ლიტერატურა სიახლეები

ნათიას და თათიას თავგადასავალი

„საბა“

მარტი 28, 2022

ვისთვისაა საბავშვო წიგნები, მხოლოდ ბავშვების თუ უფროსებისთვისაც?

ამ კითხვას ხშირად ვსვამთ უფროსები, რომლებიც სულ ველოდებით ახალგამოსულ საბავშვო წიგნებს და სანამ პატარა მკითხველებს შევთავაზებთ, ჯერ ჩვენ ვკითხულობთ სულმოუთქმელად, სამსახურსა და დიდური ცხოვრების მოვალეობებს შორის თავისუფალი წუთები თუ მოვიხელთეთ.


მგონია, რომ არცერთი საბავშვო წიგნი არ იწერება მხოლოდ ბავშვებისთვის, მითუმეტეს, თუ მათ „სადიდო“ ავტორები წერენ. შოთა იათაშვილის საბავშვო წიგნი „ნათიას და თათიას თავგადასავალი“ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. პოეტმა, რედაქტორმა და ბოლო დროს, უკვე რომანისტმა, თავის პატარა და დიდ მკითხველებს ახალი, თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით სავსე წიგნი შესთავაზა.  

ეს წიგნი ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, მეტიც, ტექსტის აღქმა არამხოლოდ ასაკის, არამედ ლიტერატურული გამოცდილების მიხედვითაც განსხვავდება. ეს პოსტმოდერნული საბავშვო ტექსტი სხვადასხვაგვარია სხვადასხვა მკითხველისთვის. ვისაც მხიარული და ჯადოსნური ამბები უყვარს, ვისაც ენობრივი და ლიტერატურული თამაშები იზიდავს ან მსოფლიო ლიტერატურული ქსელი იტაცებს, რომლის საშუალებითაც ერთ წიგნში ლიტერატურულ ალუზიებს, პარალელებს პოულობ და ეს თამაში გახარებს.

ამბის დასაწყისი საბავშვო ლიტერატურის ყველაზე გავრცელებულ მოტივს გვახსენებს - როგორ იწყება ჯადოსნური ამბავი პერსონაჟის დაბადების დღეზე. რატომაა ასე? რატომ იწყება მთავარი მაგიური ამბები დაბადების დღეზე? იქნებ იმიტომ, რომ დღესასწაულის ჯადოსნურობისა ბავშვებს სჯერათ, დაბადების დღეც სწორედ ბავშვობაშია ყველაზე მნიშვნელოვანი.


მოკლედ, ამბავი ასე იწყება, ერთ-ერთი პერსონაჟის დაბადების დღეზე წერილი მოდის, სადაც ნათიას და თათიას შაქარყინულსასახლეში ეპატიჟებიან, მეჯლისზე. დიდი თავგადასავლის დასაბამიც სწორედ აქაა.


რა თქმა უნდა, ამბებს არ მოგიყვებით, ეს ძალიან საშიშია, მითუმეტეს ბავშვებისთვის, რომელთაგან ზოგიერთს ასეთი თვისებაც აქვს, ჯერ წიგნის ფინალს კითხულობს და მერე დასაწყისს. ისედაც, წიგნში ამბავი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი.


ეს ძალიან მხიარული წიგნი ენობრივი თამაშებითა და ხმებითაა სავსე. ხმაბაძვითი სიტყვები, სხვადასხვა მოქმედების გახმოვანება, ხმაბაძვითი ზმნების წარმოება და გამოყენება, სამყაროს მიბაძვა, რაც ბავშვებისთვის საყვარელი საქმიანობის - თამაშის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. თანაც სწორედ ასეთ სიტყვათწარმოებაში ვლინდება ავტორი-პოეტი:

„აქაფქაფდეს, ადუღდუღდეს, აფუხფუხდეს

მიბზრუალებს, მიბრუალებს და მიბრიალებს „

და ა.შ.


ეს სიტყვათწარმოება ფუტურიზმსა და დადას გვახსენებს, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პოეზია ძალიან საინტერესო პოეტური ექსპერიმენტებით გაამდიდრა. აი, რით არ ჰგავს ლექსს:


„-კიდევ?

-კიდევ ბალიშია ღუნღულღუნღულა.

-ღუნღულღუნღულა?

-ძალიან-ძალიან

-და საბანი?

-ღრუბელ-ღრუბელ ვაქაფქირებ.

-ღრუბელ-ღრუბელ აქაფქირებ?

-ჰო, სულ ფუმფულ-ფუმფულაობით.

პოეტი-ავტორი ამ წიგნში მრავალ ეპიზოდში იკითხება, საერთოდაც, იქნებ სწორედ პოეტებმა უნდა წერონ საბავშვო წიგნები. ორაზროვნება, პოლისემია და ტექსტის მეტაფორულობა - ესეც ერთგვარი ფაზლია, რომლის ნაწილების შეგროვება და გამოცნობა წიგნის კითხვის, როგორც თამაშის შემადგენელი ნაწილია.


მაგალითად, პოეტისთვის საბავშვო წიგნში შეიძლება დრო-სივრცე გაერთიანდეს და „ხვალემ“ არა დროის, არამედ სივრცის შინაარსი შეიძინოს. 

როგორ ფიქრობთ, საბავშვო წიგნში შეიძლება სნობები შეგხვდეთ? ან საერთოდ, ვინ არიან ეს სნობები, მიწისკაცები ხომ არა, ერთმანეთს რომ მხრებზე ადგანან? ვინ მე ხომ არ გახსენდებათ? დიახ, შვიდი სნობი, რომელიც მიწაში ფუფქიამ ჩაყარა. 

ასეთი პოსტმოდერული თამაშები წიგნში მრავლადაა, მიწაქექია და ვითომწურბელა, ნაცარქეციასა და დევის ცნობილ წყვილს გაგონებთ, ძაღლი ჩანი, რომელიც უცნაურ სიბრძნეებს ლაპარაკობს, ცოტათი არჩილ სულაკაურის ბრძენ კინალოკოს ჰგავს,დაღვრემილულვაშიანი ვიღაც მოსიზიფო არსება, რომელსაც ბავშვად გადაქცევა სურს, ჟირაფის მსგავსი ჟრიაფი, უკუღმააქლემები, ვარსკვლავთმრიცხველი, რომელიც ძალიან ჰგავს იმ ვარსკვლავმრიცხველს, პატარა პრინცი რომ წააწყდა ერთ-ერთ პლანეტაზე, სიზმრების გამყიდველი, მზის რაინდი, მგოსანი ვაშა მშფოთველი... 


სტრიქონებს შორის აქ კიდევ უფრო მეტი გამოცანაა დამალული, ზღაპრის ავტორებსა და საბავშვო წიგნების პერსონაჟების გარდა, არც მეტი და არც ნაკლები, ნიცშეც უნდა ამოიცნოთ. გზაში კარგად იმხიარულებთ, მეჯლისზეც იცეკვებთ, პერსონაჟების სიზმრებსაც წაიკითხავთ, ამღერებულ მურაბებს დააგემოვნებთ და ბოლოს, ისე ბედნიერად დაბრუნდებით შინ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, საბავშვო წიგნების ბოლო გვერდებზე.

დიდი ხანია, რამე ძალიან მხიარული და საინტერესო არ წაგიკითხავთ? ჰოდა, მოიმარჯვეთ „ნათიას და თათიას თავგადასავალი“, ბავშვებთან ერთად წაიკითხეთ და შეეჯიბრეთ, ისინი უფრო ხმამაღლა იცინებენ თუ თქვენ? ეს წიგნი მათთვის დაიწერა თუ თქვენთვის? თქვენ ხართ უფროსები თუ ისინი?


ავტორი: „საბა"