ედუფინი

შეცდომები, რომლებსაც ფულთან ურთიერთობისას ვუშვებთ

აგვისტო 25, 2021

ფინანსების ეფექტიანად მართვა ცალკე ხელოვნებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენია ჩვენი შემოსავალი. მნიშვნელოვანია, ამ სტატიაში განხილული შეცდომებისგან თავი ავირიდოთ, თუ ფულთან ჯანსაღი ურთიერთობა და მეტნაკლებად სტაბილური ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება გვსურს.


 

ფლანგვა


წარმოდგენაც არავის გვინდა, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და ფინანსურად უზრუნველყოფილი არ ვიქნებით. სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება — სხვადასხვა მიზეზით შემოსავალს ან ქონებას ერთბაშადაც კარგავენ, მაგრამ ჩვენი ფინანსების არანაკლები მტერი დაუფიქრებელი ხარჯვაა. ზოგჯერ წვრილ-წვრილ ხარჯებს ყურადღებას საერთოდაც არ ვაქცევთ. ალბათ არაერთხელ გიფიქრია, “რა მოხდა თუ ყავას გარეთ ვიყიდი; საჭმელს რესტორნიდან გამოვიძახებ; დიდად არ მაგვიანდება, მაგრამ ტაქსით წავალ” — სინამდვილეში ყველაფერი თითო ლარობით ერთმანეთს ემატება და საბოლოოდ არცთუ ცოტა გამოდის.

 

მაგალითად, თუ სიგარეტში კვირის განმავლობაში 25 ლარს ხარჯავ, წლის განმავლობაში ეს 1300 ლარია, რაც შეიძლებოდა, ბინის ქირისთვის გამოგეყენებინა ან დანაზოგზე დაგემატებინა. ერთი სიტყვით, ზედმეტი ხარჯების შეკვეცა ის სასარგებლო ნაბიჯია, რომელიც ვალებისგან ან გაკოტრებისგან დაგიცავს.


 

უსასრულო გადასახადები


ჰკითხე შენს თავს, ნამდვილად მჭირდება ის სერვისები, რომლებშიც ყოველ თვე ათობით ლარს ვიხდი? ცხადია, ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება კარგია, მაგრამ თუ სპორტდარბაზის წლიური აბონემენტი ისე იყიდე, რომ სავარჯიშოდ ერთხელაც არ მისულხარ, ან მუსიკალურ აპლიკაციებიდან ისე გეჭრება საკომისიო, რომ მათი არსებობა არც კი გახსოვს, ალბათ სჯობს, ეს თანხა უფრო აუცილებელ საჭიროებებს მოახმარო.

 

ფულის ხარჯვის ცხოვრების სტილთან მორგების პლიუსებს განსაკუთრებით თვის ბოლოს იგრძნობ, როცა უმეტესობას ხელფასიდან მხოლოდ ხურდები გვრჩება.


 

ინვესტირებაზე უარის თქმა


თუ დაზოგილ ფულს დამატებითი შემოსავლის მოსატანად არ “ამუშავებ”, მაშინ მოგიწევს, მთელი ცხოვრება შენთვითონ იმუშაო. საპენსიო ასაკისთვის დანაზოგის შეგროვება კარგი გადაწყვეტილებაა. ამისთვის შეგიძლია სხვადასხვა სახის აქტივებში ინვესტირება დაიწყო — მიმართო საფონდო ბირჟას ან დააბანდო ფული უძრავ ქონებაში, რომელიც ყოველთვე მოგიტანს შემოსავალს. ამასთან, აუცილებელია, რომ რისკთან გამკლავების უნარიც გაითვალისწინო. თუ აქციებით ვაჭრობისთვის არც დრო გაქვს და არც საკმაოდ რისკიანი ხარ, მაშინ შესაძლოა, უბრალოდ ანაბარზე თანხის შეტანაც სწორი ნაბიჯი იყოს.

 

 

 

ბიუჯეტირებაზე უარის თქმა

 

ხელფასის ჩარიცხვიდან რამდენიმე დღეში ალბათ თქვენც გიკითხავთ საკუთარი თავისთვის “სად გაქრა ფულის ნახევარი?” ან გადასახადების გადახდის მერე გაგვკვირვებია, როგორ საგრძნობლად შეცოტავდა ბიუჯეტი. ეს მართლაც ასეა, ხშირად გვგონია, რომ იმაზე მეტი ფული გველოდება ანგარიშზე, ვიდრე სინამდვილეში გვაქვს.

 

მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ როგორი კარგი ხელფასიც არ უნდა გქონდეს, თუ სწორად არ ახარისხებ შენს შემოსავლებსა და დანახარჯებს, შეიძლება თვის ბოლოს ყულაბის გატეხვა დაგჭირდეს. ბიუჯეტირება კი უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება. მისი დახმარებით შეძლებ, დაზოგო მეტი და რაციონალურად განკარგო შემოსავალი. რაც მთავარია, ის დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ბიუჯეტირება მობაილბანკიდანაც შეგიძლია დაიწყო.

 


დაზღვევის არქონა


პირველი რამ, რაც სამსახურის დაწყებისას უნდა გააკეთო, დაზღვევის შეძენაა. ის ყველა სახის საფასო კატეგორიაშია ხელმისაწვდომი და სამედიცინო ხარჯების დაფარვაში დაგეხმარება. ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, შეგიძლია დააზღვიო უძრავი ქონება, ავტომობილი და სესხები, რაც მოულოდნელი შემთხვევებისგან აუცილებლად დაგიცავს.

 


 

სამსახურიდან წამოსვლა გეგმის გარეშე


სამსახურიდან წამოსვლის სურვილი მრავალი მიზეზით შეიძლება გაგვიჩნდეს — არ მოგვწონდეს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, არ გვიხდიდნენ საკმარის ხელფასს, იყოს ტოქსიკური გარემო და სხვა, მაგრამ თუ სპონტანურად ავდგებით და ყველანაირი გეგმის გარეშე წამოვალთ, ალბათ ფინანსურად მალევე გაგვიჭირდება. ამ ნაბიჯის გადადგმამდე აუცილებლად უნდა დაიწყოთ ახალი სამსახურის ძიება, რომ დიდი ხნის განმავლობაში შემოსავლის გარეშე არ დარჩეთ.

 


 

ფინანსური გეგმების გარეშე ყოფნა


შენი ფინანსური მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება შენ გარშემო ახლა. ჩვენ უამრავ საათს ვფლანგავთ სოციალური ქსელის სქროლვაში ან ფილმების ყურებაში, თუმცა კვირაში ორი საათის გამოყოფა და ფინანსური გეგმების დაწყობა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც უზრუნველი მომავალი.

 

ფინანსური გეგმა დაგეხმარება, დახარჯო იმდენი, რომ შენს მომავლის პრიორიტეტებს არ გადაუხვიო, ამასთან, შეძლებ, განსაზღვრო, როდის დაიწყო ინვესტირება, რამდენი გადადო საპენსიო ასაკისთვის და სხვა. ამ გეგმის შედგენა კი უნდა დაიწყო ახლა.