ედუფინი

რატომ ვირჩევთ ონლაინ შოპინგს?

აგვისტო 22, 2022

ფოტო: OMKT


ელექტრონული კომერცია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. 2021 წელს ამ დარგის მთლიანი კაპიტალიზაცია $14.30 ტრილიონს უდრიდა, 2027 წლისთვის კი ექსპერტები მის $52.06 ტრილიონამდე გაზრდას ელიან. მოსალოდნელია, რომ ეს აღმავალი ტრენდი მომავალშიც დიდხანს შენარჩუნდება. 


90-იანი წლებიდან დღემდე ონლაინ შოპინგმა დიდი გზა გაიარა და ახლა თუ მაღაზია გაქვს და პროდუქტებსა და სერვისებს ამ სივრცეში არ ყიდი, ბევრს კარგავ. ის კომპანიებიც კი, სადაც ვაჭრობა მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში იყო შესაძლებელი და მომხმარებლებსაც სხვანაირად არ წარმოედგინათ ეს საქმე, უკვე ავითარებენ ონლაინ პლატფორმებს და გაყიდვებსაც ზრდიან. ტექნოლოგიების განვითარებამ ეს გზა — ფიზიკურიდან ონლაინ მიმართულებით — ბევრად გაამარტივა. ბოლო ორი წლის მოვლენებმა კი სრულიად შეცვალა მომხმარებლების ქცევა. ახალმა რეალობამ ადამიანებს ვაჭრობის უსაფრთხო და მოსახერხებელი ფორმისკენ უბიძგა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისევ ვუბრუნდებით შეზღუდვების გარეშე ცხოვრებას, მომხმარებლებმა უკვე აღმოაჩინეს და შეიყვარეს ონლაინ ვაჭრობის სიმარტივე, ამიტომ “უკან” დაბრუნებას ბევრი აღარ აპირებს.


ამ სტატიაში კი იმ ათ მიზეზზე მოგითხრობთ, თუ რატომ ურჩევნია ადამიანებს ონლაინ შოპინგი.


1. პროდუქცია მრავალფეროვანია


ტრადიციული, ფიზიკური მაღაზიები მარაგებში შეზღუდულნი არიან. უმეტესად, ისინი იმ პროდუქტებს იმარაგებენ, რომლებზეც მოთხოვნა ყველაზე დიდია. თუ ვსაუბრობთ ქსელურ მაღაზიებზე, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი და იმავე ბრენდის პროდუქცია მთელ ქსელში ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. ის, თუ რომელი პროდუქტი რომელ მაღაზიაში იქნება განთავსებული, ხშირად, დემოგრაფიულ მონაცემებზეცაა დამოკიდებული. აი, ონლაინ შოპინგის შემთხვევაში კი, უმეტესად, ეს პრობლემა არ იქმნება — ყველა პროდუქტი, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ონლაინ, ერთ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. 


2. ვაჭრობ მარტივად


ტრადიციულ შოპინგს დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. უნდა გაემზადო, სავაჭრო ცენტრში გაეშურო მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იდგე საცობში, იარო მაღაზიების ლაბირინთებში, იცადო სალაროს გრძელ რიგში და სახლში დასაბრუნებლადაც იგივე დამღლელი გზა გაიარო. ონლაინ ვაჭრობისას კი ყველაფერი წუთების საქმეა, ფიზიკურად არ იღლები, სასურველ ნივთზე ყველანაირ ინფორმაციას მყისიერად იგებ, ალტერნატივების შედარების შესაძლებლობა გაქვს და თუ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში სასურველი მაღაზიის ფილიალი გახსნილი არაა, ონლაინ ყველაფერი შენს ხელთაა, შენივე კომპიუტერში ან მობილურში, თანაც — 24/7.


3. ხშირია ფასდაკლება 


ფოტო: CNBC


ონლაინ ვაჭრობის ერთ-ერთი პლუსი ისაა, რომ აქ უფრო ხშირადაა ხელმისაწვდომი ფასდაკლებები. ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა პროდუქტზე ფასებს ხშირად წევენ დაბლა, რათა მეტი მომხმარებელი მოიზიდონ და კონკურენცია გაუწიონ სხვა კომპანიებს. გარდა ამისა, ხშირად ხელმისაწვდომია ექსკლუზიური კუპონები თუ ფასდაკლების კოდები. ონლაინ შოპინგის მოყვარულების 41% ამბობს, რომ ეს მთავარი მიზეზია, რატომაც ირჩევენ ვაჭრობის ამ ფორმას.


4. პროდუქციას დაძაბულობისა და წნეხის გარეშე არჩევ


ფიზიკურ მაღაზიებში კონსულტანტები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი შემოგთავაზონ. გარდა ამისა, ცდუნებაც დიდია და ერთი ნივთის საყიდლად წასულები უკან უსარგებლო პროდუქტებით სავსე ჩანთით ვბრუნდებით. ისეც ხდება, რომ თუ კონსულტანტი დიდხანს გვარჩევინებს პროდუქტებს, ბოლოს უარის თქმა და მაღაზიიდან ხელცარიელი გამოსვლა გვერიდება. ონლაინ შოპინგი კი სწორედ ამ წნეხს ამცირებს. აქ არ გეკითხებიან ხშირ-ხშირად, გინდა თუ არა დახმარება. ამისთვის, შესაძლოა, ერთი პატარა ჩატი ან ბანერი გამოჩნდეს ვებსაიტის კუთხეში, რომელსაც მოურიდებლად გათიშავ, მერე კი იმდენ ხანს “იტრიალებ” ონლაინ მაღაზიაში, რამდენიც გინდა. 


5. მოურიდებლად ყიდულობ საჭირო ნივთებს


ხშირად მომხმარებლებს არ სურთ, საჯაროდ, სხვების თანდასწრებით შეარჩიონ ესა თუ ის პროდუქტი, მაგალითად, საცვლები და თეთრეული. ონლაინ ვაჭრობით სწორედ ამ უხერხულობას ირიდებ თავიდან. პროდუქტები ისე იფუთება, რომ ხშირად კურიერმაც არ იცის, რა გამოიწერე, შესაბამისად, დაცულია კონფიდენციალურობა — ის, რაც დღევანდელ დროში უამრავი ადამიანისთვის ასე მნიშვნელოვანია.


6. მარტივია პროდუქტის შეცვლა და ფულის დაბრუნება


ფოტო: CNBC


არასასურველი ნივთის გამოცვლა ან დაბრუნება, უმეტესად, უფასოა და მომხმარებლისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ონლაინ თითქმის ყველა პროდუქტზე ვრცელდება გარანტია და დაბრუნება ყოველგვარი მიზეზის ხსენების გარეშეცაა შესაძლებელი. მის წასაღებად, როგორც წესი, შენს ზღურბლთან მოდის კურიერი და ნივთის ფოსტაში ან მაღაზიის ფილიალში მიტანა არ გჭირდება. ფული კი რამდენიმე დღეში იმავე ბარათზე გიბრუნდება, რომლითაც გადაიხადე. ამ მიზეზით მომხმარებლების 33% ირჩევს ონლაინ ვაჭრობას.


7. არ დგახარ რიგში


ფიზიკური მაღაზიები ხშირადაა გადავსებული ხალხით, განსაკუთრებით, თუ ფასდაკლების დღეები ან სადღესასწაულო სეზონია. ასეთ დროს პროდუქციის არჩევაც ჭირს, ყველაფერი არეულია და დამატებით რიგებში დგომაც გიწევს, ასე რომ, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ონლაინ შოპინგი უფრო და უფრო მეტ ადამიანს ურჩევნია. 


8. მარტივად იხდი და სარგებლობ სწრაფი მიტანის სერვისით


მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ონლაინ შოპინგის უპირატესობა მარტივად გადახდაშია. რაც მთავარია, იგი თავიდან გარიდებს მაღაზიიდან მაღაზიაში მძიმე ჩანთებით სიარულს. რაც შეეხება მიტანის სერვისს, წლების განმავლობაში ონლაინ შოპინგზე უარის თქმის საფუძველი ის იყო, რომ გამოწერილი პროდუქცია რამდენიმე დღეში მოჰქონდათ. ახლა მსოფლიო ტენდენცია შეცვლილია და პროდუქტებს მომხმარებლები იმავე დღეს იღებენ. ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება საქართველოშიც. 


9. პროდუქტზე ინფორმაციას სრულყოფილად ეცნობი


ფოტო: Freepik


ონლაინ მაღაზიებში თითოეულ პროდუქტს აქვს დეტალური აღწერა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას ინგრედიენტებზე, გამოყენებულ მასალებზე, ზომებზე, პროდუქტის ეკომეგობრულობაზე და სხვა. ამას სხვა მომხმარებლების შეფასებები და რეალური ფოტოები ემატება, რაც ბევრად ამარტივებს საუკეთესოს შერჩევას. 


10. შეგიძლია იშვიათი ნივთების შეძენა


და ბოლოს, ტრადიციული ვაჭრობა ვერაფრით გაუწევს კონკურენციას ონლაინ შოპინგს, როცა საქმე იშვიათ, ერთადერთ და გამორჩეულ ნივთებს ეხება. ეს ერთგვარ კულტურულ ფენომენადაც იქცა კოლექციონერებისთვის, გეიმერებისთვის თუ ფანებისთვის. ონლაინ შოპინგის მასშტაბები საშუალებას იძლევა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გამოიწერო ნივთი, რომელზეც სულ ოცნებობდი და რომელიც სხვას არ ექნება.


ეს ათი მიზეზი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაწილია იმ უპირატესობებისა, რის გამოც ონლაინ შოპინგს ვირჩევთ. მომავალი კი, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, კიდევ უფრო განსხვავებულ გამოცდილებას გვპირდება. ონლაინ ვაჭრობის არაერთი პლატფორმა უკვე ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს, რათა მომხმარებლების სურვილებს მოერგოს და პერსონალიზებული შემოთავაზებები შექმნას. სოციალური მედია კი კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ სად ვვაჭრობთ, რას ვირჩევთ და რატომ.