იანვარი 18, 2022
რამდენიმე თვის წინ, ინგლისელი მისტერიული არტისტის ბენქსის ეს ორიგინალი ნამუშევარი ნიუ-იორკში საჯაროდ დაწვეს.რაღაცის განადგურება, როგორც პერფორმანსი, თანამედროვე ხელოვნებაში ახალი ამბავი არაა და მსგავს აქტებს საუკუნის ისტორია აქვს, თუმცა ეს კონკრეტული ამბავი სხვა რამითაა გამორჩეული.
ენთუზიასტების ჯგუფმა, რომელმაც ნამუშევარი 95 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა და შემდეგ პირდაპირ ეთერში დაწვა, რეალურად საკმაოდ დიდი მოგება მიიღო, შემდეგ კი ეს თანხა ქველმოქმედებას მოახმარა.
ნახატის ციფრული ვერსია NFT (non-fungible token) ტექნოლოგიით 380 000 დოლარის ეკვივალენტად გაიყიდა.
„ჩვენ ვქმნით ხელოვნების ახალ ფორმას ამ უნიკალური NFT-ის გამოყენების გზით. ნამუშევრის დაწვა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, იმდენად, რამდენადაც სანამ ნახატი ფიზიკურად იარსებებს, მისი ღირებულება ხელშესახებ ვერსიაზე იქნება მიბმული. სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია სრულად გარდავქმნათ ფიზიკური ნამუშევარი უნიკალურ კოდირებულ ციფრულ სიმბოლოდ, რომლის დაკოპირება ან ჩანაცვლება შეუძლებელია. ეს ნახატი, რომელიც რამდენიმე წუთში აღარ იარსებებს, შეინახება როგორც NFT-ი. იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი ტექნოლოგიებისთვის და ხელოვნების ენთუზიასტებისთვის ინსპირაცია იქნება. გვჯერა, რომ NFT-ს უდიდესი პოტენციალი აქვს და ბლოკჩეინის ტექნოლოგია ხელოვნებაში გამოხატვის მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.“
საერთოდ რა არის NFT-ი? ან რა ტექნიკური მანიპულაცია დგას ნახატის დაწვის არტისტული პერფორმანსის უკან, რომელიც რეალურად ფინანსური სქემაა?
ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტების შესახებ ალბათ, ყველას გვსმენია. ციფრული ვალუტა, რომელმაც თავისი აქტუალურობით რამდენიმე წლის წინ ფაქტობრივად მთელი მსოფლიო მოიცვა, დაფუძნებულია კოდირებულ სქემაზე, რომელიც ციფრული ერთეულის გაყალბებას შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ვირტუალური ფულია. მართალია კრიპტობაზარს უფრო დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა, თუმცა ტექნიკურად ბლოკჩეინის სისტემა მყარი გამოდგა.
NFT-ები ხელოვნების ნიმუშების ციფრული აქტივიებია, რომელიც ბლოკჩეინის ციფრულ მონაცემთა ბაზასთანაა მიბმული. ამ კრიპტოაქტივებს სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტისგან ერთი პრინციპული განსხვავება აქვს - თითოეული კოდი უნიკალურია და არც ერთ NFT-ს არ აქვს ეკვივალენტი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი რეპლიკაცია ან ეკვივალენტში გაცვლა.
აკრონიმი NFT-ი სწორედ ამ ჩაუნაცვლებლობას გამოხატავს (non fungible token) და ციფრული ხელოვნების მატერიალიზაციას შესაძლებელს ხდის.
- NFT-ები უნიკალური კრიპტოგრაფიული ტოკენებია, რომლებიც ბლოკჩეინზე არსებობს და მათი რეპლიკაცია შეუძლებელია.
- NFT-ები შეიძლება იყოს რეალური ნივთების ციფრული რეპრეზენტაცია.
- რეალურად ხელშესახები ნივთების „ტოკენიზირება“ ეფექტური ვაჭრობის საშუალებას იძლევა.
- NFT-ების გამოყენება ადამიანების იდენტობის, ქონების, უფლებების და მსგავსი უნიკალური მასალის გამოსახატად შეიძლება.
NFT-ის ფინანსური წარმატების რამდენიმე მაგალითი:
ცნობილი გიფის ავტორმა კრის ტორესსმა გადაწყვიტა ნამუშევრის შექმნის 10 წლისთავი NFT-ის გაყიდვით აღენიშნა. „Nyan Cat“-ი ბლოკჩეინზე 561,000 აშშ დოლარის ეკვივალენტად გაიყიდა.
ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული NFT-ი 2021 წლის მარტში გაიყიდა. ციფრულ არტისტს Beeple-ის, იგივე მაიკ მინკელმენს ახალმა მფლობელმა ნამუშევარში 69,3 მილიონი დოლარის ეკვივალენტი გადაუხადა.
ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა NFT სულ ახალი გამოჩენილი იყო ბაზარზე, დეველოპერულმა სტუდიამ - Lavra Labs-მა შექმნა სერია Cryptopunks-ი, რომელიც ერთ-ერთი პირველი NFT-ი პროექტია. კრიპტოპანკები 10,000 ცალი 24x24 პიქსელისგან შემდგარი სერიებია, რომლებიც სხვადასხვა ატრიბუტით ადამიანების სახეებს ასახავს.
თავდაპირველად უფასო პიქსელებმა, რამდენიმე თვის შემდეგ დიდი შემოსავლები მიოტანა. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ #7610-ე პანკი, კომპანია ვიზამაც შეიძინა, როგორც „ისტორიული კომერციული არტეფაქტების“ კოლექციის ნაწილი.
კონტრინტუიციური ამ ამბავთან დაკავშირებით ისაა, რომ ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს ხელმისაწვდომობა აქვს გახსნას, გააგზავნოს, გამოიყენოს NFT, მისი ფლობის უფლების გარეშე, ანუ ციფრული ნამუშევრის მფლობელს არ აქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ შეზღუდოს შენაძენის გამოყენება. მაშინ, რა მომავალი ელის NFT-ის ბაზარს? ამის წინასწარ გარკვევა რთულია, თუმცა, ალბათობა დიდია, რომ კრიპტოარტი უფრო და უფრო ექსპრესიული და საინტერესო გახდება.
ავტორი: ქეთი რაზმაძე