სიახლეები ლიტერატურა

მკითხველის „საბა“ - ახალი ნომინაცია

„საბა“ 2023-ზე ახალი ნომინაცია - „მკითხველის საბა“ დაემატა.

მაისი 08, 2023

ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ ორი ლიტერატურული ათწლეული მოილია და ახალში გადასაბიჯებლად ემზადება. 21-ე „საბას“ აღსანიშნავად გადავწყვიტეთ, მკითხველებს განსაკუთრებული შესაძლებლობა მივცეთ და ლიტერატურული დღესასწაულის უშუალო თანამონაწილეებად ვაქციოთ.

„საბა“ 2023-ზე ახალი ნომინაცია - „მკითხველის საბა“ დაგვემატა.

„მკითხველის საბას“ მფლობელს მკითხველთა ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. ჟიური იმ ადამიანებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც აპლიკაცია SABA Reader-ში ყველაზე მეტი დრო დაუთმეს კითხვას, ისინი გამარჯვებულს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში გამოავლენენ.

თუ გინდა„მკითხველის ჟიურის“ წევრობა, გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader-ი, იკითხე ბევრი და მიიღე განსაკუთრებული შესაძლებლობა, საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრი გახდე.


იმისთვის, რომ მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრი გახდე, უნდა აკმაყოფილებდე სულ რამდენიმე კრიტერიუმს:

1. უნდა შეგეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდე საქართველოში.


2. არ უნდა იყო მწერალი ან ლიტერატორი.


3. არ უნდა მუშაობდე საგამომცემლო სექტორში.


4. არ უნდა იყო „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი. 

როგორ გამოვლინდება ჟიური წაკითხული დროის დათვლის საშუალებით?


ალბათ უკვე იცი, რომ საბას აპლიკაციას ახალი ფუნქცია- TOP 10 ყველაზე აქტიური მკითხველი დაემატა და ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, დაინახოს, ცალკეული მომხმარებელი რა დროს ატარებს წიგნების წაკითხვასა თუ მოსმენაში კვირის, თვის და წლის ჭრილში. ამავე ფუნქციას ახალი განყოფილება „მკითხველის საბა“ დაემატება, სადაც თავს მოიყრის თითოეული მკითხველის სტატისტიკა, რომლებიც აპში 8 მაისიდან 9 აგვისტომდე კითხულობდნენ ან უსმენდნენ წიგნებს. სწორედ ამ ფუნქციის დახმარებით გამოვავლენთ 5 ყველაზე აქტიურ მკითხველს, რომელთაც, აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე დიდი დრო დაუთმეს ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობას.


შენი თანხმობა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ შენივე წაკითხული დრო საჯარო გახდეს და შეძლო Top 5 მკითხველში მოხვედრა.

გაითვალისწინე, რომ:


● აპლიკაცია ითვლის მხოლოდ წაკითხვის დროს და არა იმ პერიოდს, როცა აპლიკაცია უბრალოდ გახსნილია. 


● თუ ეკრანი ჩაქრება და მომხმარებლის მხრიდან აპში „გადაფურცვლა“ არ ფიქსირდება, აპლიკაცია წყვეტს წუთების დათვლას.


● ხმოვანი წიგნების შემთხვევაშიც, დრო მხოლოდ წიგნის მოსმენისას დაითვლება.


● ხოლო თუ ხმოვან წიგნს უსმენ, პერიოდულად აპლიკაცია გთხოვს დადასტურებას, რომ ნამდვილად უსმენ წიგნს, დადასტურებისას დროის ათვლა გრძელდება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში-წყდება.


● თუ საბას აპლიკაციას 2 მოწყობილობით იყენებ, სამართლიანობისათვის, ათვლა ერთ-ერთი მოწყობილობიდან ხდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ორივე მოწყობილობაზე დაფიქსირდა ერთდროულად კითხვა, ათვლა მხოლოდ ერთი მოწყობილობიდან გაგრძელდება.

„მკითხველის საბას“ ჟიურის 5 წევრის ვინაობას აგვისტოს დასაწყისში გავიგებთ. ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, საბას ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე „მკითხველის ჟიურის“ წევრი, გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader-ი, იკითხე ბევრი და მიიღე განსაკუთრებული შესაძლებლობა, გახდე საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრი.

გისურვებთ წარმატებას!