ივლისი 25, 2023
ნაილ როჯერსი, თამამად შეიძლება შევიყვანოთ იმ ლეგენდარული და გავლენიანი არტისტ-მუსიკოსთა სიაში, ვისაც ოდესმე საქართველოში კონცერტი გაუმართავს.
მეორეს მხრივ, მისი სახელი ისე არ ქუხს, როგორც ჯეიმს ბრაუნის, რეი ჩარლზის, რობერტ პლანტის თუ ჯორჯ კლინტონის. მის მიერ ბოლო 45 წლის მანძილზე გაკეთებული უმნიშვნელოვანესი მუსიკალური საქმეები ჩვენშიც კარგად იციან, თუმცა ამ საქმეების უკან სწორედ რომ ნაილ როჯერსია, ეს შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, ვერ არის სუპერვარსკვლავი და იმიტომ. მოკლედ მისი სტატუსი ცოტა არაორდინალურია და ეს უშუალოდ უკავშირდება სწორედ მის არაორდინალურ მუსიკალურ კარიერას.
ნაილ როჯერსი მოზარდობისას ჯიმი ჰენდრიქსის ფანი იყო. გაიცნო კიდეც და მისი კურთხევაც კი მიიღო როგორც პერსპექტიულმა გიტარისტმა.
როჯერსი ნიუ-იორკელი იყო და 1970-ის დასაწყისიდან ინტენსიურად უკრავდა ქალაქის სხვადასხვა ფანკ კოლექტივებში.
მაშინ ის უკვე მეგობრობდა შესანიშნავ ბასისტ, ბერნი ედვარდსთან, რომელთან ერთად გადაწყვიტა საკუთარი ბენდი ჩამოეყალიბებინა, აი ასე გაჩნდა Chic 1977 წელს.
რეალურად, Chic, უფრო ორი მუსიკოსის პროექტი იყო, ვიდრე ტიპიური ბენდი. 70-ში ასეთი ბენდ „პროექტები“ ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო და რისკის შემცველიც, თუმცა ამ შემთხვევაში ასეთმა მიდგომამ გაამართლა და Chic-ს ფენომენალური წარმატება ხვდა, (dance Dance Dance, Le Freak, Good Times და ა.შ.) უფრო სწორად, ნაილ როჯერსის და ბერნი ედვარდსის ტანდემს ხვდა ეს წარმატება, რადგანაც სწორედ მათთან ასოცირდებოდა Chic და დიდად არავის აინტერესებდა კოლექტივის არც მომღერლები და არც დამკვრელ-მუსიკოსები.
მუსიკას მხოლოდ ეს დუეტი წერდა, ტექსტებსაც, არანჟირება-პროდუსინგსაც ისინი აკეთებდნენ და პროექტის მენეჯმენტსაც. 70-ის მიწურულს, დისკო-ჟანრს უკვე ალმაცერად უყურებდნენ, იმ პერიოდის დისკო ჰიტები, მიუხედავად დიდი ტირაჟებისა, როგორც კომერციული, "პაპსა" ისე ჟღერდა და ირონიასაც კი იწვევდა მუსიკის მოყვარულებში.
აი სწორედ მაშინ აღზევდა Chic და არა მარტო ფართო აუდიტორიის, არამედ კრიტიკოსების და მუსიკალური ჟურნალისტების ენთუზიაზმიც გამოიწვია.
მაინც რაში იყო მათი მუსიკის მთავარი ხიბლი?
საქმე იმაშია, რომ დისკო, ზოგადად პროდუსერული მუსიკა იყო და დისკო ავტორები როგორც კომპოზიტორები, დიდად ვერ ბრწყინავდნენ.
როჯერს-ედვარდსის მუსიკა კი უაღრესად დაბალნსებული, ცოცხალი, საავტორო და ჯაზურიც კი იყო. Disco-R&B-თან ნაზავი მარტივი ფანკია, მსუბუქი გრუვით, სწორხაზოვანი ბას „ბარაბანის“ ბითით, რაც უზრუველყოფს კიდეც ცეკვის ნონ სტოპ ხალისს, სწორედ საცეკვაო ასპექტის გაძლიერების გამო დაინერგა დისკოში უმნიშვნელოვანესი პროდუსერული მიგნება ე.წ. სტანდარტული ტრეკ-სიმღერების გავრცობილი ვერსია (EXTENDED VERSION), რომელიც ინსტრუმენტალური სეგმენტის გაზრდის ხარჯზე მიიღწეოდა.
მუსიკალური ტექნოლოგიებიც ვითარდებოდა, ცოცხალ ინსტრუმენტებს ცვლიდა სინთეტიკური საუნდი, დრამ-მანქანები, ეს კი აიაფებდა დისკო პროდუქტს, ამარტივებდა მუსიკის წარმოებას და მაქსიმალურად ანიველირებდა მუსიკოს-შემსრულებლების როლს. ამიტომაც ჩავარდა დისკო კრეატიულ კრიზისში 70-იანი წლების ბოლოს.
აი სწორედ ამის საპირისპიროდ დაიწყო მოძრაობა როჯერს-ედვარდსის ტანდემმა. გადამწყვეტი მათი კომპოზიტორული უნარები იყო.
Chic-მუსიკა მდიდრულია, ინტერპრეტაციები დახვეწილი, ინსტრუმენეტალურად უზადო და უმთავრესად ცოცხლად შესრულებული.
არანჟირებისას იყენებდნენ საკმაოდ რთულ მეთოდს, როდესაც ახალი მუსიკალურ მელოდიური ხაზები შემოდის და არ ხდება საბაზისო თემის თუ ფრაზის გადაღეჭვა გავრცობა, ხოლო ის, რაც საჭირო ელემენტი იყო დისკო პროდუქტისთვის, საცეკვაო დარბაზებსა თუ კლუბებისთვის, არანაკლებ ეფექტურად და პროფესიონალურად იყო გაკეთებული მათ მიერ.
პლუს ნაილ როჯერსი და ბერნი ედვარდსი შესანიშნავი ინსტრუმენტალისტები იყვნენ, საავტორო ფუნქციები განაწილებული ჰქონდათ, ნაილ როჯერსი თავის ელექტრო გიტარაზე წერდა საბაზისო მელოდიებს, რომლებსაც ბერნი ედვრდსი რიტმულ ფანკ გრუვში აფორმატებდა.
თავიდანვე ნათელი იყო, რომ Chic ვერ ეტეოდა დისკო მუსიკის საზღვრებში, ამიტომაც ბევრი მკვლევარი სწორედ მათ შემოქმედებას უკავშირებს ე.წ. პოსტ დისკოს ერას დასაწყისს.
საერთოდ ბერნი ედვარდსი, სამართლიანად ითვლება ჭეშმარიტ ნოვატორად, რომლის ბას სვლებმაც გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც ჰაუსის რითმული გრუვი. არ არის შემთხვევითი, რომ მათი მუსიკა, ინსპირაციად იქცა პირველი თაობის ნიუ იორკელი რეპ არტისტებისთვისაც.
ფაქტია, რომ პირველი დიდი ჰიპ-ჰოპ ჰიტი, რომლითაც გაიცნო სამყარომ ეს მუსიკა საერთოდ, Shugarhill Gang-ის Rappers Delight(1979), სწორედ Chic-ის მეგაჰიტის Good Times-ის ბაზაზეა აგებული, სადაც გადამწყვეტი ბერნი ედვარდსის ბას რიფი და ნაილ როჯერსის რიტმული ფანკ გიტარაა, დასემპლილ-დალუპული ცხადია.
80-იანი წლებიდან როჯერს-ედვარდს უკვე სუპერვარსკვლავები მიმართავენ. დაიანა როსის ალბომი "Diana", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა, სწორედ მათი დაწერილ-დაპროდუსირებულია.
Chic 1982 წელს დაიშალა, ნაილ როჯერს და ბერნი ედვარდსის გზებიც გაიყო. ნაილ როჯერსი რომ უსაქმოდ არ დარჩებოდა ეს მყისვე გამოჩნდა, მისი საავტორო და განსაკუთრებით პროდუსერული უნარები, ჟანრულად სრულიად განსხვავებული მუსიკოსებისთვის გახდა მომხიბვლელი.
მისი მთავარი საპროდუსერო ნამუშევრები ორ სუპერვარსკვლავთან მუშაობისას შეიქმნა:
პირველი, ეს არის დევიდ ბოუი. ბოუიმ როჯერსი თანაპროდუსერად მიიწვია თავის ალბომზე "Let's Dance" სამუშაოდ. ბოუის ალბომ- ბლოკბასტერის გამოშვება უნდოდა მაშინ, გაძლიერებული საცეკვაო აქცენტით და ნაილ როჯერსზე სწორედ ამიტომ გაამხვილა ყურადღება. როგორც ნაილი იხსენებს - ბოუი ძალიან კარგად ერკვეოდა ჯაზში, სოულშიც და ფანკშიც, მაგრამ სიმღერების დაფორმატება ასეთ იდიომში თავად ვერ გარისკა, მით უმეტეს რომ თავის საფირმო გლემ ხასიათის შენარჩუნებაც სურდაო.
აკუსტიკური ხასიათი გამოარჩევდა ყოველთვის ნაილ როჯერსს სხვა აფროამერიკელი ფანკ-სოულ პროდიუსერებისგან. ალბათ ამიტომაც მიმართავდა მას ბევრი თეთრკანიანი არტისტი. ის, რომ ბოუი სწორედ ამ ალბომით გახდა პოპულარული და კომერციულად წარმატებული ნაილის დამსახურებაა.
როჯერსის, როგორც პროდიუსერის, მეორე უმნიშვნელვანესი მიღწევა, არის მადონას საკვანძო, რიგით მეორე ალბომის "Like a Virgin" შექმნა, საიდანაც დაიწყო კიდეც მადონას სვლა პოპ დედოფლის ტახტისკენ. სხვათა შორის, როჯერსი ერთ-ერთი პირველი მიხვდა მადონას პოტენციალს, ნახა რა მისი ერთერთი გამოსვლა ნიუ-იორკის ღამის კლუბში მანამდე. სწორედ ამიტომ დათანხმდა მადონას დაჟინებულ სურვილს, რომ სწორედ ის გამხდარიყო ალბომის მთავარი პროდიუსერი.
რამდენადაც სწრაფი აღმავლობით მიდიოდს ნაილ როჯერსის, როგორც პროდიუსერის კარიერა, იმდენად უკან მიდიოდა მისი "სონგრათერული" საქმიანობა.
ნაილ როჯერსმა, ფაქტობრივად, თავი დაანება საავტორო მუსიკის წერას და ალბომების ჩაწერასაც, 90-დან კინომუსიკისა და კომპიუტერული თამაშებისთვის ქმნიდა მუსიკას.
1992 წელს, იგი შემთხვევით გადაეყარა თავის თანა“შიკელ“ მეგობარ ბერნი ედვარდსს და Chic-იც აღდგა. ახალი ალბომიც ჩაწერეს, ტურნეებშიც ინტენსიურად დაიწყეს სიარული. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა აღდგენილი „შიკის“ განახალებული კარიერა, ალბათ, კვლავ წარმატებულად, თუმცა ბერნი ედვარდსი მოულოდნელად გარდაიცვალა 1996 წელს, იაპონიაში ბენდის კონცერტის შემდეგ.
ამ ამბავმა საკმაოდ მძიმედ იმოქმედა ნაილ როჯერსზე, გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ შეწყვიტა მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწეობა, ხოლო შემდგომ კვლავ დაბრუნდა და არა მხოლოდ როგორც პროდიუსერი, ნაილ როჯერსმა კიდევ ერთხელ, უკვე მარტომ აღადგინა თავისი Chic, და დაიწყო აქტიური მოღვაწეობა.
2015 წელს ახალი ალბომიც გაამზადა, მაგრამ მეგობრების პრინსის და დევიდ ბოუის გარდაცვალების გამო რელიზი გადადო, კონტექსტი შეუცვალა ალბომს და 2018 წელს გამოსცა.
Nile Rodgers & The Chic ბოლო 10 წლის მანძილზე ძალიან ბევრ კონცერტს მართავს, რეპერტუარი უმთავრესად პროექტის კლასიკური პერიოდის ჰიტებისგან შედგება. გამომდინარე იქიდან, რომ Chic ძალიან ძლიერი და მრავალრიცხოვანი ბენდია და ნაილ როჯერსი ჯაზისმიერი მუსიკოსიცაა და იმპროვიზაციის უნარები აქვს, ეს ძველი სიმღერები არანაკლებ შთამბეჭდავად ჟღერს.
ყველა დარწმუნდება ამაში, ვინც 5 აგვისტოს Nile Rodgers & The Chic ის წარმოდგენას დაესწრება Black Sea Arena-ზე. საინტერესოა, რომ კონცერტზე, არა მარტო Chic-ის, არამედ იმ „სხვების“ ის ჰიტებიც შესრულდება, რომლის შექმნაშიც ნაილ როჯერს უდიდესი წვლილი მიუძღვის, იქნება ეს ბოუის, დაიანა როსის, Sister Sledg-ის სიმღერები, თუნდაც Daft Punk-ის Get Lucky, რომელიც ნაილ როჯერსის თანაავტორობითაა შექმნილი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.
ავტორი: გია ხადური