Nikakoi - GEOWEDDINGS

Tsa.Music

ნოემბერი 11, 2020

ნიკა მაჩაიძის მუსიკას და პიროვნებას ოდნავ თუ მაინც იცნობთ, ალბათ თქვენთვის უცხო არაა ის ირონია და პასტიში მისი შემოქმედებიდან რომ გამოსჭვივის - პერიოდულად ვიდეო კლიპებში, (იხ: „საქართველოს მომავალი“), კონკრეტულ კომპოზიციებსა თუ გრაფიკულ ნამუშევრებში.

 

2005 წელს, ეროვნული ნეფე-პატარძლის, მაყრული და სხვა ქორწილთან დაკავშირებული საკითხებიდან წამოვიდა ახალი ალბომის და მუსიკალური ხაზის იდეა, რომელიც სოციუმში გადგმულ სტერეოტიპებზე სარკასტული (თუმცა ყოველთვის კეთილხმოვანი) რეფლექსია იქნებოდა. ასე დაიბადა „GEOWEDDINGS“ – 8 ქართველი ქალის ქორწინების (და მომენტებში სასიყვარულოც) ისტორია.

ალბომის ყოველ კომპოზიციას, ნიკამ შესაბამისი ტექსტიც დაურთო და 11 ნოემბერს, „GEOWEDDINGS“ უკვე „CES Records“-ზე გამოვიდა.

“შემოქმედებითი განათლების სტუდიაში“ მუსიკალური ჟურნალისტიკის კურსის სტუდენტებმა ალბომის კომპოზიციებზე ალტერნატიული ისტორიები ააგეს, რომლებიც რა თქმა უნდა ავტორის ფანტაზიისგან სრულიად განსხვავდება, თუმცა იმეორებს იმ ირონიულ ხაზს, რომელიც დღეს ძალზედ გვჭირდება ქართულ მუსიკაში.


აი ასე ვულოცავთ ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბევრ კარგ მუსიკას და იუმორის შენარჩუნებას, ასე რომ გვახალისებს.


ზაირას ქორწილი

- 1972 წელს მოიგო სსრკ ფეხბურთის ჩემპიონატი ვოროშილოვგრადის „ზარიამ“ და იმავე წელს გათხოვდა ჩემი მეზობელი ზაირაც.


მაშინ ბარნოვზე ვცხოვრობდით.

 

ლამაზი გოგო იყო ზაირა, შავტუხა, მაღალი, ტანადი. ქართულს ცეკვავდა. გოროზი და ეშხიანი გამოხედვა ქონდა. მთელი უბნის ბიჭებს მისი დანახვისას ელეთ-მელეთი ემართებოდათ.


მაგრამ რად გინდა? ადგნენ და ვიღაც ცეხავიკ ზაურას მიათხოვეს. 3 დღიანი ქორწილი გადაიხადა ზაურამ და მთელი ცეკა-ტეკა სულ დოლ-გარმონის ჟღრიალში აქეიფა. 


ზაირას წარბიც არ შეუხრია და ცრემლიც არ გამოვარდნია, სულ თავაწეულმა იცეკვა ქორწილში ხან ქართული და ხან მთიულური.


- მერე?


- მერე ზაურას სახლიდან აურზაურის მეტი არც არაფერი გამოსულა. ერთ საღამოსაც ვერე ადიდდა და ზაურას ფულებთან ერთად ზაირაც აორთქლდა. არავინ იცის სად გაქრა, მავანნი იძახიან იმ საბედისწერო ღამეს ვერემ გაიყოლაო, სხვანი ამბობენ თურქეთის გავლით ევროპებში წავიდაო. რას გაიგებ. ბევრი ეძებეს ზაირა, მაგრამ ვერ იპოვეს.


ერთხელ ესპანეთიდან ჩამოსულმა სტუმარმა გვარიანი ჭაჭის შემდეგ, სულ თითებზე კოცნით და „ტე ლო ხუროს“ ძახილით გვიმტკიცა ვიცი მე ეგ თქვენი ზაირა. ორტეგამ მაგისი ფულებით „ზარა“ გახსნა და ეხლა ტკბილად და გემრიელად ცხოვრობს თბილ ქვეყნებშიო, მაგრამ რას გაიგებ.


და იცი ზაირა რას ნიშნავს?


- რას?


- ყვავილს.

ავტორი: სალომე ვარდანაშვილი


არავის ეგონა ზაირასგან ქალი რომ დადგებოდა. არადა ყველა საქმეს ზაირა იწყებს და თვითონ ზაირა სვამს წერტილს. ზაირას მაშინაც შავები ეცვა, ბავშვობაში სამეზობლოს სასაფლაოზე კატებს რომ კლავდა და ეხლაც, ყოველდღე. მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ახლაც მძიმე ქალია, მაგრამ დასაყრდენი. დღევანდელი ქორწილი არ იქნება ჩვეულებრივი. პატარძალს აცვია წვივამდე თეთრი ატლასის კაბა, დიდი შავი ბაფთით. დარბაზში მხოლოდ ის სტუმრები შემოდიან, ვისაც ზაირა მართლა ენდობა და ვისაც თვითონ პატარძალი ნამდვილად უყვარს. არავითარი პირფერობა და მოჩვენებითი ღრიანცელი. დღეს ვცეკვავთ გულწრფელად, მყარად, მაგრამ თავშეკავებით.

ავტორი: ნინო დავაძე


ჟუჟუნას ქორწილი

თუ ჟუჟუნამ ღვინის მოყვარული ქალის შთაბეჭდილება დაგიტოვათ, არ ცდებით, დიდი ტაშ-ფანდურა ვინმეა. სიყვარულიც უყვარს და მის პოვნაზეც აქტიურად ფიქრობს. გზაზე რომ ხილ-ბოსტანს, ყველს და ღვინოს ყიდიან, მანდ მუშაობს. ძირითად ყველა ღვინოს გემოს უსინჯავს ხოლმე, ვინმემ ცუდი არ შემომაპაროსო. მუსიკის კასეტებიც ბევრი აქვს და ზუსტად იცის თავის ქორწილში, რა როდის უნდა დაუკრან, რა რის შემდეგ იცეკვონ და ისიც კი იცის, შალახოზე დაქალებთან ერთად როგორ გადაბჟირდება. ამას წინათ, რადიოში გადაკეთებულ ვერსიას მოუსმინა და აი, ზუსტად ეგ უნდა ჩართოს. კაბაც გამზადებული, საგულდაგულოდ შეფუთული კარადის თავზე აქვს შემოდებული, ახალი თეთრი ფეხსაცმელიც გვერდით უდევს, თაიგულისთვის კი ეზო სავსეა ყვავილებით. 


იკითხავთ, ვისზე თხოვდებაო. არც ესაა პრობლემა, კანდიდანტებს რა გამოლევს. თან, უკვე კონკრეტული მინიშნებებიც აქვს: ყავაში იმკითხავა, ვარდიც დაინახა და სანთელიც! სიყვარული და სურვილის ახდენა! უკვე ეჭვგარეშეა ყველაფერი, ასო ვ-საც ცალსახად ხედავს, აგერ ვასო, ან გიას ბიჭი ვახტანგი. არა, აშკარად ვანო ჯობია, მაგნიტოფონი აქვს, თან ორი ცალი! ეგ არის… ტაშ-ტუშ ჟუჟუნა მალე თხოვდება, ერთი ჭიქა თეთრი ღვინო, მეორეც ბარემ… ტაშ-ტუშ, ჟუჟუნა მალე თხოვდება!

ავტორი: სალომე ოთარაშვილი


ლელას და ჟუჟუნას ქორწილი

ჟუჟუნა არის 33 წლის ქუთაისელი გოგონა, აქტიური, ლოყებ ღაჟღაჟა, ცოტა “პუტკუჩა” და “მკლავებ წაკაპიწებული”. ქიციც რო იცის და ქიცმაცურიც. ხაჭაპურს აკეთებს? ქუთაისში საუკეთესოს. აქტიურია და “თავიქალი”. აი ისეთი ყველას მაგივრად რომ ლაპარაკობს. კეთილია და ცნობისმოყვარე. ყველაფერი აინტერესებს და თვითონაც ძალიან გახსნილია ხალხთან. სამეზობლოში რომ ყველაფერი იცის. უყვარს “ტანკლი-ტუნკლი” სიტუაციები. ნუ რათქმაუნდა, ქორწილიც ესეთი აქვს. შეძლებული ოჯახიდან არის და ეს უფრო აძლევს იმის საშუალებას რომ მეტად აქტიური, თავდაჯერებული და კომუნიკაბელური იყოს. რაღაცეებში ვერ ერკვევა და ამ ასაკში უკვე ვერც გაერკვევა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს. 


ქორწილისთვის “ქერა მელირება” გაიკეთა საგანგებოდ. ყველას უღიმის უცინის, იმიტომ რომ კეთილია და უნდა ყველამ ძალიან კარგი დრო ატაროს თავის ქორწილში. 


აქვე არის მისი დეიდაშვილი ლელა, რომელიც თბილისში დაიბადა რადგან ჟუჟუნას დეიდა იქ გათხოვდა. ლელა მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ოჯახიდან არის, მაინც თბილისი “თავისას შვება” და ცოტა გზას აცდა. ჟუჟუნა ლელას თავისი ქმრის, ვაჟას ბავშვობის მეგობარს და კლასელ ვახოს აცნობს და ურიგებს, იმიტომ რომ “კარგი საქმე” ხო უნდა გააკეთოს?! მოკლედ ჟუჟუნა ძალიან საყვარლად გამაღიზიანებელი და გამაღიზიანებლად საყვარელი გოგონაა, რომელიც რათქმაუნდა 33 წლის ასაკში ქორწილის ღამეს ელოდება დაქალებას! 


…და აი დადგა ის სანატრელი დღე, როდესაც ასრულდა ჟუჟუნას ჩანაფიქრი - ლელა და ვაჟას ქორწილია.


ლელა 27 წლის ტანწერწეტა, ეშხიანი და მაცდური გოგონაა. თბილისში დაბადებული და გაზრდილი, საკმაოდ ტრადიციული ოჯახიდან. ცოტა “გზას აცდენილი”, მაგრამ ფონს თავისი ოჯახიდან გამომდინარე გადის. პროფესორი მამა, ექიმი დედა. გართობა და თავისუფლება უნდა, მაგრამ ოჯახი არ აძლევს გასაქანს. კარგი და სამაგალითო გოგო უნდა იყოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი ქუთაისში თავისი დეიდაშვილის, ჟუჟუნას ქორწილში მოხვდა, სადაც გაიცნო ვახო - 36 წლის წარმატებული, შემდგარი ბიზნესმენი, რომელსაც ქუთაისის ბაზრობაზე კომერციული ფართი ხვდა წილად მემკვიდრეობით. ავტონაწილების მაღაზია აქვს გახსნილი და “კია” გემრიელად.


ლელა არ არის გოგო, რომელიც წრფელი სიყვარულით გათხოვდა. რა არის ის რის გამოც მან ეს ნაბიჯი გადადგა?! …ლელას ეს არ აწუხებს, ან აწუხებს, მაგრამ ნუ რას ვიზამთ, ესეთია ცხოვრება. 


-“აუუუჰ ლელა 27-ს გადააბიჯე და არ თხოვდები? ლელა ოჯახს როდის ქმნი?”


ეს კითხვები ლელას კოშმარად იქცა…. ზის ქორწილში და იქცევა როგორც ფრთოსანი ანგელოზი, მაგრამ გულის სიღრმეში ის მაინც მაცდურ, “კეკლუცა” და “თბილისში გაფუჭებულ” გოგონად რჩება, რომელიც რათქმაუნდა 27 ასაკში დაქალდება :)))))) 

ავტორები: ქუჯი ტაბაღუა და სოფი სირაძე 


ნაირას ქორწილი


ქორწილია. 1992 წლის ზამთარი. ნაირა პერიოდულად ჩუმად გადის მოსაწევად სახლის უკან დაქალთან ერთად. 


დაქალი:  ვერ ვხვდები, როდემდე უნდა მალავდე პატარა ბავშვივით.


ნაირა: შემეშვი რა, ჩემი მშობლების მეგობრებს კიდევ მაგის დანახვა უნდათ?


დაქალი: სხვების აზრზე რომ დადიხარ, მაგიტომ გიზის დღეს გვერდით ეგ ბიჭი.


ნაირა:  რა ვქნა აბა? ისე, მართლა აქაა ის შენი აზრით?


დაქალი: კი, აბა რას შვება?! ვიღაც უბნელს გამოართვეს მანქანა და გარეთ გელოდებიან.


ნაირა: აი, ხომ იცის, რომ არ ვარ გამქცევი, მამაჩემი იხდის ქორწილს ბოლოს და ბოლოს. აღარ მაღირსებს არაფერს.


დაქალი: ის მაინც გეღირსება გვერდით, ვინც გიყვარს.


ნაირა: კაი, მალე, ერთი ნაფაზიც და შევედით. ცეკვა ქართულიო, თამადა იძახის.


დაქალი: არ ინანო მერე, გეუბნები.

ავტორი: მარიამ ტალიაშვილი


ჩემი ძველი მეზობლის შვილმა ცოლი მოიყვანა და ქორწილში დამპატიჟეს. აი, იტალირ ეზოში, რომ ვცხოვრობდი, მანდ ცხოვრობდა ჩემს ქვევით. ქართული ქორწილი იყო, 400 კაციანი. თამადა პატარძლის მამის მეგობარი იყო. ქორწილი მთლიანად ჩემმა მეზობელმა დაგეგმა, არცერთ დეტალზე არ შეუწუხებია შვილი, მაგრამ ეგ პატარძალს სულაც არ აწუხებდა. მე როგორც ჩემმა მეორე მეზობელმა, ნაილიმ, ჯვრისწერაზე მიამბო, გიორგის, სიძის მამა თურმე ბიზნესმენი ყოფილა. 


 ნაირა ბავშვობიდან მორცხვი იყო, ძალიან ნაზი და ცოტა უხერხული ადამიანი. ქორწილში ყველას ეცეკვებოდა და ყველას მასთან უნდოდა ცეკვა. აშკარად ცოტა ეუხერხულებოდა ამდენი ხალხის ყურადღება. რამდენჯერმე მეჯვარე მოვიდა, ახალგაზრდები საცეკვაოდ, რომ გავეყვანეთ, მე არ გავყევი. თამადა არ ჩერდებოდა, სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდა, კაცები ფეხზე დგებოდნენ და სვამდნენ. 


 ნაირა ცოტა სევდიანი მომეჩვენა და ჩემს გვერდზე მჯდომ ნაცნობს, ჟუჟუნას, რომელიც სიძის დედის თანამშრომლის შვილი აღმოჩნდა, ვკითხე, თვითონაც თუ შეამჩნია ნაირას მოწყენილი თვალები. სიმართლე რომ ვთქვა, უბრალოდ ჭორაობა მინდოდა. ჟუჟუნას ერთხელ დედამისის საუბარზე ყური მოუკრავს. თურმე ნაირას გიორგიზე გათხოვება არ უნდოდა, შემთხვევით გაიცნო, მამიდამისის სახლში, გიორგის მოეწონა და მისი და ნაირას დედ-მამის დამსახურებით დღეს მათი ქორწილი იყო.

ავტორი: ლიზი მახარაძე


ნაილის ქორწილი

მუსიკალურად, ალბომში, „ნათიას“ შემდეგ, ჩემთვის ყველაზე გამორჩეული კომპოზიციაა. Groovy ჟღერადობა და beat-ი (პულსაცია) იმდენად განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, რომ მიუხედავად მოჩვენებითი ნეიტრალური ემოციური მხარისა, ტანით იგრძნობა, რომ შინაგანად, აბსოლუტური „წვა“მიდის.


ასეთია ნაილი და იმიტომ. ნაილი მარნეულში დაიბადა. ეთნიკურად აზერბაიჯანულ ოჯახში. თითქოს სხვა თანატოლებისგან ნაილის ბავშვობა არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც, იყო ერთი დეტალი, რომელმაც განსაზღვრა მისი ცნობიერება. ეს იყო ქართულ ტელესივრცეში მაშინ გაჩენილი ახალი გადაცემა „ამბობენ“ ( აი, ის, თეა გვასალიას რომ მიჰყავდა) და ამ გადაცემის ბოლო ნაწილის რუბრიკა, რომელიც „მოდების ახალთ-ახალ კოლექციას“ აშუქებდა. მისი პატარა ოთახის კედლებზე, რომელსაც საყვარელ ბებიასთან ინაწილებდა, ნელ-ნელა გაჩნდა ლინდას, კლაუდიას, სინდის, ნაომის, კრისტის და სხვა ტოპ-მოდელების გლამურული ფოტოები. ამ ფოტოებსაც, ბებიისგან ყოველ კვირას ნაჩუქარი მცირედი თანხით, მარნეულის ცენტრში მდგარი წითელი დიდი ჯიხურის დახლზე ნაყიდი ჟურნალის „ 7 დნეი“ და „სარკე“ გარეკანიდან და სტატიებიდან ჭრიდა. იმდენად იყო მონუსხული მისთვის ჯადოსნური სამყაროთი, რომ 9 წლის ნაილიმ მტკიცედ გადაწყვიტა, ეს ყველაფერი მის ცხოვრებაშიც ყოფილიყო. 


ნაილი ლამაზი გოგოა, შავგვრემანი, მწვანე კატისებრი თვალებით და ხვეული შავი თმით. რა გასაკვირია, მარნეულის ყველაზე სასურველმა სასიძომ დაადგა თვალი, უფრო სწორად, სასიძოს შეძლებულმა ოჯახმა. ქალაქში იმასაც ამბობდნენ, მომავალმა მამამთილმა, გოგოს სანაცვლოდ, თურმე სარფიანი წინადადება შესთავაზა ნაილის მამას. არც არავის გაუპროტესტებია, პირველ რიგში, თავად ნაილს. ახლა ზის საკუთარ ქორწილში და თავდაჯერებული, მორიდებული მზერით შეცქერის მოლხენილ სტუმრებს......მისი მზერა ამ ყველაფრის მიღმაა...ნაილის სახეს ტრიუმფალური ღიმილი გადაკრავს...

ავტორი: tmverve


ნატაშას ქორწილი


Natasha’s Wedding ალბომის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული კომპოზიციაა, რომელსაც საქართველოს ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა აქვს. 


1974 წელი. ცენტრალური სადგურის ბაქანზე მოსკოვი-თბილისის მატარებელი შემოვიდა. რუსეთში სამუშაოდ წასული ნატაშა 2 წელი ცხოვრობდა ნიჟნი ნოვგოროდში დასთან და მის ოჯახთან ერთად. კითხვით გართულმა ვერც კი შეამჩნია, რომ ეს ბოლო გაჩერება იყო. სანიშნის ნაცვლად Война и мир-ში სწრაფად ჩადო გრიგორის სურათი, ქერა თმა ყურებზე გადაიწია, მოსკოვში ნაყიდი ბატისტის „იუბკა“ გაისწორა, და გახარებული გაჰყვა ხალხის ნაკადს. 


ახალქალაქის ავტობუსი 1 საათში გავიდოდა. სხვა თანატოლებისგან განსხვავებით რომლებიც რუსეთში წავიდნენ სამუშაოდ, ნატაშას ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა კამბოვკაში. იქ ფარავნის ტბის მეორე ნაპირზე, თავფარავანში გრიგორი ელოდებოდა. ლურჯთვალება კეთილი გრიგორი სომეხი კათოლიკე იყო, რომელსაც ბევრი არაფერი ებადა - დღე და ღამე მუშაობდა, ცხვარს აძოვებდა და მხიარულად ხნავდა უსასრულო მინდვრებს. მართალია ნატაშა დუხაბორი იყო, მაგრამ გრიგორის კათოლიკობა სიყვარულში ხელს არ უშლიდა. იმ დღეს არყით მთვრალმა გრიგორმა ნავით გადაცურა ტბა თავფარავნიდან კამბოვკაში და ნატაშასთან დარჩა.


1 თვის შემდეგ იქორწინეს.


ასეთი ქორწილი ფარავნის ტბისპირეთს არ ახსოვდა. გრიგორმა მთელი დანაზოგი ამ დღეს დაახარჯა. რაც მთავარია, საუკეთესო დამკვრელები მოიწვია ნინოწმინდიდან. გრიგორის მეგობარს მაგნიტოფონიც ჰქონდა. ტბის პირას დიდ მინდორში მთელი ღამე ცეკვავდნენ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდები, ჯავახეთის საძოვრებზე ჩამოსული კახელი მეცხვარე ბიჭები, თსუ-ს პრაქტიკოსი არქეოლოგი სტუდენტები და მძღოლი, რომელმაც დილის 8 საათზე წყვილი თბილისის ცენტრალურ სადგურში მიიყვანა. 


მატარებელი: თბილისი-მოსკოვი. თაფლობის თვე (ან წლები).

ავტორი: ქეთი რაზმაძე


ნატაშა

პიესა სამ მოქმედებად.


მოქმედი პირები:

ილო                           ილოს მამა  

ნატაშა                         ნატაშას დედა     

ილოს დედა                    ილოს მეზობელი მარო 

ზინაიდა - ანონიმურ ანტი „ნაშა ნატაშა“- ს წრის დამაარსებელი შარლატანი

ზიგო - ანონიმურ ნატაშაჰოლიკთა წრის დამაარსებელი თაღლითი, ზინაიდას ქმარი



           

         პირველი მოქმედება.


ილო მამამ ქალებში წაიყვანა.


მამა:   - აბა მიმიხედეთ ბავშვს, საუკეთესო აურჩიეთ! 

საროსკიპოს უფროსი: - საუკეთესოს მოვიყვან, აბა შენ ბარტყს სხვას რავა ვაკადრებ! ნატაშა, მოდი გოგო აქ!


ამ დღის მერე ილო ეტრფის რუს ქალებს. მამა სიამაყით უყურებს შვილის ამ გატაცებას.

მამა: -  მამას გავს, მამის ასლია ეს მამაძაღლი ესა! - სიამაყით დასჭექს ხოლმე და ულვაშებში ეცინება კმაყოფილს.


ილო 19 წლის გახდა და მამამ სთქუა:


ახლა დროა ცოლი მოიყვანო! კაი ოჯახის შვილი, ლამაზი, სათნო, ქართველი გოგო.

ილომ გააპროტესტა, ქართველი არ მინდაო, გაასავსავა ხელები.  

დედა გადაირია: - დედა დედა ეს რა ხდება ჩვენს თავს, რას ამბობ შვილო! მე მიკეთებ ამას? ტიტუუ, მეღუპება შვილი, შენ გადამირიე ეს ანგელოზივით ბავშვი, აიიტ, შენი სინსილა შენი!!!

მამა: - რა გინდა ქალო, მე რა ვიცოდი ასე თუ გამოთაყვანდებოდა ესა. ერთი კაი შემოლაწუნება უნდა ამას. მოვუყვან კაი გოგოს და მორჩა, ნუ პანიკობ დედაკაცო! 


შემოდის მარო, ყველა მეზობელთან თითო ყური რომ აქვს დატოვებული ისეთი მეზობელი. 


მარო : - ახლა შენ არ გეწყინოს, მაგრამ კარგი რომ მინდა შენთვის ამიტომ გეუბნები. გავიგე აქვე გახსნილა რაღაც სამკურნალო წრე. მიდიან ეს რუსებზე გადარეული ბიჭები და უკან ბრუნდებიან მარტო ქართველი ქალები უნდათო. აგერ ა, მეოთხე სართულელი ოთარას შვილი ზურიკო ხო იცი, გააბდლებული დაყიალობდა თურმე, ძალით მიათრიეს სამკურნალოდ და იქ არ მოუყვანიათ გონს!? აგერ ა, რა ცოლი მოუყვანეს ქე ნახე შენი თვალით!

დედა : - რას ამბობ ქალო, ჩემი ილიკო ავადმყოფი კი არაა ეგეთ ადგილებში იაროს... 

მარო : - გაჩერდი ერთი, დამიგდე ყური. არავის არ უთხრათ ისე ატარეთ ბაღანა და აგე ნახე რა ქორწილში ვიტრიალოთ მე და შენ მალე!

დედა: არ ვიცი არ ვიცი, რა ვქნა, სხვა გზა არის რო? დედა ეს რა დღეში ჩაგვყარა კაცო...

 

დედა მოელაპარაკა მამას. ილო უარზეა, არსად არ ვივლიო, მამამ სანამ ამ სახლში ხარ რასაც მე გეტყვი ისე იქნებაო. ილომ იფიქრა, კაი წავალ ჰო, ვივლი და თავს დამანებებენ მაინცო.


ანონიმურ ნატაშაჰოლიკთა წრე :

მკურნალი ზიგო : ამხანაგებო, დღეს ახალი წევრი შემოგვიერთდა, მივესალმოთ მას!

 

ტაში!


გამარჯობა, მე ვარ ილო და ვარ ნატაშაჰოლიკი!


ტაში!


დღეს სანამ აქ მოვიდოდი, მეტროსთან ერთმა ქერა ცისფერთვალება, მკერდ სავსე (აქ სულელივით გაეღიმა) გოგომ ჩამიარა. ვერ მოვითმნიმე და მივაძახე : კრასავიცა, ტი კუდა, ნატაშაჩკა ლასტოჩკა ... მან გამიღიმა და გაიქცა, მე კი თავი შევიკავე და არ გავეკიდე! 


ტაში!


                                                                                 მეორე მოქმედება.


გოგირდის აბანოები :


ნატაშა: - 3 წელია საქართველოში ვცხოვრობ, კარტულსაც ვსწავლობ, მე თვითონ ვაცხობ უკვე ხაჩაპურს. იცი რას მივხვდი?

მექისე : - ნელა გადმობრუნდი...

დედა: - რას? 

ნატაშა : - რაც არ უნდა გავაკეთო, ეს ქართველი კაცები მიყურებენ როგორც „ნაშა ნატაშას“. მე ხომ ინდივიდი ვარ, შტო ზა ხამსტვო! ამათი ატანა არ მაქვს ბლინ! 


მექისე ასხამს სათლით ცივ წყალს. ნატაშას შეაკანკალა.


დედა: - შენ არ იყავი კართველი კმარი რომ გინდოდა? სადაა ჩემი ქართველი სიძე? ტი შტო აბდურელა? გაიხსენე რატომ ჩამოხვედი აქ და მორჩი ნისწი ჩუჟ, დურა ნაბიტაია


მექისე ახლა ცხელ წყალს ასხამს ნატაშას.


დედა : იმ ანონიმურ ანტი კაკაიატა ხრენოვაია წრეზე სიარულმა დაგადურა შენ, მოინდომა აქ ინდივიდუალნოსწ .. ნიუჟელი ასე ძნელია კაი კარტველი კმარი? 

(ანონიმურ ანტი „ნაშა ნატაშა“- თა წრეზე მართლა დადიოდა ნატაშა. ბოლომდე არ მიიყვანა კურსი, თუმცა თვლის რომ განიკურნა. წამოსვლის დღე:


გამარჯობა, მე ვარ ნატაშა, და მე არ მინდა ვიყო „ნაშა ნატაშა“!

ტაში!

დღეს, აქ მოსვლამდე მეტროსთან კრასავჩიკმა გრუზინმა მომაძახა - კრასავიცა, ტი კუდა, ნატაშაჩკა ლასტოჩკა.. მე მთლად ბოლომდე ვერ შევიკავე თავი და შევხედე და გავუღიმე კმაყოფილმა.... თუმცა უცებვე მოვეგე გონს და გამოვიქეცი იქიდან.


ტაში!

ჯგუფხელი ზინაიდა - რა იგრძენი რო მირბოდი ?

ნატაშა - შიმშილი...


ჯგუფხელი ზინაიდა : ყოჩაღ ნატაშა! დიდი წინსვლა გაქვს, ხომ გახსოვს გუშინ წინ რესტორანში რომ იყავი მეგობრებთან ერთად, მოვიდა უცნობი მამაკაცი, გაგეცნო და 5 წუთში გაყევი სახლში.. მერე მეორე დღეს ტირილით მოვარდი და ნანობდი, ისევ „ნაშა ნატაშა“- სავით მოვიქეციო. დღეს კი მხოლოდ გაუღიმე და გამოიქეცი, შენ ამსხვრევ სტერეოტიპს ნატაშების შესახებ, შენ დაიმსახურე ოქროს მახათი!

მქუხარე ტაში!

                                                                             მესამე მოქმედება.



ღია ცის ქვეშ.


ჯგუფხელი ზინაიდა : - ქმარო, მორჩი იმ დურაკების დაქლიავებას?

მკურნალი ზიგო - კი ჩემო ლამაზო და დღეს ახალი მომიყვანა მარომ, სამეზობლოში ჩალიჩობს. 20 % - ი მივეცი რა, კარგად მოყავს კლიენტები. შენ რა ქენი ნატაშებთან?

ჯგუფხელი ზინაიდა : - წინ სვლა აქვთ, წინ სვლა! (გადაიხარხარა)


რესტორანი. ილო და მეგობრები ქეიფობენ


ილო: - ამ ჭიქით მშვენიერ მანდილოსნებს გაუმარჯოთ!

მეგობრები : - გაუმარჯოთ... გაუმარჯოს... ჯოს... ოს ... სსს  


შემოდის ნატაშა და მისი მეგობარი.

ნატაშა: - აქ კარგი ხინკალი აქვთ, დღეს ცუდ ხასიათზე ვარ კარგი ქართული ჩაჩაც ხომ არ მივაყოლოთ?

კრისწინა: - რაზუმეიტსა დარაგუშა


 ნატაშა და კრისწი ეგრევე დათვრნენ. ილო შორიდან აკვირდება ნატაშას და სიყვარულით ევსება გული. კარგად რომ შეთვრა, მოიკრიბა გამბედაობა, მიუახლოვდა ნატაშას და ეუბნება: „ შენს გარეგნობას ნაკლი არც კი მოენახება, ყველას ატყვევებს მაგ ნაძერწი სახის დიდება, შენთვის ა...“


 ხმადაბოხებული ნატაშა უხეშად აწყვეტინებს ილოს: - მალჩაწ! 


 ილო გაფითრდა, პირველად გადაწყვიტა ცხოვრებაში ვინმესთვის ეს სონეტი წაეკითხა.. ნანობს...

ნატაშა: - ნუ შტო ზა ძილა, საქმე ნაცვლად ლაპარაკისა, დარაგოი... 


ილოს მეგობრები მღერიან :

ვისიააა, ვისიაააა, ქაალიიი ლამაზიიი, ჰეეეეე, ჰეეეეეე...


ილომ მოკიდა ხელი ნატაშას, თვალებში ჩახედა და ჰკითხა :მენდობი?

ნუ დაა, დაა .. 

მაშინ დღეიდან ჩემი ხარ, მშვენიერო!


ნატაშას მეგობარი იყურება ტრავოლტასავით, ბიჭებმა ეგრევე ნაცნობ მამაოს გადაურეკეს, ჯვარი უნდა დაწერო წყვილს მამაო, შენი იმედი გვაქვსო... გავარდნენ, ჯვარი დაიწერეს და ილომ ნატაშა სახლში მიიყვანა.


დედა, მამა, გაიცანით ჩემი ცოლი!


მეგობრებმა შამპანურები გახსნეს ბათქა ბუთქით, ჟრიამული ატეხეს და ჩართეს მუსიკა.

მამაომ ილოს მშობლები გაიყვანა და ელაპარაკა, აწი უნდა მიიღოთ, ჯვარდაწერილები არიანო. ნატაშა მეორე დღეს მოვიდა აზრზე. დედამისი ბედნიერია.


ილოს დედა მეზობელ მაროს 1 წელი არ ელაპარაკებოდა, მერე მეზობლებმა ითავეს და შეარიგეს.

ნატაშას ახლა ყავს 6 შვილი, ცხოვრობს ილოსთან, მის მშობლენთან, 4 დასთან და ბებიასთან ერთად. როცა სევდა შემოაწვება, ნიკაკოის Natashas Wedding-ს რთავს და ცეკვავს თავდავიწყებით.

ავტორი: 21st century schitzoid man


ნატოს ქორწილი

„ჩახვეული პლასტინკასავით“ ჩაესმის ნატოს ფრაზები 


- როდის თხოვდები?

- დარჩები ასე გაუთხოვარი

- ქმრის გარეშე ქალი ცოდოა დედი

- აფსუს! შვილი როგორ მოგიხდება ნატო 

- ისე არ მომკლა რომ შენს ქორწილში არ ვიცეკვო


ოჯახი მხიარულობს, სასიძო გვეწვია, სა სი ძოოო! ხელი ნათხოვნია! ნატო გავათხოვეთ!


ქორწილის დღეც მოდგა, საშუალო კლასის ოჯახი, მაგრამ მაღალი კლასისკენ წაწევის სურვილი და გუნებაში - პერსპექტივაც. ნატო წელზე მომდგარ და ქვევით გაშვებულ ფუშფუშა კაბაში გამოაწყეს, კისერზე ბაჯაღლოს ძეძკვი ჩამოკიდეს, ხელზე ნიშნობის ბეჭედი და დედამთილის ნაქონი ბრილიანტის ბეჭედი. სამაჯური - ასევე ბაჯაღლო. 


- გამოაჩინე ნორმალურად! 


დასდევს ნატოს დედა გარშემო და ოქროების გამოჩენას სთხოვს. მტვრიანი სადარბაზოც ლამაზმა თეთრმა საქორწინო კაბამ ჩაგავა და საქეიფოდაც გაემართა მაყარი საბანკეტო დარბაზში. 


- როგორ ლამაზად ცეკვავს, როგორ კარგად ატრიალებს ჩვენი ნატო ხელს, ბებო გენაცვალოს, ჩვენი სჯობია მაინც, ცოლი ქმარს ათიათასჯერ უნდა სჯობდეს! ათი! ათას! ჯერ!


ტაში! ტაში! ტაში! ტაში! 


და აი ჩამოჯდა ჩვენი ნატო, ოცნებებში გადავარდა, რა იქნებოდა სულაც უარი რომ ეთქვა ქორწინზე და სწავლა გაეგრძელებინა, თავისუფლების გემო ხომ ჯერ არც გაუსინჯავს, მაგრამ აბა რანაირად, უარს ხომ არ ეტყოდა, სირცხვილია. არადა, იქნებ მართლაც ეპოვნა ნამდვილი სიყვარული ... 


და ოცნებებიდან ისევ უკან აბრუნებს რეალობაში ჩვენს ნატოს ტაშის ხმა -

ტაში! ტაში! ტაში! ტაში!


- გამხიარულდი დედუცი! პატარძალს ღიმილი უხდება!


ავტორი: გვანცა უთურაშვილი

ნატო აჭარელი,ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა პატარძალია. ბავშვობაში ქართულ ცეკვაზე დადიოდა, თუმცა,მის ინტერესებში ეს ნაკლებად შედიოდა,მშობლები აძალებდნენ, ქორწილში ხელი ხომ უნდა გაშალოო- ეუბნებოდნენ. დროთა განმავლობაში შეუყვარდა ქართული ცეკვა. როგორ არ უნდა შეყვარებოდა? მაგრამ მშობლებზე მაინც იყო გაბრაზებული,რადგან მათთვის ამის იქით არაფერი არსებობდა. ნატოს კი სხვა ინტერესებიც ჰქონდა,მაგრამ ოჯახი ხელს არ უწყობდა.


დადგა მისი ქორწილის დღეც და მისი მშობლები სიხარულისგან მეცხრე ცას იყვნენ. ამაყობდნენ, ამდენი სტუმარი ნახავს ჩვენი შვილი როგორ ლამაზად ცეკვავს ქართულსო.

თუმცა მათ რა იცოდნენ ნატოს რა ჰქონდა მათთვის მომზადებული? 


ბევრი იმუშავა. გაათანამედროვა და ირონიით აავსო ქართული მუსიკა, რაზეც ქორწილში,სტუმრების თვალწინ იცეკვა თანამედროვე კაბით,რომელიც ქართული ნაციონალური სამოსის ელემენტებით შედგებოდა. 

მუსიკა არავის მოეწონა. ვერც გაიგეს , რა მუსიკა იყო. 

ნატომ ამაზე ბევრი იცინა.

ავტორი: თაკო თინიკაშვილი 


ნათიას ქორწილი

- წამოდი ბუქარესტში, ვიქორწინოთ !


ამ წინადადების გაგონებაზე ნათია ცოტათი შეცბა, რა ეპასუხა არ იცოდა. რამდენიმე წუთს წყვილს შორის უხერხული დუმილი ჩამოდგა.


24 წლის შავტუხა დიდთვალებიან გოგოს ამ ორიოდე წუთში გონებაში ფიქრების ქარბუქი დაუტრიალდა.


2002 წლის თბილისურ სუსხიან და ცივი ზამთრის საღამოს ჩაბნელებულ, მდუმარე რუსთაველის პროსპექტს მიუყვებოდნენ, ნათიამ გაბედა და გამეფებული სიჩუმე დაარღვია.


-და ბუქარესტში დენი არის ? ოჯახში რა ვთქვა ? მეზობლები ? და უნივერსიტეტს რა ვუყო ? ფილმი მაქვს გადასაღები ! ჯერ ხომ ორი კვირაა გიცნობ ?  


22 წლის მაღალი, სიმპატიური მიჰაი ძალიან დამაჯერებლად უმტკიცებდა ნათიას, რომ რუმინეთში ყველაფერი კარგადაა, რომ მამამისი დეპუტატია და მის ოჯახს დენი ყოველთვის აქვს. 


ნათიას ბევრი აღარ უფიქრია, რუმინელ ბიჭს იმ საღამოსვე დათანხმდა.


-მიჰაი სანამ მშობლებს გაგაცნობ საყურე მოიხსენი.


 საკვირველია, მაგრამ მშობლებიც მარტივად დაითანხმა, ოჯახი სასიძოს ხელგაშლილი დახვდა.


ქორწილიც დაიგეგმა, მშობლიურ იმერეთში სოფ: გედსამანიაში დიდი სეფა გაიშლება. მანამდე კი მიჰაი ნუგზარმა (ნათიას მამამ) რამდენჯერმე კაი გვარიანად გამოათრო.


ქორწილში სამასი ლიტრი ღვინო დაილია. მიჰაი მესამე განსხვავებულის შემდეგ გაითიშა და ლოგინამდე სიმამრმა მიიტანა.

ავტორი: ლუკა ჭანუყვაძე

ნიკა მაჩაიძის ორიგინალი „GEOWEDDINGS“ ტექსტების სანახავად ეწვიეთ ბმულს აქ.

Buy Release On Bandcamp: