ბიზნესი

„ნოვა“ - წარმატების ისტორია

ივნისი 17, 2020

რა არის წარმატება? იდეა, რომლის განხორციელებაც აქ და ახლა იწყება და რომლის სრულყოფისთვის ყოველდღიურად მოქმედებ, არ იშურებ დროს, ენერგიას, იძენ ძლიერ ფინანსურ პარტნიორს და სირთულეების მიუხედავად, ამ იდეის ერთგული რჩები. თუ ეს გზა ბოლომდე გაიარე, იდეა შენ თვალწინ ხორციელდება და იბადება პროდუქტი, რომელიც მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის, ხალხის და ქვეყნის საკუთრება ხდება და ხვდები - წარმატება არის ის, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, აქ და ახლა.


დამფუძნებლები მალევე მიხვდნენ, რომ ბიზნესმა გაამართლა - მოთხოვნა დიდი იყო, შესაბამისად, უკეთესი იქნებოდა, იმპორტის ნაცვლად, მომხმარებლისთვის საკუთარი წარმოებული პროდუქცია შეეთავაზებინათ. 2011 წლიდან ნოვამ გადასახური მასალის, 2012 წლიდან - თაბაშირ-მუყაოს პროფილების და აქსესუარების, 2014 წლიდან კი პოლიეთინელინის ავზების წარმოება დაიწყო. წარმოების გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა კომპანიის მასშტაბიც. პროექტის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეძენილი ახალი, ევროპული დანადგარები „ნოვამ“ ბათუმის ახალ ოფისში განათავსა.


როგორც „ნოვას“ გენერალური დირექტორი, ედიშერ ხიმშიაშვილი ამბობს, ამ ეტაპმა „ნოვა“ კიდევ უფრო გააძლიერა და სრულიად ახალ საფეხურზე - ფართომასშტაბიან წარმოებაზე გადაიყვანა. 2017 წლის ბოლოსთვის სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ 100-ზე მეტი დასახელების პოლიეთილენის წყლის ავზს, 30-ზე მეტი დასახელების სასახურავე მასალას და აქსესუარს, 40-ზე მეტი დასახელების თაბაშირ-მუყაოს პროფილებს, მეტალოპლასტმასის პროფილებსა და აქსესუარებს აწარმოებდა.


განვითარების უწყვეტმა პროცესმა კომპანიას სტრუქტურული ცვლილებებისკენაც უბიძგა: 2018 წელს შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საოპერაციო მიმართულების მართვა კომპანიის დირექციას დაეკისრა, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება ახლა უკვე დამფუძნებლებისგან დამოუკიდებლად შეეძლო. ეს ცვლილება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - კომპანიის სამომავლო საქმიანობაზე ზრუნვა, ახალი გზების ძიება და ახალ იდეებზე ფიქრი ახლა უკვე ბევრმა ადამიანმა დაიწყო, რამაც კომპანიის განვითარება კიდევ უფრო დააჩქარა.



თიბისის დახმარებით, „ნოვა“ თავის სფეროში პირველი კომპანია აღმოჩნდა საქართველოს ბაზარზე, რომელმაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ის პარტნიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა, მისგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, ინტელექტუალური მხარდაჭერაც მიეღო.


„იმპორტის, საბითუმო ვაჭრობისა და ექსპორტის განვითარების შემდეგ, რითეილ ბაზარზე შესვლაზე დავიწყეთ ფიქრი. EBRD-ის დახმარებით, რითეილ მიმართულებით ევროპელი კონსულტანტები მოვიწვიეთ, გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმაკეტების თუ მეგაცენტრების მართვის და ასორტიმენტის კუთხით. ექსპერტები დაგვეხმარნენ რითეილ მარკეტის სტრუქტურის აწყობაში. ასევე მოვიწიეთ ექსპერტები საწყობებისა და ლოჯისტიკის მართვის მიმართულებითაც, მათი დახმარებით გავწერეთ პროცესები, შევძელით დიდი ტვირთების სწორად მიღება-დასაწყობება. მსოფლიოში ნომერ პირველი საწარმოების ხელმძღვანელებსაც შევხვდით და მათი რეკომენდაციებით, ჩვენი წარმოების გადაწყობა და პროცესების შეცვლა მოვახერხეთ, რამაც მოგვცა ეფექტური შედეგი როგორც დროში, ასევე ხარისხში. საბოლოოდ კი მარკეტინგის ექსპერტი სარეკლამო კამანიის წარმოებასა და კომპანიის რებრენდინგში დაგვეხმარა. “


2017 წლიდან „ნოვამ“ ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატის განახლებული სტანდარტის დანერგვა დაიწყო.

ფოტო: ირაკლი ჭელიძე

2020 წლის 3 ივნისს, ერთდროულად თბილისსა და ბათუმში, „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრები გაიხსნა, რომლებიც 16 000 კვ/მ-ზე 35 000-მდე დასახელების პროდუქციითაა წარმოდგენილი.


2006 წელს თბილისში, 90კვ.მ ნაქირავები ფართით და 20 თანამშრომლით დაწყებული კომპანია, დღეს 80 000 კვ.მ ფართობზე, თბილისისა და ბათუმის 8 ლოკაციაზეა განთავსებული. გუნდი, რომელიც 430 ადამიანს აერთიანებს, კომპანიის ზრდასა და წარმატებაზე ზრუნვას განაგრძობს. წარმატება კი, როგორც ედიშერ ხიმშიაშვილი ამბობს, სწორედ თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე, წესების დაცვასა და შრომაზეა დამოკიდებული.



„აქ, ახლა არის დრო და ადგილი, როდესაც წარმატებულები უნდა ვიყოთ არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის, არამედ მეგობრებთან, პარტნიორებთან და ქვეყანასთან ერთად. აქ და ახლა არის დრო, რომ ვიშრომოთ და ვიყოთ მეტად მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ იმისთვის, რომ ჩვენი წარმატება სხვების წარმატებადაც იქცეს.“



ავტორი: მაია ლიპარტელიანი

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი, ირაკლი ჭელიძე