ლიტერატურა

ზუსტი სიტყვა და წერტილი - მუხრან მაჭავარიანი

"საბა"

აპრილი 21, 2020

ჩანაწერებიდან

ჩემი ბავშვობა სავსეა ნატვრითა და მოტკბო სევდით, ყოველი ზამთარი ქალაქში მაქვს გატარებული, ყოველი ზაფხული მშობლიურ სოფელში;


ქალაქში ყოფნისას სოფელი მენატრებოდა, სოფელში რომ ვიყავი, ქალაქს ვნატრობდი;

ქალაქიდან გამგზავრებისას, ისევე, როგორც სოფლიდან ქალაქში წამოსვლისას, – ყოველთვის სევდანარევ სიხარულს განვიცდიდი.


ერთი სიტყვით: გზა თბილისიდან არგვეთამდე და არგვეთიდან თბილისამდე ჩემს გულზე გადის.

ისე, ეტყობა, გული სოფლისკენ უფრო მიმიწევდა, ვინაიდან როგორც იცით, ჩემს შემოქმედებაში ქალაქზე მეტად სოფელია ასახული.


ჩემს ლიტერატურულ დებიუტს წინ უძღოდა ათწლიანი, თუ მეტი არა, ლექსის წერის პრაქტიკა; მე საკუთარი ხმის პოეტად მკითხველთან შეხვედრამდე ჩამოვყალიბდი. ჩემი დაღვინების პროცესი რომ მკითხველის თვალწინ წარმართულიყო, ადვილი შესაძლებელია, მეც, როგორც მრავალი სხვა, დამოუკიდებელი პოეტური ხმით ვერ დავიქადებდი; ვინაიდან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ შემოქმედზე მკითხველის გემოვნება ზოგჯერ არასასურველ გავლენას ახდენს.


თქვენ მეკითხებით, თუ რამ განაპირობა ჩემი, როგორც პოეტის თვითმყოფადობა!


ნიჭმა თუ ერუდიციამო?


მოგახსენებთ: პოეტი რომ თვითმყოფადი იყოს, ამისათვის ნიჭი და ერუდიცია აუცილებელი კია, მაგრამ საკმარისი როდია!



ყველაფერი იწყება ანალიზის უნარით (თვით ეს უნარი, – უდავოდ ზეგარდმო წყალობაა).

შენამდე და შენსობას ვინცაა და რაცაა, – მათი ზედმიწევნით ობიექტური ანალიზის შედეგად, – შენში გამომუშავდება საკუთარი თავის რწმენა.


აქედან კი, საკუთარი თავის რწმენიდან, გამომდინარეობს სულიერი სიმტკიცე და რისკი.

თავის მხრივ, სწორედ ეს სულიერი სიმტკიცე და რისკი საფუძვლეთსაფუძველია დამოუკიდებელი პოეტური ხმისა.


რაიცა შეეხება ამ ე. წ. დამოუკიდებელ პოეტურ ხმას! – სწორედ ეს გახლავთ პოეტის არსებობის გამართლება, ვინაიდან ფართო მასშტაბის პოეტს მხოლოდ და მხოლოდ ხმა შეიძლება ჰქონდეს საკუთარი, სხვა ყველაფერი საყოველთაოა!


 



• თუ კაცს წარსულისა და მომავლის წინაშე პირნათლად ყოფნის სურვილი არა აქვს, მისგან რაიმე სასიკეთოს არც უნდა ელოდე.

პატიოსანი კაცისათვის ყველაზე დიდი უბედურებაა მისი მოსაზრების გამტყუნება ხვალინდელი დღის თვალში.


შორეულ წინაპრებზე რომ არაფერი ვთქვათ, არაერთი ჩვენი ახლო წინაპრის ავტორიტეტული აზრი გამტყუნდა ჩვენ თვალწინ!


არაერთის, ერთ დროს ბრწყინვალე შემოქმედება გაუფერულდა სამუდამოდ!


გამართლდა მხოლოდ ის აზრი და ცოცხალია მხოლოდ ის ნაწარმოები, რომლის ავტორი დაჯილდოებული აღმოჩნდა წარსულისა და მომავლის ურთიერთშემსგავსების უნიკალური ნიჭით.


• წელიწადში ერთი ისეთი ლექსის დაწერა, რომელიც, თუნდაც, მეორე წლამდე იცოცხლებს, – ხუმრობა საქმე როდია! – მით უფრო დღეს, როცა, არც ისე იშვიათად, დილით გამოქვეყნებული ლექსი შებინდებამდე დავიწყებას ეძლევა.


არაფერი ისე არ აკნინებს მხატვრულ სიტყვას, როგორც მოცულობისა და რაოდენობის კულტი

 



არსებობს თუ არა ნიჭის საზომი რაიმე ხელსაწყო?! არსებობს! – ეს გახლავს წერტილი! დიახ! წერტილი (აი, ეს – .).


სად გაჩერდები, სად დასვამ წერტილს, რა სტადიაში ჩათვლი შენს ნაწარმოებს გასრულებულად! ეს, და, სწორედ ეს განსაზღვრავს შენს ე. წ. ნიჭს.


გაჩერებამდე, საბოლოო წერტილის დასმამდე, ნაწარმოების გასრულებულად ჩათვლამდის კი – ძიებაა და ძიება! ხოცვა-ჟლეტაა, ხოცვა და ჟლეტა, სტრიქონთა და სიტყვათა, აზრთა, რითმათა... ჰოდა, ამ ხოცვა-ჟლეტისას, რაც თვალში მოგივა და რასაც ცოცხალს დატოვებ – იგია, სწორედ რომ იტყვის – რას წარმოადგენ შენ! როგორი ნიჭის პატრონი ხარ!


ამიტომ ადვილად არ უნდა ენდო სიტყვას, არ უნდა მოგხიბლოს მისმა გარეგნობამ, არ უნდა დაინდო იგი, არ უნდა მისცე არავითარი შეღავათი, რადგან მან თვითონ არ იცის დანდობა. მანძილი ბოლო წერტილიდან ნაწარმოების პირველი სიტყვის პირველი ასოს მარცხენა კუთხემდე პირდაპირპროპორციულია ავტორის ნიჭისა.

 

 


ყოველი კაცი არის სრულიად მარტო.


უმრავლესობა ისე კვდება, ეს არ უგრძნია. საკუთარი მარტოობის შეგრძნება, ადამიანში იწვევს შეშფოთებას, იგი (ზოგი ქვეცნობიერად და ზოგი შეგნებულად) ცდილობს საკუთარი მარტოობის შევსებას რაიმეთი! (სხვისით)! სწორედ აქ უშვებს იგი გამოუსწორებელ შეცდომას. მან სხვასთან დაახლოებით, სხვისი მინდობით კი არ უნდა სცადოს თავისი სიმარტოვის შევსება, არამედ, პირიქით, უნდა შეიყვაროს თავისი სიმარტოვე, არავისთან არ გაითქვიფოს, არავის არ მიენდოს, – ყველასთან (შვილთანაც კი) უნდა დაიჭიროს მეტ-ნაკლები დისტანცია, თავის ირგვლივ მყოფებთან უნდა იყოს მკაცრი და თავაზიანი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მთლიანად გულწრფელი, თუ ასე არ მოიქცა, აი, მაშინ აღმოჩნდება უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო, უნუგეშოდ.


ჩემთვის ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს რიტმის გარეშე. სინამდვილის ასახვის ყველაზე უტყუარ საშუალებად მე მიმაჩნია რიტმი. ჩემთვის ყოველ სიტყვას აქვს საკუთარი რიტმი. ჩემთვის სიტყვა არის შედარება და მხატვრული სახე.


მოვლენის, საგნის ანდა მოქმედების ზუსტად გამომხატველი სიტყვის პოვნა ჩემთვის დგას ყოველგვარ ბრწყინვალე შედარებაზე და სახეზე მაღლა.


ეს მეთოდი სიტყვებს უბრუნებს თავის პირველშობილ მნიშვნელობას.


ეს მეთოდი უახლოვდება ენის წარმოშობის ხანას.


ამ მეთოდით შექმნილი ნაწარმოები მკითხველზე ტოვებს ძალზე უბრალო შთაბეჭდილებას. სამაგიეროდ, ამ მეთოდით შექმნილი ლექსი საოცრად გამოხატავს იმას, რისთვისაცაა იგი დაწერილი.

 


ავტორი: saba.com.ge