თიბისელები

წარმატების ისტორია - გზა ჰარვარდის უნივერსიტეტამდე

თიბისელი მირიან ხაბურზანია

სექტემბერი 30, 2019

ბავშვობა


1986 წელი. ზუგდიდი. მამას პატარა ბიჭი ინგლისურის გაკვეთილიდან სახლში მოჰყავს. ქალაქში უცხო ენის ერთადერთი მასწავლებლის სახლიდან შინისკენ მიმავალს, ერთადერთი ფიქრი და მიზანი აქვს - მისმა შვილმა ოდესმე ჰარვარდში უნდა ისწავლოს.

33 წლის შემდეგ, ეს ბიჭი ჰარვარდის უნივერსიტეტის ეზოში კურსდამთავრებულების ცერემონიალზე დგას და ხელში მაგისტრის დიპლომი უჭირავს წარწერით:

Harvard University


Mirian Khaburzania


Master of Liberal Arts in Management


მირიან ხაბურზანია - თიბისელი


მირიანი 3 წელია თიბისელია. თავიდან მიკრო ბიზნესის ჯგუფის, შემდეგ ბითუმი ლომბარდის, სულ რამდენიმე თვის წინ კი ბიზნეს-ეკოსისტემის მიმართულების ლიდერი გახდა.


„ეს მიმართულება ახლა ყალიბდება. ჯერ მარტო ვარ და ნელ-ნელა ვკრავ გუნდს. თიბისის აქვს ამბიცია - მომხმარებლებისთვის მხოლოდ კრედიტორები კი არა, პარტნიორებიც ვიყოთ, მათ არა მხოლოდ ფინანსური და საბანკო, არამედ არაფინანსური მომსახურებაც შევთავაზოთ. ამჯერად 2 მიმართულებით ვმუშაობთ - საბუღალტრო და ინვოისინგის გადაწყვეტებზე. იდეა ისაა, რომ კლიენტებს ცხოვრებას და ბიზნესსაქმიანობას ვუმარტივებთ.“


თიბისიმდეც 13 წელი საბანკო სფეროში მუშაობდა.


„ხანგრძლივი სამუშაო სტაჟის მიუხედავად, განსხვავებულ გარემოში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. ამიტომაც, ახალ კულტურასთან შეგუება ჩემთვის გამოწვევა იყო. გუნდში იმდენად კარგი და პროფესიონალი ადამიანები დამხვდნენ, რომ ახალ გარემოში ინტეგრირება მარტივად მოვახერხე. მართალია, იგივე სფეროდან და ასევე დიდი ბანკიდან მოვედი, მაგრამ კულტურული განსხვავება მაინც დრამატული აღმოჩნდა, რაც თვალსაჩინო იყო კონკრეტულ მიდგომებში. მაგალითად, თიბისი არა მარტო უფლებას გაძლევს, არამედ ყველანაირად გიწყობს ხელს, რომ სამსახურის პარალელურად საკუთარი ბიზნესიდეები განახორციელო და განავითარო. კომპანია გვერდში გიდგას, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი ახალი პროექტი - სტარტაპდეკრეტი. გამოდის, რომ თიბისი გთმობს ნახევარი წლით და საკუთარ ინტერესზე მაღლა შენ პირად ინტერესს აყენებს, რაც ქართულ რეალობაში ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ არის.“ 

ბავშვობის ოცნება და ცხოვრების მიზანი


მართალია სტარტაპდეკრეტის იდეა ძალიან მოსწონს, მაგრამ დროის უქონლობის გამო საკუთარი ბიზნესი არასოდეს ჰქონია - ბოლო 4 წელი მთლიანად სწავლას და ერთ კონკრეტულ მიზანს დაუთმო და იმიტომ.


„მაგისტრატურისთვის მზადება ქართული მენტალობისთვის ერთი შეხედვით გვიან - 34 წლის ასაკში დავიწყე. თუმცა, მჯერა, სწავლა არასოდესაა დაგვიანებული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო კურსი მქონდა გავლილი, მივხვდი, რომ ჩემი პროფესიული ცოდნა და მოძიებული ლიტერატურა აღარ იყო საკმარისი. ოჯახიდან და დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ისეთი სტიმული მჭირდებოდა, რომელიც ძალას მაპოვნინებდა. სწორედ ამ დროს იმუშავა ბავშვობაში ჩანერგილმა ოცნებამ ჰარვარდზე, რომელიც ქვეცნობიერად მუდმივად არსებობდა ჩემში. არადა, იმ წლებში როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ქვეყანაში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ბნელოდა, მამაჩემის რწმენა, რომ ჩემი მომავალი ჰარვარდში უნდა გაგრძელებულიყო, მაშინ ისევე უტოპიურად ჟღერდა, როგორც თავდაპირევლად ილონ მასკის მარსზე გაფრენის იდეა.“


როდესაც ამ იდეის განხორციელებაზე დაიწყო ფიქრი, მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტები სტუდენტებს მაგისტრატურის მოდულარულ სისტემას ჯერ კიდევ არ სთავაზობდნენ. მუდმივად ადევნებდა თვალს სიახლეებს და ერთ წელსაც ჰარვარდში გაჩნდა შესაძლებლობა - გამხდარიყავი მაგისტრი ისეთი მეთოდით, რომელიც 33% დასწრებულ და 67% დაუსწრებელ სწავლას გულისხმობდა. შანსი პატარა იყო - იმ წელს admission rate 4,9%-ს უდრიდა, ანუ 100 აპლიკანტიდან მხოლოდ 5 გახდებოდა სტუდენტი.

გზა ჰარვარდის სტუდენტის სტატუსამდე


ვისაც გაინტერესებთ, როგორ უნდა მიიღოთ ჰარვარდის მაგისტრის წოდება Harvard Extension School-ის გავლით, მირიანის გზას უნდა გაჰყვეთ: თავდაპირველად აბარებ Toefel-ის გამოცდას, სადაც მინიმუმ 100 ქულა უნდა დააგროვო. სწავლის თანხა და მინიმალური 100 ქულა პირველი პირობაა იმისთვის, რომ მოსამზადებელ კურსებზე დაიწყო სწავლა, თუმცა ეს სტუდენტის სტატუსს ჯერ კიდევ არ განიჭებს. საწყის 3 საგანში შეფასება მინიმუმ B+ უნდა იყოს, GPA კი არანაკლებ 3,33. მხოლოდ ამ 3 მოდულის დახურვის შემდეგ გაძლევს უნივერსიტეტი აპლიკაციის შევსების უფლებას. ყველა დოკუმენტის განხილვის შემდეგ, აპლიკანტი სტუდენტი ხდება და დანარჩენ 9 საგანს ეტაპობრივად იღებს. საწყისი მთავარი ეტაპი მირიანმა წარმატებით გაიარა - 2 საგანში A, ერთში კი A- გამოჰყვა და აპლიკაციის შევსების უფლებაც მოიპოვა.


„სტუდენტის სტატუსის მოპოვებამდე საწყისი კურსები დისტანციურად გასავლელად საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ოჯახისა და სამსახურის გამო ვერ გავრისკე, ამიტომ სამივე მოდული ცალ-ცალკე ავიღე. უამრავი მასალა იყო დასამუშავებელი - 2000 გვერდზე მეტი მხოლოდ ერთი კურსის ფარგლებში. სამსახურიდან სახლში რომ მივდიოდი, გარკვეულ დროს ოჯახს ვუთმობდი, შემდეგ კი სამეცადინოდ ვჯდებოდი. შაბათ-კვირა კი მთლიანად სწავლისთის მქონდა დათმობილი. დილას 5 საათზე ვდგებოდი. სანამ ოჯახის წევრები გაიღვიძებდნენ, ყველაზე რთულ ნაწილს ვამუშავებდი და დანარჩენ გეგმას მთელ დღეზე ვანაწილებდი. კურსების ნაწილი ადგილზე, დასწრებულად უნდა გამევლო. არარეზიდენტ სტუდენტებს ამის შესაძლებლობა ზაფხულში, Harvard Summer School-ში გვქონდა. ჯამში სწავლა მოსამზადებელი ეტაპის ჩათვლით 3 წელიწადს გაგრძელდა. სწავლის ხანგრძლივი და სტრესული პერიოდის განმავლობაში, მუდმივად მქონდა მეუღლისა და მთელი ოჯახის მხარდაჭერა, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩემი ოცნების ახდენაში.“ 

სტუდენტური დღეები


„პირველად რომ შევედი ჰარვარდში, სტუდენტებს ტომსიკა დაგვხვდა ჰარვარდის სიმბოლიკით და სტრესის მოსახსნელი 4 ნივთით. ერთ-ერთი stress ball იყო. ჩემი 39 წლის, ტეხასელი „გენიოსი რუმმეითი“ math for teaching-ს სწავლობდა. მისი კონსპექტები ჯოჯოხეთად მეჩვენებოდა. მახსოვს, ჩემი პირველი ქვიზის წინა საღამოს ოთახში შევედი და გაშეშებული იჯდა, stress ball კი გვერდით ეგდო გახეთქილი. მირიან, ჩემს ცხოვრებაში პირველად ჩავიჭერი ტესტშიო - მითხრა. მაშინ ცოტა დავიძაბე, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ თავდაუზოგავი შრომით ყველაზე რთული მიზნის მიღწევაც შესაძლებელია.


ჰარვარდმა გარდა იმისა, რომ ცოდნა და სტატუსი მომცა, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. პრიორიტეტები გადავაფასე. პირველად რომ ჩავედი, 103 კილოს ვიწონიდი. მანამდე ცხოვრებაში არასოდეს მივარჯიშია. ჩავედი და სულ სხვანაირი ადამიანები და ცხოვრების სტილი დამხვდა. დავიწყე ვარჯიში, სიგარეტის მოწევასაც დავანებე თავი. უნივერსიტეტის ეზოში მოსაწევად ერთი შემოხაზული სივრცე იყო მოშორებით გამოყოფილი. იმ წრეში იჯექი და ხედავდი, როგორ ისხდნენ დანარჩენი სტუდენტები მინდორში, შენ კი სადღაც ცალკე, მათგან გარიყული. ჩემი თავი აღარ მომეწონა ამ როლში და ესეც შევცვალე.


როდესაც მთლიანად დასწრებულზე სწავლობ და ფიზიკურად იქ ხარ, ბევრად მარტივად ართმევ თავს. ლექციიდანვე მოგაქვს ცოდნა, იქვე შეგიძლია პროფესორებს შეკითხვები დაუსვა. Live რეჟიმში საქართველოდანაც შემეძლო დავსწრებოდი ლექციებს, მაგრამ დროში სხვაობის გამო ღამეები უნდა მეთენებინა. ამიტომ ჩანაწერს ვუყურებდი და ლექტორს კითხვებს ვუგზავნდი. 3-3 თვით წასვლა კომპანიისთვისაც შეფერხება იყო - სხვებს მოუწიათ ჩემი საქმის გადაბარება, მაგრამ თიბისის გუნდისგან საოცარი მხარდაჭერა მქონდა, როგორც მორალური ასევე ფინანსური, იმიტომ რომ კომპანიის მთავარი ღირებულება ახლის სწავლა და მუდმივი განვითარებაა. ასეთი გვერდში დგომის გარეშე ჩემს მიზანს ბოლომდე ვერ მივაღწევდი.“

სამომავლო გეგმები - უზბეკეთი, კიდევ ერთი ნაბიჯი წინ


„ერთ დღეს ლექციაზე ასეთი ქეისი განვიხილეთ - ამერიკელს, რომელსაც მეუღლე და 3 შვილი ჰყავდა, კომპანიამ ბრაზილიაში შესთავაზა გადასვლა. ამ ადამიანმა უარი თქვა და გამოწვევა მეორე დაოჯახებულმა თანამშრომელმა მიიღო. დასკვნა იყო - რამდენად მნიშვნელოვანია ე.წ „foreign assignment” და რომ კომპანიის მოცემული შანსი უნდა გამოიყენო. ზუსტად მეორე დღეს გავიღვიძე და hr-ისგან მესიჯი დამხვდა. შემდეგ დამირეკეს - უზბეკეთში თუ განიხილავ სამუშაოდ წასვლასო. თიბისი უზბეკეთის ბაზარზე შედის, მე კი ბიზნეს-სესხების მიმართულების ჩაბარება შემომთავაზეს. იქაურ საზოგადოებაში ციფრული სერვისებისა და ტენდენციების შესახებ ცნობადობა ძალიან დაბალია, ამიტომ ბაზარს მომზადება ჭირდება. ახალი გამოწვევაა, ის საქმეა, რაც ძალიან მაინტერესებს და თან საერთაშორისო არენაზე გასვლის შესაძლებლობა მეძლევა.“



და ბოლოს...


„Graduation-ზე დიპლომი რომ გადმომცეს ხელში, პირველი ვინ გამახსენდა? - რა თქმა უნდა, მამა.. 10 წლის შემდეგ მინდა ისევ ჰარვარდში, PHD-ზე ვისწავლო. ეს ხარისხი კარიერისთვის აღარ, კიდევ ერთი ოცნების ასასრულებლად მჭირდება:

"მინდა პენსიაზე რომ გავალ, ჰარვარდში ლექტორის სტატუსით დავბრუნდე და ლექციები წავიკითხო იმ ადგილას, რომელსაც ჩემი და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების ოცნებები, მიზნები და საუკეთესო მოგონებები უკავშირდება.“

ავტორი: მარიამ ყანჩაველი