ლიტერატურა

ნოდარ დუმბაძის პერსონაჟთა კალეიდოსკოპი

„საბა“

ივლისი 10, 2020

მზიანი გულის მწერალი, ჰუმანისტი მწერალი, მწერალი მზით გამთბარი სტრიქონებით, ადამიანური ისტორიების მწერალი, ათასი რამის თქმა შეიძლება ნოდარ დუმბაძეზე. 

© საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

თუმცა, ალბათ მაინც ჯობს მისმა პერსონაჟებმა ილაპარაკონ:

ხატია


ხატია ყველას და ყველაფერს უღიმოდა, ხატიას ყველა და ყველაფერი უყვარდა. იგი უთქმელად უგებდა ყველას სიხარულსაც და მწუხარებასაც, გულთამხილველი იყო, ზეპირად იცოდა, რას ლაპარაკობდნენ გაღმა სოფელში და რას ჩურჩულებდნენ ერთმანეთში მეზობლები, ამიტომ იგი დიდსა და პატარას ერთნაირად უყვარდა, ყველას თავისიანად მიაჩნდა და ყველა ჭკუის დარიგებას თხოვდა ამ თითისტოლა და დედაკაცივით ბრძენ გოგოს.


ხატია ჩემი ტოლი იყო, ერთად დავდიოდით სკოლაში. ერთად ვისხედით მეექვსე კლასის უკანა მერხზე, ერთად ვუცქეროდით შავ დაფაზე ცარცით გამოყვანილ რთულ განტოლებებს, მაგრამ ხატია არასოდეს არაფერს არ იწერდა, ხატიამ ყველაფერი ზეპირად იცოდა, იგი დაბადებიდან ბრმა იყო და მაინც ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ჩემს ჯგუფში.

კადრი ფილმიდან "მე ვხედავ მზეს"

რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე

© საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

გალაკტიონი

გალაკტიონმა ისე ახედა გურამს, რომ გურამის საცოდაობით გული დამეთუთქა, მერე ისევ დაასხა ღვინო, პატარა ხორცის ნაჭერი გადაიღო და თეფშის კიდეზე დადო. თვალები დახუჭა.


– მე ზღვა მიყვარს ძალიან, ზღვა და მზე. ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე. სახლი მაქვს სოხუმში. ხომ იცით? – გვკითხა მან და თვალები გაახილა. ჩვენ თავი დავუქნიეთ. გალაკტიონმა ისევ დახუჭა თვალები. – ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, აი, ასე. – მან გვაჩვენა, თუ როგორ აკეთებდა ამას. – მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს, როგორც ახლა, ასე. ჯერ ბნელა, მერე ჩნდება რგოლები, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი. მერე ნათდება, ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში, დიდი, უდიდესი, ნათელი მზე. მზე ატანს ქუთუთოებში, ძვალში, რბილში, სისხლში, მზე ყველაფერში ატანს, სამარეშიც ატანს მზე. მერე ციდან ეშვება თეთრი ანგელოსი, ლამაზი, თეთრი ანგელოსი, ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს... – გალაკტიონი დადუმდა. იგი დიდხანს იჯდა ასე თვალდახუჭული და მე მჯეროდა, რომ იგი ახლაც ხედავდა მის ყურთან დახრილ თეთრ ანგელოსს, რომელიც ყურში მზესავით უდიდეს და ნათელ ლექსებს კარნახობდა. მერე მან გაახილა თვალები და მე ხატზე დავიფიცებ, რომ მის თვალებში ორი უზარმაზარი თაკარა მზე დავინახე.

ნოდარ დუმბაძე შვილიშვილებთან ერთად

© საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ილარიონი


ილარიონმა ჯოხით კენჭს დაუწყო ჩიჩქნა. როგორც იქნა, მოთხარა, გადმოაბრუნა, მერე ჯოხი გაჰკრა და შორს მოისროლა. – თუთუნი ხომ არ გაქვსო, მკითხა, უარი რომ ვუთხარი, თავისი ამოიღო, დინჯად გაახვია და გააბოლა. ერთხანს კვამლის ქულას გააყოლა თვალი, რომელმაც საავდრო ღრუბელივით გადაგვიარა თავზე მე და მერის და უცებ წარმოთქვა სიტყვა, რომლის მსგავსი მე ილარიონისაგან არ მომესმინა მანამდე. 


– ცხოვრება, ჩემო ბიძიებო, წისქვილს გავს. აგერ, ქვემოთ ხო ხედავთ ბორბალს? ის ბედის ჩარხი და ბორბალია, აგერ ღარში რომ წყალი მოდის, სიცოცხლეა, ძალაა. წყალი მაგარია, ბიძიებო. წყალი ცეცხლზე მაგარია, ქარზე მაგარიც არის, წყალი ქვას ხვრეტს. ამ ძალას როგორც მიუშვებ, ისე იბრუნებს წისქვილი. ეს წყალი ამუშავებს ამ წისქვილს. მოდის მერე ხალხი, ზოგი ფქვავს, ზოგი ღერღავს, ზოგი სიმინდს იღებს, ზოგი არაფერს არაკეთებს. ტყუილად მოდის წისქვილში, ზის მთელი დღე, უგდებს ყურს სარეკელას კაკუნს და მიდის მერე. ეს წყალი ახალგაზრდობაა, ჩემო ბიძიებო. 

კადრი ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"

რეჟისორი: თენგიზ აბულაძე

© საქართველოს ეროვნული არქივი

ზურიკელა



- ბებია, ბებია! - მე დავიხარე ბებიას მკერდზე. იგი აღარ ცემდა. ასე ვიყავი დიდხანს, თავაუღებლად და მე ვიგრძენი, რომ ვიღაც შემოვიდა ოთახში, დადგა ჩემს უკან და ცრემლები მოიწმინდა, მერე დაიხარა, რომ მხარზე ხელით შემხებოდა და წამოვეყენებინე, მაგრამ გადაიფიქრა, მე ვიგრძენი, რომ იგი აღარასოდეს წავიდოდა აქედან და არ დამტოვებდა მარტო. მე უკან არ მომიხედია, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს მერი იყო, რადგან მას ამ ბნელ ოთახში უზომო სინათლე შემოჰყვა. მერე მე მაინც ავდექი და შემოვტრიალდი, რათა დამენახა ეს სინათლე და ამ სინათლეზე ჩემი ილიკო, ჩემი ილარიონი და ჩემი ბებია...

წყარო: www.nodardumbadze.ge

ბაჩანა

ბატონო ბაჩანა, ბატონო ბაჩანა, გაიღვიძეთ, - ანჯღრევდა ბაჩანას შეშინებული მამა იორამი. ბაჩანამ ცრემლიანი თვალები გაახილა, ერთხანს გაოგნებული იწვა, მერე გონს მოეგო და ლოგინზე წამოჯდა. გული საშინლად უცემდა. პალატაში გარიჟრაჟი შემოპარულიყო, მაგრამ ოდნავ ბნელოდა მაინც.


- რა მოგივიდათ, ბატონო ბაჩანა, მთელი ღამე ბორგავთ, ხან ტირით, ხან იცინით, რამე ხომ არ ნახეთ ცუდი სიზმარში? - ბაჩანამ ლოყებზე ღვარად ჩამოდენილი ცრემლი პერანგის სახელოთო მოიწმინდა და უაზროდ გაიღიმა. მამა იორამი თავის საწოლს დაუბრუნდა და დაწვა.

- საოცარი სიზმარი ვნახე, ბატონო იორამ, ისეთი სიზმარი, კოპერნიკს შეშურდებოდა...

- ასეთი რა ნახეთ, ბატონო ბაჩანა? - ჰკითხა მამა იორამმა და სასთუმალი გაისწორა.

- მზის გარდაცვალება.

- რა ბრძანეთ? - მამა იორამს ეგონა, მომეყურაო.

- მზე გარდაიცვალა, მამაო, მზე და თუ იცით, ვინ იყო მისი ჭირისუფალი?

- ვინ? - იორამმა.

- მე, თქვენ და ბულიკა, სხვა არავინ.

ავტორი: saba.com.ge