მუსიკა | ცა

Mechanical Rainbow – ინტერსტელარული ოდისეა

Tsa.Music

თებერვალი 16, 2021

თუ კი შემთხვევითობას ან დამთხვევათა ჯაჭვურ ბმას უთამაშია როლი მუსიკალური ჯგუფის ჩამოყალიბებაში, Mechanical Rainbow ამის ერთ-ერთი მაგალითია - ასე შეიძლება დაიწყოს სტატია ან ბლოგი, რომელიც წლების შემდეგ დაიწერება ამ ახალბედა (სულ ორი წლის) ჯგუფის შესახებ. დღეს კი შეგვიძლია ასე, როგორც თავად ამ ამბის გმირები ცოტნე ბაღდავაძე და დავით შავდათუაშვილი ამბობენ, უფრო „ყვითლად“ დავიწყოთ:

ცოტნე: ისე აღმოჩნდა, რომ მე და დათო შეყვარებულებს ორივენი ერთ დროს დავცილდით... თუმცა, კარგად არ ვიცნობდი დათოს, მაგრამ ვიცოდი, რომ გიტარაზე უკრავდა და ამ ამბიდან რამდენიმე ხანში მივწერე... შევთავაზე ერთად დაკვრა გვეცადა..

დათო: მე მაგ დროს მე-10 კლასში ვიყავი და ჯერაც „უდიდესი“ გეგმები მქონდა სწავლასთან დაკავშირებით... ნუ დღესაც ასეა... მაგრამ მაშინ, რაღაც კოლექტივში გაერთიანება ამ გეგმებს არ „ეთანხმებოდა“... მაგრამ ცოტნეს დაჟინებულმა სურვილმა ის შედეგი გამოიღო, რომ ასე პირველი „რეპეტიციაც“ შედგა.

ბიჭებს კიდევ ერთი მეგობარი დაემატათ და ასე ჩამოყალიბდა... არა! Mechanical Rainbow-მდე ჯერ სხვა ჯგუფი იყო - „ათეოსი“, „სამსიმღერიანი“ პანკ ბენდი, რომლსაც დიდხანს არ უარსებია.


ბიჭებს, ცოტნეს ყოფილი შეყვარებულის რეკომენდაციით, მალე შეემატათ ნინი ბენდიანიშვილი, რომელიც, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ქართულ რეალობაში, საკუთარი ინიციატივით შევიდა ფორტეპიანოს კლასში 6 წლის ასაკში და ექვსწლედის დასრულების შემდეგ შოპენის მუსიკით შთაგონებული ფორტეპიანოს არ მოსცილებია, თუმცა სინთეზატორს ბიჭებთან დაახლოებამდე არ შეხებია.

რაც შეეხება დავით დონაძეს, იგივე დადუს, აი, მისი გზა მუსიკამდე არ ყოფილა სწორხაზოვანი და ადვილი: 

- მას შემდეგ, რაც ადრეულ ასაკში ერთ-ერთ დაბადების დღეზე ჩემებმა გიტარა მაჩუქეს, ბებიამ ამოიჩემა, გინდა თუ არა ხვიჩა მაღლაკელიძესთან (გიტარისტი, არტისტი, გიტარის პედაგოგი) უნდა გატაროო... თუმცა იმ დაბადების დღის შემდეგ, ის გიტარა სადღაც მიიმალა საკუჭნაოში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემმა ჯგუფელმა ინსტიტუტში გიტარა მოიტანა და ვთხოვე რამდენიმე აკორდის სწავლება... ისე იმ ლექციის გაცდენას ვაპირებდი... სახლში დაბრუნებულმა გადმოვიღე ჩემი დამტვერილი გიტარა და მას შემდეგ არ გამიშვია..

ყმაწვილი დადუ, რომელსაც თვითგამოხატვის ფორმის ძებნაში იყო და წერასაც ცდილობდა, გიტარის თანხლებით რამდენიმე მელოდიის „წაღიღინების“ შემდეგ მიხვდა, რომ მიაგნო იმას, რასაც ეძებდა.

ასე მცდელობა-მცდელობით დაწერილი დადუს პირველი (ინგლისურენოვანი) სიმღერა მივიდა ცოტნეს და დათოს ყურებამდე და მათ გადაწყვიტეს „ახალი ნიჭის“ ჯგუფში მიპატიჟება. (ეს ხდება 2018 წლის შემოდგომაზე).

ეს სიმღერა მალე „სანაგვე ურნაში“ აღმოჩნდა, თუმცა სიმღერიდან დღეს ჯგუფ Mechanical Rainbow-ს რეპერტუარს იმავე სახელწოდების, აბსოლუტურად განსხვავებული სიმღერა ამშვენებს - უკვე 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებული Leaving R.E.M. - როკ ბალადის ჟანრში გადაწყვეტილი სიმღერა, სულაც არ გაფიქრებინებთ, რომ საქმე დამწყებ ჯგუფთან გაქვს და, ასევე, შემსრულებელთა ახალგაზრდა ასაკიდან გამომდინარე, ეს ჟღერადობაც და კომპოზიციური სტრუქტურაც მოულოდნელია... ისევე როგორც მანამდე (2018 წლის ბოლოს) გამოქვეყნებული, ასევე კლასიკური ჟღერადობის Asylum, სადაც ორ, მკვეთრად განსხვავებულ ნაწილად გაყოფილ სიმღერაში პროგრესული როკისთვის დამახსიათებელი სოლო გიტარა ჟღერს. სოლო გიტარის პარტია აქაც და მომდევნო სიმღერებშიც დავით შავდათუაშვილს ეკუთვნის.

- 12-13 წლის ვიყავი გიტარაზე რომ შემიყვანეს მშობლებმა... მანამდე მუსიკისადმი განსაკუთრებული ინტერესი არ გამაჩნდა და თავიდან არც ეს გიტარის გაკვეთილები მომწონდა... მაგრამ გიტარის მასწავლებელმა (დავით გაბიტაშვილი) მომასმენინა ელვის პრესლი, Pink Floyd... ბიტლზები... ამ მოსმენამ, გიტარასთან თანდათან შეხებამ ინტერესი გამიზარდა... და შემდეგ უკვე გავაგრძელე თვითგანვითარებაზე მუშაობა... (დათო)

დასაწყისში სწორედ დათოს იმჟამინდელი გატაცების კვალდაკვალ, პირველ რეპეტიციებზე ახალშეკრებილი ჯგუფი Metalica-ს ქოვერების შესრულებას ცდილობდა. ვინაიდან დადუს ყველაზე მცირე საშემსრულებლო შესაძლებლობა ჰქონდა, მას სხვისი სიმღერების ქოვერების „დაკვრაზე“ მეტად საკუთარის შექმნის სურვილი ამოძრავედა და აქეთკენ „გადმოქაჩა“ მთელი ჯგუფი. (იმ დროს დასარტყამზე უკრავდა ლევან ცერედიანი, რომელიც მოგვიანებით გივი ინანიშვილმა ჩაანაცვლა და ამ ეტაპზე ჯგუფი საერთოდ დრამერის გარეშე აგრძელებს მოღვაწეობას).

დღემდე ჯგუფს 40-მდე სიმღერა (აქედან 20-მდე სულ ახალი) აქვს დაწერილი, თუმცა მათ ძალიან მცირე ნაწილს იცნობს მსმენელი. სიმღერები ძირითადად დადუს სახლის (საძინებლის) სტუდიაში იწერება:

- მუსიკას კიდევ უფრო სერიოზუალად შევხედეთ... ჩვენთვის შვებაა მუსიკაზე მუშაობა... ვვითრდებით და საკმაოდ ამბიციური გეგემბიც გვაქვს... რა სიმღერებიც გვაქვს გამოქვეყნებული, არ არის ჩვენს რეალურ სახესთან ახლოს.. კი, ეს პროგრესივ როკი, რაც სიმღერა Daysleeper-ამდე ისმის ჩვენს რეპერტუარში, „მუსიკალურ დეენემში“ გვაქვს, თუმცა ჯგუფის „საუნდი“ ჯერ კიდევ ყალიბდება... (დადუ)

საწყის ეტაპზე, სანამ დადუ გადაერთვებოდა პროდიუსინგზე (საუნდინჟინერიის შესწავლას დაიწყებდა) ბიჭებს პროდიუსერი ირაკლი მარგიშვილი (Progenol) ეხმარებოდა. დადუს მიერ ნახსენებ Daysleeper-ამდე კი იყო სიმღერები: Childhood Trauma (2019 მარტი), რომელიც ჯგუფისთვის არანჟრების მხრივ კიდევ ახალი საფეხურია შემოყვანილი ქალთა გუნდით, 70-იანების ფოლკ პოპის სტილში გადაწყვეტილი, Time Traveller Scientist (2019 წლის მარტი), კლასიკური როკ კომპოზიცია The Seekers Of Fortune (2019 სექტემბერი), რომელზეც ჯგუფი დღეს „ხელს არ აწერს“ და კვლავ პროგრესივ როკ-ბალადა Time Of Death (2019 დეკემბერი). შარშან მარტში გამოქვეყნებული Usual Melancholy კომპოზიციურად და არანჟირების მხრივ მანამდე ჩაწერილ სიმღერებთან შედარებით, ყველაზე უფრო სრულყოფილი გახლავთ... ასე რომ, ახალ საფეხურად მე სწორედ ამ ნამუშევარს (პროდიუსერული ნიშნითაც) მივიჩნევდი და არა მომდევნო ფსიქოდელიურ Daysleeper-ს, როგორაც ამას თავად ჯგუფის წევრები ფიქრობენ. ისე კი ამ ბოლო სიმღერას ეტყობა, სად მოხდა საერთო შთაგონების წყაროს გამოჩენა ავსტრალიური Tame Impala-ს სახით.

ჯგუფური აზროვნება და შემოქმედება ამ ეტაპზე აქტუალურია Mechanical Rainbow-სთვის. ეს ეხება მუსიკას და ტექსტსაც - ძირითადი ტექსტი და თემა დადუს მოაქვს, შემდეგ ვის რაც შუძლია, იმას ამატებს.

- პატარ-პატარა ამბების თხრობა გვიყვარს სიღერებით... ერთსა და იმავე თემაზე არ ვწერთ.. სიმღერების მატებასთან ერთად მსმენელიც უფრო მიხვდება, რომ კონტექსტი მათ ერთი აქვთ...  (დადუ)

პანდემიამ, მართალია, დაწყებული ცოცხალი გამოსვლების პრაქტიკა, რომელიც ჯგუფის წევრების არტისტებად ზრდას მეტად უწყობდა ხელს, შეზღუდა, თუმცა პოზიტიური მოქმედებაც ჰქონდა - სახლის რეპეტიციების პარალელურად ბევრი დრო იყო სამომავლო გეგმებზე საფიქრალად და სასაუბროდ. 

შედეგად საერთო გადაწყვეტილებით კურსი შეიცვალა სინთი პოპის და დრიმ პოპისკენ, რაც შარშან, დეკემბერში გამოქვეყნებული სიმღერით Morningstar Odyssey გამოიხატა. 

ინტერსტელარული მოგზაურის ამ ამბავს თითქოს სრულიად განსხვავებული სტილისტიკის მთხრობელი (ვოკალისტი შეცვლილი შესრულების მანერით) ჰყავს. სიმღერა დათო შავდათუაშვილის საგიტარო ინტროთი დაწყებულა იზოლაციის პირობებში და შემდეგ რაჭაში ჯგუფური მუშაობის ფარგლებში დასრულებულა. ჯგუფი მისი თანამედროვე მუსიკოსების (თუმცა უფრო ადრე დაწყებულ) პრაქტიკასაც მიმართავს და ძირითადი სასიმღერო ინგლისური ენის პარალელურად ქართული ენაც შემოაქვს. 

ჯგუფის წევრებს ბაზრის ახალი კარნახი სწორად აქვთ დანახული და ალბომებით მუშაობას დღეს „სინგლების“ ეტაპობრივ გამოცემას ამჯობინებენ. იმედია, სწავლის პროცესი (ამ ეტაპზე ოთხივე წევრი სტუდენტი გახლავთ) ხელს არ შეუშლის მუსიკალური გეგმების განხორციელებაში და კიდევ არაერთი ბლოგი დაეთმობა Mechanical Rainbow-ს, ხოლო მანამდე:

დიდი მადლობა ქალბატონ მანანა დონაძეს (დადუს ბებიას), რომელიც იტანს ჩვენი სამუშაო პროცესისგან მიღებულ დისკომფორტს! - ცოტნე

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე