მუსიკა | ცა

Kraak & Smaak შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე

ივლისი 11, 2019

ძველი ჰოლანდიური ანდაზის მიხედვით, “Kraak & Smaak” ხრამუნას და გემრიელს ნიშნავს. თანამედროვე ჰოლანდიური სცენის მიხედვით კი, ჯაზ-ფანკ-ელექტრონულ მელოდიებთან და ისეთ “ხრამუნა-გემრიელ” სიმღერებთან ასოცირდება, Jamiroquai-ც რომ სიამოვნებით წარმოიდგენდა თავისად... თუ რატომ, ამას მსმენელი თავად განსჯის - 19 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მეორე დღეს, როცა Kraak & Smaak დაიკავებს სცენას Moku Moku-ს შემდეგ.

აქვე, სულ ბოლო, ცხელ-ცხელი სინგლით დავიწყოთ:

Kraak & Smaak ჰოლანდიელი პროდიუსერ-დიჯეების ოსკარ დე იონგის (Oscar de Jong), მარკ ნეპერსისა (Mark Kneppers) და ვიმ ფლაგის (Wim Plug) პროექტია, რომელმაც გლობალურ საფესტივალო სივრცეს თავი ენერგიული, ცოცხალი გამოსვლებით დაამახსოვრა. სამი პროდიუსერის თანაშემოქმედება 2003 წლიდან იწყება და დღეისათვის ექვს სტუდიურ ალბომს, 4 რემიქსების ნაკრებს და 20-მდე სინგლს მოითვლის.

მარკ ნეპერსი, ოსკარ დე იონგი და ვიმ ფლაგი

2008 წელს, ჟურნალმა “IDJ”-მ ისინი “აუცილებლად სანახავ ჯგუფად” დაასახელა ისეთი შემსრულებლების გვერდით, როგორიცაა Chemical Brothers, Moby და The Prodigy. ამ ამბავს მოჰყვა მათი სახელის ხშირი გაჟღერება კლუბური სცენებისა და მსხვილი ფესტივალების ლაინაფებში, ატლანტის ორივე მხარეს: Glastonbury, Lowlands, Sziget, Exit, Ultra... ამერიკის 5-კვირიანი ტურნეს ფარგლებში, ჯიმი კიმელმაც მიიწვია.

ყველაფერი ამსტერდამში დაიწყო, როცა საპროდიუსერო ალბომის მხარდასაჭრად, ცოცხლად დაუკრეს. ერთჯერადი გამოსვლა ჰქონდათ ჩაფიქრებული... თუმცა, ფანკის, დისკოსა და ჰაუსის ენერგიულ ნაზავთან დამატებულმა როკ’ნ’როლურმა განწყობამ დარბაზის ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ ბენდმა სრულფასოვანი ტურნეს მოწყობა გადაწყვიტა. პირველი ალბომის - Boogie Angst (2006) - კლუბური ჟღერადობა, “ლაივ” მუსიკოსებთან და ვოკალისტებთან სინთეზში, ჰოლანდიის მუსიკალურ ფენომენად იქცა...

ამ დროისთვის, Jamiroquai-სთანაც გააკეთეს ორი რემიქსი.

“ამ შემოთავაზების მიღება ძალიან დიდი პატივი იყო და თან პირველი ყველაზე დიდი საქმე გამოვიდა ჩვენთვის; ჩავწერეთ ‘Seven Days In Sunny June' და ‘Electric Mistress’.”

მეორე ალბომი - Plastic People 2008-ში გაფორმდა და ჯილდოდ EBBA-ც (ჯილდო 10 საუკეთესო ევროპელი არტისტისთვის) დაიმსახურა, Adele-ის გასწვრივ. გაჰიტებულმა სინგლმა - 'Squeeze Me' კიდევ უფრო პოპულარული გახადა, ამჯერად, საერთაშორისო მასშტაბით. ზემოთ ხსენებული ტურნე-ფესტივალებიც ამ ალბომს მოჰყვა. ამერიკის ცნობილმა “სელებრიტი” ბლოგერმა პერეზ ჰილტონმა ჯგუფი შეაფასა, როგორც ემი ვაინჰაუზისა და მობის ნაზავი. კანიე ვესტმა კი თავი მათ “ფანად” აღიარა.

“მუსიკაში მთავარია მისი ორიგინალობა და მისი ძალას, რომ მოახდინოს ცვლილებები. ყველაზე მეტად ვაფასებთ, რომ შეგვიძლია კოლაბორაციები სიმღერების ავტორებთან და ვოკალისტებთან, რაც გვეხმარება რომ ჩანაწერი სულ სხვა, ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე ავწიოთ.”

მომდევნო წლებში, K&S-ის მზარდი პოპულარობა გამყარდა ალბომებითElectric Hustle (2011) და Chrome Waves(2013), შესაბამისად კიდევ უფრო შემჭიდროვდა მათი საერთაშორისო გამოსვლების განრიგიც. ამ პერიოდს ეკუთვნის ისეთი სინგლები, როგორიცააLet’s Go Back”, “The Future Is Yoursდა კლუბური ჰიტიHow We Gonna Stop The Time”. ასევე რემიქსები - Moby, Aretha Franklin, Chromatics და Royksopp-თვის.




მეხუთე ალბომიJuicy Fruit (2016 წლის ზაფხული) ტრიოს პირველადი, ორგანულ ჟღერადობითა და მძიმეწონიანი კოლაბორაციებით (Mayer Hawthorne, Eric Biddiness, Parcels, Cleopold) გამოირჩევა.

“ხშირად იდეები ჩვენს სტუდიაში, ჩვეულებრივი “ლუპ”-ებიდან იბადება: ბიტები, ბასი და მელოდია. თუ შემდეგ უკვე სიმღერის ჩაწერა გვინდა, ვცდილობთ შესაფერისი ვოკალისტის მიგნებას. ბევრს ვუსმენთ და ვაკვირდებით. ამ გზით აღმოვაჩინეთ Ben Westbeech, Lee Fields, Romanthony, Stee Downes, Sam Duckworth და ბევრი სხვა.”

2018 წელს კი, ზაფხულის ჩამოტვირთვა დაიწყო Poolside Miami-ის გამიქსვით. ალბომში შესულია 24 ტრეკი. შემსრულებლებს შორისაა: Hot Toddy, Marcus Marr, Chet Faker, Lindstrom & Prins Thomas, Temples, Les Loups, Jimpster, Moullinex, Bob Sinclar, Justin Jay, Fouk, Moods, Ponty Mython, Titeknots, Lukas Lehmann და ბევრი სხვა, ხოლო ერთი ექსკლუზიური კომპოზიცია “Pineapple Jam” უშუალოდ მათ ეკუთვნის. ეს ალბომი “Toolroom Longplayer”-ს ეკუთვნის. ყველა სხვა კი - “Jalapeno Records”.

“ძირითადად ძველისა და ახლის მიქსი გამოგვდის: ასე, თუ ისე, ვახერხებთ 70-ებისა და 80-ების ფანკის, დისკოს, new wave-ის, პოპისა და სხვა მიმდინარეობების ჟღერადობის გამოწურვასა და საცეკვაო, ელექტრონულ, პოპ მუსიკასთან შეჯვარებას. ყველა ჩანაწერი სხვადასხვაა, მაგრამ აუცილებლად აღნიშნავენ, რომ თითოეულს ჩვენი გამორჩეული ხელწერა ადევს, მიუხედავად ჟანრისა და სტილისა. რაც ძალიან გვახარებს:...

დისკოგრაფია 2006-2018

ახალ ალბომსა და თანდართულ ახალ ლაივ შოუებს მსმენელს ამ შემოდგომისთვის ჰპირდებიან! პირველი სიმღერა, რომელიც აქ შეგხვდათ - “24HR Fling” ამ ახალ ალბომის ციკლს ოფიციალურად ხსნის.

“ჯერ ვერ ჩამოვთვლით ახალ სახელებს, მაგრამ ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ სწორედ ახალი ვოკალური კოლაბორაციების პოვნაში და უზომოდ კმაყოფილები ვართ შედეგებით, როგორც ალბომზე - Juicy Fruit. პარალელურად, ჩვენი საკუთარი ლეიბლიც აგრძელებს ახალი ჩანაწერების გამოშვებას. წინ, ბევრი კარგი სიახლეა!”

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ საკუთარ ლეიბლს - “Boogie Angst”, ის უკვე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ბენდის ჩანაწერების გარდა, სხვა შემსრულებლების ნამუშევრებსაც უშვებს.

“როგორც ბენდი, ვფიქრობთ, საკმარისად ცნობადი ვართ, საჭირო კონტაქტებით, გამოცდილებით. ამიტომ გადავწყვიტეთ, სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა ჩვენივე შექმნილი პლატფორმა... უამრავი ნიჭიერი არტისტია გარშემო, თუმცა ისინი შეუმჩნეველნი რჩებიან. ეს არის ინტერნეტისა და ციფრული რევოლუციის მეორე მხარე - ყველას შეუძლია თავის ნამუშევრის ატვირთვა, მაგრამ რთულდება ამ ნამუშევრის აღმოჩენა. ამიტომ, საჭირო ხდება ლეიბლებთან თანამშრომლობა...”

კრააკ-სმაკები

-Kraak & Smaak-ის სამ ყველაზე გამორჩეულ ტრეკად თავად მიიჩნევენ: ა)Chromatics-ის Kill for Love რემიქსი; ბ) How We Gonna Stop the Time; გ) Built for Love


-უსმენენ ყველანაირ მუსიკას, განურჩევლად დროისა და ჟანრისა...


- ის, რაც ბევრმა არ იცის და არც უნდა იცოდეს? - ერთხელ, ჰოლანდიური, საბავშვო, რძიანი შოკოლადის რეკლამაში მიიღეს მონაწილეობა.




ჰო, მართლა, ორი სიტყვით მათ წარმოშობაზე. ბენდის სამივე წევრი ჰოლანდიის ქალაქ ლაიდენის მკვიდრია. მე-17 საუკუნეში, აქედან მიემგზავრებოდნენ პილიგრიმები მასაჩუსეტსისკენ... ამ ქალაქიდანაა მეგა-ვარსკვლავი DJ - Armin van Buuren. მათი თქმით, ლაიდენს გამოარჩევს:

აქაური დიუნები, ჩრდილოეთის ზღვა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრშია... ქალაქის პატარა, ძველი ცენტრი, ამსტერდამს რომ ჰგავს... და ოქტომბრის ზეიმით, რომელიც, 1574 წელს მოპოვებულ დამოუკიდებლობას აღნიშნავს... მერე რა, რომ ასეთი დიდი ხნის წინ მოხდა, იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ეს ზეიმი, რომ არმინ ვან ბიურენიც ყოველ ჯერზე ჩამოდის და უკრავს!


რას უნდა ელოდოს მსმენელი მათგან 19 ივლისის საღამოს? სანდო წყაროების ცნობით, ისევ და ისევ, ენერგიულ და დინამიურ სეტს, რომელმაც არავინ არ უნდა დატოვოს გულგრილი. თან, ვინ იცის, მეორედ როდის ჩამოვლენ, ან კიდევ სად გადავეყრებით.... არადა, რეკომენდირებულია - მათ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ “ლაივში”!


ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - K&S არქივი