მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორია 012 | Moku J - Bleeding Indigo

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

ოქტომბერი 12, 2022

თქვენი არვიცი, მაგრამ როგორც კი Trip-hop-ზე ან old school hip-hop-ზე ფიქრს ვიწყებ, საქართველოს მასშტაბით პირველი ადამიანი ჯონდო ჯაფარიძე, იგივე Moku J მახსენდება, დაწყებული მისი მელომანიიდან, დასრულებული მისი პიროვნების ესთეტიკით - Moku J ამ ჟანრების ხორცშესხმული მაგალითია. 

დღეს ობსერვატორიაში ზუსტად მის ახალ ალბომს - “Bleeding Indigo”-ს ვაკვირდებით.

რას ველოდოთ bleeding Indigo-ში?

ეს ალბომი მილანიალებისთვის ნოსტალგიური ხმოვანების საბადოა, ერთმანეთში შეთამაშებულია Trip Hop, hip-hop, სოულის და Acid Jazz-ის ელემენტები.


ალბომი კომპოზიცით “Stone Cold Volga” იწყება, რომელიც საკმაოდ მსუყე ბგერებით გვესალმება და ინდიგოს ფერებში გაწყობილ სამყაროში გვეპატიჟება, ამ სამყაროს უკეთ აღქმაში კი ქეთი სილაგაძის შექმნილი ჩანახატები გვეხმარება, რომელშიც Moku J-ს თქმითვე 80-იანი წლების ქალაქია ასახული თავისი გეტოთი.

ამ ისტორიის აღქმის პროცესში არანაკლებ საყვარელი არტისტებიც შეგხვდებათ კომპოზიციებში - Moku T და CozyK-ს, Zukao-ს და Ramirez (pshychonaut 4) Moku J-ს თქმით ამ ალბომის საბოლოო იერი პანდემიის დასასრულისკენ ჩამოყალიბდა და მისივე სიტყვებით “კონვერტაციაა იმ პერიოდში დამახსოვრებული მომენტების, ემოციური ფრაგმენტების, აუდიო ფორმატში”


სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ რთულია ალბომის კომპოზიციების ცალ-ცაკე შეფასება, რადგან Თითოეული კომპოზიცია თავის პატარა ისტორიას ატარებს, რომელიც ჩემი აზრით ყველასთვის საკმაოდ ინდივიდუალური იქნება, ერთი კომპოზიცია რომელიც აუცილებლად მინდა გამოვყო, არის “Yo Pants”, რომელიც თავს ისევ იმ პატარა უთურად მაგრძნობინებს, რომელიც უფროსი და-ძმის მუსიკალურ კოლექციას ათვალიერებდა და ცდილობა CD არ დაეკაწრა.


ალბათ, მილენიალობის ბრალია, რომ Trip-Hop განსაკუთრებულ ადგილს იკავებს წლების განმავლობაში ჩემს გულში და ვთვლი, რომ არაერთი ჩემი თაობის მელომანი თუ მუსიკოსი გამოზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით Trip Hop ახლა გუნდური მოთამაშეა და განცალკევებით უკვე დიდი ხანია როგორც ჟანრი არ დგას, გზადაგზა მეინსტრიმს შეუერთდა და ფონურ მუსიკად იქცა, სამყაროში სადაც ყველა ბგერა მაქსიმალურად ხმამაღალი ხდება და ყველაფერი თითქოს უფრო მყვირალა სახეს იღებს, Trip-Hop გარდაიქმნა “საგანწყობე” ჟანრად, რომელიც უბრალოდ მეგობრად მოგყვება ქალაქში სიარულისას.

ზუსტად Ასეთი მეგობარია ჩემთვის ეს ალბომი.


და მანამ, Სანამ ჩემი სუბიექტური შეფასების ბოლოსკენ გავალ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო Moku J-ს არანაკლებ საინტერესო ალბომი “Symbionese Liberation Army” რომელიც 2020 წელს დარელიზდა და რომლის კომპოზიციები დღემდე ჩემს საზაფხულო ფლეილისთებს ამშვენებს, ალბომი ჩემთვის 1-1 საყვარელი ქართული რელიზია და ამისთვის მადლობა Moku J-ს. 

საყვარელი კომპოზიცია “Bleeding Indigo”-დან - “Yo Pants”

Გვანცა უთურას სუბიექტური შეფასება - 7/10


ამ ალბომის მოსმენა ასევე შესაძლებელი იქნება 13 ოქტომბერს, მუტანტ რადიოს სივრცეში.

ავტორი: გვანცა უთურა