კულტურა სიახლეები

რეკომენდაცია MAUDI Booster -ზე წარმოდგენილი ნამუშევრებისთვის

თიბისი კონცეპტი - მარჯანშვილის 7

აპრილი 14, 2022

16 აპრილს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, სახელოვნებო აუქციონი - MAUDI BOOSTER გაიმართება, რომლის ფარგლებში მსურველებს შეეძლებათ 45-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევარი შეიძინონ.


ბლოგში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - ქეთევან შავგულიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი - ირინა პოპიაშვილი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - ხათუნა ხაბულიანი, MAUDI BOOSTER-ის აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან, მათთვის გამორჩეული ხელოვანების ნამუშევრებს გირჩევენ და გაგაცნობენ.


ქეთევან შავგულიძის რეკომენდაცია

უტა ბექაია, "აი გული", 2021

უტა ბექაიას ფასკუნჯი განსაკუთრებული ზემოქმედების უნარის სახე-სიმბოლოა, რომელიც, ისევე, როგორც მისი სამყაროს სხვა ქმნილებები, მითოსური სამყაროდან რეალურში იჭრება და წარსულისა და თანამედროვეობის მაკავშირებლის მნიშვნელობას იძენს.

 

კოლხური მითის თანახმად, მინდორში, ეულად მდგარ მოლაპარაკე მუხაზე ფასკუნჯი ზის და ბნელ ღამეებს ანათებს. მაშინ, როდესაც ცაზე მანათობელი არ ჩანს, ის გზას უნათებს ბედის მაძიებელ ადამიანებს, რომელთაც გამოცანა უნდა ამოხსნან. ჯადოსნური არსება, რომელიც კოსმოსის (ქვესკნელი, სკნელი, ზესკნელი) თუ ფსიქიკის (ქვეცნობიერი, ცნობიერი, ზეცნობიერი) შრეებში გადასვლის საშუალებად მოიაზრება, თავად არის გამოცანა - სამყაროს გამოცანა. სამი სკნელის მეუფეს ხომ თავად არა მხოლოდ სხვადასხვა დროსა და სივრცეში გადანაცვლება, არამედ ჩვენი გადაყვანაც შეუძლია.

 

უტა ბექაიას სამყაროში არქეტიპები თანამედროვე კულტურის ნიშნებთან თანაარსებობენ: ფასკუნჯი, იგივე ნათა, ნათობა, ნათელი, ნაწილიანი,ასტრალური ღვთაების ნიშნების - მანათობელი „წილების“ მატარებელია. ის დღევანდელობაში ნეონის შუქით ანათებს, რომელიც არა მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების მედიუმი, არამედ მნიშვნელოვანი მეტაფორაა. მისი ყველაზე დიდი კონცენტრაცია მზესა და ვარსკვლავებზეა, დედამიწაზე კი, მის სიმცირეს იმით ხსნიან, რომ ის, პირველად ატმოსფეროსთან ერთად დავკარგეთ…

 

ფასკუნჯის, ამ კომბინირებული არსების სხეულის ნაწილებს საკრალურიმნიშვნელობა აქვთ. მისი ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს; მაგიური ძალის მანათობელი არსება ადამიანური ხმით ლაპარაკის უნარსაც ფლობს და როგორც დედა ენაში, ისე გვასწავლის, თავიდან გვასწავლის და სამყაროების მაკავშირებლის უნარის მქონე ხელოვანის მეშვეობით, თითქოს დიდი ხნის დავიწყებულ და მნიშვნელოვან საიდუმლოს გვიმხელს სამყაროზე - აი გული.

ნინო ჩუბინიშვილი, "ბედნიერი სიზმარი", 2016

ნინო ჩუბინიშვილი მისეული, უნიკალური ვიზუალური ენით თითქოს პორტალს გვიხსნის, რომელიც იმ მოუხელთებელ მდგომარეობებთან, განცდებთან, ისტორიებთან ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს, რომელიც ძალიან ღრმად დაშრევებულა თითოეულ ჩვენგანში.

 

მხატვრის შემოქმედებით, როგორც ულტრაბგერითი „ტალღების“ ზემოქმედების ქვეშ კვლევისას, თითქოს იმ ენერგიების ნაკადებს ვაწყდებით, ვადევნებთ თვალს და მივყვებით, რომელნიც წარმოდგენილ სხეულში ცირკულირებს. სხეულში, რომელიც არა მხოლოდ მატერიაა, არამედ თანამედროვე დეპერსონიფიცირებული ადამიანის განსახიერება, რომელიც ქვედა კიდურების, საყრდენის გარეშე დარჩენილა და ასეთ შეკიდებულ მდგომარეობაში ცდილობს გადარჩეს, არ დაეცეს; რომელიც რაღაც უხილავი ძალის მეშვეობით ინარჩუნებს წონასწორობას. იქნებ იმიტომ, რომ ამ აბსტრაქტული, ანდროგენული სხეულის შინაგანი, შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი ნაკადები მკერდთან გაერთიანებულა, კონცენტრირების ადგილად, იდეურ საყრდენად მისი ის განუყოფელი „ნაწილ-ობიექტი“ ქცეულა, რომელიც სახლს განასახიერებს?! ეს საკრალური ადგილი, სხვათა თვალთახედვის მიღმა არსებული დაცული ტერიტორია, ნომადივით თან დააქვს, სულ მასთან არის. მუდმივად მოძრაობაში მყოფი თანამედროვე ადამიანისთვის, რომელსაც ეგზისტენციალური მნიშვნელობით მუდმივი ცვლილებები განსაზღვრავს, სახლი მისი სხეულის ლოკუსად ქცეულა და მხატვრის მეშვეობით ეს კოდირებული ნიშანი ასოციაციური ნაკადების უსასრულო ჯაჭვად გარდაქმნილა, რომლის დასათაურება შეუძლებელია, რადგან ის კონკრეტულსა და აბსტრაქტულს, პირადსა და უნივერსალურს შორის არსებობს.

 

თამარ ნადირაძე, "ზღვასავით მთები", 2022

თამარ ნადირაძის ენიგმატურ სამყაროში არქეტიპული ლანდშაფტი ფიზიკურ მდგომარეობასთან ერთად სიმბოლურ დატვირთვასა და მნიშვნელობას იცვლის. ზღვად ქცეული მთების ტალღები ლურჯი, უდროო უსასრულობაა თითქოს, რომელიც ცდილობს შეიწოვოს, ჩაყლაპოს, შთანთქას, ჩაძიროს ყველაფერი. შეცნობის, აღმასვლის, სულიერი ინიციაციის განმასახიერებელი მთები ზოგიერთისთვის თვალსა და ხელს შუა მღელვარე ლურჯ სუბსტანციად ქცეულა, საიდანაც თავის დაღწევას ცდილობენ. ქვეყნიერების ჰორიზონტალურ პროექციაში საზღვრად მოაზრებულ ზღვის ენერგიას მათი ქმედება ასოციაციურ განზომილებაში გადაჰყავს.

 

ამ ფერისა და სუბსტანციის მრავალმნიშვნელოვნება კონკრეტულ განსაზღვრებებს შორის ათავსებს წარმოდგენილ სცენას და ასახული სამყაროს მიმართ დამოკიდებულებების და მოუხელთებელი შეგრძნებების ზღვას გვთავაზობს. ეს ლურჯი, როგორც არა მარტო ჩვენი დროის მეტაფორა, არამედ უსაზღვრო განზომილება, ერთდროულად ამ ფერის უამრავ მნიშვნელობას აერთიანებს. ის გოეთესეული „მომხიბლავი არარსია“, შეუცნობლის, მისტიკურის უნივერსალური სიმბოლო-ფერი, თვითშემეცნების გზასთან და ყოფიერების პირველსაწყისებისკენ სწრაფვის მეტაფორა, ტრანსცენდენტური რეალობის ინვარიანტი, ექსტაზისა და ამავე დროს ეგზისტენციალური მიუსაფრობის, არარას, შიშის განსახიერება... ეს ზღვა, ისევე როგორც ლურჯი ვეფხისტყაოსანში

და ვისრამიანში, უზარმაზარ სევდას და სულიერ ტკივილს ატარებს. ადამიანები, სწორედ ამ იდუმალი, ზღვად ქცეული მთების ტალღებში ცდილობენ სხვების გადარჩენას.

ირინა პოპიაშვილის რეკომენდაცია


“მაუდის აუქციონის ნამუშევრების სელექციიდან ბევრი ჩემთვის ნაცნობი სახელია. ზოგი ჩემი ყოფილი სტუდენტია, ზოგი ჩემი კოლეგაა უნივერსიტეტიდან, ზოგიც ჩემი კოლექციის ნაწილია. არის ნამუშევრები, რომლებიც მომწონს, მაქვს კოლექციაში, მაგრამ მათთან არ ვცხოვრობ, ანუ კედელზე არ ვკიდებ ამ ნამუშევრებს. ამიტომ ჩემს არჩევანსაც ამ ორ კატეგორიად დავყოფდი

ნამუშევრები, რომლებთანაც ვიცხოვრებდი (ყოველდღე შევხედავდი) და ნამუშევრები, რომლებიც მინდა, რომ მქონდეს, მაგრამ არ მინდა ყოველდღე ვუყურებდე.

რასთან ვიცხოვრებდი...

თამარ გურგენიძე, "ორსული ქალი მობილური ტელეფონით", 2022

სალომე ჯოხაძე,  “თან გატარებ”, 2021 

ნატო სირბილაძე,  "პალიასტომის ტბასთან", 2021

"მინდა მქონდეს კოლექციაში"

ანა გზირიშვილი,  "ქალი იცინის ღამით", 2020-21

ანუკ ბელუგა,  "საუბარი" - ტილო, ზეთი, 2022 წელი

მარი ყალაბეგაშვილი, "ჩანახატები, გედის ფორმის საცოცი მოსაჭიდებლებისთვის", პროექტიდან SINGING ROCK, 2021

ხათუნა ხაბულიანის რეკომენდაცია

ნიკა ქუთათელაძე

ნიკა ქუთათელაძის ნამუშევარი სიმბოლისტური ფერწერის ასოციაციებით და ტექსტურით, რაც ხის დაფაზე ზეთის საღებავით შესრულებულ ნიმუშებს ახასიათებთ, ერთდროულად აჩვენებს კონკრეტულ დროსა და საერთოდ უდროობას, კონკრეტულ ადგილს და ამავე დროს „არსად“ ყოფნას. პერსონაჟებიც რეალური ადამიანები არიან ყოველდღიური რუტინის დინებაში, თუმცა განზოგადებული სახეებით. სურათი ჩვენ თვალწინ განიცდის ტრანსფორმაციას - ინტერიერი აქ პეიზაჟად გარდაიქმნება, ხოლო დაფიქსირებული წამიერი ადამიანური ემოცია - შეკითხვის მომცველ ფილოსოფიურ გარინდებად.

მერაბ გუგუნაშვილი, ამირანი, 2022

ეპოსის თემის ეფემერულ გამოსახულებად გარდაქმნა, სადაც მაქსიმალურად მგრძნობიარე ქსოვილზე აკვარელის მსგავსი მსუბუქი ეფექტითაა გადმოცემული საკმაოდ ბრუტალური, ერთგვარად მონსტრული პერსონაჟი, მერაბ გუგუნაშვილის მხატვრული ხედვისთვის სახასიათო კონტრასტული მანიპულაციაა. ამ ხელოვანს ზოგადად ახასიათებს სრულიად მოულოდნელი კომბინაციები, სადაც აგრესიული მოტივები შეიძლება დახვეწილსა და დაუცველ ფორმებს დაუკავშირდეს; მისი სამეტყველო ენა ყოველთვის ზუსტად იყენებს ფაქტურების ენას, რომლითაც ამ კონკრეტული ნამუშევრის - „ამირანის“ შემთხვევაში აბრეშუმის ზედაპირზე გრაფიკული ექსპრესიით გადმოიცემა მითური გმირისა და მასთან მებრძოლი ფრინველის ერთ არსებად ქცევა, რომელიც თავის მხრივ მინიმალისტური პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია, - აგებული ცეცხლისა და მთის კონტურების ღია პასტელური ლაქების თითქოსდა ქაოსური გაფანტვით.

ანუკ ბელუგა, საუბარი, 2022

ფერწერული ტილო „საუბარი“, მსგავსად ანუკ ბელუგას სხვა ნამუშევრებისა,

რთული კომპოზიციაა, ერთგვარად წინააღმდეგობრივი და დამაბნეველი. სურათი სიურრეალისტური სტრუქტურისაა, სადაც თითქოს პარადოქსული შინაარსი იგულისხმება, - ერთ სივრცეში ექცევა დეტალურად დამუშავებული ეგზოტიკური პეიზაჟის ელემენტები, სადაც მინიშნებებია პეიზაჟის ჟანრის სხვადასხვა პერიოდის გამოცდილებაზე მხატვრობის ისტორიიდან და ამ გარემოში ჩასმული თითქოს დოკუმენტური კადრიდან აღებული პერსონაჟები, რომლებიც ექსპრესიონისტული მხატვრობის ტიპურ სახეებად გარდაიქმნებიან ინტენსიური ფერების სამოსითა და აქცენტირებული ინდივიდუალიზმით. ქუჩის დინამიკური სცენა საუბარში გართული მოსიარულე ახალგაზრდებითა და ლეკვთან მოთამაშე ბავშვით თითქოს გადატანილია განყენებულ, უტოპიურ ბაღში, სადაც ატმოსფერო გაჟღენთილია გაურკვეველი მოლოდინის დაძაბულობით.

ვახტანგ მუსხელიშვილი, ტორსი, 2007 წელი

ვახტანგ მუსხელიშვილის მხატვრობა გამოირჩევა შესრულების ხარისხით, ფერწერული თუ გრაფიკული ტექნიკის ზედმიწევნით ფლობით, მხატვრობის ისტორიის თანამედროვე გააზრებით. მისი გრაფიკული ტორსი მხოლოდ ანატომიური ნახატის პერფექციონისტული შესრულება არ არის, მას განსაკუთრებული ექსპრესია ახასიათებს და სხეულის ფაქტურას, მის პლასტიკასა და სკულპტურულობას ხელშესახები დამაჯერებლობით გადმოსცემს. ის ეხება თემას, რომელიც დროის მიღმა არსებობს და მხატვრობის ძირითადი საფუძვლების მნიშვნელოვნებას განახლებულად წარმოადგენს.

ავტორი: Hammock Magazine