კულტურა

ქართული ანიმაცია - "პატარა ხოჭო"

საერთაშორისო ფესტივალების შემდეგ, ანიმაციური ფილმი „პატარა ხოჭო“ ქართველი მაყურებლის წინაშე.

მაისი 20, 2020


„ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან რთული ამბავი“ - ასე დაახასიათა ფესტივალის დირექტორმა გამარჯვებული ნამუშევარი, როდესაც 2018 წელს, ამერიკაში, როდ-აილენდის შტატში, Avalonia Festival-ის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, ელენე სებისკვერაძის (EleneSebo) „პატარა ხოჭომ“ საუკეთესო 1 წუთიანი ანიმაციური ფილმის ჯილდო აიღო.



ავტორმა უჩვეულო წარმოსახვის უნარითა და ოსტატობით - რეალური სამყარო, მთავარი გმირით კი ადამიანის განზოგადებული, სიმბოლური სახე შექმნა. გასაგები და მარტივი სიუჟეტით, მებრძოლი და მეოცნებე ხოჭოს ისტორია სიცოცხლისა და გადარჩენისათვის ბრძოლის იდეას ატარებს. 


1 წუთში ჩატეული სათქმელი და თემატიკა იმდენად საყოველთაო აღმოჩნდა, რომ ნამუშევარმა სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალები წარმატებით მოიარა, ერთმანეთისგან განსხვავებული, სხვადასხვა ეროვნების მაყურებლის საუკეთესო შეფასებები და აღიარება დაიმსახურა და ჯამში 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა: ამერიკაში საუკეთესო 1 წუთიანი ანიმაციური ფილმის ჯილდო, ხორვატიის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალზე - ოქროს მედალი (25th Croatian One-Minute Film Festival), ბულგარეთის ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე - Golden Kuker-Sofia კი, Special Mention ჯილდო აიღო.


ხოჭოს 1 წუთიან ისტორიას, სადაც მთავარ გმირს მისთვის სასურველი და საოცნებო ულამაზესი, ყვავილებიანი გარემო მუდმივად თან დააქვს, ავტორი 3 თვის განმავლობაში ქმნიდა. ფილმის იდეის ავტორი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და მხატვარ-ანიმატორიც თავად ელენეა. მუსიკა და ხმა სანდრო ჩინჩალაძეს (TeTe Noise) ეკუთვნის.


„ანიმაცია ძალიან სინთეზური სფეროა და ის ხელოვნების თითქმის ყველა დარგს აერთიანებს. მინდოდა მომესინჯა საკუთარი ძალები და შესაძლებლობები და დამოუკიდებლად შემექმნა ნამუშევარი. სწორედ ამ მიზნით და სურვილით შეიქმნა ჩემი პირველი ანიმაციური ფილმი - „პატარა ხოჭო“. მუშაობის პროცესი ძალიან დიდ დროს, ნებისყოფასა და რაც მთავარია, დიდ სიყვარულს მოითხოვდა. პროფესიით არქიტექტორი ვარ და ეს ძალიან დამეხმარა იმიტომ, რომ არქიტექტურამ სივრცითი ხედვა ჩამომიყალიბა, რაც ანიმაციაში მნიშვნელოვანია.“


- ელენე სებისკვერაძე.


ავტორს მთავარ გმირად პატარა ხოჭო შემთხვევით არ შეურჩევია. ძველი ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, ხოჭოს საოცარი ძალა აქვს გაიმეოროს მზის ციკლი - სიბნელიდან კვლავ სინათლისკენ, აღდგეს და გარდაისახოს სრული დაცემიდან აღზევებამდე. ეგვიპტელები ხოჭოს წრიული ფორმის გამო მზეს ადარებდნენ, რომელიც თავის თავში ყოველივე ცოცხალის საწყისს ატარებს.



ამბის დასასრულს, ბოლო კადრით და ფრაზით - “to be continued” რეჟისორი მაყურებელს დილემის წინაშე გვაყენებს, არჩევანის საშუალებას გვიტოვებს და ჩვენს წარმოსახვას ანდობს - რა ბედი ეწია ხოჭოს.




„ვფიქრობ, ფილმის მთავარი თემა ყველა ადამიანს პერიოდულად, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწუხებს. ფესტივალებზე არაერთი ადამიანისგან მოვისმინე, რომ ამ ანიმაციაში საკუთარი ცხოვრების გზა ამოიცნეს, პერსონაჟში კი - საკუთარი თავი დაინახეს. ეს ნიშნავს, რომ ნამუშევარი ცოცხალი და მრავალწახნაგოვანია, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას გააზრებული და შედარების საშუალებას იძლევა.“



მიუხედავად იმისა, რომ 1 წუთიანი ანიმაცია თავის თავში მთლიანად დასრულებული ნამუშევარია, ავტორმა სიუჟეტის განვითარება გადაწყვიტა.


„მეორე ნაწილის მთავარი კონცეფცია, სირთულეების შედეგად ახალი უნარებისა და თვისებების აღმოჩენაა. განსაცდელმა შეიძლება დაგამარცხოს, ან პირიქით - გაგაძლიეროს, წინსვლისა და განვითარების წინაპირობად იქცეს. ორივე ნაწილში ძალიან დიდ როლს თამაშობს გარე ფაქტორები - გარემო, რომელიც პირველ შემთხვევაში დიდ განსაცდელში ჩააგდებს პატარა ხოჭოს, მეორე შემთხვევაში კი გადარჩენაში დაეხმარება. ამჟამად ვმუშაობ სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტზე და ასევე სხვადასხვა პროექტის განვითარებაზე, მათ შორის „პატარა ხოჭოს“ გაგრძელებაზეც, რომლის დასასრულებლად დაფინანსების ძიების პროცესში ვარ.“


მანამ სანამ ამ ისტორიას გაგრძელება ექნება, რამდენიმეწლიანი საფესტივალო ცხოვრებისა და სხვადასხვა საერთაშორისო აღიარების შემდეგ, „პატარა ხოჭო“ ქართველ მაყურებელს პირველად ხვდება.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი