თიბისელები

გაიცანით მეცნიერი ქალები და გოგოები თიბისიში

მარტი 07, 2024

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ამ დღის მიზანია ქალებისა და გოგოების შესაძლებლობების, მიღწევების, უფლებებისა და როლის წარმოჩენა, არსებულ გამოწვევებზე ხმამაღლა საუბარი, მათი მხარდაჭერა და გაძლიერება.


გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 8 მარტს, ყოველწლიურად ირჩევს მთავარ თემას, რომელიც კავშირშია ქალების მხარდაჭერასა და  გაძლიერებასთან. წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი თემაა "ინვესტიცია ქალებში: დააჩქარე პროგრესი".


ჩვენ, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, ვიზიარებთ ქალთა საერთაშორისო დღის მთავარ თემას. 

თიბისი რეგიონში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია არაერთი პროექტითა და ინიციატივით შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის ზრდა და მათი გაძლიერება. შესაბამისად, განათლების მიღების შესაძლებლობებთან ერთად, ხელს ვუწყობთ ქალებისა და გოგოების დასაქმებას ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT).

თიბისიში ICT მიმართულებით დასაქმებულთაგან 40% ქალია. ბლოგში კი, სწორედ რამდენიმე მათგანზე გიამბობთ.

გაიცანით ჯულია შავკაციშვილი - თიბისის მონაცემთა ანალიზისა და მართვის დეპარტამენტის MLOps ინჟინერი.

ჯულია შავკაციშვილი

როგორც ჯულია აღნიშნავს, მისი პროფესიული მოგზაურობა ამ სფეროში მუდმივად არის უწყვეტი სწავლისა და უახლესი ტექნოლოგიების შერწყმის პროცესი, რაც განსაკუთრებით საინტერესოა საბანკო სექტორში. 



კარიერის განმავლობაში ჯულია, თიბისის მანქანური სწავლების ოპერაციების (MLOps) გუნდთან ერთად, ბევრ მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ბანკისთვის მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობებისა და მასშტაბურობის გასაუმჯობესებლად.


ჯულია მუდმივად ცდილობს, მისი ცოდნა და გამოცდილება მონაცემთა მნიშვნელობის შესახებ გაუზიაროს ახალ თაობას და აქტიურად არის ჩართული თიბისის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კამპანიაში, რომლებიც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

,,ქალებს აქვთ უნიკალური შეხედულებები და გამოცდილება სამეცნიერო კვლევებისა და გამოწვევების გადაჭრაში, რაც შესაძლებელს ხდის კომპლექსური გამოწვევების მეტად კრეატიულად და ყოვლისმომცველად გადაწყვეტას“- აღნიშნავს ჯულია."

ტექ. სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდა გოგოებს ჯულია ურჩევს, რომ ყოველგვარი გამოწვევების მიუხედავად, მუდმივად სჯეროდეთ საკუთარი მიზნების, არასდროს დაკარგონ ცნობისმოყვარეობა და გაოცების განცდა, რომელიც დაეხმარება მათ ამ დარგის უკეთესად შესწავლასა და სიახლეების აღმოჩენაში.

ნუცა აბაზაძე - თიბისის მონაცემთა ანალიზისა და მართვის დეპარტამენტის სტრატეგიული პროექტის ლიდერია.

ნუცა აბაზაძე

ნუცამ სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის სიღრმისეულად შესწავლა სტუდენტობისას დაისახა მიზნად და სწავლა გერმანიაში გააგრძელა, სადაც მონაცემთა მეცნიერების მაგისტრანტის ხარისხი მიენიჭა. მან კარიერა სრულად მონაცემებსა და ტექნოლოგიებს დაუკავშირა. მას დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველოში ბევრი პროექტითა და ინიციატივით განავითაროს ეს სფერო.

დღეისათვის თიბისიში Data & AI დეპარტამენტში დასაქმებულთაგან თითქმის 50% ქალია. ნუცას აზრით, ქალების ჩართულობის ზრდას სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო პროექტმა შეუწყო ხელი. აღსანიშნავია ამ სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალების როლი. ისინი მათი საინტერესო გამოცდილების გაზიარებით ახალგაზრდებს მოტივაციას აძლევენ და უბიძგებენ მსგავსი პროფესიების არჩევისკენ. 

რაც შეეხება ნუცას მიღწევებს, 2023 წელს ნუცა გახდა Women in Data Science (WiDS)-ის პირველი ელჩი საქართველოში. ამავე წელს იყო გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოების ფინალისტი კატეგორიაში - „მომავლის ლიდერი“. ის შესულია Forbes Georgia 30 under 30 სიაში ტექნოლოგიის კატეგორიაში. გარდა ამისა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში: Open Data Science Conference’s (ODSC) Women Ignite Session 2021, DataFest Tbilisi 2019, Tbilisi International Data Analytics (TIDA) 2021 და სხვა. 

„ხშირად წარმატების მიღწევაში ყველაზე მეტად თვითრწმენის ნაკლებობა გვიშლის ხელს. შესაბამისად იმისთვის, რომ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში წარმატების მიღწევა შეძლონ ქალებმა და გოგოებმა, მნიშვნელოვანია მათთვის აღიარებისა და მოტივაციის მიცემა“ - ამბობს ნუცა.

ნუცა მეცნიერ ქალებსა და გოგოებს, ურჩევს არ შეეშინდეთ პროფესიის არჩევის, რომელიც აინტერესებთ და სიამოვნებას ანიჭებთ. წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვანია, რომ არ დავუწესოთ საკუთარ თავებს საზღვრები.

ტექნოლოგიურ სფეროში ქალების ჩართულობის შესახებ, ასევე გვესაუბრება ნინო ჭამიაშვილი - თიბისის პრობლემური აქტივების მართვისა და რეალიზაციის დეპარტამენტის რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერი.

ნინო ჭამიაშვილი

ნინოს ინტერესი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მიმართ მათემატიკის სიყვარულმა განაპირობა. დღეისთვის მას მინიჭებული აქვს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამჟამად ნინო უკვე თავად უზიარებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მის ცოდნასა და გამოცდილებას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. 

მას აქვს გამორჩეული სამეცნიერო მიღწევები. ნინომ მოიპოვა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი, ამ დროისთვის მონაწილეობა მიღებული აქვს 7 საერთაშორისო კონფერენციაზე , მისი ნაშრომი გამოქვეყნდა 4 მაღალრეიტინგულ, ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში.

,,საკმაოდ ხშირად ვესწრები სამეცნიერო და ტექნოლოგიების მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებს. მახარებს, რომ ქალების ჩართულობა და დაინტერესება ამ ღონისძიებებზე საკმაოდ დიდია.“ - აღნიშნავს ნინო.

ნინო ახალგაზრდა ქალებსა და გოგოებს ურჩევს, რომ აუცილებლად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, მხარდაჭერა და რესურსი, ჩაერთონ სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობაში და ღირებული შედეგებით განავითარონ ტექნოლოგიური სფერო.

ალინა ტყაბლაძე - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონიდან. 

ალინა ტყაბლაძე

ალინა ორი წლის განმავლობაში თიბისის გუნდთან ერთად მუშაობდა ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებაზე. შემდეგ მან თიბისი IT აკადემიასთან ერთად დააარსა ტესტირების ავტომატიზაციის სწავლების კურსი, დღეს თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის 82% არის ამ პროგრამის კურსდამთავრებულებისგან შედგება.


დღეისათვის უკვე ალინას ჩართულობით საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე დაემატა ამ ტექნოლოგიის შემსწავლელი საგანი. შედეგად, ბოლო 3 წელია საქართველოს ბაზარს 150-ზე მეტი ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი ჰყავს, როცა აქამდე მხოლოდ ათეულობით ადამიანს ითვლიდა ეს სფერო. ამასთანავე, ბოლო 1 წელია ალინა ჩართულია ამერიკული უნივერსიტეტის - Emory - ის ციფრული პროდუქტების განვითარების ნაწილში.

"ქალების მხარდაჭერა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში გადამწყვეტია. თანაბარი შესაძლებლობების მიწოდებით, ჩვენ ვხსნით გამოუყენებელ პოტენციალს, რასაც მივყავართ ინოვაციური აღმოჩენებისა და წინსვლისკენ, რომლებიც სარგებელს მოუტანს მთლიან საზოგადოებას. "- ამბობს ალინა

ალინა აღნიშნავს, რომ გენდერული დისბალანსი ტესტირების სფეროში საკმაოდ შესამჩნევია. სწორედ ამიტომ აუცილებელია ქალების მხარდაჭერა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, რადგან თანაბარი შესაძლებლობების მიწოდებით გზას ვუხსნით გამოუყენებელ პოტენციალს, რასაც მივყავართ ინოვაციურ აღმოჩენებამდე.

გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული ქალი ტექნოლოგიურ სფეროში ნინო ბუქური - თიბისის სისტემის ანალიტიკოსი ენტერპრაიზ სისტემებსა და სერვისებში.

ნინო ბუქური

ტექნოლოგიური სფეროთი ნინოს დაინტერესება გამოიწვია იმ უსაზღვრო შესაძლებლობებმა ინოვაციისა და პრობლემის გადაწყვეტის ჭრილში, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს. 


ნინო ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში. მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა პუბლიკაცია მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიგნებებზე. 


მას მინიჭებული აქვს ინჟინრის მაგისტრის წოდება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში; ამასთან, ფლობს CCNA და AWS SAA სერტიფიკატებს. ნინომ პროექტების მართვის გლობალური კოლაბორაციის შეჯიბრში საუკეთესო ორგანიზატორის ტიტული მიიღო;


ტექნოლოგიური ბიზნეს იდეით VISA-ს “She’s Next Empowered” საუკეთესო ათეულში მოხვდა და მეორე ადგილი დაიმსახურა CUnicorn პროგრამის ფარგლებში. დღეს ის მოწვეული ლექტორის ამპლუაში თავის გამოცდილებას უნივერსიტეტის სტუდენტებს უზიარებს.

,,ქალთა გაძლიერება მეცნიერებაში არა მხოლოდ ზრდის კვლევისა და ტექნოლოგიური მიღწევების ხარისხს, არამედ ამცირებს გენდერულ უთანასწორობას და ხელს უწყობს სოციალურ ინკლუზიას.“ - ამბობს ნინო

მისი თქმით, სამეცნიერო მიმართულებით ქალების წინსვლაში ინვესტირება და ტექნოლოგიური მიმართულებით გენდერულად თანაბარი შესაძლებლობების შექმნა საზოგადოებას დიდ სარგებელს მოუტანს.


ნინო ახალგაზრდა მეცნიერ ქალებს ურჩევს მუდმივად ეძიონ პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და განაგრძონ შემდეგი თაობის ქალთა შთაგონება მეცნიერების სფეროში.