მუსიკა | ცა

„ორერა“ - ორერა(1967) LP

მარტი 15, 2023

ფოტო: სერგო ედიშერაშვილი

1960-იანი წლების საქართველო,  ნამდვილი „საბჭოთა სამოთხე“  იყო -   კორუმპირებული, „აყვავებული“,  „მდიდარი“.   სამამულო ელიტას და საზოგადოებას ამბიციებიც სერიოზული  ჰქონდა,  როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული.  ის მითი,  რომ ჩვენ  ყველასგან  გამორჩეულები და პროგრესულები  ვიყავით  სსრკში, სწორედ მაშინ გაჩნდა. აქ საბჭოთა კომუნისტური იდეალები, თითქმის  ბოლომდე დევალვირებული იყო.

პირდაპირ თუ ირიბად, ასეთი განწყობა  სტალინის კულტის დაგმობამ და  1956 წელს თბილისში დემონსტრანტი ახალგაზრდობის დახვერეტამ განაპირობა.  ყველა,  სამამულო კომუნისტური  ნომენკლატურაც  კი, თავს ეთნიკურად შეურაცხყოფილად  გრძნობდა  და მოსკოვის  მიერ თავს მოხვეული  იდეოლოგიური ღირებულებებისადმი არანაირ მორალურ პასუხისმგებლობას აღარ გრძნობდა.  ცხადია, ასეთი განწყობები  მჟღავნდებოდა ქართულ სახელოვნებო სივრცეშიც -  პოეზიაში, ლიტერატურაში, კინოში.

ეგრეთ წოდებული ეზოპეს ენის მასიური დანერგვაც სწორედ ამის შედეგი იყო.  საბჭოთა იდეოლოგიით გაჟღენთლი  ნამუშევრების შექმნა, უკვე ისე აღიქმებოდა,  როგორც სავალდებულო  ხარკი მოსკოვისთვის, რომელსაც თან მსუყე ჰონორარებიც მოჰყვებოდა.  სიტუაციის ასეთი ტრანსფორმაციის  მიზეზები  კრემლში   კარგად  იცოდნენ და სულ არაა გამორიცხული, რომ სწორედ მაშინ შეიმუშავეს „ახალი ქართველის“   ხიბლში ჩაგდების მზაკვრული  გეგმა  -  თვალის დახუჭვა ქართულ „ ცელქობებზე“ -   საზოგადოების კონფორმისტულ ილუზიებში ჩაგდება და  რეალური  დისიდენტური სულისკვეთების  დაბლაგვება.

ამ გეგმამ  ეფექტურად იმუშავა,  თუმცა  იყო დადებითი მხარეებიც  -  შეიქმნა მოჩვენებითი,  თუმცა მაინც ხელსაყრელი ველი - ქართული,   სპეციფიკური, „თამამი“  კულტურული არტეფაქტების შესაქმნელად. ცხადია,  კასტრირებული ფორმით, მაგრამ  მაინც. პირველ რიგში,  ეს  ყველაფერი  აისახა ახალგაზრდულ ქართულ კულტურაზე, რა თქმა უნდა მუსიკალურზეც  და აი, სწორედ ამ დროს გამოდიან ავანსცენაზე  ქართული ესტრადის  ახალი კორიფეები 0  „რერო“, „ორერა“, „დიელო“ და სხვა.

„ორერა“ უცხო ენათა ინსტიტუტში შექმნილი ვოკალური კვარტეტი იყო, რომელიც აკომპანიმენტად მხოლოდ აკუსტიკური გიტარებს იყენებდა.  „უცხო ენებში“  სწავლა მათ აძლევდა პრივილეგიას, ვითომ პროფესიული პრაქტიკის გაღრმავების მიზნით, რეპერტუარში შეეტანათ  სიმღერები უცხოურ ენებზე, თუმცა მთავარი მაინც  კვარტეტის ხელმძღვანელის, რობერტ ბარძიმაშვილის იმ სიახლეებით დაინტერესება იყო, რომელიც დასავლურ პოპულარულ მუსიკაში ხდებოდა.

1950-იანების მიწურულს, ამერიკაში მოდაში იყო ჟანრი„დუ ვოპი“ - მელოდიური, რითმული სიმღერები, რომელსაც  მამაკაცთა ვოკალური ჯგუფები ასრულებდნენ. ეს ფორმატი  კარგად  ერგებოდა  ქართულ სასიმღერო  კულტურას,  „ორერამაც“  ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვიტა  ეს ტრენდი ქართულ რეალობაში გადმოეტანა, რამაც უზრუნველყო მათი დიდი პოპულარობა ახალგაზრდებში.

„ორერა“ და რობერტ ბარძიმაშვილი ამით  არ დაკმაყოფილებულან,  მათ სურდათ გაემდიდრებინათ და უფრო მოდური გაეხადათ  ინსტრუმენტული ჟღერადობა, თან მხოლოდ საკუთარი ძალებით. მაშინ  უკვე არსებობდა  საესტრადო ორკესტრები,  ჯაზანსამბლები  და „ბიგბენდებიც“ კი, მოწვეული მომღერლებით თუ  სოლისტებით,  მაგრამ  მცირე მობილური ბენდი, რომლის წევრებიც თვითონვე დაუკრავდნენ, იმღერებდნენ და სიმღერების არანჟირებასაც გააკეთებდნენ, ასეთი მაშინ საქართველოში კი არა, მთელ სსრკ-შიც არ იყო.

ბენდმა დაიმატა სამი  ინსტრუმენტალისტი წევრი,  რომელმაც  ძველ 3 წევრთან კომბინაციაში  შექმნა „ორერას“ საფირმო საუნდი - მოჯაზო, მოსვინგავე, საესტრადო, ჯგუფურ-ვოკალური, ეთნო-პოპ აქცენტებით. ბენდის ყველა წევრი კარგად მღეროდა და რამდენიმე ინსტრუმენტსაც უნარიანად ფლობდა.

აი, ასე გაჩნდა სსრკ-ში პირველი „ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი“, ანუ შემოკლებით „ვია“. მოგვიანებით, მათ მიერ შემუშავებული ეს ფორმატი იქცა ორიენტირად ზოგადად „ვია“ იდიომისთვის, რომელიც მხოლოდ სსრკ-ში განვითარდა და დასავლური „პოპ-როკ ბენდის“ საბჭოთა ალტერნატივადაც კი მოიაზრებოდა. არ ვიცი, 1964-65 წლებში სხვა რესპუბლიკებში რამდენად იყო ეს შესაძლებელი, თუმცა საქართველოში ნამდვილად გახლდათ ამბიციაც, ნებაც, გამორჩეული მოდური ლტოლვაც და თქვენ წარმოიდგინეთ, შედარებით ლიბერალური გარემოც კი.

1964 წელს ”ორერამ“, როგორც ვოკალურმა კვარტეტმა პირველი ალბომი გამოუშვა. აი, მეორე, 1967 წელს გამოშვებული (ჩაიწერა 1965-66წ) ალბტომი კი, უკვე ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის რანგშია გამოქვეყნებული. ეს ალბომი არ არის საუკეთესო „ორერას“ კარიერაში, მაგრამ ის ისტორიულია,  რადგნ ფაქტობრივად პირველი ფსევდო პოპალბომია - ლაღი და ახალგაზრდული,  ყოველგვარი კომკავშირულ-იდეოლოგიური პათოსის და შინაარსის გარეშე. ისე,  მაინც არის ერთი სერიოზული კომპრომისი,  თუმცა ამაზე ცოტა ქვევით. 

ალბომი იხსნება სიმღერით  „ჩვენ გოგონებს“ (ცაბაძე-დიასამიძე) -  ტიპური  „ორერა“, რობერტ ბარძიმაშვილის  ხმა (უმთავრესად სწორედ ის სოლირებს ალბომში),  არანჟირება სვინგში  სასულე  სექციით. მაშინ ცაბაძე გახდა  „ორერას“ ლამის პრინციპული სონგრაითერი.

ის მანამდეც  პოპულარული კომპოზიტორი იყო,  თუმცა „ორერას“ შემდეგ განსაკუთრებულად მოდური ავტორი გახდა, რადგან მისი სიმღერების სწორედ „ორერასეული“  ვერსიები  ჟღერდა აქტუალურად, ახალგაზრდულად,  უდარდელად და ირონიულადაც კი.  „ორერა“  საკუთარ სიმღერებს არ წერდა, რომც ეცადათ, ძნელი სათქმელია, მიეცემოდათ  თუ არა  ამ სიმღერების შესრულების უფლება.

სსრკ-ში ყველგან და ყველაფერში მოქმედებდა შრომა-ანაზღაურების   გეგმიური განაწილების პრინციპი - კომპოზიტორს და პოეტს სიმღერები უნდა ეწერათ, ანსამბლების საქმე კი მხოლოდ შესრულება და ინტერპრეტაცია იყო,  პრინციპში ისედაც საეჭვოა,  ოდესმე „ორერას“ საავტორო ამბიციები ან უნარები ჰქონოდა.  

ახლა კი ზემოთ ნახსენები  კომპრომისის შესახებ. თითქმის ყველა ქართული სიმღერას,  „ორერა“ ასრულებდა ორ ენაზე,  ქართულად და რუსულად.  ეს  ალბათ,  ვალდებულებაც იყო  და აუცილებლობაც, აი ბენდის საკავშირო მასშტაბით პოპულარულად ქცევისთვის კი, საკმაოდ მომგებიანი  სვლა. რუსული ყველგან ესმოდათ და ასე ყველგან იგებდნენ სიმღერების შინაარსს.

ბიჭები მღეროდნენ  ხაზგასმული ქართული აქცენტით და არა  იმიტომ, რომ რუსული არ ეხერხებოდათ, უბრალოდ ეს სიმღერები,  უაღრესად ქართული ინტონაცია- მელოდიებით და  ქართული მანერული, ვოკალური ჰარმონიებით,  ცოტა მოუხერხებლად   ჟღერდა რუსულად, ამიტომ  რუსული კუპლეტები აშკარად აფუჭებდა ამ კომპოზიციებს, სამაგიეროდ დიდწილად განაპირობებდა  მათი უზარმაზარი წარმატებას დედამიწის ერთ მეექვსედზე.

  ”ცისფერთვალება  ჯადოქარი“ (შ.მილორავა-ლ.ჭუბაბარია) smooth-ჯაზ-კაბარე სტილის სიმღერაა. აქ ”ორერას“ შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა ნანი ბრეგვაძე. ნანი სოლო მომღერალი იყო, თუმცა წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა  „ორერასთან“.

აქ უკვე სრულად დომინირებს შესრულების მისი საფირმო მანერა, არავისში რომ არ აგერევა ისეთი. მკაფიოდ იკვეთება მისი უნარიც, საკუთარი ფრაზირება ეფექტურად მოარგოს რუსულ  ენას. სწორედ ასე დაიწყებს ის რუსული რომანსების შერულებას, რომელიც მას  ფენომენალურ პოპულარობას მოუტანს რუსეთში და არა მარტო იქ.  

„სიყვარული“ (love)  იმდროინდელი ამერიკული პოპსტანდარტი, ცოტა ტვისტი,  ცოტა დუ ვოპი და ცოტა როკენროლიც კი.  ელექტრო გიტარა ისეა  გამოკვეთილი, როგორც  ოფიციალურ სცენაზე იქამდე არასდროს. 

ეს ის პერიოდია, როცა სამამულო მსმენელს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა როკ თუ პოპმუსიკაზე  და  ასეთი მომრგვალებული,  დარბილებული  ამერიკული პოპსტანდარტი სრულებით  აკმაყოფილებდა მათ თანამედროვე სამომხმარებლო ამბიციებს.  

„ახ, ტურფავ ტურფავ“- ნამდვილი შედევრი და ამ სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია. ვოკალური თუ რიტმული უზრუნველყოფა უზადოა. ქართული ფორმა, რომელშიც ვოკალი ზედაპირზეა ამოტივტივებული და „ჩაგრავს“ აკომპანიმენტს, აქ ირღვევა. თემის ინტერპრეტაცია, გიტარა, ელექტროპიანინო, პერკუსია, ზოგადად საუნდი ეფექტურია და დროის იმ კონტექსტის გათვალისწინებით მოულოდნელიც. 

სუპერპოპულარული სიმღერა „ადანდალი“ (რ.ლაღიძე-პ.გრუზინსკი) - დარდიმანდული, ნეოყარაჩოღლური, ქალაქური ფოლკპოპი, დოლით და  ელექტრო კლავიშებით, სხვა დანარჩენი, ტრადიციული „ორერაა“  

Day by Day - 1940-იანი წლების   სახელგანთმული ამერიკული  სტანდარტი, რომელსაც ფრენკ სინატრა ასრულებდა. „ორერას“  ვერსია უდავოდ საინტერესოა, განსაკუთრებით ვოკალის კუთხით.  ზოგადად „ორერას“  კრედოც  ეს იყო, იღებდნენ დასავლურ  სიმღერას და ვოკალურად ცდილობდნენ მის  ქართულად ქცევას, ოღონდ ორიგინალის ენაზე. ეს იყო „იმპორტული პროდუქტის“   ეროვნული სენსიტიურობით გაჯერება. აბა რა უნდა ყოფილიყო ამაზე მომგებიანი ფორმულა მაშინ? არც არაფერი.

სავალდებულო რუსული სიმღერა тополя,  ამოვარდნილია ზოგადი  კონტექსტიდან,  აქ  იგრძნობა „ორერას“ კიდევ ერთი წარმატებული ფორმულა - რუსული სიმღერების ქართულად მრავალხმოვან-ტკბილხმოვნად  შესრულება, რაც  ეფექტური სატყუარა იყო  რუსი პუბლიკისთვის და  მათ სრულ მელოდრამატულ განიარაღებასაც იწვევდა. სხვათა შორის,  ჩვენშიც ბევრს მოსწონდა რუსული სიმღერების „ორერასეული“ ვერსიები, აღნიშნავდნენ რა, რომ რუსებზე კარგად ასრულებენ მათ სიმღერებსო.  

ახლა კი ჩემი ფავორიტი  სიმღერა,  იტალიური  Che m'importa del mondo („რაში მაინტერესებს სამყარო“), იმ დროს უაღრესად პოპულარული იტალიელი მოღერალი ქალის, რიტა პავონეს სუპერჰიტი, რომლის „ორერასეულ“ ქავერში  მღერის ნანი ბრეგვაძე.  მიუხედევად იმისა, რომ  მელოდიურ-ჰარმონიულად დიდი არაფერია შეცვლილი, ქავერი სულ სხვანაირად ჟღერს.

ორიგინალში, რიტა პავონეს ვოკალი მოზარდულად დაუცველია,  მგრძნობიარე,  რომანტიულ-სევდიანიც, ნანი კი თავის სტიქიაშია,  ბოლომდე  არგებს სიმღერას საკუთარ მანერას  და სასიმღერო ტექნიკას. მისი ძლიერი, ენერგიული ხმა საერთოდ უკარგავს სიმღერას  იმ  ინტიმურობას და სიფაქიზეს,  რაც ორიგინალიდან მოდის.  პავონეს ნამღერის უკან კონკრეტული განცდა, ისტორია იგრძნობა.  მან იცის რაზეც მღერის, ნანიმ - არა და  არც აინტერესებს, ამიტომ მისი ნამღერი უფრო პათეტიკური, აბსტრაქტული და  ეგოცენტრულია.

Cascabela მექსიკური სიმღერაა.  მექსიკური სიმღერა „ორერას“  ყველა ალბომში გვხვდება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს გადამღერებები  ყოველთვის წარმატებული იყო, თითქოს მექსიკური და ქართული ვოკალური სასიმღერო მანერა იჭრება ერთმანეთში და სიმღერას ორიგინალის აზარტი და  ტემპერამენტი ეკარგება.

ბოლოს კვლავ გიორგი ცაბაძის სიმღერა  „მთაწმინდის მთვარე“(გ.ხუხაშვილის ლექსზე) -  აი ამ ერთ დროს უპოპულარესი სიმღერის ფონზე, ნათლად ჩანს, თუ რა იყო „ ორერას“  მთავარი ღირსება  და ნაკლი ერთდროულად - ტკბილხმოვნებაში გადასული მრავალხმოვანება.

ოთხივე ვოკალისტს საკუთარი ხმა აქვს,   ზოგს უფრო ძლიერი, ზოგს უფრო სუსტი, თუმცა ერთად მღერის დროს ერთმანეთს ავსებენ,  რაც  საკმაოდ მომხიბლავად და ელეგანტურად კი ჟღერს,  მაგრამ ხდება ისე, რომ ხშირად, სწორედ ამ კოზირის  გადამეტებულ ექსპლუატაციას აქვს ადგილი, მაშინაც კი, როცა სიმღერის  სპეციფიკა, ამას საერთოდ არ ითხოვს.

ასეთ დროს, ვოკალურ-ჰარმონიული ტკბილხმოვნება თვითმიზანი ხდება და ამას ეწირება   სიმღერის ხასიათი,  შინაარსი და  დრამატულობაც კი. სიმღერა  განყენებული, ნეიტრალური ხდება და უბრალოდ უზადოდაა შესრულებული ოთხ ხმაში. უნდა ითქვას, რომ  მაშინ,  ეს უაღრესად მოდურად და ეფექტურად ითვლებოდა,  განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ, სადაც არც თუ ისე ხშირი იყო  საესტრადო სიმღერების ხმებში გაშლა.  

ასეა თუ ისე,  ამ ალბომის გამოსვლის შემდე, „ორერა“ ნამდვილ მოვლენად აიქცა,  პირველ რიგში,  პოპულარული სიმღერების ახალ, „ვია“ იდიომში მოქცევის გამო. საბჭოთა კრიტერიუმებით,  ეს მაშინ ნოვატორული ესთეტიკა იყო, ლამის დასავლური პოპბენდების ანალოგი, სცენაზე ვიზუალური ანტურაჟითაც კი.

ამას ემატებოდა მოხერხებულად შერჩეული, სხვადასხვა ხალხთა პოპულარული სიმღერებით გაჯერებული რეპერტუარი,  რაც „ორერას“ მოღვაწეობას მეტ ინტრიგას, აქტუალობას და რეიტინგს ჰმატებდა,  ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ „ორერამ“ 1964 წლიდან 1971 წლამდე, საკავშირო ფირმა „მელოდიაზე“ 5 LP გამოუშვა,  რაც საბჭოთა რეალობისთვის უპრეცედენტო მიღწევა იყო.

ის, რომ სწორედ „ორერას“ წარმატებამ განაპირობა „ვია“-ბუმი  მთელ საბჭოთა კავშირში და დააფიქრა ოფიციოზი, ეს ფაქტია. ის, რომ ეს ფორმატი საბჭოთა, მეინსტრიმული, ახალგარდული კულტურის მთავარი დასაყრდენი გახდა, ესეც გარკვეულწილად „ორერას“ დამსახურებაა.  

1970 წლიდან მუსიკალური გემოვნება შეიცვალა, „ორერას“ გავლენა და პოპულარობაც ნელ-ნელა დაღმა წავიდა, ისინი თანდათან გადაიქცნენ ძველმოდურ, კონსერვატიულ, მოსაწყენ, აკადემიურ კოლექტივად,  თუმცა „ორერას“  „გინება“ ნებისმიერ შემთხვევაში, „ცოდვაა“.

როგორც ამბობენ, მათი ეს ალბომები ათეულ მილიონობით ტირაჟით იყიდებოდა. „ორერამ“ საზღვარგარეთ შთამბეჭდავი გასტროლებიც მოაწყო, 1969 წელს კი, მხატვრულ-მუსიკალური ფილმიც  გამოვიდა ბენდზე,  რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევა იყო სსრკ-ში და არა მხოლოდ, რადგანაც  დასავლეთშიც, სახელგანთმულ როკბენდებზეც იშვიათობა იყო მაშინ ისეთი ფორმატის ფილმები,  როგორიცაა „ორერა სრული სვლით“.

ბოლოსდაბოლოს მათი ადრეული შემოქმედება, არამარტო ქართული მუსიკის, არამედ საქართველოს ისტორიის  მნიშვნელოვანი მონაპოვარია. თუ არსებობს პრეტენზიები  მათი შემოქმედების და მოღვაწეობის გარკვეული ასპექტების მიმართ, რას იზამ,  ჩვენი ისტორიაც ხომ ასეთია, ხშირად   კონფორმისტული და კომპრომისულიც.

მეორე მხრივ, ისტორია არ ცნობს პლუს ან მინუს ნიშნებს,  ამ კუთხით  კი,  „ორერა“ უნიკალური ფენომენი იყო,  რომელშიც ალბათ,  ყველაზე ზუსტად ირეკლება 1960-იანი წლების   ქვეყნის უზრუნველი, კონტროვერსიული  და პარადოქსული   ყოფიერების  სამამულო ჰედონიზმი,  რომელიც მხოლოდ მარიფათიან საბჭოთა საქართველოში იყო შესაძლებელი.

სრული ალბომი მოისმინეთ აქ:

ავტორი: გია ხადური