კულტურა

ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918)

ფიროსმანაშვილის მიერ შექმნილი მხატვრული სამყარო

მაისი 05, 2020

ავტორი: გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე




დაიბადა ნიკო ფიროსმანაშვილი კახეთში, ქიზიყში, საქართველოს ერთ-ერთ უბატონო მხარეში. ჯერ კიდევ მის ბავშვობაში ოჯახი გადმოდის თბილისში. მას აქეთ მთელი მისი ცხოვრება ამ ქალაქთან იქნება დაკავშირებული. 1880-90-იან წლებში არცთუ ისე დიდი ხნის მუშაობის შემდეგ (რკინიგზაზე გამყოლად, რძის პროდუქტების დუქანში კომპანიონად) თავს ანებებს ამ „პრაქტიკულ“ საქმიანობებს და ხდება მოხეტიალე მხატვარი.


ხატვა ბავშვობიდანვე იზიდავდა და ბოლოსდაბოლოს ხელი მიჰყო იმას, რისთვისაც მოევლინა ამ სამყაროს. მოხეტიალე არ ნიშნავდა მაწანწალას. უბრალოდ იგი გადადიოდა ერთი დუქანიდან მეორეში, ე.წ გასართობ დაწესებულებებში, („ელდორადო“ ცნობილ ორთაჭალის ბაღებში) დუქნებს იგი ამკობდა თავისი სურათებით - როგორც დაზგური ხასიათის (ანუ დამოუკიდებელი) ნიმუშებით, ისე კედლისა და თვით ფანჯრის შუშების მოხატვით.



შველი წყლის პირას



სამწუხაროდ, შემოგვრჩა მხოლოდ დაზგური ნამუშევრები - სავარაუდოდ მხოლოდ ნაწილი. იგი მათიანი იყო მედუქნეებში, იმ კლიენტურაში, რომელიც დუქნებს სტუმრობდა - კინტოებში, მეთევზეებში, მზარეულებში და ე.წ. „ორთაჭალის ტურფებში“. სახლი, კარი, ოჯახი არ ჰყოლია და ეტყობა არც წუხდა ამაზე. ნიკალა მათიანიც იყო და მაინც გამორჩეული. „გრაფს“ ეძახდნენ. 


სააღდგომო სუფრა ანგელოზებით. დეტალი


„აღმოაჩინეს“ ნიკო ფიროსმანი 1912 წელს ძმებმა - ილია და კირილე ზდანევიჩებმა და რუსეთში მცხოვრებმა ფრანგმა მიხეილ ლე დანტიუმ. ნიკო ფიროსმანაშვილი მართლაც აღმოჩენა იყო ახალგაზრდა მხატვრებისა და პოეტებისთვის. (აქედან მოდის მისი გვარის პოეტური შემოკლება - ფიროსმანი - თუმცა მის ბუნებას, მის ფუნდამენტალურ ქართველობას უფრო მისი გაწერილი კახურ-ქიზიყური ფიროსმანაშვილი შეეფერება (ეს ჩემი, შესაძლოა, სუბიექტური აზრია). 


გაუჭირდა ფიროსმანაშვილს პირველი მსოფლიო ომის დროს. დუქნები ბევრი დაიხურა, შეწყდა დაკვეთა. დაავადდა შესაძლოა ე.წ. „ისპანკით“ 1918 წელს, გარდაიცვალა უპატრონოდ, დაასაფლავეს გადმოცემით პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, მისი საფლავი ვერ იპოვეს.

ჟირაფი

ფიროსმანის შემოქმედებამ თანდათან ფართო აღიარება ჰპოვა საქართველოში, რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც. ძალიან ცოტა ვინმეს თუ ღირსებია ლუვრში გამოფენა; დე გოლის მეგობრის, ცნობილი მწერლის, ხელოვნების ფსიქოლოგიის ოთხტომეულის ავტორის, ესპანეთის სამოქალაქო ომში სამხედრო მფრინავის და საერთოდ, მსოფლიო კულტურული ელიტის ერთ-ერთი გამორჩეული პირის, ანდრე მალროს ასეთი დაფასება და ყურადღება. ნიკო ფიროსმანის შესახებ გადაღებულია მშვენიერი ფილმი, იდგმება სპექტაკლები, ეწყობა კონფერენციები, იწერება მშვენიერი სტატიები და წიგნები (ე.კუზნეცოვი, კ.ზდანევიჩი, გ.ქიქოძე, ვ.რურუა და სხვები), მაგრამ მაინც არის გარკვეული დავა თუ ორჭოფობა - უნდა განვიხილოთ იგი ცნობილი პრიმიტივისტების, ე.წ. ნაივური მხატვრობის რიგში - ანრი, რუსო და სხვები, თუ როგორც მაღალი დონის ოსტატი, რომელიც ფლობს მხატვრობის პროფესიას მაღალ დონეზე. ნიკო ფიროსმანის ნაივურ მხატვრად მიჩნევის კატეგორიული წინააღმდეგია ლუი არაგონი და ისევე, როგორც ბევრი სხვა ავტორი ნიკო ფიროსმანს ადარებს „ღვთაებრივ ბავშვს“ - ჯოტოს, რომელიც „შეიარაღდა საკუთარი ტექნიკით, ხერხებით, რის გამოც მას უსაყვედურებენ „მოუქნელობას“ (ისევე როგორც ჯოტოს).

ვირის ხიდი

ამ საკმაოდ მცირე ისტორიოგრაფიული მონაცემებიდან საყურადღებო დასკვნების გაკეთება შეიძლება.


შემოქმედებას ნიკო ფიროსმანი იწყებს მაშინ, როდესაც შუასაუკუნეობრივ-ფეოდალური ურთერთობები არცთუ ისე დიდი ხნის წინ არსებობდა (ბატონყმობასაქართველოში 1864 წელს გადავარდა).


ახალი მხატვრობა (ევროპიდან რუსეთის გავლით) მხოლოდ ისახებოდა.

წმინდა გიორგის დღეობა ბოლნისში

ეს ქმნიდა ძალზედ საინტერესო, თავისი განუმეორებელი იერის მქონე მიქსს, რაც თავის ასახვას ჰპოვებდა ხელოვნებაში და კერძოდ, მხატვრობაში. ერთ მხრივ, ჯერ კიდევ იხატებოდა ეკლესიები (ბოდბე, მუხრანი), ამასთან, საქართველოში ჩამოდიოდნენ ცალკეული ევროპული განსწავლულობის მქონე მხატვრები. იფინებიან ან წარმოადგენენ ცალკეული ზეთის საღებავით შესრულებულ დაზგურ, რეალისტური ტიპის სურათებს. მინიმუმ, XVIII საუკუნეში, ერეკელე II-ის, სოლომონ II-ის, ბატონიშვილების პარადული პორტრეტები. 

აქტრისა მარგარიტა

ამ თვალსაზრისით, ძალზედ საინტერესოა მუხრანბატონების ოჯახური პორტრეტი შესრულებული XIX საუკუნის 60-იან წლებში, რომელიც ზეთით არის დაწერილი და თან აშკარად ავლენს მსგავსებას გვიან ფეოდალური ხანის XVI-XVII საუკუნეების პორტრეტებთან კომპოზიციურადაც, წერის მანერაშიც. ეს უაღრესად საინტერესო ნიმუში არის თავისებური პატარა, მაგრამ მყარი რგოლი, თუ საფეხური, რომლის ლოგიკასაც მივყავართ ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრულ სამყაროსთან, ანუ დასავლური და აღმოსავლური, კედლის მონუმენტური და ზეთის დაზგური ფერწერის სინთეზი ფიროსმანაშვილთან ისტორიულად აბსოლუტურად ლოგიკურია.

უნიკალურია, ერთადერთი და განუმეორებელი ის მხატვრული დონე, რომელიც წარმოგვიდგება ფიროსმანაშვილის მიერ შექმნილ მხატვრულ სამყაროში.

ფიროსმანაშვილთან კვალიც კი აღარ არის იმ მექანიკური შერწყმის განცდის, რომელიც ახასიათებს ყველა ჩამოთვლილ, ისტორიულად და გარკვეულად მხატვრულადაც, საინტერესო ნიმუშებს.

დათვი მთვარიან ღამეში

პირველ რიგში, აღსანიშნავია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების ფართო ჟანრული დიაპაზონი - პორტრეტები, პორტრეტული ტიპები, ქეიფის თუ სოფლის ცხოვრების ამსახველი სცენები, ნატურმორტები და ცხოველების გამოსახულებანი (რაც აშკარად ახალი ტენდენციის მანიშნებელია).


მეაქლემე თათარი 



ტიპიურია აგრეთვე, მისი მასალის გრძნობა. ე.წ. მატერიალური საფუძველი - ერთ მხრივ მაღალი ხარისხის ზეთის საღებავები და მეორე მხრივ, აბსოლუტურად ორიგინალური მუშამბა (უფრო ზუსტად ალბათ დერმატინი).


მასალა, ე.წ. მატერიალური საფუძველი დიდწილად განსაზღვრავს მხატვრის მიერ სასურათო წყობის შეგრძნებას, გადაწყვეტას. შეგვიძლია გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ ამაში ნიკო ფიროსმანი უნიკალურია. მაგალითად, შავი მუშამბა ნიკო ფიროსმანაშვილთან უდიდეს როლს თამაშობს მხატვრულ გადაწყვეტაში. კერძოდ, წარმოდგენილი ფონის სახით („წითელპერანგა მეთევზე“, „დიდი ნატიურმორტი“ და სხვა) იმთავითვე ავლენს სურათისათვის არსობრივად დამახასიათებელ ბინარულ ბუნებას. იგი ერთი მხრივ, არის სიბრტყე - ფონი და ამასთან, სივრცე - ტონი - ანუ ყოველგვარი დამუშავების გარეშე იქმნება გარდასახვის საფუძველი - უბრალო ასახვის საგნები „მეთევზე, „ქალი კათხა ლუდით“ და სხვადასხვა სანოვაგე წარმოჩნდებიან მთელი თავიანთი დამახასიათებლობით და ამასთან მნიშვნელოვანი რეპრეზენტატიული, ხშირად, შეიძლება ითქვას, შუასაუკუნეობრივი მონუმენტალურობით.


არაჩვეულებრივად იყენებს ნიკო ფიროსმანაშვილი შავ მუშამბას ფორმის მოდელირებისთვისაც - საღებავის ფენის მსუბუქი, მაგრამ ძალიან ზუსტი გრადაციით. თხელი ფენის ქვეშ შავი ამოდის როგორც ჩრდილი, სხვაგან ის საგნის (მაგალითად პერანგის) ფერია. ამგვარ გრადაციას სჭირდება საოცარი ლაკონიზმი, რაც გულისხმობს მაქსიმალური სახვითი ეფექტის მიღებას მინიმალურად დახარჯული მასალით, ენერგიით. ეს მოითხოვს ძალიან დიდ სიზუსტეს - ოსტატობას (ამიტომაა, რომ ფიროსმანაშვილის კოპირება თითქმის შეუძლებელია. სწორედ ეს ლაკონიზმი აძლევს საშუალებას მხატვარს აბსოლუტურად ორგანულად შეათავსოს ერთ სახეში, ერთ სურათში საწინააღდეგო, ოპოზიციური ნიშნები - ოპოზიციურ აღნიშვნათა შორის წინააღდეგობის მოხსნა კი ჰარმონიის საფუძველია.

ნატურმორტი



ამდენად, ნიკო ფიროსმანაშვილის ძალა, მეტყველება, ხარისხი, ოსტატობა განისაზღვრება არა აღნიშვნათა სიმდიდრით (პლასტიკის, ხაზის, ფერის, ტონის), არამედ შეხამებათა ლაკონიზმითა და უეცრებით. სქემატურად ეს შეგვიძლია შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ.


არსენალის მთა ღამით


 ⠀⠀⠀⠀⠀სადა, უბრალო, ძუნწი


კონკრეტული ⠀⠀⠀⠀⠀⠀ლაკონური

ადამიანური ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀დიდებული

ჩვეულებრივი ⠀⠀⠀⠀⠀⠀მონუმენტური


არწივმა კურდღელი დაიჭირა



მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში ბევრი უმაღლესი დონის მხატვრული ფენომენი წარმოჩნდება. ბევრი ჩინებული მხატვარი, ფერმწერი თუ გრაფიკოსი, მაგრამ არც ისე ბევრნი არიან ის მხატვრები, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შექმნეს თავიანთი სამყარო - ერთადერთი და განუმეორებელი. მათი სახეებით, მათი წესითა და კანონით. მათ შორის საპატიო ადგილი უკავია თავით ფერხთამდე ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანაშვილს.



ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ყველა ნამუშევარი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.