ლიტერატურა

რაჭული შემოდგომის „მარგალიტები“

„საბა"

ოქტომბერი 26, 2021

შემოდგომის შვებულების რამდენიმე დღის გატარება რაჭაში გადავწყვიტე და ჩვეულებისამებრ თან რამდენიმე წიგნიც წავიყოლე, ყოველთვის ვიცი, რომ მათგან მხოლოდ ერთის წაკითხვას თუ მოვასწრებ, მაგრამ მაინც სულ 4-5 წიგნი მიმაქვს და იქვე ვწყვეტ ხოლმე რისი წაკითხვა მინდა.


ამ რამდენიმე წიგნს შორის ამჯერად მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტებიც“ იყო. ზუსტად არ მახსოვს რატომ შევაჩერე არჩევანი მასზე, რადგან არც წიგნზე და არც ავტორზე მანამდე არაფერი ვიცოდი, დავიწყე კითხვა:

„პარასკევობით ბელა ჩვენთან რჩება, ჩემსა და ანას შორის წვება და ფუმფულა ნაკეცებით ღუმელივით გვათბობს. მართალია, ბელაც ძალიან მიყვარს და ანაც, მაგრამ დღემდე მიჭირს პატიება, ერთი ჩემზე ორი თვით გვიან რომ გაჩნდა, მეორე კი - ერთი წლით, და, როგორც განტევების ვაცს, მე შემრჩა ბებიის სახელი მარგალიტა, შემოკლებით - მარგო.“

წიგნი მართლაც საოცარი გულწრფელობით და იუმორით არის დაწერილი, მთავარი გმირი მარგო 15 წლისაა, სვანეთისუბანში ცხოვრობს, ყველა მისი თანატოლის მსგავსად მარგოსაც აქვს პრობლემები ოჯახში, სკოლაში, კლასელებთან, საკუთარ გარეგნობასთან, მასაც უნდა ულამაზესი იყოს, უამრავ ბიჭს მოსწონდეს და მისი სახლის კედლები აჭრელდეს წარწერებით „მარგო, მიყვარხარ“, მაგრამ მარგოს ისეთი ოცნებებიც აქვს, რაზეც როგორც წესი მისი თანატოლები არც კი ფიქრობენ. უნდა მწერალი გამოვიდეს, სვანეთისუბნიდან ამერიკაში წავიდეს და იმდენი ფული ჰქონდეს, რომ ანანასი არასდროს მოაკლდეს. მარგოსთან ერთად წიგნის მთავარი გმირები მისი 14 წლის და, ულამაზესი ანა და მარგოს თანატოლი და თანაკლასელი, საყვარელი ბიძაშვილი ბელა არიან. მარგო, ანა და ბელა ისეთ ამბებზე ლაპარაკობენ, ისე იქცევიან და იმაზე დარდობენ, რაც ყველა თინეიჯერისთვის ნაცნობია და იმ 90-იანების ბნელ თბილისში, სადაც ყოველი საღამო ლამპის სუსტი შუქის ფონზე ილევა, მათთვის ნათელი ამბები და ზოგჯერ პატარა სასწაულებიც კი ხდება.

შეიძლება ვინმემ გითხრათ, რომ ეს წიგნი განსხვავებულ 1990-იან წლებს აღწერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ „მარგალიტები“, მძიმე დროს იმ ბავშვების თვალით დაგანახებთ , რომელთაც ბავშვობა არ დასცალდათ. 

ვკითხულობდი ამ რომანს და ვფიქრობდი, როგორი მსუბუქი, თან როგორი მძიმე, მაგრამ, როგორი ნაცნობია მთელი ეს ისტორია - ასე მეგონა, ასჯერ მომისმენია, ასი სხვადასხვა ადამინისგან. მეგობრის უფროსი დისგან, მეზობლისგან, შორეული ნათესავისგან, ვიღაცის დედისგან.  მეცნობოდა ყველაფერი: მეგობრობის დღიური, შეშის ღუმელი, ნავთის ლამპა, თმის ტანსაცმლის უთოთი გასწორება და მეცნობოდა ყველა: ვფიქრობდი რამდენ „მარგალიტას“ ვიცნობ, რამდენი „ანა“ და „ბელა“ ვიცი და რამდენი „რომას“ მშობელი მინახავს და რამდენჯერ მომისმენია ისტორიები დროზე ადრე გაზრდილი ადამიანებისგან, რომლებსაც ისეთი რაღაცების გაძლება მოუწიათ, რისი გაძლებაც შეუძლებელი მეგონა, მაგრამ მაინც გულისფრიალით ვკითხულობდი და თითქოს იმ ხალხის ისტორიისგან განსხვავებულ ბოლოს ვებღაუჭებოდი.

კითხვა ღამის სამისკენ დავასრულე, სიმწრის ცრემლები ერთმანეთს უერთდებოდნენ. ვცდილობდი, ტირილის ხმა მაქსიმალურად შემეკავებინა, რომ არავინ გამეღვიძებინა. შვებულების დარჩენილი სამი დღისთვის ამდენივე წიგნი მეგულებოდა, თუმცა რაჭული შემოდგომა ისევ 90-იანების სვანეთისუბანში, მარგოსთან, ანასთან და ბელასთან ერთად გავატარე.


ავტორი: ნატა ჟვანია