კულტურა სიახლეები

ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შევხვდებით

8 მაისს, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნება

მაისი 06, 2021

წელს, 8-12 მაისის ჩათვლით, ქუთაისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც ბევრი საინტერესო ქართული და უცხოური ფილმი იქნება ნაჩვენები. ფესტივალი, რომელიც ქუთაისის მერიისა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გაიმართება, ახალ სიტყვაა საქართველოში სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესების განვითარების კუთხით.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გამორჩეულია მრავალფეროვანი პროგრამითაც, რომლის მთავარი ნაწილიც საკონკურსო ფილმებს ეთმობა.

ფესტივალი გამარჯვებულს 12 მაისს დაასახელებს, თუმცა მანამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება  ქართველი რეჟისორების - მიხეილ კობახიძის  და ელდარ შენგელაიას ნამუშევრები ნახოს. ამასთან გაიმართება ქართული, ფრანგული, ჩინური და გერმანული თანამედროვე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებაც, რომელზე დასწრებაც კინოთეატრ “საქართველოში” იქნება შესაძლებელი. გარდა კინოჩვენებებისა, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც მასტერკლასებს ჩაატარებენ კინორეჟისორი და პროდიუსერი ლევან გაბრიაძე, ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი და კინოოპერატორი ალექს ბერკოვიჩი. ამასთან, ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში დაგეგმილია “სცენარის განვითარების “ვორქშოფიც”, რომლის მონაწილეებსაც მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე მუშაობის სპეციფიკასა და სხვა გამოცდილებას კინოპროფესიონალები - კინოდრამატურგი გივი (ბესიკ) ოდიშარია, კინორეჟისორები ლევან კიტია და გელა ბაბლუანი გაუზიარებენ. მათთვის, ვინც მოუთმენლად ელოდება ამ დღეებს, Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად ფესტივალის არასაკონკურსო გამორჩეულ ნამუშევრებს გაგაცნობთ. 

თემო (2019)

ლაშა ცქვიტინიძე

თანამედროვე ქართული ფილმებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია რეჟისორ ლაშა ცქვიტინიძის 30-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი “თემო”, რომელიც ერთი შეხედვით პროტაგონისტის კომიკური ცხოვრებისა და მოუხელთებელი ოცნებების შესახებ გვიამბობს. თუმცა, ფილმის მეორე ნაწილში მთავარი გმირი დიდი დაბრკოლების წინაშე დგება და სიტუაციაც იმდენად იძაბება, რომ რეჟისორის ეკრანული ჩარჩო შემაწუხებელი ხდება. ამ ვითარებაში კი მაყურებელს ისევე ეუფლება დარბაზიდან გაქცევის სურვილი, როგორც თემოს უნდა რეალობის დაძლევა. 


მამა (2015)

დათა ფირცხალავა 

თანამედროვე ქართულ ფილმებს შორისაა რეჟისორ დათა ფირცხალავას 25-წუთიანი ფილმი “მამა”, რომელიც დიდი ხნის გაუჩინარებული მამისა და მოზარდი შვილის, ლადოს ურთიერთობის შესახებ სვამს კითხვებს. რეჟისორის ამ ნამუშევარში დრამატურგია დროის წრიული მოძრაობით ვითარდება, რომელშიც მამის როლი კონტროვერსიულადაა გადაფასებული და ლადო მამისთვის დასმულ კითხვებს თავად სცემს პასუხს. 

ოთახი 666 - Chambre 666 (1982)

ვიმ ვენდერსი 

გერმანული პროგრამიდან ევროპული კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოძრაობის, “გერმანული ახალი ტალღის” განმსაზღვრელი ისეთი რეჟისორების ნამუშევრები იქნება ნაჩვენები, როგორიც ვიმ ვენდერსია. დოკუმენტური ფილმი “ოთახი 666”, რომელიც ვენდერსმა 1982 წელს კანის 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში გადაიღო, ათი რეჟისორის მოსაზრებებს აერთიანებს და თანამედროვე კინოს მომავლის შესახებ სვამს კითხვებს. Is cinema a language about to get lost, an art about to die? - ეს ის მთავარი საკითხია, რომლის გარშემოც 16-მილიმეტრიანი კამერით გადაღებული ფილმი ტრიალებს. 


შეუპოვარი ლენი პეიკერტი - Die Unbezähmbare Leni Peickert (1970)

ალექსანდრ კლუგე

ფესტივალის პროგრამაში გერმანელ რეჟისორ ალექსანდრ კლუგესაც აღმოაჩენთ, რომელიც ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი და 1962 წლის ობერჰაუზენის მანიფესტის ერთ-ერთი ხელმომწერია. სიუჟეტი ცირკის მფლობელი მეამბოხე ლენი პეიკერტის გარშემო ვითარდება, რომელიც რადიკალური ცირკის იდეაზე უარს ამბობს. მსახიობ ჰანელორ ჰოგელთან ერთად ფილმში გერმანელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი ჰაინრიხ ბიოლი და ფრანკფურტის კრიტიკული თეორიის სკოლის წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი და კომპოზიტორი თეოდორ ადორნოც მონაწილეობენ, რაც შავ-თეთრ სურათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ნული ყოფაქცევაში - Zéro de conduite (1933)

ჟან ვიგო 

ყველაფერთან ერთად, ფესტივალზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მეამბოხე,-ანარქისტის, ეჟენ ბონავენტურა დე ვიგოსა და ემილი კლეროს შვილის, რეჟისორ ჟან ვიგოს ფილმი “ნული ყოფაქცევაში” იხილოს. 1933 წლის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, რომლის ჩვენებაც 1946 წლის 15 თებერვლამდე წლამდე აკრძალული იყო, გავლენა მოახდინა ისეთი რეჟისორების ფილმებზე, როგორებიცაა ფრანსუა ტრიუფოს “ოთხასი დარტყმა” და ლინდზი ანდერსონის  “თუ”. კრიტიკოსი დევიდ ტომპსონი კი ამ ფილმს “კინოს ახალ ბიოგრაფიულ ლექსიკონში” აღწერს და მას “ორმოცდაოთხწუთიან შეუვალ ფილმს” უწოდებს, “რომელიც ანარქიის მწვერვალს აღწევს”. 

კარინგანა - მკვდარი ზღაპრებს არ ჰყვება - Karingana - The Dead Tell no Tales (2020)

ინადელსო კოსა

ფესტივალის ფრანგული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის, “მეხსიერებისა და პერიფერიის” ფარგლებში, რომელიც პერიფერიული რეალობის სოციალურ, იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და კულტურულ გამოწვევებზე სვამს აქცენტს, რეჟისორ ინადელსო კოსას ნამუშევარი “კარინგანა - მკვდარი ზღაპრებს არ ჰყვება” იქნება ნაჩვენები. 30 წლის შემდეგ გადასახლებიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნებული ნკომბა იენგო ფანტასტიკური ისტორიების მოსასმენად ხნიერი იამბისკენ მიეშურება, თუმცა პროტაგონისტს მოხუცი სმენადაქვეითებული, ამნეზიითა და სხვა უამრავი ტრავმით  ხვდება. ამის შემდე, მთავარი გმირი მიდის იმ აზრამდე, რომ შესანიშნავ ისტორიებს მას კინოს გარდა ვერავინ უამბობს. 

ყველა ჩემი უნარით - With All My Might (2005)

კატელ კილევერე

ამავე სექციაში ნაჩვენები იქნება ასევე ფრანგი რეჟისორის, კატელ კილევერეს 19-წუთიანი ფილმი “ყველა ჩემი უნარით”, რომელიც ორი ბავშვის რუტინული ცხოვრების შესახებ გვიამბობს. თუმცა ერთ დღესაც მოულოდნელად ყველაფერი იცვლება და მათი ცხოვრებაც თავდაყირა ტრიალდება.

საზღვარზე / On The Border

შუჯუნ ვეი

ფესტივალის ჩინური პროგრამა განსაკუთრებულია ფილმების სელექციითაც, რომლებშიც პოეტური და ექსპერიმენტული  გზით გადააზრებულია როგორც ჩინეთის უახლესი ისტორია, ასევე თანამედროვე სოციალური და კულტურული პრობლემები. აუცილებლად სანახავ ფილმებს შორის ერთ-ერთია ჩინელი რეჟისორის, შუჯუნ ვეის 15-წუთიანი ნამუშევარი, რომლის სიუჟეტიც პროტაგონისტის სოფლიდან ქალაქისკენ მიგრაციის, მისი ემოციებისა და ოჯახური ისტორიების ირგვლივ ვითარდება. რეჟისორის ეს ნამუშევარი კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი, რომელსაც Special Distinction-ის პრიზი გადაეცა.

სანამ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 8 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლევან გაბრიაძის ფილმით - “ჰარი ჰარალე დედაო” გაიხსნება, მანამდე შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ფესტივალის პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო ბევრ გამორჩეულ მოკლემეტრაჟიან კინოსა და ანიმაციების ჩვენებას ჰპირდება მაყურებელს.


ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე / Hammock Magazine