პლატფორმა მოვლენისთვის-კოკა რამიშვილის გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში

ივლისი 05, 2024

7 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მარჯანიშვილის 7-ში კოკა რამიშვილის გამოფენას - „პლატფორმა მოვლენისთვის “ მასპინძლობს.

© გურამ კაპანაძე

ხელოვანი, რომელიც თბილისსა და ჟენევაში მუშაობს და თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ახალ ინსტალაციას წარმოგვიდგენს, რომლის ხმოვან ნაწილზეც მუსიკოსმა ნიკა მაჩაიძემ იმუშავა.


როგორც თავად ხელოვანი ამბობს, ნამუშევრის შექმნის პროცესში ბევრი რამ თავად სივრცემ და მისმა არქიტექტურამ უკარნახა, რაც ახალი ნამუშევრის შექმნის დროს ხელოვანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ხათუნა ხაბულიანი

გამოფენის კურატორი

პლატფორმა მოვლენისთვის - მულტიმედიური ინსტალაცია, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს.

ცარიელი ზედაპირის მიღმა ნელ-ნელა იბადება გამოსახულება განსხვავებულ განზომილებებსა და შეგრძნებებში, ნოსტალგიებსა და ალუზიებში. მისი სტრუქტურა სივრცის, სინათლის, ფერის, ხმისა და დროის კავშირებით იგება.

ნამუშევარი თვითონ ატარებს მისი შექმნის ისტორიას, ჰყვება საკუთარი თავის შესახებ, გადმოსცემს მსუბუქი მელანქოლიის დრამატურგიას. რაც გამოუთქმელია და ვერასდროს გადაიქცევა მყარ ფორმად, - იბადება მხოლოდ წამიერ შეგრძნებებში, ახალგაზრდის ურთიერთობაში სამყაროსთან, მასთან ერთიანობის თავისთავად განცდაში; გარემოს მრავალხმიანობასთან ერთად ქმნის პირობით კონსტრუქციას, რომელიც არ ექვემდებარება აღწერას, სიტყვაში მოხელთებას. 

© გურამ კაპანაძე

ინსტალაციის ერთადერთი ფიგურატიული გამოსახულება (ფოტოპრინტი ტილოზე) ნავების მისაბმელ კონსტრუქციაზე ჩამომჯდარი ბიჭია, მზით განათებული ზღვის უსასრულო ზედაპირს კი მკვეთრად ამოჭრილი სარკმლები აქვს, - ეს ერთგვარი ციტატაა კოკა რამიშვილის იკონური ნამუშევრიდან - „ბოლო გალერეა“ (1989 წ.), რომელშიც კედლებზე დაკიდებული ქვეჩარჩოებიდან ლენტებად დაჭრილი ტილო სადენების მსგავსად იხლართება სივრცეში და მთლიანად იკავებს მას.

სურათის საზღვრებიდან გადმოსვლის და სივრცეში განვრცობის ეს თემა მუდმივად აქტუალურია ამ ხელოვანის შემოქმედებაში და სხვადასხვა ვერსიებში ავლენს თავს. პლატფორმა მოვლენისთვის დრო-სივრცითი ინტერვალია დაუგეგმავი ლოდინისთვის.

ის აგებულია პერფორმანსის პრინციპზე, როცა სხეულის ენით, სივრცეში მოძრაობით, ქორეოგრაფიული პლასტიკით იქმნება სურათი, რომელსაც ორგანიზებას უკეთებს ნიკა მაჩაიძის მრავალშრიანი ტრეკის (35 წთ.)

ნიკა მაჩაიძე

© გიორგი ზათიაშვილი 

უსასრულო ნაკადი, სადაც სხვადასხვა ექოები წარსულიდან, სანაპიროს შორეული ხმები და მომავლისკენ მიმართული დინამიკა განსაზღვრავს ერთდროულად ნოსტალგიურსა და მოლოდინის განწყობას, შეჰყავს დამთვალიერებელი კინემატოგრაფიულ დინამიკაში.

კოკა რამიშვილი

ხელოვანი

უკვე დიდი ხანია ვმუშაობ ჯგუფთან ერთად, რომლებიც დაკომპლექტებული არიან მხატვრებით და პროფესიონალი ვიდეოინჟინრებით. მათ შორის არიან ალექსი სოსელია, ედიშერ ბერაძე, ჩემი სტუდენტებიც, რომლებსაც შეუძლიათ ზუსტად ისე ააწყონ სივრცე, როგორც ეს ავტორს სჭირდება. ამ გუნდს დაემატა მარიამ წიქარიძე თიბისი კონცეპტიდან, რომელიც საოცრად კარგი პროფესიონალია - თანამედროვე ხელოვნებისადმი სწორი მიდგომებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან სამუშაო პროცესი არ არის ის, რომ მხატვარი ზის სტუდიაში, ქმნის ნამუშევარს და შემდეგ მას საგამოფენო სივრცეში ლურსმანზე კიდებს, აქ აბსოლუტურად სხვა მომენტია - გასათვალისწინებელია სოციალური სივრცე, დრო, მოძრაობა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ ნამუშევარს აქვს სამი მნიშვნელოვანი კვანძი, ესენია: სივრცე, დრო, კლიმატური მდგომარეობა და სოციალური ქორეოგრაფია. მითუმეტეს, რომ მე სივრცეში არასდროს არ შევდივარ აგრესიულად, პირიქით, სივრციდან და არქიტექტურიდან გამოვდივარ, ვქმნი ნამუშევარს, რომელიც ჰარმონიულად შევა არქიტექტურაში და რომელიც გამართლებულია იმ გაგებთ, რომ დრამატული ხდება. 

კოკა რამიშვილი

© გიორგი ზათიაშვილი

თიბისის კონცეპტის სივრცე ფანტასტიკურია ამისთვის, ორი სხვადასხვა დარბაზია - ერთი ოთხკუთხედი, მეორე სფეროს ფორმის, რომელიც პარამეტრულია. პლატონური ფორმები უფრო ისტორიას, პარამეტრული ფორმები კი უფრო მომავალს და დინამიკას ეხება.

ზოგადად, მე ჩემს ნამუშევრებში ვცდილობ და ყურადღებას ვაქცევ სიცარიელეს და სიჩუმეს იმიტომ, რომ ეს სიცარიელე და სიჩუმე ჩემთვის არის პოზიტიური და შემოქმედებითი საშუალება ახალი ძალების მოსაკრებად. შენ თუ არ გაჩერდები, შენ შიგნით გაჩერებული უნდა იყო სიჩუმე, და აი ეს შინაგანი მდგომარეობა, რომელიც არ ჩანს, მინდოდა, გარეთ გამომეტანა.

© გურამ კაპანაძე

მარიამ წიქარიძე

თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი

თიბისისთვის კულტურისა და ხელოვნების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. სწორედ ამიტომ, მუდმივად არის ორგანიზატორი, მხარდამჭერი და მასპინძელი სხვადასხვა გამოფენებისა. თიბისი კონცეპტის სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, 2 გალერეას აერთიანებს, რომელიც მუდმივად მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს.


კოკა რამიშვილის გამოფენა “პლატფორმა მოვლენისთვის” რია ქებურიას ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, ფონდი ამ პროექტის წარმდგენია, ხოლო თიბისი კონცეპტში გამოფენის მოწყობის იდეა თავად კოკა რამიშვილს ეკუთვნის.

როგორც ხელოვანი ამბობს, ის ნამუშევრებს ქმნის სივრცესთან და დროსთან თანხვედრაში, სწორედ თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, რა უნდა გაეკეთებინა და გამოეფინა. ამ სივრცემ საშუალება მისცა თავისი ხედვა და სურვილები ზუსტად ისე განეხორციელებინა, როგორც მის წარმოდგენაში იყო.

© გიორგი ზათიაშვილი 

თიბისი კონცეპტი მოხარულია, რომ ამ გამოფენას მასპინძლობს, ჩვენი გუნდისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო ამ პროექტზე მუშაობა კოკა რამიშვილთან, რია ქებურიას ფონდთან, ნინო ასანიძესთან, ალექსი სოსელიასთან და ედიშერ ბერაძესთან ერთად. გამოფენას “პლატფორმა მოვლენისთვის” თიბისი კონცეპტის ორივე სართულის გალერეა ეთმობა. წარმოდგენილია ინსტალაცია, ფოტოები, ვიდეო და ნიკა მაჩაიძის მუსიკა.

ჩემთვის პირადად მედიტაციური გამოფენაა, რომელმაც სხვადასხვა ემოცია და შთაბეჭდილება შეიძლება დაგიტოვოს, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქროს. წარსულის, აწმყოს და მომავლის იმპულსებია საოცრად გაერთიანებული.

ვფიქრობ, რომ დამთვალიერებელი ცოტა დიდხანს უნდა გაჩერდეს საგამოფენო სივრცეში, დაათვალიეროს ნამუშევრები და მოუსმინოს ნიკა მაჩაიძის მუსიკას, იმოძრაოს სივრცეში ან უბრალოდ გაჩერდეს და დააკვირდეს თავის თავს ამ გარემოში.

© გურამ კაპანაძე

გამოფენა მარჯანიშვილის 7-ში 13 ივლისამდე გრძელდება და ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან, 20:00 საათამდე.


ავტორი: გვანცა ჩანადირი, Hammock Magazine

პორტრეტები: გიორგი ზათიაშვილი,

ექსპოზიციის ფოტო: გურამ კაპანაძე