ლიტერატურა

ლიტერატურა - განსხვავებულთა ერთიანობის სივრცე

"საბა"

მარტი 29, 2020

რისთვისაა ლიტერატურა? ამ კითხვაზე ყველა მკითხველს სხვადასხვა პასუხი ექნება, ზოგი რას იტყვის, ზოგი რას, მაგრამ ერთ რამეზე ყველა შეთანხმდება, რომ ლიტერატურა იმისთვისაა, რომ ადამიანებს ადამიანები დაანახოს.


თქვენც ხომ გვეთანხმებით? განა არსებობს ადამიანი, რომლის მსგავსი პერსონაჟი არ შეგვხვედრია? ლიტერატურა რენტგენივითაა, იტყვი, კაცო, ეს ანა კარენინა ჩემს მეზობელ თამარას როგორ ჰგავს, მოდი, დავუმეგობრდები, რა დარდები აქვს გავიგო, იმანაც ასე ცუდად არ დაასრულოს სიცოცხლეო.


ლიტერატურა განსხვავებულთა ერთიანობის სივრცეა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როცა ადამიანურ პრობლემებს, განსხვავებებს, მიღებას, სიყვარულს და შესაძლებლობებს ეხება.


რამდენიმე წიგნი უნდა გაგახსენოთ, რომელიც უნდა წაიკითხოთ, ხომ არ დაგეზარებათ?


1.   მარკ ჰედონი, რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები

ეს წიგნი იმათთვისაა, ვინც ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი უნდა იყოს და კიდევ იმათთვის, ვინც ასე არ ფიქრობს - ანუ ყველასთვის!


15 წლის ქროსტოფერ ბუნი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერია, მას ბევრი ისეთი რამ შეუძლია, რასაც სხვები ვერ ახერხებენ - მაგალითად, ერთმანეთზე გაამრავლოს მრავალნიშნა ციფრები და ამოხსნას ურთულესი ლოგარითმები. მაგრამ ზოგჯერ ადამიანთა გრძნობების, იუმორის, იდიომების გაგება უჭირს, ადამიანები ხომ ზოგჯერ მართლაც ძალიან რთულად და გაუგებრად მეტყველებენ. ბიჭს ასპერგერის სინდრომი აქვს, უყვარს მათემატიკა და მსოფლიოს მთელი რუკა პატარა თავში აქვს მოთავსებული...


"რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები" ბრიტანელი მწერ­ლის, ილუსტრატორისა და სცენარისტის, მარკ ჰედონის გახმაურებული წიგნია. ავტორი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის ბავშვებთან, რამაც განაპირობა ასპერგერის სინდრომის მქონე კრისტოფერ ბუნის პერსონაჟის დამაჯერებლობა. წიგნი უიტბრედის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია; ასევე მიღებული აქვს "გარდიანის" პრემია, როგორც საუკეთესო საბავშვო რომანს, და მრავალი სხვა პრიზი. ავტორი ბუკერის პრემიის კანდიდატების თავდაპირველ სიაშიც მოხვდა.




2.    პენი ჯოლსონი, მე არაფერს ვმალავ


წიგნის მთავარ გმირს, 14 წლის გოგონა ჯემას ურთულესი ფორმის ცერებრალური დამბლა აქვს, თუმცა, მთავარი სულ სხვა რამაა, წიგნში აღწერილია ერთი ოჯახის ცხოვრება, რომელმაც სამი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვი იშვილა და დიდი სიყვარულით ზრდის მათ: ჯემას პატარა ძმას აუტიზმი აქვს, პატარა დას კი ფსიქიკური პრობლემები აწუხებს. თუმცა მშობლები წარმატებით ახერხებენ თავი გაართვან ყველანაირ სირთულეს და თავიანთ შვილებს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ბავშვებს, ისეთებს იღებენ, როგორებიც არიან.


3.   დენიელ კიზი, ყვავილები ელჯერნონისთვის


ეს საოცარი ამბავი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, წააკითხოთ შვილებს და ახლობლებს.


გჭირდებათ 5 მიზეზი რატომ უნდა წავაკითხოთ შვილებს დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“?


1. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ისინი ნაკლებად დასცინებენ სხვებს;

2. მიხვდებიან, რომ ყველა ადამიანი განსაკუთრებულია, მიუხედავად პროფესიისა, გონებრივი მონაცემებისა და წაკითხული წიგნების რაოდენობისა;

3. წიგნის საინტერესო, დრამატული და ჰუმანური ამბავი არავის დატოვებს გულგრილს;

4. ისწავლიან, რომ ყოველ მედალს ორი მხარე აქვს.

5. უფრო მეტად შეიყვარებენ ადამიანებს.




4.   ვიქტორ ჰიუგო, კაცი, რომელიც იცინის



გახსოვთ ბავშვობის ყველაზე ტკივილიანი და ტრაგიკული, იდუმალი აჩრდილები? ბიჭი, რომელსაც ცხოვრება დაუმახინჯეს, დიდგვაროვანთა ფარული ბრძოლა, ლორდთა პალატის საიდუმლო ამბავი, დიდი საიდუმლო და კაცი, რომელიც იცინის, კაცი, რომელიც ტირის, კაცი, რომელიც დარდობს, კაცი, რომელსაც უყვარს - უნაზესი, უსინათლო გოგონა დეა, სიყვარულით სავსე გულით, დეა, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, მშვენიერი, ტრაგიკული და ფაქიზი ქალი პერსონაჟია.




5.   შერონ მ. დრეიპერი, გონების მიღმა


სიტყვების არარსებობა დასასრული არ არის, ზოგჯერ მიზანი თავად მიდის სიტყვებთან, თავად ეძებს სიტყვებს. მიზანი – ჩვენს სათქმელში იბადება. იბადება სულ სხვადასხვანაირად.


შერონ დრეიპერის რომანის გმირს, მელოდის, ცერებრალური დამბლა აქვს და სკოლაში სწავლობს. ის ძალიან ჭკვიანი და მიზანსწრაფულია, თუმცა მისი არ სჯერათ, საუბარს ვერ ახერხებს, მხოლოდ სპეციალური დაფის საშუალებით გამოხატავს თავის აზრს, თუმცა, მის გონებაში საოცარი ამბები ხდება. ბოლოს და ბოლოს, მელოდი ახერხებს თავისი სათქმელი, თავისი მელოდია ხმამაღლა თქვას და ყველას დაუმტკიცოს, რო ის „ნორმალურია“ და ყველაფერი შეუძლია.



6.  ანტუან დე სენტ ეგზიუპერი, პატარა პრინცი


გაგიკვირდათ ამ წიგნის ამ სიაში აღმოჩენა?


თუ კი აუტიზმის მქონე ბავშვს ლიტერატურული პერსონაჟებიდან ვინმე ჰგავს, ეს ალბათ ეგზიუპერის პატარა პრინცია... გზა, საკუთარი, შინაგანი პლანეტიდან გარეთ, ადამიანებისკენ, სამყაროს შეცნობისა და შთაბეჭდილებებისკენ...მოუთმენლობა, იქნებ უკონტექსტო და უცნაური კითხვები, აკვიატება, რუტინული ჩვევები... სირთულით, იმედგაცრუებებითა და სიყვარულით სავსე გზა... შეიძლება ზოგან უდაბნო იყოს, ზოგან - ვარსკვლავებს თვლიდნენ, ზოგან - საკუთარი თავის უზომოდ მოყვარული ეგოისტი ხელმწიფეც შეხვდეს.... მაგრამ ყველაზე მთავარია, ერთი მელია-მეგობარი მაინც აღმოჩნდეს ამ გზაზე, მოუსმინოს, გაუგოს და შეიყვაროს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სხვებს სულაც არ ჰგავდეს. მთავარია, მის გულში მუდამ ანთია სიყვარული - ეს ოთხეკლიანი, თავისნათქვამა და თავნება ვარდი.


ამ სიაში კიდევ ბევრი წიგნი შეიძლება ყოფილიყო, სევდიანი ამბავი ყბაჩასა და მის უსინათლო შეყვარებულზე, ულამაზეს თინაზე, რუბენ გალიეგოს სასტიკი ამბები, ეკა ტოგონიძის „ასინქრონი“, ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“ - ისე ნატურალისტურად, პირდაპირ აღწერილი სიმართლე, რომ ძვლები შეიძლება გეტკინოს, შტეფან ცვაიგის „მოუთმენლობა გულისა“ და მოუთმენელი სიყვარულის ისტორია, ირმა მალაციძის „ფატია“, სულაც ჰომეროსს ვახსენებდით, ყველაზე დიდ გენიოსს... ინა არჩუაშვილის, ბესო ხვედელიძის და სხვა მწერლების მოთხრობათა პერსონაჟები... იქნებ თქვენ თქვენი, სხვა წიგნები გაგახსენდეთ.



ავტორი: saba.com.ge