კულტურა ლიტერატურა

ფიქრები მარიო ვარგას ლიოსაზე

ავტორი: არჩილ ქიქოძე

ივლისი 28, 2020

ამაზონიის ჯუნგლებში ჟანდარმები და მონაზვნები ერთობლივად ესხმიან თავს ინდიელების სოფელს. იქიდან პატარა გოგონებს იტაცებენ და აღსაზრდელად კათოლიკურ მისიაში მიჰყავთ. მონაზვნები ველურ, ტიტლიკანა გოგოებს მაგრად იხუტებენ გულში და ღმერთს მადლობას სწირავენ კიდევ რამდენიმე წარმართის სულის გადარჩენისთვის.

ერთ-ერთი გოგონა იზრდება და მრავალი თავგადასავლის მერე, ქვეყნის მეორე ბოლოში, ქვიშის დიუნებით გარშემორტყმულ ქალაქ პირას ბორდელში ხვდება, რომელსაც „მწვანე სახლი“ ჰქვია. ერთ დილას, ქვიშის ქარიშხლის მერე გამოიხედეს პიურუელებმა გარეთ და ნახეს კაცი, რომელსაც მკვდარი ჯორის გვერდით ეძინა და ხორცისმჭამელი ყვითელი კბილები დაეკრიჭა. ამ კაცთან ერთად მოვიდა პიურაში სიხარული და ცოდვა...

კეთრით დასნეულებული ბანდიტი და კონტრაბანდისტი უზარმაზარ მდინარეზე ნავით მიჰყავს ერთადერთ მეგობარს უკანასკნელ ნავსაყუდელში, კეთროვნების თავშესაფარში ჩასაბარებლად. კაცი, რომელსაც ყველაზე მეტი უნდოდა ცხოვრებისგან, კლავდა და ძარცვავდა, დაუფიქრებლად სჩადიოდა დანაშაულს, ოღონდ საკუთარი სიღატაკიდან ამომძვრალიყო და თითქმის ამოძვრა კიდეც, ახლა ყველაზე უბედური ადამიანია დედამიწაზე და მაინც, ხელებზე შერჩენილი რამდენიმე თითით მაგრად ეჭიდება სიცოცხლეს, რომელიც ასე ვერაგულად მოექცა.

რევოლვერის ბარაბანში მოთავსებული ერთადერთი ვაზნა და პოლიციის უწყინარ სერჟანტსა და ქედმაღალ პლანტატორს შორის გამართული რუსული დუელი, ამის მომსწრე მოხუცი უსინათლო არფაზე დამკვრელი, რომელიც თვალხილულებზე შეუცდომლად ცნობს სიკვდილს, კოშკში გამოკეტილი, ბავშვობაში ბანდიტებისგან ენამოკვეთილი და მტაცებელ ფრინველებისგან თვალებდაკორტნილი მზეთუნახავი და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ადამიანთა მიერ გამოვლილი უამრავი ტანჯვა, სევდა და ბრძოლა.

ფინალი კიდევ იმისთანა, იშვიათად რომ მინახავს სადმე. უფრო სწორი იქნება - ვინმესთან.


Mario Vargas Llosa in 2000.Credit: Gérard Rondeau/Agence VU, via Redux

ეს ჩემი საყვარელი წიგნია. ვარგას ლიოსას „მწვანე სახლი“.

ამ კაცზე პირველად სტატია იმ დღეს დავწერე, როცა სტოკჰოლმში, ლიოსას ნობელის პრემია გადასცეს. ბერლინში, პრენცლაურბერგში, კაფეში გავიგე ეს ამბავი. მეტი აღარ დამილევია, ავდექი, მეტროთი წავედი კროიცბერგში, მეგობრის მიერ დათმობილ სახლში, კომპიუტერი ჩავრთე და დავწერე სულ რაღაც ერთ საათში. არც მახსოვს ასე სწრაფად რამე დამეწეროს.

Mario Vargas Llosa The Nobel Prize in Literature 2010

მოგვიანებით მის ნობელის პრემიის ლაურეატობასთან დაკავშირებული სხვა სტატიები წავიკითხე და ჩემი ყველას სჯობდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ავტორთა შორის მე ერთადერთი ვიყავი, ვინც ლიოსას შემოქმედებას კი არ ვიკვლევდი, არამედ წლები მქონდა მისით ნაცხოვრები.

ხდება ხოლმე ასე. არსებობენ საყვარელი მწერლები, საყვარელი წიგნები, დიადი წიგნები და საერთოდ უამრავი დიდი და პატარა სიხარული არსებობს მათთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს, მაგრამ კიდევ არსებობენ მწერლები, რომლებიც ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე შენი თანამგზავრები ხდებიან, რაღაცის განმსაზღვრელები. ასეთებთან შეხვედრებით შენი ცხოვრების ესა თუ ის პერიოდია ბეჭედდასმული. შენ გარშემო უამრავი რაღაც ხდება, კარგი, ცუდი, ტრაგიკული, სასაცილო და ხდება ესეც... არსებობს ადამიანი, რომელიც შენთვის მეტია, ვიდრე კარგი წიგნების ავტორი. ის შენია და მორჩა, შეიძლება უბრალო აჩემებით დაიწყოს ყველაფერი, როგორც ბევრი რამ იწყება ხოლმე, ისინი არსებობენ, გარდაცვლილებიც რომ იყვნენ, მაინც ცოცხლებზე რეალურები არიან და მათი გაზიარება მხოლოდ აჩემებული რჩეულებისთვის: შეყვარებულისთვის, მეუღლისთვის, საუკეთესო მეგობრისთვის გინდა. ათხოვებ მის წიგნს და მერე ღელავ, ვაითუ, არ გაგიჟდეს?! არმოწონებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ უნდა გაგიჟდეს აუცილებლად და მერე ბევრი უნდა ილაპარაკოთ...

ჰოდა, ლიოსას ნობელი თითქმის დაემთხვა იმ მომენტს, როცა მისი პერიოდი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, მაგრამ ცოტაც და გადამივლიდა. ძალიან გამიხარდა, ვიცოდი, უნდოდა. დაჯილდოებაზე ნათქვამი მისი სიტყვაც წავიკითხე და უკვე ხსენებული არაერთი სტატია მის შესახებ. ერთ-ერთიდან კარგად დამამახსოვრდა პასაჟი, რომელიც ჩემს აზრს ემთხვეოდა. სტატიის ავტორი ვარგას ლიოსას იმ მორბენალს ადარებდა, რომელმაც ერთხელ დაამყარა მსოფლიო რეკორდი და მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში მის გაუმჯობესებას ცდილობს - უსასრულოდ ვარჯიშობს, შეჯიბრებზე გამოდის, მაგრამ ვერაფრით აუმჯობესებს შედეგს. ავტორის აზრით, ლიოსას აბსოლუტური რეკორდი სწორედ „მწვანე სახლია.“

Madrid, March 1, 2006. (Photo by Joan Tomas/Contour by Getty Images)

ამასწინად მე ვნახე ინტერვიუ ლიოსასთან, რომელშიც რესპოდენტი მას პირდაპირ ეკითხებოდა, თქვენს რომანებს შორის რომელი მოგწონთ ყველაზე მეტადო, რაზეც მწერალი პასუხობდა „საუბარი კათედრალშიო“. ამ წიგნში ყველაზე მეტი შრომა მაქვს ჩანთხლეული, ყველაზე დიდხანს ვწერდი და საუკეთესო გამომივიდაო.

ვუყურებდი და ვიცოდი, იტყუებოდა. „საუბარი კათედრალში“ სულაც არ არის ან ჩემი ან ვინმეს დასაწუნი ტექსტი, უზარმაზარი რომანია, როგორც ავტორს სჩვევია, ადამიანთა ერთმანეთში გადახლართული დრამატული ბედით და მოვლენებით სავსე. წიგნი, რომელიც მისი რომანებიდან ყველაზე მეტად ჰგავს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებული მაქინაციებით, ამ არჩევნებში ჩართული ბანდიტებით და ვითომ შეურყეველი და ამავე დროს კომიკური და სულ ადვილად ჩამოქცევადი დიქტატურებით, მაგრამ ეს მაინც ის არ არის, რაც „მწვანე სახლი“. მეტსაც ვიტყვი, მე მჯერა, რომ წიგნზე ავტორმა ყველაზე მეტი იწვალა და რომანს ეს ეტყობა. დროში აქეთ-იქით ვირტუოზული ნახტომების მისეული სტილი ამ წიგნში ავტორმა აბსოლუტურად დახვეწა და გამოვიდა ყველაზე ლიოსასეული რომანი, რომელსაც სულ ცოტა არ ეყო მისეული რეკორდის გასაუმჯობესებლად. მგონი, ავტორს უბრალოდ დააკლდა პერსონაჟებისადმი თანალმობა, რის გარეშეც აბსოლუტური შედევრი აღარ შედგა.

„საუბარი კათედრალში“ ქართულად თარგმნილია, ისევე, როგორც „ვაცის ნადიმი“ და „ბოლო ჟამის ომი“. ეს დიდი წიგნებია. ისტორიული პანოები და ლიტერატურის მწვერვალები. ოდესღაც თარგმნილია მისი პირველი რომანი „ქალაქი და ძაღლებიც“. სწორედ მისი დაფურტკნული გამოცემა ვიყიდე ოდესღაც მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების კუთხეში მდგარი ქუჩის ბუკინისტისგან და მაშინ დაიწყო ყველაფერი...

„მწვანე სახლი“ კი აუცილებლად სათარგმნია.

რა თვისება აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ისეთი, რამაც გაგაოცათ? - ეკითხება რესპონდენტი მწერალს.


ღალატის უნარი - დაუფიქრებლად პასუხობს ვარგას ლიოსა და ამით მომხიბვლელ ბოდიშს უხდის ყოფილ ცოლებს და ყოფილ საყვარლებს. არ ვიცი, რამდენად დასაფასებელია ეს ჟესტი, მაგრამ გულწრფელია. დანარჩენი იმ ინტერვიუდან არაფერი დამამახსოვრდა. მოსაწყენობამდე პოლიტიკურად სწორი და კორექტული, სიბერეშიც ლამაზი მამაკაცი, რომლის „ვაცის ნადიმის“ მერე დაწერილ არცერთ წიგნს აღარ აღვუფთოვანებივარ, კაცი, რომლის მადლობელი ვიქნები მუდამ.

ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის - მარიო ვარგას ლიოსას სესიის ტრანსლაცია გაიმართება 30 ივლისს, 20:00 საათზე თიბისის ფეისბუქზე .


Image may contain: 2 people, text