მუსიკა | ცა

Mild High Club - ალექს ბრეტინი ძიების პროცესში

Tsa.Music

აპრილი 06, 2022

აგერ, უკვე ორიათას ოცდამეორე წელი მოგვადგა და წელს უფრო და უფრო დავიწყებას მიეცა თანამედროვე ინდის, ოქროსთმიანი პრინცი მაკ დემარკო. დღეს მასზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, მისი ხსენება უბრალოდ იმიტომ მინდოდა, რომ მაკ დემარკოს სრული ჰეგემონიის დროს, როდესაც თანამედროვე სონგვრაითერების ოთხმოცდაათმა პროცენტმა, ქორუსის პედალს ბოლომდე აუწია და მინიმალიზმის ინდისებრ სულს ეტრფოდა, ჩიკაგოელმა ალექს ბრეტონმა მოახერხა და MILD HIGH CLUB-ის სახელით გამოსცა ალბომი, რომელიც ძალიან ოსტატური გაქცევა იყო მაკ დემარკოს ინდისებრი საბურველიდან.

გარდა იმისა, რომ ალბომი ბევრ საინტერესო ჟღერადობას, ჟანრობრივ ექსპერიმენტს, ლამაზ მელოდიას, ფსიქოდელიურ პასაჟს და, მოკლედ რომ ვთქვათ, მკაფიოდ იდენტიფიცირებად მუსიკალურ სამყაროს გვანახებს, მისი კონცეპტუალური იდეა სწორედ იმ პროცესზეა, თუ როგორ ეძებს არტისტი, ამ შემთხვევაში მუსიკოსი იდეებს, სად გადის ზღვარი გავლენებსა და კოპირებას შორის.

ალექს ბრეტინი ამ ალბომით დეტალურად აღწერს პროცესს, უფრო სწორად პროცესის ნაწილს, რომლის დროსაც არტისტი ცდილობს გამოერკვიოს გავლენებში და ეძებს ხმას რომელიც მხოლოდ მისი იქნება.

SKIPTRACING

SKIPTRACING 11 სიმღერისგან შემდგარი ალბომია, რომელიც ამავე სახელწოდების ტრეკით იწყება. სიტყვა skiptrace დაკარგული ადამიანის ძებნას ნიშნავს, ალბომსაც და პირველ სიმღერასაც სწორედ ამიტომ ჰქვია ეს სათაური, ეს ჩანაწერი ძებნაა იმ მუსიკალური იდეების, რომლებიც არტისტს დამოუკიდებელ მუსიკოსად აქცევს, მისცემს მას იმ იდენტობას. სიმღერაში ბრეტინი საუბრობს მუსიკალური გავლენების მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ ეს ძებნა (SKIPTRACING- ი) უბრალო მსმენელობით იწყება:

"I got to see, learn this history

Pull another record from your sleeve”

 

“All that I want (all I wanna, hear the drum-ah)

Is some good listenin

Musical pop (some Madonna and marijuana)”

სიმღერა, როგორც მთლიანად ალბომი, რამდენიმე ასპექტით გამოირჩევა წინამორბედი აწ უკვე ნახსენები მაკდემარკოსეული ინდისგან. გამომდინარე იქიდან, რომ ალექსს მუსიკალური კოლეჯი ჯაზის მიმართულებით აქვს დამთავრებული, ჰარმონიული სივრცე სავსეა სწორედ ჯაზისათვის დამახასიათებელი კომპლექსური აკორდული ფორმებით, რაც მანამდელ ინდის ჰარმონიულ იდეას საერთოდ არ იზიარებს. ეს ჰარმონიული ცვლილება, რაღა თქმა უნდა გავლენას ახდენს მელოდიაზეც, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინარჩუნებს ინდისებრ სილაღეს, მაგრამ მაინც არ გამოიკვეთება ცალკე მდგარ ვოკალურ სასიმღერო პარტიად და მიქსში გველივით შეიზლაზნ, გამოიზლაზნება ხოლმე.

HOMAGE

“Someone wrote this song before

And I could tell you where it's from”

ასე იწყება ალბომის მეორე ტრეკი homage, რომელსაც პირდაპირ შევყავართ ალექსის მუსიკალური ძიების პროცესში,ეს სიმღერა არის იმაზე, შესაძლებელია თუ არა გაექცე იმ უკვე შექმნილ მუსიკალურ ფორმებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ფორმირდებოდა და დღემდე მოვიდა.ალექსი, თვლის რომ ზეგავლენებისგან სრულიად განთავისუფლება, შეუძლებელია და მას სულელურ ოცნებასაც უწოდებს.

“Come on, it's a silly dream

Dreaming of the imagery unfound

The view sits nice from that cloud”

მაგრამ ის, რომ გავლენების გარეშე არტისტული არსებობა შეუძლებელია ალექსისთვის უბრალო რეალობაა და ის ამის გამო აპათიაში ნამდვილად არ ვარდება. ის თავს თვლის დიდი მუსიკალური სამყაროს ნაწილად და ამ დიდ სამყაროში თავისი ნაგლეჯ მუსიკალურობას გთავაზობს; 

“And if you want a piece of my thoughts

There's a coin worth flipping

Why don't you toss? “

CARY ME BACK

მესამე ტრეკი უკვე ალექსის ემოციურ მდგომარეობაზეა, იმაზე თუ როგორი დაბნეული შეიძლება გახდეს მუსიკოსი მაშინ, როცა წინ გზა აღარ ჩანს, მოთმინების უნარზე, რომელიც უნდა გამოიჩინოს მანამ სანამ შანსი არ გამოჩნდება. იმაზე თუ როგორ ენატრება დედა და მამა, მოკლედ სახლიდან შორს მყოფი საშუალო დონის მუსიკოსის სევდაზე, რომელიც ცდილობს თავისი ცხოვრების გორდიას კვანძის დალაგებას; 

“I'm a real player but I forgot all the rearranging my Gordian knot “

სიმღერის სათქმელის შესაბამისია მუსიკალური ხასიათიც, მელანქოლიური, წარსულიდან მოქროლილი ქარისთვის დამახასიათებელი სევდით და სიზანტით სავსე.

TESSELATION

მეოთხე სიმღერა, Tesselation ალექსის მუსიკალური გავლენების ხაზგასმაა, ეს სიმღერა 70 იანი წლების ჯაზ-როკის და მისი პირნათელი წარმომადგენლების steely dan ის ერთგვარი თრიბიუთია;

“Daddy knows just what to do“

Daddy სწორედ steely dan ის სიმღერაში Daddy don't live in that new-york city no more ნახსენები Daddy ია. სიმღერის ბოლოს არის პატარა გიტარის სოლო, რომლის წმინდა ჯაზური ხასიათი პირველად აჩენს მულტიჟანრულობის მკაფიო მაგალითს ამ ალბომში. ვიმეორებ მკაფიო მაგალითს !

HEAD OUT 

მეხუთე ტრეკი HEAD OUT, როგორც თვითონ ალექსი ამბობს ფსიქოდელიური ნარკოტიკების ზემოქმედების აღწერაა, მუსიკალური ფორმაც თვალში საცემია, კლასიკურ მსუბუქ ჯაზ ინსტრუმენტალს უცნაურ-ფსიქოდელირად დაეფექტებული ვოკალის პარტია ადევს, რაც სიმღერას საოცარ უწონადობას აძლევს და მსმენელსაც პატიჟებს ამ მოგზაურობაზე; 

“Welcome to my show

If you'd like to know me well“

KOKOPELLI

Kokopelli - ინდიელების ნაყოფიერების ქალღმერთს ერქვა, ალექსი იხსენებს, რომ სტუდიაში მუშაობის დროს Kokopelli- ის გამომხატველი პოსტერი მის წინ იყო გაკრული და ეს სიმღერაც, როგორც, თვითონ ქალღმერთი, სიმბოლო გახდა იმისა, რომ კრეატიულობა ამოწურული არ არის, რომ არსებული ინგრედიენტების შეცვლითაც შეიძლება მიიღო რაიმე ახალი. Kokopelli - არის იმ სულის ან მუზის ან ღმერთის გამოხატულება, რომელიც შენგან დამოუკიდებლად გაგრძნობინებს, რომ რაიმე ახლის შექმნა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ გაჩერდები;

“Cause music touches me

When you choose it

Keep shuffling

But don't lose it“

¿Whodunit? 

ერთადერთი ინსტრუმენტული ტრეკია ალბომში, რომელსაც ფსიქოდელიური ხასიათი აქვს, არცისე მკაფიო და მაგრად დაეფექტებული პერკუსიული ხაზი ამ ტრეკის ხერხემალია. ეს კომპოზიცია შეიძლება ალექსის აგონიის და დაღლილობის სიმბოლოდ ჩავთვალოთ, ანდაც იმათ, თუ როგორ შეიძლება ამდენმა მუსიკალურმა იდეამ თავში აურზაური გაგიჩინოს.

CHASING MY TAIL

Chasing my Tail - ამ ტრეკში ალექსი უკვე მკაფიოდ საუბრობს საკუთარი თავის ძიებაზე. აქ მხოლოდ მუსიკალური ძიება არ იგულისხმება, ეს სიმღერა იდენტობის ძიებაში მყოფ ადამიანზეა. სიმღერაზე საუბრისას ალექსი ამბობს, რომ Ween - Baby Bitch იყო სწორედ სიმღერა, რომელმაც მას ინსპირაცია მისცა დაეწერა, ემღერა პიროვნულ კრიზისზე, დეპრესიაზე და ზოგადად ცუდად ყოფნაზე. cary me back ის მსგავსად, ხასიათი აქაც ძალიან ზანტი და მონოტონურია, თითქოს მუსიკა ხდება ფაქტურა, რომლითაც რომელიღაც თბილი პლედი მოქსოვეს შიგნით გაგახვიეს და მზეზე წამოგაწვინეს გასათბობად.

Ceiling Zero

Chasing my Tail-ის შემდგომი ტრეკი 35 წამიანი ვოკალურ-ინსტრუმენტული პასაჟია, რომელსაც ceiling zero ჰქვია. ceiling zero ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ისეთ ნისლით დაფარულ ცას, სადაც საფრენი აპარატის ნავიგაცია შეუძლებელია. ცა ალბათ ალექსის გონებაა, ნისლი კი იქ ჩამოწოლილი გაუგებრობები, მაგრამ პასაჟის ხასიათიდან გამომდინარე არ მგონია, რომ ნისლი რაიმე ცუდის მომასწავებელი იყოს, ეს უბრალოდ კიდევ ერთი სიმბოლური სახეა, რომელიც ხაზს უსვამს მის შინაგან მდგომარეობას.

CHAPEL PERILOUS

Chapel Perilous- არის ალბომის ბოლო ტრეკი. სიმღერა იმაზე თუ როგორ შეძლება არარეალური გახდეს რეალური, Chapel Perilous - ფსიქოლოგიური ტერმინია და არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ვერ ხვდება მის წინაშე მომხდარი რამ რეალობაა თუ რაიმე ზემდგომი ძალისგან მოვლენილი, იქნება ეს ღმერთი თუ რაიმე სხვა მეტაფიზიკური მმართველი;

“When you wish upon the star

Dreams come true“ 

სიმღერის ნახევარზე მეტი ამ ფრაზის გამეორებაა, რაც ალექსის ამ მთლიანი პროცესის მიმართ დამოკიდებულებას, კარგად აღწერს. 

SKIPTRACING (reprise)

ალბომის სულ-სულ ბოლოს კი გვაქვს, SKIPTRACING- ის რამდენიმე წამიანი ინსტრუმენტული რეპრიზა, რაც იმის მანიშნებელია, რომ პროცესი გრძელდება, ჩვენ ამ პროცესის კონკრეტულ მონაკვეთს დავაკვირდით, იმას რომელიც ალექს ბრეტონმა ალბომის ჩაწერამდე და ჩაწერის დროს გაიარა, ახლა კი გზა გრძელდება და შესაბამისად ძიების პრო ცე სიც.


Skiptracing ალბომია, რომელიც მუსიკოსებისთვისაა შექმნილი, ეს არის ალბომი მუსიკის წერაზე 21 საუკუნეში და იმ ჟანრში, რომელიც მაშინ ასე მარტივად გიმწყვდევდა თავის ფორმებში. Mild High Club - მა მოახერხა და საინტერესო ახალი და თან ნაცნობი ფორმებით, შექმნა მუსიკა რომელიც განსხვავებულია თავისი ხასიათით და სათქმელით. ალექს ბრეტინი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ უნდა მის მუსიკას ისეთი ადამიანები უსმენდნენ, ვისაც ნამდვილად მუსიკის მოსმენა ენდომებათ და არა ისინი ვინც მის მუსიკას ფონად “გაუშვებენ”, სიმღერა HOMAGE ის დასაწყისი;

“Someone wrote this song before

And I could tell you where it's from”

ავტორი: ლადო გიგაია