Night Oceann - Sorcerer's Dream

Tsa.Music

ნოემბერი 17, 2020

50-იან წლებში, ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში კვლევის დროს დადასტურდა, რომ იმისგან განსხვავებით რასაც იმ დრომდე მიიჩნევდნენ, ძილი სრულიად განსხვავებული, არაპასიური ფენომენია და რამდენიმე აქტიური ფაზისგან შედგება, რაც ამჟამად სწრაფი ძილის ფაზის სახელითაა ცნობილი. მალევე აღმოჩნდა რომ ადამიანთა უმეტესობა, სწორედ ამ პერიოდში ნახულობს სიზმრებს და ღამის 20% სწორედ მას ვუთმობთ. აღნიშნულმა ცდებმა, დაადასტურეს რომ სიზმრები ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.


მალაიზიაში, სენოის აბორიგენთა ტომს სიზმრების მიმართ განასკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მათი აზრით, პოზიტიური ჯგუფური გამოცდილებების მეშვეობით, სიზმრების წარმოქმნა და კონტროლი შესაძლებელია, რომელიც არამხოლოდ ინდივიდებს, არამედ მთელ საზოგადოებას მაქსიამალური პოტენციალის მიღწევაში დაეხმარება. 60-იან წლებში უკვე ცალკე ჩამოყალიბდა ე.წ. “Dreamwork” მოძრაობა - ისინი იუნგის თუ პერლზის გავლენებით მიიჩნევდნენ, რომ სიზმრები სულიერი განკურნების ერთ-ერთი შესაძლებლობა იყო.

სწორედ ჯერ კიდევ გაუკვალავი გზებისა და ტერიტორიების მუსიკალურად აღმოჩენაა თბილისური კომუნისა და ლეიბლის, „Expeditions Above“-ის მთავარი მიზანიც.

ისინი ჯგუფურად, მაგიური ხმების ფონზე მისტიური ადგილების შესაცნობად გადიან, სადაც მიზანი წინასწარ ცნობილია, თუმცა პროცესის განმავლობაში ბევრი რამ უეცრად შეიძლება შეიცვალოს.


ჯადოქრის სიზმრების სამყაროს შესასწავლად გვიწვევს ლეიბლის მესამე რელიზის ავტორიც, Night Oceann (ნატალია ბასილაია), მინი ალბომით „Sorcerer's Dream“, რომლის ერთადერთი მინუსიც ალბათ ამ სიზმრების მოკლეხნიანი გაელვებაა და მსმენელს მეტის განცდის წყურვილს უტოვებს. მუსიკა აქ სინემატიკური ფორმისაა და შთაბეჭდილებებიც მძაფრად ისახება ცნობიერის სამჭედლოში.

First Gate Of Dreaming - სიზმარში მაინც სამოთხეში მოვხვდი. ჩიტები ჟღურტულით მეგებებიან და თან ამ ვოკალური ინიციატივებით ცდილობენ უცნაური ადგილის პირველი სანაპიროები გამაცნონ.


The Realm Of Inorganic Beings - წვიმს და უფრო რთული ხდება გზის გარჩევა, ეს ბგერები, რომლებიც ყურში ჩამესმის რაღაც მელოდიის მოხელთებას ცდილობენ, ის შეგრძნება რომ რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი ვარ მაინც არ მასვენებს.


New Era Of Exploration - ეს სიზმრის  შემდეგი სტადიაა,  სადაც ქვეცნობიერში ღრმად ჩაწვდომის საშუალება გვეძლევა - სადღაც ყვავიც დამჩხავის, თითქოს ამ მიტოვებულ სამყაროში ვიღაც ჩემს გამოღვიძებას ცდილობსო, თუმცა მაინც სიმშვიდეს ვინარჩუნებ.


Sorcerer’s Dream - ჯადოსნური მოგზაურობა არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა, ამ სივრცის საკვლევად ბევრად მეტი დრო და ფოკუსირება მჭირდება, ვუბრუნდები ადგილს, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, იმ იმედით რომ უკვე სახეშეცვლილ სცენებში, შემდეგ ღამეს, სიზმრების ნაკადი ისევ წარმიტაცებს, სადაც ჩემს ადგილს მეტად ვპოულობ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.


ავტორი: ჯაბა შავიშვილი