სიახლეები კულტურა

მარჯანიშვილის უბანი - ახალი ექსპოზიცია და ისტორიული არქივი

Tbc Concept

ოქტომბერი 16, 2020

თიბისი კონცეპტი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, გამოფენას - „მარჯანიშვილის უბანი” მასპინძლობს. ეს იქნება ექსპოზიცია ირინა ქურთიშვილის კურატორობით, მარჯანიშვილის 7-ში - თიბისის ისტორიულ შენობაში, რომელიც სრულად ტრანსფორმირდა და გალერეებთან ერთად, სხვადასხვა ქვესივრცეს აერთიანებს; ამასთანავე, უკიდურესად პერსონალურ სივრცეში, საკუთარ სახელოსნოში მოწყობილი გამოფენა და საჯარო სივრცეებში, ქუჩებში, მოედნებზე, მიწისქვეშა ავტოსადგომებსა და მეტროს გაუქმებულ ამოსასვლელებთან გამართული ტური.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე მეორედ ტარდება. “რა გვაქვს საერთო?” - ესაა კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ბიენალეში მონაწილეები და მისი ორგანიზატორები ცდილობენ. ეს კითხვა საინტერესოა მარჯანიშვილის უბანთან დაკავშირებითაც, რომელიც ერთი მხრივ მტკვრის სიახლოვეს მყოფი ქალაქის ცენტრალური და ტრადიციული ადგილია, ბევრი კულტურული და რელიგიური სიმბოლიკით, მეორე მხრივ სივრცე, რომლის მორგებასაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხი თავისებურად ცდილობდა. 

კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა 1910-იანი წლები, საარქივო ფოტოასლი

გერმანელების გაშენებული უბანი დამოუკიდებლობის საწყის წლებში ქაოტურად ვითარდებოდა, დასავლური კულტურა აღმოსავლეთიდან ჩამოსული მიგრანტების კაფე-ბარებმა და პატარა სავაჭრო ობიექტებმა ჩაანაცვლა - ადგილობრივებმა ისტორიულ სახლებში საოჯახო სასტუმროების კეთება დაიწყეს, ხელისუფლებამ სარეაბილიტაციო არეალად მონიშნა, ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა საპროტესტო სივრცედ - რა აქვს საერთო ამ პროცესებს ერთმანეთთან და სხვა ქალაქებში მიმდინარე მსგავს ამბებთან, რა აქვს საერთო აქ სხვადასხვა დროს მცხოვრებ ხალხს, როგორია ამ უბნის ისტორია და აქ მაცხოვრებლების ყოფა?; რაზე ვფიქრობთ ხოლმე, როცა აქ ვხვდებით - მსგავსებებზე თუ განსხვავებებზე; როგორ უნდა განვითარებულიყო აქაურობა არქიტექტორების გეგმების მიხედვით და როგორ განვითარდა სინამდვილეში? 

უნივერმაღის შესასვლელთან უცნობი ფოტოგრაფი 1950-იანი წლები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

ქალაქი სწორედ იქ გარდაიქმნება, სადაც საზოგადოებრივი სივრცე და ხალხმრავლობა ჭარბობს, მის აქტუალობას ადგილის დინამიკა განსაზღვრავს. გამოფენა - „მარჯანიშვილის უბანი“ სხვადასხვა კონტექსტში და მედიუმში წარმოადგენს ამ ტერიტორიის ისტორიულ, კრიტიკულ, ირონიულ და პოეტურ ასპექტებს.

გამოფენას საფუძვლად უდევს მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის 1980-90-იანი წლების არქიტექტურული არქივი, რომელიც არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში ფართო საზოგადოების წინაშე როგორც ციფრულად, ასევე ორიგინალში წარსდგება. მონაწილეებს და სტუმრებს საშუალება მიეცემათ იხილონ გეგმები, ნახაზები, ნახატები, ფოტოგრაფიები, მოდელი.  

გამოფენის ორიგინალ არტეფაქტებს ლიტერატურის მუზეუმიდან მიღებული გალაქტიონ ტაბიძის ორიგინალი დრიურები, ბლოკნოტები და ჩანაწერები ერთვის, ასევე საქართველოს ეროვნული არქივიდან და ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიღებული ფოტო-მასალა. ავთენტური დოკუმენტაცია უბნის ისტორიას ორ ადგილას მოყვება - კურატორის მამის ყოფილ სახელოსნოში, რომელიც დღეს ბინა-მუზეუმია და რომელთანაც დაკავშირებულია თბილქალაქპროექტის მუშაობა, ორგანიზაციის, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ქალაქების გენერალურ გეგმებზე, სტრატეგიული და მასშტაბური შენობების პროექტებზე მუშაობდა და ქალაქის არქიტექტურულ თუ სივრცით მოწყობას განსაზღვრავდა, გეგმავდა და წყვეტდა. მეორე სივრცე თიბისის შენობაა, 1912 წელს აშენებული სამსართულიანი ნაგებობა, რომელიც კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების სახლისთვის იყო განკუთვნილი პირველ წლებში, ცნობილი ასევე უნივერმაღის შენობად საბჭოთა კავშირის წლებში.

უნივერმაღის შენობა ილუსტრაციის ფოტოასლი ფოტოალბომიდან "თბილისი საქართველოს სსრ დედაქალაქი" 1958

გამოფენის კურატორი, ირინა ქურთიშვილი ძირითადად გერმანიაში ცხოვრობს. არქიტექტურის ბიენალემდე ცოტა ხნით ადრე, არსებული რეალობის გამო დაწესებული პირველი მკაცრი შეზღუდვების პერიოდში, თბილისში დაგეგმილზე დიდხანს დარჩა და თვეების განმავლობაში გამოკეტილი ქალაქის რიტმსა და ადგილობრივებზე დაკვრივება ერთგვარ იმპულსად ექცა, რომ ეს გამოფენა შემდგარიყო. 



მარჯანიშვილის თეატრი, თეატრის სახელსნო, რომელსაც მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მხატვართა გაერთიანება - “მეათე სართული” იყენებდა, განათლების სამინსიტროს შენობა უზნაძის ქუჩაზე, „წიგნის პალატა”, ე.წ. „მწვანე შენობა, რუსული, კათოლიკური და ლუთერანული ეკლესიები, გალაკტიონ ტაბიძისა დანობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი ავსტრიელი მწერალი და პაციფისტი ქალის - ბერტა ფონ სუტნერის სახლები, თბილქალაქპროექტი და მარჯანიშვილის საცხოვრებელი კვარტლები - ეს ის ადგილებია, რომლებიც გამოფენის ფოკუსში ექცევა; გამოფენის შემადგენელი კომპონენტებია დღის და ღამის ტურები, ამ ტერიტორიის ისტორიულ, არქიტექტურულ, ანთროპოლოგიურ და სოციალურ კონტექსტებზე ლექცია-მოხსენებები, ექსპოზიციები და ვებ-გვერდი, სადაც ყველა მასალა მოიყრის თავს და ბიენალეს დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ცხოვრებას. 


ავტორი: ნასტასია არაბული

გარეკანის ფოტო: გურამ კაპანაძე

ექსპოზიციის ფოტო: სანდრო სულაბერიძე