ლიტერატურა

ლიტერატურის 25 წელიწადი

„საბა“

ნოემბერი 30, 2020

ამდენია 25 წელი მკითხველის ათვლით? და საერთოდ, როგორია მკითხველის წელთაღრიცხვა? თუ 25 წლის წინანდელ საქართველოში გადავიხედებით, მხედრიონით, სიცივით, ომით, უარაფრობით სავსე ქვეყანაში, კიდევ უფრო წარმოუდგენლად მოგვეჩვენება, რომ ენთუზიასტმა ადამიანებმა, ქვეყანაში, სადაც უგრძესი პურის რიგი და შუქის მოსვლის იშვიათი პერსპექტივა იყო, ახალი გამომცემლობა დააარსეს, მას სანთლით ცოდნის ძებნა დაავალეს და „დიოგენე“ დაარქვეს.


25 წლის წინ მხოლოდ საქართველოს კი არა, ქართველ მკითხველსაც ახალი მოპოვებული ჰქონდა დამოუკიდებლობა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ის დრო იყო, როცა წიგნებს პურსა და თევზის კონსერვში ცვლიდნენ, ქართველმა მკითხველმა მაინც იგემა ახალი - ცენზურისა და შუამავლების გარეშე მოსული მსოფლიო ლიტერატურა.

სახელები, რომელიც აქამდე მხოლოდ გაგვეგო ან ათასგვარ ცენზურაგამოვლილ ლიტერატურულ ჟურნალებში თუ მრავალტირაჟიან გამოცემებში წაგვეკითხა, ახლა უკვე ზედმეტი ჩარევის გარეშე, შესანიშნავი თარგმანების საშუალებით მივიდნენ ქართველ მკითხველთან....

ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მკითხველი და ქართული წიგნის ბაზარი ერთად გაიზარდნენ, გაიზარდნენ და თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში ჩართვის, თანადროულობისა და ადეკვატურობის ფასიც ისწავლეს.

დაიწყო და დაიწყო. პირველი სამი წიგნი: ასტრიდ ლინდგრენის „ცეროდენა ნილს კარლსონი“, ჯემალ ქარჩხაძის „იუპიტერის სინანული“ და კარლ გუსტავ იუნგის „სიზმრები“ იყო - ლექციებისა და სტატიების კრებული. გამოცემები წარმატებული აღმოჩნდა და იმ დღიდან „დიოგენე“ ხარისხიანი ლიტერატურის, საჭირო და მნიშვნელოვანი წიგნის, კარგი და პროფესიონალური თარგმანის სინონიმია. მსოფლიო თუ ქართული თანამედროვე ლიტერატურის ბევრი ვარსკვლავი, კლასიკოსი, მნიშვნელოვანი სახელი, რომლის გარეშეც მსოფლიო ლიტერატურული კალეიდოსკოპი წარმოუდგენელია, ქართველმა მკითხველმა სწორედ „დიოგენეს“გავლით წაიკითხა. ზოგიერთი მანამდეც კი, სანამ სამშობლოში გამოიცემოდა. 

თანდათან იზრდებოდა მკითხველი და იზრდებოდა წიგნების თაროც. მოდიოდნენ ახალი ავტორები, მათ შორის ზოგიერთი, საქართველოს ესტუმრა კიდეც. ქართული საგამომცემლო სფერო თანდათან ძალას იკრებდა, იყო მნიშვნელოვანი კონკურსები, მათ შორის, ახალგაზრდა მთარგმნელთათვის, ქართული პროზისა და პოეზიის გამოცემები.


ბევრმა ავტორმა, რომელიც „დიოგენემ“ გამოსცა, დიდი კვალი დაამჩნია ქართულ ლიტერატურას, ლიტერატურული კონტექსტი და თანამედროვეობა სხვაგვარად დაგვანახა.


აღმოსავლური თუ დასავლური ლიტერატურის ხმაურიანი სახელები, ნობელისა და ბუკერის პრემიის ლაურეატი მწერლები, წიგნები, რომლებმაც მსოფლმხედველობა შეცვალეს, ქართული მთარგმნელობითი სკოლის ბრწყინვალე ნიმუშები, მოკლედ, ყველაფერი ის, რამაც მკითხველის თაროსა და გულში ერთნაირად დაიმკვიდრა ადგილი.


ოსტერი, ეტვუდი, კუტზეე, ფამუქი, თარაყი, კინგი, ვუდჰაუსი, ზებალდი, ჰრაბალი, რუშდი, ეკო,ფაულზი, მილერი და სხვანი და სხვანი. ამასთანავე, ქართული ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი წიგნები, პოეზია და პროზა, და, რაც მთავარია, საბავშვო ლიტერატურა, სწორედ „დიოგენეს“ საშუალებით წაიკითხეს ქართველმა ბავშვებმა ლინდგრენის ჯერ გამოუცემელი წიგნები.

დღეს „დიოგენე“25 წლისაა და ახლა ყველაზე კარგად იცის მკითხველმა, რომელი გამომცემლობის თაროს მიაკითხოს, თუ რამე განსაკუთრებულს ეძებს, მიაკითხოს და თავადაც აღმოაჩინოს მისი უდიდებულესობა ლიტერატურა, მსოფლიო შედევრების შესანიშნავი ქართული თარგმანები და ქართველ ავტორთა მნიშვნელოვანი ტექსტები. მკითხველმა იცის, რომ ამ თაროზე ყოველთვის მოიძებნება რაღაც ახალი და განსაკუთრებული.



ავტორი: დიანა ანფიმიადი