დიდი ლიტერატურული თავგადასავალი "პატარა ქვეყანაში"

სექტემბერი 13, 2022

მთავარი ლიტერატურული პრემიის დაარსებიდან უკვე 20 წელი გავიდა, არადა, ძალიან მკაფიოდ მახსოვს „საბას“ დაჯილდოების პირველი ცერემონიალი ფუნიკულიორთან, ნახევრად დანგრეული რესტორნის გვერდით.

2002 წელს, მაშინ, როცა ეს ლიტერატურული პრემია დაარსდა, ქართულად ძალიან ცოტა წიგნი გამოიცემოდა, კერძო ორგანიზაციის მიერ დაარსებული ლიტერატურული პრემიები კი არც არსებობდა, შესაბამისად, სრულიად უცხო და მით უფრო წიგნთან დაკავშირებული სიახლის შეთავაზება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ, პირველ ყოვლისა, ათმაგად დასაფასებელია მაშინ სრულიად ახალგაზრდა (და ახალბედაც) ავტორების - ლაშა ბუღაძის, რატი ამაღლობელისა და დათო ტურაშვილის ეს ბრწყინვალე და თამამი იდეა - იმ დროს და იმ გარემოში დაარსებულიყო ლიტერატურული პრემია, რომელსაც გასცემდა არა სახელმწიფო, არამედ კერძო ორგანიზაცია მიუკერძოებელ და კომპენტენტურ ჟიურიზე დაყრდნობით. 


ასევე, ძალიან მკაფიოდ მახსოვს დაჯილოდოების პირველი ცერემონიის ორგანიზატორის, უყოჩაღესი მაიკო ძირკველიშვილის მონდომება და თავდადება - მაშინ ხომ ნებისმიერი სახის ღონისძიების ორგანიზება და გამართულად ჩატარება ძალიან რთულიც იყო და ძალიან იშვიათიც.


პრემია „საბა“ პირველსავე წელს ჩვენმა გამოცემულმა სამმა წიგნმა მოიპოვა, მათ შორის - აკა მორჩილაძის ძალიან საინტერესო და, მაშინდელი თვალთახედვით, სრულიად ახლებურმა, უცნაურმა რომანმა "შენი თავგადასავალი", რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასიხარულოც იყო და საამაყოც. სხვათა შორის, იმ წელს სხვა ძალიან კარგ ავტორებთან ერთად აკა მორჩილაძის კონკურენტი გახლდათ ზაირა არსენიშვილი თავისი არაჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას, ეპოქალური რომანით „ვა, სოფელო“, რომელიც წლების შემდეგ ხელახლა „აღმოვაჩინეთ“ და მას ახლა უკვე ჩვენი გამომცემლობა გამოსცემს. 

პირველი „საბა“ მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო იმდენად, რამდენადაც პირველი იყო, თუმცა, ჩემთვის განსაკუთრებულია 2018 წლის „საბა“, რომელიც ფრანკფურტში შედგა. შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან 2018 წელს საქართველო სტუმრის სტატუსით წარდგა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში გაიმართა. ეს უზადოდ ორგანიზებული ღონისძიება ძალიან ამაღელვებელი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, იქ ყოფილიყო, და ათმაგად ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის, ვინაიდან ამ ცერემონიალზე მერგო უდიდესი პატივი, გოეთეს ქალაქში გოეთეს „ფაუსტისთვის“ მიმეღო ჯილდო შესანიშნავი მთარგმნელის, დავით წერედიანის, სახელით. ბატონი დავითი მიზეზთა გამო ვერ დაესწრო აღნიშნულ ღონისძიებას და ამ საპატიო მისიისთვის მე ამირჩია. ეს იყო ზუსტად ის წამი, რომელსაც ფაუსტისამებრ ვეტყოდი: „შეყოვნდი, წამო, ხარ მშვენიერი!“.


ქართული ლიტერატურის ამ დიდ წარმატებაზე - მის საერთაშორისო აღიარებაზე - ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენა მოახდინა მთავარი და დამოუკიდებელი ლიტერატურული პრემიის არსებობამ. ლიტერატურული წრეებისა და გამომცემლობებისთვის, პირველივე დაჯილდოების შემდეგ ცხადი გახდა, რომ „საბა“ ლიტერატურულ პროცესს ძალიან შეუწყობდა ხელს. საბედნიეროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა - „საბა“ ლიტერატურული პროცესის განუყოფელი ნაწილი და განმსაზღვრელიც კი გახდა: დღეს, 20 წლის შემდეგ, ავტორებიცა და მკითხველებიც სულმოუთქმელად ელიან „საბას“ მოკლე სიის გამოქვეყნებას და შემდგომ გამარჯვებულების გამოვლენას; „საბამ“, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ლიტერატურის და ზოგადად, კითხვის პოპულარიზაციის საქმეში, რაც მთავარია, ინტერესი გააჩინა თანამედროვე ქართველი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების, ასევე ქართულად თარგმნილი უცხოური ლიტერატურის მიმართ.

ერთი სიტყვით, „საბას“ ლაურეატობა ძალიან პრესტიჟულია, თუმცა, პირდაპირ კავშირს წიგნის მოკლე სიაში მოხვედრას ან პრემიის მინიჭებასა და გაყიდვების მაჩვენებლების ზრდას შორის, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ჩვენი გამომცემლობა ყოველთვის აღნიშნავს სარეკლამო არხებში, მათ შორის წიგნის მაღაზიებშიც, რომ ჩვენ მიერ გამოცემული ესა თუ ის ჩვენი წიგნი პრემირებულია, მაგრამ გაყიდვებზე ჯერჯერობით არსებით გავლენას ვერ ახდენს. პრემირებული წიგნების მიმართ წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი გამომცემლების ინტერესიც, თუმცა, მათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე იმდენი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომ, სამწუხაროდ, „საბას“ როლის გამორჩევა რთულია ხოლმე.


სირთულეების მიუხედავად, გვჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მეტი ძალისხმევით კი მეტი და მეტი წარმატების მიღწევა შეიძლება! „სულაკაურის გამომცემლობისთვის“ ყოველთვის ძალიან დიდი პატივია „საბას“ პროფესიონალების გუნდთან თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენი ავტორები ყოველ წელს ხვდებიან „საბას“ ნომინანტებსა და ლაურეატებს შორის. 2002 წლიდან დღემდე „სულაკაურის გამომცემლობის“ 25-ზე მეტმა წიგნმა მიიღო „საბა“, მათ შორის ათი წლის საუკეთესო რომანია. წელსაც ჩვენი ყველა მნიშვნელოვანი გამოცემა მოხვდა მოკლე სიაში და წელსაც განსაკუთრებული ინტერესითა და იმედით ველოდებით საბას 20-ე დაჯილდოებას. 

გვიხარია და გვეამაყება, რომ დამოუკიდებელი ლიტერატურული პრემია „საბა“ ღირსეულად აგრძელებს არსებობას! გილოცავთ 20 წლის იუბილეს და წარმატებებს გისურვებთ!




ავტორი: თინა მამულაშვილი, თამარ გავაშელი