მუსიკა | ცა

Nikakoi – Selected

Tsa.Music

ნოემბერი 04, 2020

თუ თქვენი მელომანად ფორმირება სტრიმინგ სერვისების არსებობამდე მოხდა, სრულიად შესაძლებელია რომელიმე მუსიკოსის დაფასება და სიყვარული, არა მათ მიერ გამოცემული თემატური ალბომების, არამედ ფართოდ გავრცელებული „საუკეთესო კომპოზიციების“ (“Best Of”) კომპილაციების მოსმენის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ჩანაწერების ოქროს პერიოდი დიდი ხნის გარდასულია, უკვე დამკვიდრებული მუსიკოსის შემოქმედება სრულიად ახალ მსმენელისთვის გაეცნობის ფუნქცია - კვლავ აქტუალურია.


დღეისთვის მსგავსი კომპაქტ დისკების ფენომენი Spotify-ის თუ სხვა პლატფორმების მიერ ფორმირებულმა, რედაქტორების შერჩეულმა ფლეილისტებმა ჩაანაცვლეს. თუმცა ფიზიკური რელიზის ფლობის რომანტიკას და იქ შემთხვევით აღმოჩენილი კომპოზიციების ეიფორიის სრულ ჩანაცვლებას, ციფრული ფორმატი რთულად თუ შეძლებს.

2009 წელს, ნიკა მაჩაიძემ LABORATORY INSTINCT“-ზე სწორედ მსგავსი ტიპის კომპილაციური ალბომი “Selected” გამოაქვეყნა, სადაც მუსიკა არტისტის პირველი ორი ალბომიდანაა თავმოყრილი, თუმცა აქვეა 10 სრულიად ახალი კომპოზიციაც. “Selected“ 2020 წელს „CES Records“-ზე ციფრულად ხელმეორედ გამოიცა.


Minimiss 3 - ნიკას სერიული კომპოზიციების ნაწილია, რომელიც სევდიანი ემბიენთ ჩანახატით იწყება და მცირე მელოდიის წარმოებას ცდილობს - ეს ერთი ნისლიანი დღის ხმებია, თბილისს ასე რომ მოუხდა ბოლო პერიოდში.

Music 2 Piano - მშვიდი და რაც მთავარია მარტივი თემაა, რომელიც იმ დროს მისტირის, რომლის შესახებ მოგონებებიც დანაწევრებით მიეწოდება მეხსიერებას.

Petja - ყოველთვის თბილისის ატმოსფეროს აღვიძებდა ჩემში. ეს ნათელი ტონალობითა და იმედით სავსე ტრეკი, თითქოს ბავშვობის უდარდელი აქტივობების გაცოცხლებას ცდილობს ტექნოკრატიულ სამყაროში.

HACPYBYXO - აქ დასაწყისმა შეიძლება ალვა ნოტოს კომპოზიციები გაგახსენოთ, უცებ კი თავში კევინ სფეისის სახემ და K-PAX-ის საუნდტრეკმაც კი გამიელვა. მეორე ნაწილს სრულიად სხვაგან მივყავართ, შუაში კი საერთოდ გაუგებარი ხდება მუსიკალური მიმართულება - თითქოს ერთის მაგივრად, ორი კომპოზიციაა გადაბმულიო.

Child - სიმებით შეკრული ბავშვის სამყაროა, მოუსვენარი და ამავე დროს ნაივურიც.

Lul - აქამდე გამოუქვეყნებელი ერთ-ერთი საინტერესო კომპოზიციაა, სიმებიან ორკესტრაციას და ჰარმონიას, კომპანიონობას ხრაშუნა ბიტი უწევს, რაც ერთიანობაში მსმენელისთვის სასიამოვნო მოულოდნელობებს ქმნის.

Nishan3test - ეს ის სიმღერაა, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ სახელს ვერ იხსენებს. პირველად იგი ფილმ „სუბორდინაციაში“ გამოჩნდა, შემდეგ კი ინტერნეტში შეცვლილი სახელით გამოჟონა. 

My Right Hand - ნიკას შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე გრძელია და µ-Ziq-ისეული ბრეიქბიტით ცდილობს მიჰყვეს დინებას.

Maybe - ისევ ავტორის ვოკალი გვესმის, მელოდია აქ გამოხატული როდია, თუმცა ნეტარება მაინც მოაქვს ჩვენი ყურებისთვის.

Lulaby for Little GG - ულევი სიმშვიდის წყარო და იდეალური დასასრული.


ავტორი: ჯაბა შავიშვილი