მუსიკა | ცა

ლისის საოცრებათა ქვეყანა

Tsa.Music

ივნისი 25, 2021

ლისი მზიანი ადგილია.

და როგორც ალისას, ისე ლისსაც თავისი პირადი საოცრებათა ქვეყანა აქვს, რაც თბილისს სრულიად არ ჰგავს.

Tbilisi Open Air ყოველ წელს ნაირნაირ ბედნიერ დღეებს ქსოვდა ხოლმე ჩვენთვის. წელს, პანდემიის გამო, დიდი ფესტივალი სერიებად დაიშალა. თუმცა, იმედია, მომავალ წელს მაინც შევძლებთ, ისევ ვუყუროთ ვარსკვლავებს ლისიდან, ვიცეკვოთ ზოგჯერ სიზმრისეული, ზოგჯერ კი - მძიმე მუსიკის ფონზე მეგობრებთან ერთად იმ სივრცეში, რასაც Lisi Wonderland ქმნის ასე გულწრფელად ყოველ ზაფხულს. 

განსაკუთრებული რამ, რაც ფესტივალს ახასიათებს, თითქოს ის უნიკალური მეხსიერებაა, რასაც როგორც საკუთარ თავთან, ისე - სხვებთანაც უნებლიეთ ვაზიარებთ.

ამავე გამოცდილებაში კი ყოველი მისი მორიგი ფერადი დღე თავისივე მოგონებებით იტვირთება, რაც, საბოლოოდ, ჩვენი ერთადერთი მეგზური ხდება, გავიხსენოთ და ამ გზით, საოცრებათა ქვეყანაში ხეტიალი განვაგრძოთ. 

26-27 ივნისს კი, წვრილმანი ბედნიერებებით სავსე ადგილი ისევ 2-დღიან თავგადასავალს უდებს სათავეს.

შაბათს, Lisi Wonderland მეხუთე სერიას Alfreda Stiegliz იწყებს თავისი მუსიკალური სელექციით. მელოდიურობით, მისი სეტი ყოველთვის მრავალფერ შრეს მოიცავს ერთდროულად. არეთა ლუის ფრანკლინის “Oh Tenenbaum”-იდან “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”-ს ერთ-ერთ თბილ სიმღერამდე - “Pure Imagination” არსებულ უდიდეს გრადაციაში მუსიკა წარსულის ამაღელვებელი ხმებით ივსება. ეს უკანასკნელი კი, თითქოს არსაიდან წამოსული ნოსტალგიური განცდებით მოიცემა.

ჩემთვის, დაახლოებით, იმავე შეგრძნებებითაა სავსე ეზო ფესტივალის რეზიდენტის, ლევი ბერიშვილის მუსიკა, რომელიც სასცენო სახელით - Levi Love Disco 26 ივნისს დაუკრავს. დისკოსა და ჰაუსის სინთეზში გახვეული ტკბილხმოვანებით, რაც მის მუსიკალურ სელექციას თან სდევს, მსმენლის იქ ყოფნის გამოცდილება გაცილებით ფერადი და ხელშესახები ხდება.

დღე Digital Groove Affair-ით გრძელდება, 80-იანების დისკოთი ინსპირირებული სოლო გაგუას და გიორგი კაკოიშვილის სეტით, რომელიც სრულიად სხვაგვარ თავგადასავალს ჰგავს ჩიკაგოს ჰაუსის ესთეტიკის თვალსაზრისით. 

Digital Groove Affair-ს Half Moon a.k.a Tornike Gagoshvili, 2019 წლის ნიუქამერი ანაცვლებს, რომლის კომპოზიციების ძირითადი ნაწილი აკუსტიკურ ან ელექტრონულ გიტარას ეთმობა, რაც ჟანრობრივად საკმაოდ განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის. 

საღამოს კი, სცენა 4D Monster Lobsters-სა და არა-ს ეთმობა. ქართული ფსიქოდელიური სინთ-პოპ ბენდი, 4D Monster Lobsters 4 წევრისგან შედგება: ბექა თევდორაშვილი, სანდრო ფაილოძე, გიორგი სარჯველაძე და თენგო ნოზაძე. მათი მუსიკა, ჩემთვის, უნიკალური ხასიათის მატარებელია, სიზმრისეულ ნოტებში გაჟღენთილი მკაფიო მეტაფორული ენა პირდაპირ საუბრობს მსმენელთან, რაც მათი მოსმენისას სივრცესაც ტრანსცენდენტულს ხდის.

სინთეზატორული მელოდიების შემდეგ, ჯგუფი „არა” ასრულებს შაბათ დღეს, რომლის კომპოზიციებითაც მუსიკა საკმაოდ მარტივად და, ამავდროულად, თბილი შეგრძნებებით მოიცემა. 

კვირას, სცენა ქართველ არტისტს, ზუკა ბაბუნაშვილს ეთმობა - სასცენო სახელით, Zesknel. იმ აკუსტიკური გამოცდილების შექმნა, რაც Zesknel-ს საკუთარ სეტებზე გამოსდის, ბნელ და უსასრულოდ ღრმა სივრცეებში მოგზაურობას ჰგავს. დიფ ტექნოს ჟღერადობის მუსიკას კი, ემბიენთ ტონი გასდევს თან, რაც, საბოლოოდ, ჩემთვის, Zesknel-ის მიერ შექმნილ, თავისებურ ხმად ითარგმნება.

მასთან ერთად, დავით კოვზირიძეც თავისი პროექტით - “Kodzo” იკავებს მთავარ სცენას, რაც ჟანრობრივად, თითქმის იგივე ხასიათით გრძელდება. 

მორიგი ქართველი მუსიკოსი, ერეკლე გეწაძე, რომელიც თეატრისთვის წერს მუსიკას, მის პირად პროექტში, ელექტრონულ ჟანრში, სრულიად ახალ, ბუნებრივ ხმებს უყრის თავს. ატმოსფეროს შექმნაც ასეთივე ბუნებრივობით ხდება, ისევე ნამდვილად, როგორებიც ხმები არიან მის კომპოზიციებში.

მის შემდეგ, „შიშველი ხეების” ჯერია, და იმის, რომ მზე ისევ არ ჩანს. „წერილის” მთავარი სულისჩამდგმელი გია თოიძეა. 1995 წელს, თბილისში ჩამოყალიბებული ჯგუფი „ამორალი”, ხოლო 2001 წელს ახლად აღდგენილი “წერილი”, ორი უცვლელი წევრისგან, გია თოიძისა და ლევან სვანიძისგან შედგება. მათი ბოლო ალბომი, „მასაში გხედავ”, 2019 წელს გამოიცა. 

კვირა საღამოს ერეკლე დეისაძე ასრულებს. მისი ალტერნატიული მუსიკა, როგორც ჟანრი, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართული მუსიკის სცენაზე. ყოველი კომპოზიცია მკაცრად განსაზღვრული მნიშვნელობის მატარებელია და ერთმანეთს არ ჰგავს.

ის, რასაც თვეების განმავლობაში ველოდებოდით, გვაკლდა და გვენატრებოდა, მეგობრებთან ერთად ცეკვა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, ბუნებაში განტვირთვა და ახალი მოგონებების შექმნა, ხვალ ლისთან ერთად გვიბრუნდება.

ავტორი: სალომე ბერძენიშვილი

ფოტო: რეზი ყენია | თორნიკე შენგელია | იკა ხერგელია