სიახლეები ლიტერატურა

პრემია „საბას“ გამარჯვებული ორი რომანი

„საბა“

ივნისი 03, 2025

2024 წლის „საბას“ რომანის ნომინაცია განსაკუთრებული იყო, რადგან ორი დამოუკიდებელი გამარჯვებული ჰყავდა -დავით ქართველიშვილის „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ და ბესო სოლომანაშვილის „ლუმპენ მილენიუმი“.

დავით ქართველიშვილის „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ გამოქვეყნებული რომანია, ერთ-ერთ ინტერვიუში ავტორი ამბობს, რომ „ეს რომანი წასვლის წიგნია - სახლიდან, ძველი ცხოვრებიდან, გარკვეული ცხოვრებისეული მოცემულობიდან წასვლის წიგნი“, მაგრამ ამავე დროს, დაბრუნების წიგნიცაა- ქართველ მკითხველთან დაბრუნების წიგნი.


წიგნს ერთი ქალაქი და ოთხი პერსონაჟი ჰყავს, ყოველ პერსონაჟს თავისი საქმე და წიგნის თავისი თავი აქვს, თავისი ფინალით.


მოქმედება ლოს-ანჯელესში ხდება, ანგელოზების ქალაქში, რომელიც ერთი ვერსიით, ანგელოზებმა დატოვეს, მეორე ვერსიით კი, მათ აქ საერთოდ არ უცხოვრიათ. ანგელოზების ქალაქში ძალიან დიდია კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა, ამბის პირველი ნაწილიც ნამდვილი დეტექტივივით ვითარდება - მთავარი პერსონაჟი, გამომძიებელი, თითქოს რაღაცას იძიებს, სხვადასხვა შემთხვევით შემხვედრთან იწყებს საუბარს. წესით დიალოგს, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა პასუხები, რომ ეს მეტყველების ნაკადი მონოლოგს ემსგავსება.ზოგჯერ უკონტექსტოს, ზოგჯერ ფილოსოფიურს.


ამ თავში ყველაფერია, რაც ტრილერში შეიძლება შეგხვდეს, კრიმინალური ქალაქი, წყალში ნაპოვნი გვამი, მაგრამ ტრილერი არაა, უცნაური და განსხვავებული ტექსტია, რომელიც ერთდროულად „ღვთაებრივი კომედიის“ კომპოზიციურ ელემენტებს იმეორებს და ჯოჯოხეთსა თუ სალხინებელში, წარსულსა და აწმყოში გამოგზაურებს და ამავე დროს, ყველაზე უცნაურად სრულდება-პერსონაჟის აორთქლებით.


მეორე თავი მკითხველისათვის მიმართვით იწყება და, რა თქმა უნდა, უამრავ ლიტერატურულ ტექსტთან გადაგაგდებს, იქნება ეს დონ კიხოტის შესავალი თუ ქართული კლასიკური ლიტერატურის გავრცელებული და ერთგვარ კლიშედ ქცეული მკითხველთან გასაუბრება, ოღონდ აქ მკითხველთან დამოკიდებულება სულ სხვაგვარია:

„ასეა თუ ისე, რატომ უნდა დამითმოთ თქვენი კუთვნილი, თუნდაც ილუზორული დრო მე და არა მაგალითად - სერიალს, მეგობრების პოსტების კითხვას და ა.შ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ეს:


თქვენი საქმის თქვენ იცით. მე არანაირი ახსნა-განმარტებების მოცემას არ ვაპირებ, არა იმიტომ, რომ ამპარტავანი ვარ და პასუხის ღირსად არ გთვლით - არა, ან უსუსური და პასუხის გაცემას გავურბივარ, არა.

უბრალოდ, ჩემი გულწრფელი პასუხი, საუკეთესო შემთხვევაში, ბავშვურად ჯიუტად, ხოლო უარეს შემთხვევაში უხეშად და უზრდელურად ჟღერს.

მკითხაობაზე ნუ დავკარგავთ დროს.

აი, ისიც, ჩემი პასუხი:

რატომ?

იმიტომ.


პატივისცემით ავტ.“

შემთხვევითი არაა, რომ მეორე თავი მკითხველთან გასაუბრებით იწყება, ეს რომანის ყველაზე ექსპერიმენტული, ალუზიებითა და ლიტერატურული თამაშებით სავსე ნაწილია, მარტო პერსონაჟის სახელი რად ღირს „ისმე“, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ავტორისა და პერსონაჟის დამოკიდებულებას, პერსონაჟი - ერთდროულად სხვაა, ობიექტური რეალობაა და ამავე დროს მე-ავტორი, ყველაზე სუბიექტური ამბავი.


ამ თავშივეა ახსნილი რომანის მთავარი კონცეფციაც:

„ჩემი ლიტერატურული მიზანი და ახირება არავითარ შემთხვევაში არ არის, რომ მკითხველი დატკბეს წაკითხულის შინაარსით.


არა.


ჩემი მიზანი და ახირებაა, რომ მკითხველი კითხვის პროცესში ტკბებოდეს.“

მესამე თავის პერსონაჟი მკვლელია, რომლის სრული რეკონსტრუქცია და დეკონსტრუქცია ნამდვილი მკითხველის დაძაბული ცნობისმოყვარეობით გვავსებს. ყველა დეტალი პერსონაჟზე, რომელიც ამ თავის ბოლოს მკვლელი უნდა გახდეს, პერსონაჟის დაწვრილებითი დოსიე, არცერთი დეტალი არაა გამოტოვებული და მკითხველიც მორჩილად მიჰყვება, მაინც ვინ უნდა მოკლას მკვლელმა? ფინალი კი, ტრადიციულად, მოულოდნელი და წარმოუდგენელია.


წიგნის მეოთხე თავი ალბათ ამ რომანის ყველაზე სრულყოფილი თავია, იქნებ იმიტომ , რომ ამ თავის პერსონაჟი ქალია, „მე მერი მქვია. ადრე სხვა სახელი მერქვა, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც სახლი დავტოვე და ლა-ში გადმოვსახლდი, მერი ვარ.“ თუ რომელიმე რომანში სრულყოფილად, ამომწურავად არის ასახული პერსონაჟი, თან ისე, პერსონაჟი თავად ჰყვებოდეს და ავტორი ერთი წამითაც არ აფასებდეს,ალბათ ეს რომანია. ამბავი პერსონაჟისა და ობიექტური სამყაროსი, რომელიც მხოლოდ პერსონაჟისთვის არსებობს, ამბავი ემიგრაციასა და მარტოობის ტკივილზე:


„ძვირფასო ამერიკავ, დამყოფო და მობატონევ,

შენ ისეთ სიმარტოვეში მოაქცევ ადამიანს, რომ მას თავისმოტყუების გარდა სხვა გზა აღარ რჩება. არ იფიქრო, რომ გამტყუნებ - ყველას თვითგადარჩენის საკუთარი გზა, მეთოდი აქვს. შენ ასე ახერხებ გადარჩენასა და არსებობის გახანგრძლივებას. ქმნი გარემოებას სახელად „თავისუფლებას“, რომელიც სინამდვილეში სიმარტოვეა და რომელშიც ადამიანი თვითგადარჩენის მიზნით საკუთარი თავის მოტყუებას იწყებს“.

დავით ქართველიშვილის ეს რომანი ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური წიგნია, რადგან ავტორი მხოლოდ მოგვითხრობს და ერთი წამითაც არ განსჯის, არ აფასებს, მკითხველს ელოდება.



ბესო სოლომანაშვილის „ლუმპენ მილენიუმი (სიმულაკრები ისტორიებისა, ისტორიები სიმულაკრებისა)”ტრილოგიის მეორე წიგნია, დახვრეტილებისა და დასახვრეტების ამბავს აგრძელებს და ერთდროულად ისტორიული ტრაგედიის ხელახლა გააზრება, მხატვრული პროტესტია და, ასევე, მარადიული მორალური დილემების ილუსტრაცია - რას ნიშნავს გადარჩენა? არის თუ არა კონფორმიზმი გადარჩენა? იქნებ უფრო გადარჩენილი მაშინ ხარ, როდესაც სიმართლეს შეეწირები?


ავტორი მკითხველს არა მხოლოდ XX საუკუნის რეპრესიების ქრონიკაში ამოგზაურებს, არამედ იმ სიმულაციური სამყაროს კონტურებსაც უსვამს ხაზს, სადაც ისტორია სიცრუის ხარჯზე დაწერილი ტექსტია, სიმართლის მტკიცება კი ყოველთვის დაგვიანებულია.

რომანის სიუჟეტი ხარჯახიშვილების ოჯახის ისტორიას მიჰყვება — ძირძველ ქართულ გვარს, რომლის წევრების უმეტესობა ბოლშევიკებმა 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ფიზიკურად გაანადგურეს. მათი სახლები კი სხვებს გადაეცემათ — საბჭოთა მექანიზმის ერთგულ, მორჩილ ადამიანებს. ოჯახის გადარჩენილი წევრები — როგორც თავშესაფრების უშედეგოდ მაძიებელნი, ისე იმ ეპოქის მატიანეები — ცდილობენ, საკუთარ ცხოვრებაში ადგილი კვლავ იპოვონ.


გვარის ისტორია, როგორც წიგნის ხერხემალი, როგორც მეტაფორა ლიტერატურისთვის უცხო არაა, ბევრი დიდი ტექსტი გვახსენდება, იქნება ეს თომას მანის ბუდენბროკები, მარკესის ბუენდიები თუ სხვა.


დინასტიური ხაზები ლიტერატურაში ხშირად გულისხმობს არა უბრალოდ ოჯახის ან შთამომავლობის აღწერას, არამედ ისტორიული ხედვის საშუალებას, პრიზმას, რომლითაც ბედისწერის ლაბირინთებს ვჭვრეტთ. ბესო სოლომანაშვილის რომანი საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ამბებს მოგვითხრობს, აქ გვარი შეიძლება ქვეყნის ან ადამიანების მთელი მოდგმის მეტაფორაც იყოს. შეიძლება განსხვავებულია ბედისწერა, მორალი, გადარჩენის გზები, მაგრამ ერთი რამ კი ყველა ადამიანს საერთო აქვს, სიკვდილის მერე ყველას გვამს ერთი სუნი აქვს. სიკვდილის მეტაფორაა თებერვალიც, სიკვდილის თვე, ადამიანის თავიც, რომელიც სხეულის გარეშე დარჩა.

ამბები ბევრია და მათი მოყოლის აუცილებლობა გამოკვეთილია, ყველა ეპოქას ჰგავს თავისი ჰომეროსი, სხვაგვარად არ არსებობს ამბების გადარჩევისა და გადარჩენის გზა, ქვეყნის გადარჩენის გზაც.

„იცოდა: სანამ ეს ნაწერები იარსებებდა, იარსებებდნენ მისი შვილებიც, მისი წარსულიც და მომავალიც. მართლაც საგვარეულოს ბიბლიასავით იყო ეს ნაწერები. იქაც ხომ დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა... და თუ სიტყვა ღმერთია, მაშინ მართლა ასე იქნება – სანამ ეს ნაწერები იარსებებს, მათი წარსულიც ცოცხალი იქნება და მომავალიც, სულ რომ ბოლომდე გაეწყვიტა ფიზიკურად მტერს.“


რომანის სტილი გამოკვეთილად ინტელექტუალურია, ხშირად გროტესკამდე მიყვანილი — სარკაზმით დატვირთული, მწარე ირონიით გაჯერებული. „ლუმპენ მილენიუმი“ არ არის მხოლოდ ისტორიული ანალოგიების ტექსტი. ეს წიგნი მკაფიოდ მოწმობს, რომ ოკუპაცია სხვადასხვაგვარია და თუკი ტერიტორიების გასათავისუფლებლად იარაღი და პოლიტიკური ნება გვჭირდება, მეხსიერების დასაბრუნებლად — ისტორიის გააზრება და მისი ლიტერატურად ქცევაა საჭირო.


ეს მასშტაბური ტილო ისტორიის ძალიან დიდ პერიოდს მოიცავს და მკითხველს ავტორის ოსტატობითაც აკვირვებს, როგორ შეიძლება ამხელა დრო და ამდენი ამბავი ერთ წიგნში მოაქციო, თან ისე, რომ ყველა ამბავი ერთმანეთს მიემართებოდეს, ხოლო მთლიანად წიგნი - დღევანდელ დღეს, ადამიანთა ბედისწერითა თუ საოცარი ისტორიული პარალელებით.


გმირები ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულნი არა მხოლოდ ამბებით, არამედ სინდისით, ელდით, წარსულითა და ტრაგიკული მომავლითაც.


„„ნეტავ სად არის ახლა ის ტყვია, სადაა გაჭედილი, სად გდია... იქნებ ისევ გულში აქვს, იქნებ ისევ იქ განისვენებს, ლევანთან ერთად საფლავში... იქნებ ის ტყვია უფრო განიცდის, ასეთი ბიჭის სიცოცხლე რომ შეწყვიტა... იქნებ სულ არ უნდოდა გამოსვლა იმ იარაღიდან და ვიღაც ნაძირალამ აიძულა, რომ ეფრინა – ჯერ ჩემთან გამოსაგზავნ წერილში გაევლო, მერე ჩვენი ოჯახი გაეგლიჯა, მერე გული გაეფლითა, მერე ბეჭი გაენგრია და კაცმა არ იცის, სად არის ახლა, და იქნებ ისევ გულშია, იქნებ ბეჭიდან ვერ გამოვიდა... იქნებ...“

დროის ბორბალი მარადიულად ტრიალებს და შეიძლება დღეს ვერც კი აცნობიერებდე, როგორ ზეგავლენას ახდენს მეოცე საუკუნის რომელიმე გმირისა თუ პერსონაჟის ბედზე, ვთქვათ, კონსტანტინეპოლის დაცემა თუ რომელიმე მეფისნაცვლის ვიზიტი.


ყველაფერი კავშირშია, ყველა ეპოქა ეპოქას შობს, ლიტერატურისთვის ყველა ბედი მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია და ხშირად, პასუხი უხსოვარ წარსულშიცაა საძებნელი.


ეს დროითი ლაბირინთი და მასშტაბურობა წიგნს განსაკუთრებით საინტერესო საკითხავად აქცევს.