თაობა

MONASPA-ს გზა

მაისი 10, 2023

2022 წლის დასასრული ქართული ელექტრონული სპორტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. დეკემბრის თვეში, Monaspa-ს Dota 2-ის გუნდმა ევროპის ღია კვალიფიკაციაში ლეგენდარული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი Old G დაამარცხა, რითიც ევროპის მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა, შემდეგ კი ამ დივიზიონში ძალიან წარმატებული გამოსვლა ჰქონდა.

საბოლოოდ, დაძაბულ ბრძოლაში, Dota 2-ის ქართულმა გუნდმა თაიბრეიქერიც მოიგო და Ooredoo Thunders-თან ერთად ევროპის პირველ დივიზიონში დაწინაურდა, რაც ქართული ელექტრონული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაა.

ევროპის პირველ დივიზიონში მსოფლიოს საუკეთესო გუნდები თამაშობენ, აქედან პრესტიჟულ მეიჯორზე მოხვედრამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება. 

E-Sport-ის ყველაზე წარმატებულ ქართულ ორგანიზაციას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. Monaspa 2019 წელს მამუკა კიკაბიძემ და დავით აგაჯანოვმა დაარსეს. მამუკა კიკაბიძე იმ დროს სტოქჰოლმში ცხოვრობდა. შვედეთში კიბერსპორტი საკმაოდ პოპულარულია და პროფესიონალურ დონეზე ძალიან განვითარებული. მამუკასაც იდეა გაუჩნდა, ასეთი პროფესიონალური გუნდი საქართველოში დაეარსებინა. მთავარი მიზანი ქვეყანაში კიბერსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია იყო. 

თავიდან Monaspa ცდილობდა მხოლოდ ქართველ მოთამაშეებს დაყრდნობოდა, თუმცა ეს მიდგომა დიდად წარმატებული არ გამოდგა. 2022 წლის სექტემბრამდე Monaspa ხუთი ქართველი მოთამაშით იყო დაკომპლექტებული. გუნდს გარკვეული წარმატება ჰქონდა, მაგრამ უმაღლესი დონის მეტოქეების წინააღმდეგ უშანსოდ იყო. ჩანდა, რომ ამ რესურსით გუნდი მაქსიმუმს აკეთებდა, თუმცა შედეგი დამაკმაყოფილებელი მაინც არ იყო.

საბოლოოდ, გუნდის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ ნაჩვენები შედეგები მათ ამბიციას არ შეესაბამებოდა და გუნდში ახალი ინვესტიცია ჩადეს.

2022 წლის 26 სექტემბერს, Monaspa ძველ შემადგენლობას დაემშვიდობა და ხუთივე მოთამაშე ბერძნული ორგანიზაცია Brame-იდან გადაიბირა. Brame მეორე ეშელონის გუნდი იყო, რომელშიც, ბერძნებთან ერთად, ყველაზე ცნობილი ქართველი მოთამაშე ირაკლი პერანიძე (W1sh) და Monaspa-ს ყოფილი პირველი პოზიცია ლაშა ნარსია (Nande) თამაშობდნენ.

საბოლოოდ, ქართულ-ბერძნული შემადგენლობა ასე დალაგდა:

პირველი პოზიცია - Nande (საქართველო)


მეორე პოზიცია - W1sh (საქართველო)


მესამე პოზიცია - Skylark (საბერძნეთი)


მეოთხე პოზიცია - Desire (საბერძნეთი)


მეხუთე პოზიცია - SsaSpartan (საბერძნეთი)

Monaspa-ს შემადგენლობა გამოცდილი მოთამაშეების და ახალგაზრდა, ნიჭიერი ტალანტების ნაზავს წარმოადგენს. მეორე პოზიციაზე, ანუ მიდ ლეინზე, ყველაზე წარმატებული ქართველი მოთამაშე ირაკლი პერანიძეა (W1sh). მან სახელი იმით გაითქვა, რომ ერთ-ერთი ოფიციალური თამაშის დროს მსოფლიო ჩემპიონ OG-ს დაემატა და მათი იმ დროინდელი მიდ მოთამაშე Topson ჩაანაცვლა. თუმცა, ამ ისტორიული ფაქტის მერე, W1sh-ის დონე კიდევ უფრო ამაღლდა და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მიდ მოთამაშეა. გუნდის ქერი (პირველი პოზიცია) ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ირაკლი ნარსიაა (Nande), რომელიც უდაოდ Monaspa-ს აღმოჩენაა.


Nande-მ დროის მოკლე მონაკვეთში მოახერხა და თავისი არასტანდარტული, თამამი სტილით და გმირების მრავალფეროვანი სელექციით Dota 2-ის ექსპერტების უდიდესი სიმპათია დაიმსახურა. გუნდის კაპიტანი და მეხუთე პოზიცია გიორგოს იანოკოპულოსი (SsaSpartan) Dota 2-ის სცენის ვეტერანია. ის ლეგენდარული ბერძნული გუნდის Ad Finem-ის კაპიტანი იყო. ამ ორგანიზაციას თავის დროზე დიდი წარმატება ჰქონდა და 2016 წელს, ბოსტონის მეიჯორზე მეორე ადგილიც კი დაიკავა.


ამავე გუნდის წევრი იყო ხარის ზაფეირუ (Skylark), რომელიც ინდივიდუალური უნარებით დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მესამე პოზიციაა. Skylark-ის საფირმო გმირების (Broodmother, Lycan, Beastmaster, ა.შ.) წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი მეტოქისთვის უსიამოვნია. მეოთხე პოზიციაზე კი Monaspa-მ ახალგაზრდა ბერძენი ტალანტი საკის კარცამპასი (Desire) შეარჩია, რომელმაც თავისი აგრესიული სტილით, ფლეიმეიქერული უნარებით და აქტიური melee გმირებით არაერთი გულშემატკივრის აღტაცება დაიმსახურა.


Monaspa-ს სათამაშო სტილის და სხვა საინტერესო თემების შესახები გუნდის პირველ პოზიციას ლაშა ნარსიას (Nande) გავესაუბრეთ:


Monaspa-ს თამაშის სტილს მოკლედ როგორ დაახასიათებდი?

Nande: ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ მრავალფეროვანი გუნდი ვართ და სხვადასხვა სტრატეგიით ვთამაშობთ, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სტილი თაიმინგებზე თამაშია. 2018-2019 წლების OG ვისაც ახსოვს, დაახლოებით ასეთი მიდგომა გვაქვს. ვცდილობთ ისეთი გმირები ავირჩიოთ, რომლებიც ფორმის პიკში ერთ დროს შედიან. ასევე ვცდილობთ, რომ მეტოქე მუდმივად წნეხის ქვეშ ვამყოფოთ და რუკაზე არცერთი წამით არ დავისვენოთ. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ სწრაფი და აგრესიული სტილი გვაქვს. ეს, ერთის მხრივ, ძალიან კარგია, რადგან თუ თამაში წაგვივიდა და ყველაფერი კარგად აეწყო, მეტოქეს შანსს არ ვუტოვებთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ადრეული თაიმინგებიდან გამომდინარე, თამაშის პირველ ნახევარში ბევრი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია. მაგალითად, ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი Team Liquid უფრო კონსერვატიულ დოტას თამაშობს. ისინი მატჩის დროს დიდ რისკს არ წევენ, დრაფტის დროსაც სტაბილურობა ურჩევნიათ და ცდილობენ რუკა მაქსიმალურად გაფარმონ. ჩვენ უფრო ავანტიურული სტილი გვაქვს, თუმცა, მე მომწონს ასეთი მიდგომა. უკვე არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ჩვენი სტრატეგიით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. 

შენს თანაგუნდელებზე რას იტყვი, პროფესიონალურ გუნდში თამაშს რამდენად მარტივად შეეგუე?

Nande: სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა გამიჭირდა. პროფესიონალურ თამაშებში საერთოდ სხვა ტემპი და დინამიკაა. გუნდში ადაპტაციაც მარტივი პროცესი ნამდვილად არ იყო. ჩვენი კაპიტანი SsaSpartan ძალიან ემოციური ადამიანია, ზედმეტად სწრაფად ლაპარაკობს და თავიდან მიჭირდა შეგუება, თუმცა, მალევე ავუღე ალღო და დღეს უკვე ერთ ტალღაზე ვართ. თანაგუნდელებს რაც შეეხება, უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. SsaPartan ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა. თამაში უმაღლეს დონეზე ესმის. ვისაც ვიცნობ, ერთადერთი ადამიანია, ვინც თამაშს ისე ხედავს, რომ შეუძლია ოთხივე მოთამაშეს სათითაოდ დაუჯდეს და ზუსტად უთხრას რომელ მომენტში რა უნდა გააკეთოს, იმისთვის რომ გუნდმა თამაში მოიგოს. Skylark მექანიკურად მსოფლიოში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, განსაკუთრებით თავისი საუკეთესო გმირებით. Desire უბრალოდ ტალანტია. სულ რაღაც ერთ წელიწადში 8000 mmr-იდან (match making rating) 11000-ზე ავიდა. ბევრ გუნდს უნდოდა მისი დამატება, მათ შორის Alliance-ს, მაგრამ ჩვენთან ერთად თამაში არჩია. W1sh-ს რაც შეეხება, დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ. მე ცხოვრების დიდი ნაწილი ავსტრიაში გავატარე და საქართველოში გვიან დავბრუნდი. W1sh-თან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. პირველად Brame-ში სინჯებზე სწორედ მან დამპატიჟა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად აეწყო. როგორც მოთამაშე, ძალიან ძლიერია. ბევრი გმირით თამაშობს უმაღლეს დონეზე. თანაც გუნდს ძალიან კარგად აბალანსებს, რადგან ჩემი და ბერძნებისგან განსხვავებით (იცინის) მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, რაც ჩვენს გუნდს ძალიან ადგება.  

Dota 2 კომპლექსური თამაშია, რომელშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გუნდურ სტრატეგიას. თამაშის დროს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ კაპიტანი იღებს, თუ ამ პროცესში ყველა მოთამაშე თანაბრად ხართ ჩართული?

Nande: ზოგადი იდეა და თამაშის სტრატეგია აუცილებლად ყველასთვის საერთო უნდა იყოს. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, ძირითადად კაპიტანი იღებს, მაგრამ დაახლოებით მეთექვსმეტე წუთის მერე, ქორ მოთამაშეებიც (პირველი, მეორე და მესამე პოზიცია) აქტიურად ვერთვებით. ზოგადად, ვფიქრობ, კომუნიკაცია ჩვენი გუნდის შედარებით სუსტი მხარეა და ამაზე ბევრს ვმუშაობთ, რომ თამაშის დროს ზედმეტი ქაოსი არ იყოს ხოლმე. ჯერ-ჯერობით იდეალურად არ გამოგვდის, მაგრამ, რაც მთავარია, ყველა ძალიან მოტივირებული ვართ, რომ ეს მინუსი გამოვასწოროთ. 

ქართული ელექტრონული სპორტისთვის ისტორიული DPC სეზონი Monaspa-მ ევროპის უმაღლეს დივიზიონში ძალიან ღირსეულად ჩაატარა.

გუნდი ასეთ დონეზე პირველად თამაშობდა და სამწუხაროდ, ამჯერად დასახული ამოცანა ვერ შეასრულა. გუნდი ისევ ევროპის მეორე დივიზიონში გავარდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, Monaspa-მ მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და, რაც მთავარია, უდიდესი გამოცდილება შეიძინა. 

სეზონი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ქართულმა გუნდმა ორი სერიის მოგება შეძლო. Ooredoo Thunders-მა Skylark-ის Broodmother-თან და Desire-ის Primal Beast-თან ვერაფერი გააწყო, ხოლო OG-ს წინააღმდეგ W1sh-ის Dragon Knight-მა და Nande-ს საფირმო Morphling-მა გაიბრწყინეს. ბოლო ტურის წინ Monaspa ოთხეულში შესვლის და მეიჯორზე მოხვედრის შანსსაც კი ინარჩუნებდა. მაგრამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი Tundra ქართული გუნდისთვის ზედმეტად ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. Tundra-სთვის დამახასიათებელი მხუთავი ტაქტიკის და Naga Siren-ის სტრატეგიის წინააღმდეგ Monaspa-მ ვერაფერი გააწყო და საბოლოოდ პირველ დივიზიონში დასარჩენი თაიბრეიქერის თამაში მოუწია.

სამ გუნდიანი თაიბრეიქერის პირველ შეხვედრაში ლეგენდარული მოთამაშეებით დაკომპლექტებული Nigma Galaxy დრამატულ ბრძოლაში დავამარცხეთ. 80 წუთიან მარათონში Nande-ს სნაიპერი ვერ შეაჩერეს, თუმცა ეს მატჩი იმდენად დამღლელი გამოდგა, რომ უკვე შემდეგ სერიაში Monaspa-ს კონცენტრაცია აღარ ეყო და Entity-სთან უშანსოდ დამარცხდა. Entity-მ მერე Nigma Galaxy-ც დაამარცხა და პირველ დივიზიონში სწორედ ამ გუნდმა შეინარჩუნა ადგილი. Entity-ს წინააღმდეგ გადამწყვეტი დრაფტის ფაზა გამოდგა. Monaspa-ს Naga Siren დრაფტში ამჯერადაც გამოეპარა და ამ გმირის წინააღმდეგ კვლავ ვერაფერი გააწყო.

ქართული კიბერსპორტისთვის ისტორიულ სეზონზე და გუნდის მომავალ მიზნებზე ირაკლი პერანიძეს ვესაუბრეთ: 

ევროპის უმაღლეს დივიზიონში თქვენს გამოსვლას მთლიანობაში როგორ შეაფასებდი?

W1sh: ზოგადად რომ შევაფასო, იმედი გაგვიცრუვდა, რადგან გვჯეროდა, რომ მეიჯორზე გავიდოდით. როგორც აღმოჩნდა, პირველ რიგში, ემოციურად ჯერ მზად არ ვიყავით. ბევრი კონფლიქტი გვქონდა და სხვადასხვა პრობლემები იყო, რომლებიც Dota 2-თან პირდაპირ კავშირში არ იყო. ამან გამოიწვია სეზონის განმავლობაში გუნდში არც თუ იდეალური სიტუაცია და აურა. წაგებულ თამაშებს კიდევ ახალი კონფლიქტები დაემატა და ამ ყველაფერმა ხელი შეგვიშალა. საბოლოდ სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ შედეგის გამოსწორება ვეღარ მოხერხდა. მთლიანობაში ვიტყოდი, რომ გამოცდილების მხივ ძალიან საჭირო სეზონი იყო. ეს კონფლიქტები თუ არ წარმოიშვა და თუ არ მოგვარდა, ისე წინ ნაბიჯს ვერ გადადგამ.

ახალ დონეზე გასასვლელად, ყველაზე მეტად რომელი სათამაშო კომპონენტების გამოსწორება გჭირდებათ?

W1sh: დრაფტი და კომუნიკაცია. ბერძნები ძალიან ემოციური მოთამაშეები არიან, Nande-ც ასეთია და თამაშის დროს ხანდახან ემოცია წონის ხოლმე პრაგმატიზმს, რაც Dota 2-ში კარგი არ არის. უმაღლეს დონეზე დამატებითი ფაქტორებიც გაჩნდა. როდესაც ტოპ გუნდების წინააღმდეგ თამაშობ, მეტი სტრესია, მეტი დაძაბულობაა და კომუნიკაციაც უარესდება. მთავარია, რომ პრობლემას ყველანი ვხედავთ და გამოსწორებას ძალიან ვცდილობთ. რაც შეეხება დრაფტს, ამ მხრივ ბევრი შეცდომა გვქონდა. ცუდია, რომ სეზონის წინ მწვრთნელის მოყვანა ვერ მოვასწარით. დრაფტზე და სტრატეგიაზე ძირითადად აქამდე მხოლოდ SsaSpartan მუშაობდა და ვფიქრობ, ერთ ადამიანზე ამხელა ტვირთის აკიდება არასწორი და არაპროდუქტიულია. მგონია, რომ დრაფტის ფაზაზე მომუშავე კარგი მწვრთნელი ბევრ პრობლემას გადაჭრის და ახალ დონეზე გაგვიყვანს. 

აქამდე ძირითადად მეორე ეშელონის გუნდებთან გიწევდათ თამაში. ახლა კი უკვე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდით. პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის მთავარი განმასხვავებელი რა არის? 

W1sh: რეალურად გუნდებსა და მოთამაშეებს შორის იმხელა სხვაობაც არ არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია. მთავარი განსხვავება მაინც სტაბილურობაა. ხანდახან არის დღეები, როდესაც უბრალოდ თამაში არ მიგდის და მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს ასეთი დღეები ძალიან იშვიათად აქვთ.  

უახლოეს მომავალში თქვენი გუნდის მთავარი მიზანი რა არის? 

W1sh: გრძელვადიანი მიზანი, რა თქმა უნდა, სეზონის ბოლოს TI-ზე (მსოფლიო ჩემპიონატი) მოხვედრაა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა მანამდე არაერთი ტურნირი გვაქვს სათამაშო და მოკლევადიან მიზნებს უნდა მივხედოთ. როგორც გითხარით, დრაფტზე და კომუნიკაციაზე ბევრი გვაქვს სამუშაო. ვაპირებთ, რომ, პირველ რიგში, ეს პრობლემები მოვაგვაროთ. 

Monaspa-ს მიერ არსაიდან ევროპის პირველ დივიზიონამდე განვლილი გზა ნამდვილად შთამბეჭდავია. რაც მთავარია, გუნდი სწრაფად პროგრესირებს და საინტერესო, შემოქმედებით თამაშს აჩვენებს.

სულ ცოტა ხნის წინ Dota 2-ში ახალი პაჩი - 7.33 გამოვიდა, რომელმაც ბევრი რამ რადიკალურად შეცვალა. ასეთი მკვეთრი ცვლილებები, როგორც წესი, ბევრი ახალი სტრატეგიის გაჩენას უწყობს ხელს, რაც გუნდებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის. იმედია Monaspa-ს წევრები პაჩს ალღოს მალე აუღებენ, საინტერესო სტრატეგიებს შეიმუშავებენ და შემდეგ სეზონს კიდევ უფრო მომზადებულები შეხვდებიან.

წინ ევროპის მეორე დივიზიონის საინტერესო ბატალიები გველოდება.


ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი