მუსიკა | ცა

ლექსო რატიანი

Tsa.Music

იანვარი 22, 2021

მგონი, ჯერ არ წარმოებულა სტატისტიკა, მსოფლიოში რამდენი სიმღერაა შექმნილი სოფელში გამგზავრების მოლოდინისგან გამოწვეულ სიხარულზე - ასეთი სიმღერის არსებობის შესახებაც არ მეცოდინებოდა, რომ არა ახალგაზრდა, მუსიკოსთან ლექსო რატიანთან „შეხვედრა“ და (ჩვეულად ქცეული) ონლაინ ინტერვიუ.

7-8 წლის ასაკიდან გამომეკვეთა ინტერესი ინსტრუმენტების მიმართ. განსაკუთრებით დასარტყამი ინსტრუმენტის მიმართ, მაგრამ, ვინაიდან მისი ქონა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, გიტარას დავჯერდი და როცა დაკვრის სწავლა დავიწყე, მალევე გამიჩნდა საკუთარი სიმღერების წერის სურვილი. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ეს გამოხატვის ყველაზე ბუნებრივი ფორმა იყო... (ლექსო)

და სულ მალე, ათი წლის ლექსო რატიანმა პირველი სიმღერა სოფელში (ნაღვარევში) გამგზავრების წინა დღეს, თავად ამ ფაქტით აჟიტირებულმა დაწერა. ერთი წლის თავზე კი, საავტორო სიმღერებით მისი პირველი სახალხო გამოსვლა შედგა - გიტარის მასწავლებლის მოწადინებით ლექსო თავად რობი კუხიანიძის „ვორმ აფზე“ გამოვიდა ერთ-ერთ თბილისურ ბარში.

„დატბორავენ ხევს, გაასახლებენ ხალხს,

განწირული კაცი ეჭიდება ხავსს.

აქ არის მისი სახლი, აქ არის მისი გზა.

ეს ყველაფერი წყალში დაიძირება“

ეს თერთმეტი წლის ლექსოს სიმღერიდან გხედავ ნაწყვეტი ტექსტია - დიახ, ბავშვური აღტაცების და სიხარულის გვერდით, ქვეყნის რეალობამ პროტესტის განცდაც „შემოაპარა“ ლექსოს სიმღერებში.

ყველაფერი იმის მიმართ, რაც არ მოსწონდა გარშემო, ის ბავშვური სიალალით იმაღლებდა ხმას.

„ეს საპროტესტო მუხტი განსაკუთრებით იმ ძველ სიმღერებში იყო... ახლა უშუალოდ ხელოვნებაში ეს მუხტი ნაკლებად გადმომაქვს... მიუხედავად იმისა, რომ რაც არ მომწონს, რაზეც პროტესტი მიჩნდება, უფრო გამრავლდა, ამ ემოციით დაწერილი სიმღერები შემცირდა... იმ ბავშვური გამოცდილებით უფრო მეადვილებოდა ასეთი სიღერების წერა... ზრდასთან ერთად მექმნებოდა ის განცდა, რომ სერიოზულ პროტესტს იმაზე მეტი გამოცდილების მქონე ოსტატი სჭირდება ვიდრე მე ვარ... ზედმეტი პათეტიკის და პოლიტიზირების გარეშე რომ წერო...“ (ლექსო)

პირველი სიმღერა, რომლითაც შედარებით ფართო აუდიტორიის ყურამდე მიაღწია, იყო თევზის სიმღერა“, რომელიც ლექსომ 16 წლისამ დაწერა. ამ ყურადღების განმაპირობებელი ქართულ მუსიკალურ რეალობაში ტექსტზე ამგავარად კონცეტრირებული სიმღერების სიიშვიათეცაა - ბანალური, ყოფითი სცენების ირონიზაციით, გულუბრყვილად ამბის თხრობით „ანკესზე აყავს“ მსმენელის სმენა. ეს, თავისი „მანიფესტი“ ლექსო რატიანმა ჯერ კიდევ თორმეტი წლის ასაკში გაასაჯაროვა (თავისდაუნებურად) სიმღერით ბანალური სიმღერა. ტექსტების წერის ამგვარი უნარი რომ გამოყვა ზვიად რატიანის შვილს და თედო ბექიშვილის შვილიშვილს (ბაბუის ერთ-ერთი ლექსი ლექსომ ადრეულ ასაკშივე აამღერა), გასაკვირი არცაა. 

„სულ მიმაჩნდა, რომ ბიტლზის გაკვალულ გზებს მივდევდი... ისეთ აკორდებს ვიყენებდი, რომლებიც ვიცოდი, რომ მათს სიმღერებში იყო... ეს ლაკონურობა მომწონდა..


მერე უკვე წამოვიდა ეს ტექსტზე ორიენტირებული ხასიათი ბობ დილანის, ლეონარდ კოენის... ამბის მთხრობელი სიმღერები...“ (ლექსო)

მეორე სიმღერა, რომლითაც ლექსო უკვე სატელევიზიო გამოსვლით წარსდგა მსმენელის წინაშე, იყო ძილი“. ამ ჩანაწერზე მოგვიანებით ვიდეო თანხლებაც გაკეთდა.

„მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ერთ პერიოდში დავწერე „ძილიც“ და „თევზის სიმღერაც“, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან... ამ სიმღერამ უფრო სხვანაირი მსმენელის ყური მოჭრა...“ (ლექსო)

ამის მიზეზად, შესაძლოა, სიტყვების და თნმხლები საგიტარო „სვლის“ ერთგვარი „სიმძიმე“ მივიჩნიოთ. იმავე დროს დაწერილია მცირე ზომის, მინიმალისტური სიმღერა ვალსის რიტმში „გამაყვითლე“, რომლის ტექსტიც სხვა სიმღერებთან  შედარებით უფრო ფსიქოდელიკითაა შეფერილი. 

ლექსოს მიაჩნია, რომ მუსიკალური სრულყოფისკენ სვლა თორნიკე ჯაფიაშვილთან (რომელიც კლავიშებიან ინსტრუმენტზე უკრავს სხვადასხვა ჯგუფებში და არაერთ მუსიკოსთან) გადაკვეთის შემდეგ დაიწყო - ლექსოს პირველ სოლო კონცერტიდან (2016 წელს პარკ „მზიურში“) ამ მუსიკოსთან დაწყებულმა შემქომედებითმა პარტნიორობამ, ლექსო მუსიკის საფუძვლიანი შესაწვლის უცილებლობაზე დააფიქრა:

„მივხვდი, რომ სხვა ადამიანებთან მუსიკალური ურთიერთობისთვის დამჭირდებოდა რაღაც ენის ცოდნა“  (ლექსო)

და ოჯახში გადაწყდა ამ „ენის“ შესასწავლად ნიჭიერთა ათწლედში ჩაბარება. აქ მოხვედრის შემდეგ ჯაზური გიტარის შესწავლას შეუდგა. ეს პროცესი შორს იყო ლექსოს პირველადი, სიმღერების წერის გატაცებისგან და აქ გატარებულმა ოთხმა წელიწადმა სხვაგვარად, შიგნიდან დაანახა მუსიკა. მან შარშან სწავლა კონსერვატორიში განაგრძო. გიტარისტის უნარების სრულყოფის პარალელურად დაწყებული თნამშრომლობა სხვა მუსიკოსებთან (ბაჩო ჯიქიძე, ჯგუფი „არა“, ლაშა ჩაპელის პროექტი „თამადა“) გრძელდება.

შარშანწინ ზაფხულს „არას“ ლიდერთან და ვოკალისტთან ზურა ჯავახიასთან ერთად სიმღერა აღარ ვიხმაუროთ ჩაწერა. ტექსტზე ზურამ და ლექსომ ერთად იმუშავეს. ძირითადი მუსიკალური თემა კი ლექსოს ეკუთვნის. 

ლექსო, როგორც გიტარისტი გასულ შემოდგომას გამოჩნდა ლაშა ჩხაპელიას, იგივე ლაშა ჩაპელის პროექტში „თამადა“ - ამ ელექტრონულმა ეთნო ექსპერიმენტმაპროექტმა მოიხდინა ლექსოს ჯაზური საგიტარო ფრაზები და მოწონებაც დაიმსახურა.

ამ ეტაპზე ლექსო თორნიკე ჯაფიაშვილთან ერთად მუშაობს ჩანაწერებზე, რომლებიც, სავარუდოდ, გაზაფხულზე გამოვა მცირე ალბომის სახით. შემოდგომას მათმა დუეტმა OneSmallStep Production-ის ეგიდით გამართულ ლაივ სესიაზე მოკლე პროგრამა წარმოადგინა, რომელიც მომდევნო ალბომის (უკვე საინტერესო) ნაწილს შეადგენს. ალბომის გამოცემა ციფრულ პლატფორმებზე იგეგმება - იმედს ვიქონიებ, რომ ადგილობრივი მსმენელისგან ამ ნიჭიერ ახალგაზრდა (დამწყები ლექსოზე აღარ ითქმის, თუმცა ის 19 წლისაა) მუსიკოსს შესაფერისი მხარდაჭერა ექნება. ჩვენ ხომ ამ ჩვევას თანდათან ვიმყარებთ ?! - მუსიკალური პროდუქციის ლეგალური შეძენა.

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე