კულტურა სიახლეები

მოგზაურობა ქუთაისში

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

სექტემბერი 28, 2022

ქუთაისი როგორც კულტურულად, ასევე ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ქალაქია, სადაც ამჟამად, უკვე მეორედ, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც მაყურებელს საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.


თუკი ფესტივალს ესწრებით, ან უბრალოდ ქუთაისში იმყოფებით, შეგიძლიათ საქართველოს უძველეს ქალაქში დრო მრავალფეროვნად გაატაროთ. 

პირველი, რაც სხვა ქალაქში გამგზავრებისას უნდა გადაწყვიტოთ, ალბათ ისაა, თუ სად იცხოვრებთ.


ქუთაისში ბევრი სასტუმროა, თუ გსურთ, რომ ფანჯრიდან თეთრი ხიდისა და რიონის ხედი იშლებოდეს, სასტუმრო Best Western Kutaisi-ს გირჩევთ, სადაც თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე ჩვენებები დილით, 11 საათზე იწყება, სეანსებსა და მასტერკლასებს შორის თავისუფლად მოასწრებთ ქალაქის დათვალიერებას.


სექტემბერი ქუთაისში კულტურულად დატვირთული თვეა. მაგალითად, თუ მხატვრობა გიყვართ, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში შეგიძლიათ პეტრე ოცხელის გამოფენას ესტუმროთ, რომელიც ქუთაისში პირველად ტარდება და დამთვალიერებელს მხატვრის 100-მდე ნამუშევარს წარუდგენს.


ძალიან საინტერესოა უშუალოდ დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაც, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებშია აგებული. გალერეაში 3000-მდე ექსპონატია დაცული, მათ შორის: ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილისა და სერგო ქობულაძის ფერწერული ტილოები და გრაფიკული, სკულპტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

ქუთაისში სულ ოთხი მუზეუმია, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც 150,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება.


არქეოლოგიურ განყოფილებაში იხილავთ ქუთაისსა და მის შემოგარენში ნაპოვნ ანტიკური და ბრინჯაოს ხანის ნიმუშებს, საგანძურში დაცულია შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების არტეფაქტები, გარდა ამისა, მუზეუმში შესაძლებელია საზოგადო მოღვაწეების პირადი არქივების ხილვა.

დები

ქუთაისში სტუმრობისას შეგიძლიათ დასავლეთ საქართველოს უჩვეულო ბუნებას გაეცნოთ, მაგალითად, ეწვიოთ ქუთაისიდან 10 კილომეტრით დაშორებულ სათაფლიის ეროვნულ ნაკრძალს, სადაც აღმოჩენილია როგორც ბალახის, ასევე ხორცისმჭამელი დინოზავრების ნაკვალევი, ნაკრძალი აერთიანებს საკონსერვაციო ნაგებობებს, საფეხმავლო ბილიკებსა და კარსტულ მღვიმეს, შუშის პანორამული ხიდიდან კი იმერეთის პანორამული ხედი იშლება.


თუკი მღვიმეები განსაკუთრებით გაინტერესებთ, ქუთაისიდან 34 კილომეტრში მეორე ეროვნულ პარკს - პრომეთეს მღვიმესაც შეგიძლიათ ეწვიოთ, 60-70 მილიონი წლის მღვიმე 22 დარბაზს აერთიანებს, რომელთაგანაც ჯერჯერობით დამთვალიერებელთათვის მხოლოდ ექვსია გახსნილი, მღვიმეში შესაძლებელია ბუნების ყველაზე უჩვეულო ძეგლების - სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების, “გაქვავებული ჩანჩქერებისა” და “ქვის ფარდების” ხილვა, ტურის ბოლოს კი გამოქვაბულს ნავებით დატოვებთ.

ქუთაისში შეგიძლიათ პარკებითაც დატკბეთ, მაგალითად, რიონის მარჯვენა სანაპიროზე გაშენებულ ბოტანიკურ ბაღს ეწვიოთ, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სიძველე და დაგეგმარების თავისებურება ანიჭებს.


პარკში წარმოდგენილია 700-მდე სახეობის მცენარე მსოფლიოს ყველა რეგიონიდან, ბაღს რამდენიმე ბუნებრივი ტერასა ქმნის, პარკი კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილს წარმოადგენს, რაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს.


საინტერესოა უშუალოდ ქალაქში მდებარე პარკებიც, მაგალითად, ქუთაისის ბულვარი, რომელიც მე-19 საუკუნეში გაშენდა, პარკში შესაძლებელია აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილისა და დები იშხნელების ძეგლების დათვალიერება.


ქალაქის კიდევ ერთ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას გორაზე მდებარე პარკი წარმოადგენს, რომელსაც შეგიძლიათ როგორც ფეხითა და მანქანით, ასევე საბაგირო გზით ეწვიოთ და ქალაქის უმშვენიერესი ხედი დაათვალიეროთ.

ქუთაისში მრავალგვარ სანახაობას უბრალოდ სეირნობისას წააწყდებით. მაგალითად, თეთრი ხიდიდან შეგიძლიათ ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის, თეთრი ქვების ხილვა, მზიან ამინდში კი ქალაქის მრავალი წერტილიდან ჩანს მისტიკური ხვამლის მთა.


სწორედ სეირნობისას შეიძლება შეგხვდეთ ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეული ბაგრატის ტაძარი, თუმცა ცოტამ თუ იცის ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი, ხარების ეკლესიის შესახებ, რომელიც თავდაპირველად კათოლიკური ტაძარი იყო, შემდეგ მართლმადიდებლურად გადაკეთდა, სწორედ ამიტომ ძალიან საინტერესოა შენობის შერეული სტილის არქიტექტურა და ორი განსხვავებული კულტურის სინთეზი

ქუთაისი კინემატოგრაფიულადაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია. აქ ძალიან ბევრი ქართული ფილმია გადაღებული. სწორედ ამიტომ, კინომოყვარულებს შეუძლიათ ქალაქის ქუჩებს გაუყვნენ და ფილმებში ნანახი ნაცნობი ადგილები აღმოაჩინონ, ქუთაისში სეირნობისას მარტივად იპოვით სახლს ელდარ შენგელაიას “არაჩვეულებრივი გამოფენიდან”.


ხიდს, საიდანაც ამავე ფილმში ბავშვები რიონში ხტებიან, კიბეს, ალექსანდრე კობერიძის ფილმიდან “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”.

შეიძლება ითქვას, რომ კინომოყვარულებს თავისუფლად შეუძლიათ ქალაქში ერთგვარი რუკის შედგენა და საყვარელი ფილმებიდან ადგილების მონიშვნა.

თუკი არქიტექტურა გაინტერესებთ, ქუთაისში პრაქტიკულად ყოველი მეორე შენობა მიიქცევს თქვენს ყურადღებას, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბალანჩივაძეების სახელობის ქუთაისის ოპერის თეატრია.


შენობა 1969 წელს არქიტექტორ გივი თოდაძის პროექტით აიგო, ქუთაისის ოპერის თეატრი ვენის ოპერის მცირე ანალოგია - სახურავზე ქუთაისელი მოქანდაკის, გიორგი კიკვიძის მიერ შექმნილი 13 რომაული ქანდაკება დგას.

ბოლო წლებია ქუთაისი ქართული ელექტრონული სცენისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილად იქცა. ქალაქში ორი კლუბია - “რეფლექტორი” და “ბუდე”, რომლებსაც მსმენელები მთელი საქართველოდან სტუმრობენ.


სწორედ ამიტომ, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებთ შაბათს, 1-ელ ოქტომბერს “ბუდეს” გახსნა, სეზონის პირველ ღამეს შესაძლებელი იქნება რამდენიმე გერმანელი დიჯეის მოსმენა.

თუმცა ქუთაისში სტუმრობისას ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი უშუალოდ ქალაქია, ამ კვირის განმავლობაში, სანამ ფესტივალი მიმდინარეობს, ქალაქში მზიანი ამინდებია -

ისეირნეთ ბევრი, დაათვალიერეთ ლამაზი, ვიწრო ქუჩები, ძველი ლამაზი სახლები, არქიტექტურული ძეგლები და დატკბით ქუთაისით - საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და ყველაზე ძველი ქალაქით.

ავტორი: ლიზა ალფაიძე/Hammock Magazine