობს, მარტივად აირჩიოს სასურველი მომსახურება და მასთან ერთად — ოსტატიც, ვინც სამუშაოს შეასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თქვენ შეგიძლიათ წინა დამკვეთის კომენტარი ნახოთ, ასევე ოსტატის რეიტინგი და მხოლოდ ამის გათვალისწინებით გადაწყვიტოთ, ვის ანდოთ საქმე. 


"ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღებისას ოპერირება ახალი დაწყებული გვქონდა, ფაქტობრივად, სერვისის გაშვებიდან ორი თვე იყო გასული და ამდენად მცირე ხანში მოვახერხეთ ამ სტატუსის — საუკეთესო სტარტაპის — მოპოვება", — ამბობს Profy-ის გენერალური მენეჯერი, ირაკლი ზანთარაია, On.ge-სთან საუბარში, — "შესაბამისად, საუკეთესო სტარტაპად აღიარებამ ჩვენი კომპანიისთვის კარგი შედეგები გამოიღო. ბრენდის ცნობადობა და ნდობა გაიზარდა და განვითარებაში დაგვეხმარა". 

ბიზნესდაჯილდოების ნებისმიერ ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიას უფლება აქვს, თავად აირჩიოს ბრენდის განვითარებისათვის საჭირო პრიზი. Profy-მ არჩევანი საიმიჯო ვიდეორგოლის მომზადებაზე შეაჩერა, რადგან, როგორც ირაკლი აღნიშნავს, იმ დროისათვის კომპანიას დაანონსებული ჰქონდა ახალი სერვისის — დალაგების — გაშვება, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პროცესები გაიწელა და ვიდეორგოლი ივლისის თვეში გამოვიდა. კომპანიის გენერალური მენეჯერის თქმით, ეს პრიზი ხარისხიან პროდუქტად იქცა და მათ ძალიან დაეხმარა, პირველ რიგში კომპანიის რესურსების დაზოგვის თვალსაზრისით. 


რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობის მიღების მოტივაციასა და მოლოდინებს, ირაკლი ამბობს, რომ კომპანიაში წარმატების სჯეროდათ. 

"ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამარჯვება იყო, რადგან როცა აპლიკაცია შევავსეთ, ჩვენ ნამდვილად გვჯეროდა, რომ საქართველოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპი ვიყავით და შევქმენით ისეთი ღირებული პროდუქტი, რომელმაც როგორც მომხმარებელს, ასევე სერვისის მიმწოდებელს კომფორტი შეუქმნა", — აცხადებს ირაკლი, — "შესაბამისად, ჩვენ ბაზარზე ეკონომიკური შესაძლებლობები შევქმენით, სადაც ადამიანები დავასაქმეთ და დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება მივეცით. მეორე მხრივ, მომხმარებელს ვპირდებით მაღალი ხარისხის მქონე ხელმისაწვდომ სერვისებს". 

გარდა დაპირებული ხარისხიანი მომსახურებისა, კომპანია მომხმარებლისთვის სხვა სიახლეებსაც ამზადებს; მათ შორისაა განახლებული აპლიკაცია, რომელზე მუშაობაც უკვე დასრულებულია და აპსტორებში გაშვებისათვის მზადაა. მიმდინარეობს ვებგვერდის სრული რედიზაინიც. ამასთან, კომპანიაში ბაზრის მოთხოვნების კვალდაკვალ არსებული სერვისების დახვეწაზეც მუშაობენ.

"მუდმივ რეჟიმში ვამონიტორინგებთ ბაზარს, ვიღებთ გამოხმაურებასა და უკუკავშირს ჩვენი მომხმარებლებისგან", — ამბობს ირაკლი, — "როგორ აღვნიშნე, ივლისში დალაგების სერვისი გავუშვით და ძალიან კარგად იმუშავა: კმაყოფილი დარჩა ჩვენი ძველი მომხმარებელი და ამასთან, ახალი მომხმარებლებიც შევიძინეთ მისი საშუალებით. გარდა ამისა, ძალიან მალე ვამატებთ რემონტის შემდგომ დალაგებისა და დიასახლისის საათობრივი დახმარების სერვისებს. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ შეგიძლიათ, ორი, ოთხი, ექვსი ან რვა საათით დაიქირავოთ დიასახლისი. მომსახურება მოიცავს მიკროსერვისებსაც, მაგალითად, თუ ბევრი რამ არ არის გასაკეთებელი, შეგიძლიათ, ორი საათით საოჯახო საქმეებში დაიხმაროთ იგი". 

მომავალში, ასევე მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით, იგეგმება მცირე სარემონტო მომსახურების დამატებაც, რაც მოიცავს, მაგალითად, პარკეტის დაგებას, შპალერის გაკვრას, სამღებრო სამუშაოებს და სხვა.  


PROFY-ის ამ და სხვა სიახლეებისთვის თვალის დევნება მათი ფეისბუქგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ. 

ავტორი: On.ge